ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთში ცენტრალური პარკის სრული განახლება იგეგმება

20.06.2021 •
ქობულეთში ცენტრალური პარკის სრული განახლება იგეგმება

ქობულეთის მერია ქალაქის ცენტრალური პარკის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევა, რომლითაც უნდა დადგინდეს, თუ რამდენი ლარით გამოაცხადებს მერია კონკურსს ცენტრალური პარკის ესკიზის, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შესაძენად.

სწორედ ამ დოკუმენტების საფუძველზე ჩატარდება პარკის განახლების სამუშაოები, რომლის დაწყებაც მიმდინარე სეზონზე აღარ მოესწრება.

ქობულეთის ცენტრალური პარკი

„საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს ქ. ქობულეთის ცენტრალურ პარკს, რომელსაც გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი. მოძველებულია ინფრასტრუქტურა და საჭიროებს განახლებას. ტერიტორია გამოირჩევა მიმზიდველი ბუნებრივი ლანდშაფტითა და მდებარეობით, რაც მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს კონკურსში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა დაპროექტებისას. ცენტრალური პარკის სამხრეთი ტერიტორია აუთვისებელია, არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილი და საჭიროებს დაგეგმვას. საპროექტო ტერიტორია უნდა განვითარდეს, როგორც ერთ კონცეფციაში მოქცეული ტურისტული ატრაქცია, სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების მქონე ლოკაციებით. პროექტი უნდა მოიცავდეს, როგორც არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას, ასევე ახალი
ხედვის განვითარებას.“ – აღნიშნულია ქობულეთის მერიის განაცხადში.

ქობულეთის ცენტრალური პარკი / 2021 წელი

კონკურსის ერთ-ერთი პირობა იქნება ის, რომ ცენტრალური პარკის განახლების პროექტის განხორციელების დროს მაქსიმალურად შენარჩუნდეს იქ არსებული ნარგავები და ხე-მცენარეები.

ქობულეთის ცენტრალური პარკი

„პროექტირებისას, ძირითადი დეტალები უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან და გათვალისწინებული უნდა იქნეს შემსყიდველის რეკომენდაციები. პროექტის ავტორი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას საავტორო ზედამხედველობის გაწევა უზრუნველყოს დამატებითი ანაზღაურების გარეშე.“- ესეც მერიის საკონკურსო მოთხოვნაა.

ქობულეთის ცენტრალური პარკი

კონკურსს მერია ფასის დაზუსტების შემდეგ გამოაცხადებს. მანამდე კი, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, თავიანთი შეთავაზება წერილობითი სახით, ქობულეთის მერიას ელექტრონულად მიაწოდონ არაუგვიანეს 2021 წლის 25 ივნისისა.

„შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში – ლარში დღგ-ს გარეშე. წარმოდგენილი შემოთავაზება, სავარაუდო ღირებულებასთან ერთად, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის მიწოდების სავარაუდო ვადაზე“ – აზუსტებს მერია.

ცენტრალური პარკის დაპროექტებაზე გამოსაცხადებელი კონკურსის ძირითადი მოთხოვნები იხილეთ ქვემოთ:

„ქობულეთის ცენტრალური პარკის მოდერნიზაციის კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის შესაბამისად დოკუმენტაციის შემუშავება (მიწოდება) მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს არაუმეტეს 120 კალენდარული დღის განმავლობაში, ხელშეკრულების გაფორმების დღიდან“ – აღნიშნულია მერიის დოკუმენტში.

საპროექტო ტერიტორიის, ანუ ქობულეთის ცენტრალური პარკის ტერიტორიის ფართობი 46 845 კვ.მ-ია.

ზღვისპირას მდებარე პარკის გაგრძელებაზე კი, კომპანია „კრისტალ ბილდინგზე“ აჭარის მთავრობის მიერ საკუთრებაშია გადაცემული საერთო ჯამში 71 523 კვადრატული მეტრი მიწა: ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ ძველი შენობების ჩათვლით და მისი მიმდებარე ტერიტორია, რაც მთლიანობაში 24 678 კვადრატული მეტრით მეტია ქობულეთის ცენტრალური პარკის ფართობზე. ამ მიწის გასხვისების საკითხს საგამოძიებო სამსახური სწავლობდა.

ქობულეთის ცენტრალური პარკი – აეროხედი ზღვიდან / ფოტოები: ქობულეთის მერიის პრესსამსახური

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: