მთავარი,სიახლეები

100 წლის ბათუმელი ქალის ცხოვრება და სიყვარული

19.04.2023 • 51132
100 წლის  ბათუმელი ქალის ცხოვრება და სიყვარული

დღეს ბათუმში მცხოვრებ ქალზე, 100 წლის ემინე ანთაძეზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც რამდენიმე თვეში 101 წლის გახდება.

როცა ემინეს ოთახში შევედი, მითხრა: მართალია, პასპორტში ემინე ვწერივარ, თუმცა ჩემი ნათლობის სახელი მარიამია და მირჩევნია ასე მომმართოთო. შესაბამისად, დღეს მარიამი გვამოგზაურებს თავის ერთსაუკუნოვან ცხოვრებაში.

მის მეხსიერებაში მყარადაა შემონახული მნიშვნელოვანი განცდები, თარიღები, სახელ-გვარები, დეტალები.

ის 1922 წლის ოქტომბერში ქობულეთში დაიბადა. შვიდ წლამდე მცენარეებით მკურნალ ბებიასთან იზრდებოდა, რომელმაც 116 წელი იცოცხლა და არაჩვეულებრივი მეხსიერებაც ჰქონდაო.

„6 წლის რომ გავხდი, სკოლაში შესაყვანად წამომიყვანეს მშობლებმა. სულ ვტიროდი, ბებიასთან მინდოდა და იძულებულები გახდნენ, დავებრუნებინე, ამიტომ ერთი წლით გვიან შევედი სკოლაში.

შვილი დედ-მამასთან უნდა იზრდებოდეს, არ შეიძლება ასე. ძალიან მიჭირდა. შაბათის მოსვლა მაბედნიერებდა. სკოლიდან პირდაპირ ბებიაჩემთან, სოფელ კვირიკეში მივდიოდი, ფეხით გავდიოდი 7 კილომეტრს“.

ქალს კარგად ახსოვს სკოლისდროინდელი ამბები – „მასწავლებელი ღვთიური ადამიანი გვეგონა და თუ ჭამდა-სვამდა, ისიც გვიკვირდა“.

მარიამის საყვარელი საგანი ქართული ენა და ლიტერატურა იყო: „გამორჩეულად მიყვარს გალაკტიონ ტაბიძე, ვაჟა-ფშაველა, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე… ძალიან მიყვარს კითხვა და ძალიან დიდი ბიბლიოთეკაც მაქვს.

დღისით არ მქონდა დრო და სულ ღამე, ლამპის შუქზე ვკითხულობდი, როცა ყველას ეძინა. კითხვა ძალიან უყვარდა ჩემს მეუღლესაც. ახლა ყველაფერია, მაშინ ხომ არ იყო ასე. სადაც კარგ წიგნს ნახავდა, სახლში მოჰქონდა და დაამთავრებდა თუ არა კითხვას, მე ვიწყებდი. ხშირად ვუკითხავდით ერთმანეთსაც.

ჩემი მეუღლე მესაზღვრე იყო და მივლინებებში ხშირად უწევდა ყოფნა. იმდენად მოსიყვარულე კაცი იყო, რომ ყოველთვის თან მიჰქონდა ჩემი პერანგი. რად გინდა-მეთქი, რომ ვკითხე, როცა ვერ ვიძინებ, შენ პერანგს ვიდებ თავთან, შენს სურნელს ვგრძნობ და მაშინვე მეძინებაო“. მარიამი ბევრს გვიყვება მეუღლის შესახებ, რომელიც  მისივე თქმით, სიგიჟემდე უყვარდა.


მარიამ ანთაძე მეუღლესთან ერთად

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ინსტიტუტში გააგრძელა, თუმცა დამთავრების საშუალება არ მიეცა. სტუდენტებს ომის პერიოდში ღამით მორიგეობა უწევდათ, განგაშის შემთხვევაში ხალხს ეხმარებოდნენ.

„ძალიან მშიშარა ვიყავი. ერთხელ, როცა მორიგეობიდან ვბრუნდებოდით, გზაში კაცები აგვედევნენ… ამის შემდეგ გავანებე ინსტიტუტს თავი. ვფიქრობდი, როცა ომი დამთავრდება, მაშინ დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მალევე დავქორწინდი და ვეღარ მოვახერხე“.

ამ დროს მარიამი და ვანო, მისი მეუღლე, შეყვარებულები იყვნენ. ვანომ ერთ საღამოს მოულოდნელად მიაკითხა მანქანით და გაპარვა შესთავაზა: „კი გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ასე ჩუმად გაყოლას არ ვაპირებდი. მასზე დაქორწინება მინდოდა, მაგრამ ასე არა.

ძალიან განვიცდიდი, ჩემი მშობლები 2 წელი არ შემირიგდნენ. ვანო სამუშაოდ ქედაში გადაიყვანეს და იქ ვცხოვრობდით. 19 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი. 22 წლისას პირველი შვილი შემიძინა. 2 ვაჟი მყავს“, – გვეუბნება მარიამი და გოგონებს ურჩევს, არ იჩქარონ დაქორწინება.

„ყოველთვის კარგი უნდა დაინახონ ადამიანებმა ერთმანეთში. არ არსებობს ცუდი ადამიანი. ერთმანეთის პატივისცემაა მთავარი. ახლა სიმდიდრე რომ გადაიქცა მთავარ „ღირსებად“, ეს უბედურებაა“.

ის ბევრს გვიყვება ქმარზე, რომელიც ქობულეთში გაიცნო. მაშინ მარიამი სტუდენტი იყო და ვანო შაბათობით ბათუმში აკითხავდა, ქობულეთში ერთად რომ ჩასულიყვნენ მატარებლით.

„ჩემს ოჯახთან ფრონტიდან დაბრუნებულმა მაზლმა შეგვარიგა და ძალიან დიდი წვეულებაც მოვაწყვეთ. სამი ძმის ერთი და ვიყავი, დიდ ყურადღებას მითმობდნენ. ახლაც ამბობს ხოლმე ჩემი ძმისშვილი, მამიდას მსგავსი გოგო ქობულეთში არ დადიოდაო“, – გვიყვება მარიამი.


მარიამის ახალგაზრდობის ფოტო

იხსენებს, რომ სანამ ვანოს ცოლად გაჰყვებოდა, სხვა ბიჭზე იყო დანიშნული, რომელიც ომის დაწყებიდან მალევე გაიწვიეს ჯარში. „მე და ვანო  დაქორწინებულები ვიყავით, მისგან წერილები ისევ რომ მომდიოდა. იმდენად კეთილი იყო ვანო, მეუბნებოდა, შენც მისწერე და ნუ ეტყვი ჩვენზეო. ღელავდა, იცოდა, რომ ომიდან დაბრუნებას ვერ შეძლებდა“.

ქალი ყველა წერილს დიდი სასოებით ინახავდა, რომელიც ოდესმე მიუღია და ძალიან წუხს, რომ მისი წერილებით სავსე ყუთი სადღაც გაებნა.

ახსოვს სიხარული, რომელიც თითოეული წერილის მიღებას ახლდა თან. იქამდე ვკითხულობდი, სანამ ტექსტს არ დავიზეპირებდიო: „ახლა რა საჭიროა წერილები, განვითარდა ტექნოლოგია, მაგრამ მიუხედავად ამის, ძალიან საინტერესო იქნება ხანდახან წერილები ახლაც მისწერონ ერთმანეთს ადამიანებმა.

მაშინ უფრო იყო ადამიანების ურთიერთობა ფასეული. ახლა ადამიანურობაზე მეტად მნიშვნელოვანი სიმდიდრე გახდა“.

100 წლის ქალს განსაკუთრებით ადამიანებთან ურთიერთობა და ოჯახური თავშეყრები ენატრება.

„მამამთილი მომღერალი იყო, კარგად მღეროდნენ ჩემი ქმარი და მისი ძმებიც. ჩვენს აივანზე მუდამ მხიარულება და ზეიმი იყო. ძალიან მიყვარდა საჭმლის გაკეთება. მომზადება დედაჩემმა მასწავლა და კარგადაც გამომდიოდა.

ყოველთვის წინასწარ გამზადებული და მაცივარში შენახული მქონდა მწვანილები, დაფქული კაკალი და ა.შ. ვინც არ უნდა მოსულიყო, მაშინვე მაცივრის კარებს გააღებდა, აბა, რა აქვს მომზადებულიო.

მე გამორჩეულად ფხალეული, აჭარული წვნიანი ფხალი მიყვარს. ტკბილეული –  მხოლოდ ბაქლავა და ბრინჯის ფქვილით მომზადებული შაქარლამა.

ჩემი ჩვეულება იყო, პარასკევობით ბაქლავა გამომეცხო. ხშირად მთხოვდნენ მეზობლებიც გამოცხობას“, – გვიყვება მარიამი.

ის იხსენებს, თუ როგორ მოაწყო აივნის სახურავზე ბოსტანი, სადაც მოიყვანა კიტრი, პომიდორი და მწვანილები – „მოგვიანებით გავიგე, რომ სხვა ქვეყნებშიც აქვთ მსგავსად მოწყობილი ბოსტნები და გამეცინა. ძალიან მიყვარს ყვავილები. აივანზე მქონდა ნაირნაირი ყვავილებიც.

განსაკუთრებით იასამანი მიყვარს. თეთრი და ვარდისფერი ვარდები. ჩემი მეუღლე ხშირად მჩუქნიდა ყვავილებს. სამსახურიდან რომ ბრუნდებოდა, მოჰქონდა ყვავილები და მკოცნიდა“.

ქალის თქმით, ძალიან ბევრი საცხოვრებელი გამოიცვალა, სხვადასხვა მდგომარეობის გამო. მისი საყვარელი საცხოვრებელი ლენინის ქუჩაზე [ახლანდელი გამსახურდია – ავტ.] იყო, საიდანაც სულ მოჩანდა ხალხით სავსე სანაპირო. ყოველ საღამოს თავადაც ვსეირნობდი სანაპიროზეო, იხსენებს. – „ზღვა მიყვარს, მაგრამ სანაპიროზე ვარ გაზრდილი და ცურვა არ ვიცი,  ვერაფრით ვისწავლე“.

მარიამი საოჯახო ალბომს გვათვალიერებინებს. გვიყვება, რომ ფოტოების გადაღება განსაკუთრებულად უყვარდა მის მეუღლეს: „თვითონ იღებდა, მაგრამ მე არ მიყვარდა მაინცადამაინც. როცა მოვხუცდით, ხშირად ვათვალიერებდით ალბომებს და გვსიამოვნებდა. სულ მახსენებდა ხოლმე, გახსოვს, რომ არ გიყვარდა ფოტოების გადაღებაო?

მაშინ მარტივი არ იყო ფოტოს გადაღება – წყალში იდებოდა, გაშრობა სჭირდებოდა და კიდევ ათასი რამ. ძალიან მაწუხებდა ეს ყველაფერი“, – გვეუბნება მარიამი, რომელიც მისი ახალგაზრდობის ფოტოს აკვირდება.

„არასდროს ვისვამდი პომადას, არ მიყვარდა. არაფერს არ ვისვამდი. მხოლოდ სახის დამატენიანებელს ვისვამდი“.

მისი ახალგაზრდობის კიდევ ერთი მოგონება ის არის, რომ როცა დაქორწინდა, ძალიან გრძელი ნაწნავები ჰქონდა.

„ძალიან მიყვარდა ჩემი გრძელი, გადმოშვებული თმა. ერთხელ ქედაში გენერალი ეწვიათ. საჭმლის გაკეთება მე დამევალა.

გენერალმა იკითხა, ვისია ეს სიმპათიური გოგოო. ჩემი ქმარი იქ იყო და საღამოს ნაწნავები შემაჭრა. ეს რა ქენი-მეთქი? შენ ქალს არ გავხარო-მითხრა. კარგად ჩაცმა მიყვარდა, განსაკუთრებით კაბების. გემოვნებაც კარგი მქონდა და ტანიც“, – იხსენებს მარიამი.

მარიამის ალბომში ჯვრისწერის ფოტოც ინახება – „როცა დავქორწინდით, მაშინ არ შეიძლებოდა ჯვრის დაწერა და მერე დავიწერეთ. 18 წელი გავიდა მას შემდეგ“, – მითხრა მარიამმა.


ჯვრისწერის ფოტო

საუბრის დასასრულს მარიამმა თქვა: „საკვირველია, ყველაფერი მახსოვს, ყველაფერს ვიგებ… არ გიკვირთ, ამდენი რომ გელაპარაკეთ?“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: