მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა უნდა ვიცოდეთ ნაწიბურების პრევენციასა და მათ მკურნალობაზე – ექიმის რჩევები

17.04.2023 • 2903
რა უნდა ვიცოდეთ ნაწიბურების პრევენციასა და მათ მკურნალობაზე – ექიმის რჩევები

მიუხედავად იმისა, რომ ნაწიბურის შემჩნევა და იმის სახელდება, რომ ეს ნაწიბურია, ძალიან მარტივია, მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობამდე იგი დერმატოლოგმა გამოიკვლიოს და დაადგინოს, რა ტიპის ნაწიბურია. სხვადასხვა სახის ნაწიბური მოითხოვს განსხვავებულ მკურნალობას. კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ არსებობს ნაწიბურების სახეობა, მაგალითად კოლოიდური ნაწიბური, რომელიც ქირურგიული ჩარევის შედეგად შეიძლება გაუარესდეს კიდევაც.

  • თათია, რა არის ნაწიბური, რატომ ჩნდება?

ნაწიბური არის კანის მამკვრივო კონსისტენციის წარმონაქმნი, რომელიც ჩნდება ტრავმის, დაზიანების, ქირურგიული ჩარევის შემდგომ, ან შეიძლება კანის ნებისმიერმა დაავადებამ დატოვოს ნაწიბური, თუ პაციენტი იწვალებს და იღიზიანებს [გამონაყარს]. ამ დროს ნაწიბური ჩნდება კანის ტრავმატიზაციის ადგილას კოლაგენის ბოჭკოების ჩალაგებისა და ფიბრობლასტების რაოდენობის შემცირების გამო. ზოგადად, კანს აქვს ასეთი მიდრეკილება. ყველა პაციენტს, ვინც იწვალებს გამონაყარს, ჩნდება ნაწიბური. შესაძლოა, ეს გენეტიკური განწყობითაც იყოს განპირობებული – მიდრეკილება ნაწიბურებისკენ.

  • რამდენად რთული სამკურნალოა აკნეს შემდეგ სახეზე დანატოვარი ნაწიბურები?

აკნეს შემდგომი ნაწიბურები საკმაოდ მტკივნეული და რთული თემაა. როდესაც აკნეს მკურნალობის შემდეგ სახეზე ჩნდება ნაჭდევები, ამოჭმული ადგილები კანზე, ე.ი. იმ ადგილზე ყველგან იყო გამონაყარი, რომელიც შემდგომ ნაწიბურად დარჩა.

პაციენტები მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესშიც ხშირად მექანიკურად, ანუ ხელით აღიზიანებენ გამონაყარს, რადგან შეიძლება იქ ჩირქოვანი კერა იყოს და ეს არ მოსწონდეთ. შედეგად უკვე ჩნდება ნაწიბური.

დღესაც კი, 21-ე საუკუნეში, ნაწიბურების მკურნალობა საკმაოდ რთული პროცესია – არაერთი მკურნალობა ინიშნება ამ დროს, მათ შორის არის პლაზმოთერაპია, რაც აუმჯობესებს [კანის] სტრუქტურას. ასევე მკურნალობა შეიძლება დოტლაზერებით, როცა ხდება აბლაცია – ზედა ფენის აძრობა, მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს. ამ მეთოდით ნამდვილად უმჯობესდება მდგომარეობა, მაგრამ სრულად გლუვი კანის მიღწევა, რაც აკნემდე იყო, ჯერჯერობით შეუძლებელია.

ამიტომ აკნეს ხელი არ უნდა მოვიკიდოთ, არ უნდა ვიწვალოთ. ეს განსაკუთრებით უჭირთ მოზარდებს, მაგრამ ჯობია აკნე ტონალური კრემით ან პუდრით გადავიფაროთ, ვიდრე ვიწვალოთ. წავლების შემდგომ ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ აღვადგინოთ კანი.

Mayoclinic: მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს კონტრასტი დაუცველ კანსა და ნაწიბურს შორის.

  • რა პრინციპით მუშაობს პლაზმოთერაპია და დოტლაზერი?

პლაზმოთერაპიის დროს პაციენტისგან იღებენ სისხლს, სისხლიდან პლაზმას, რომელიც გაჯერებულია ერითროციტებით. შემდეგ ამ პლაზმის ინექციები კეთდება ნაწიბურებში, რომელიც ავსებს მას და აუმჯობესებს მდგომარეობას. რეკომენდებული პლაზმოთერაპიის 3-5 პროცედურა.

ასევე კეთდება ფილერი – ივსება ნაწიბურები.

დოტლაზერით კი ხდება აბლაცია, ანუ აცლა მკვდარი კანისა და ნაწიბურების. ამის შემდეგ თვე-ნახევარში, ორ თვეში პაციენტი ხელმეორედ მოწმდება, როგორ წავა პროცესი.

  • მკურნალობის შედეგზე თუ აქვს გავლენა იმას, ნაწიბურის გაჩენიდან რამდენ ხანში მივმართავთ ექიმს?

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდის მიმართავს პაციენტი ექიმს. როგორც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში – თუ პირველ სტადიაზე მოვა, შანსი გადარჩენის და გაუმჯობესების მეტია. მნიშვნელოვანია, ნაწიბურები რა დროინდელია – 40 წლის პაციენტი რომ მოვა, რომელსაც 15 წლიდან აწუხებს აკნე და ნაწიბურები, რა თქმა უნდა, პროცესი დროშიც უფრო ხანგრძლივი იქნება და ალაგების საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ამ ყველაფრის შესახებ პაციენტებსაც ვეუბნებით. ყველანაირად ვცდილობთ შევუმსუბუქოთ მდგომარეობა და ისინიც მოგვყვებიან.

  • რომელი ტიპის ნაწიბურია ყველაზე საყურადღებო?

აკნესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე რთული ე.წ. კელოიდური ნაწიბურია, რომელიც შედარებით დიდი ზომისაა სხვა ნაწიბურისგან განსხვავებით, მკვეთრად წამოწეულია კანის ზედაპირიდან და ზემოდან არის პრიალა. შეიძლება იყოს ხაზოვანი, შეიძლება იყოს ნაწიბუროვანი. აქვს წითელი ან მოიასამნისფრო შეფერილობა. ეს შეიძლება იყოს აკნეს შემდგომ დატოვებული კელოიდი, ან ქირურგიული განაკვეთის შედეგად ჩამოყალიბებული.

არ შეძლება ამ კელოიდური ნაწიბურის ალაგება ლაზერით, არც ქირურგიული ჩარევა არ შეიძლება, ერთადერთი რაც კეთდება კელოიდური ინექციაა, კონკრეტული წამლის ინექცია კელოიდში. მისი სრული ალაგება არ ხდება.

  • რა პრინციპით მუშაობს ეს ინექცია?

უშუალოდ კელოიდში კეთდება ინექცია, ოღონდ ამ ინექციის შემდგომ, სრული ალაგება არ ხდება, უბრალოდ, რადგან კელოიდი ამობურცულია, ინექციის შედეგად კანის ზედაპირს გაუსწორდება და აღარ იქნება იმდენად შესამჩნევი, ანუ კელოიდი უნდა ჩავიდეს კანზე.

ინექციები კეთდება ერთი თვის შუალედში, შეიძლება დასჭირდეს 3-5 [პროცედურა], თუ პატარაა კელოიდი შეიძლება ერთი ინექციაც იყოს საკმარისი, კელოიდს გააჩნია რამხელაა და როგორ გამოიყურება.

  • რატომ ტოვებს ჩუტყვავილა ნაწიბურებს?

იმდენად შემაწუხებელი ქავილი ახასიათებს ამ გამონაყარს, რომ წარმოუდგენელია მოთმენა, მით უმეტეს თუ პაციენტი ბავშვია. განსაკუთრებით რთულია, თუ ბუშტუკოვანი გამონაყარი – თავში, სახეზე, სასქესო ორგანოებზე საშინელი ქავილი ახასიათებს. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა დაითრგუნოს ქავილი, დაენიშნოს პაციენტს ქავილის საწინააღმდეგო პრეპარატები დღისითაც და ღამითაც. როდესაც ქავილისგან ეს ბუშტუკი სკდება, მერე უკვე ჩაღრმავებასავით ნაწიბური ჩნდება. შეიძლება ზოგან გაჩნდეს, ზოგან არა. სახეზე ძალიან ხშირად რჩება, ამოჭმულივით.

  • როგორია ჩუტყვავილას ნაწიბურების პრევენცია და მკურნალობა?

ჩუტყვავილას დანატოვარი ნაწიბურებისთვის ბევრი საშუალებაა დღეს, რაც შეგვიძლია მივაშველოთ, ბევრ ბრენდს აქვს სიკალფატი, რომელიც თუთიას შეიცავს და აღმდგენი კრემიცაა, ანუ კანის რეგენერაციას უწყობს ხელს. მისი გამოყენება, დღეში ერთხელაც რომ წაისვას პაციენტმა, ერთი-ორი თვით აუმჯობესებს მდგომარეობას. თუ ახალი ნაწიბურებია, ახალი გადატანილია [ჩუტყვავილა] შეიძლება აღადგინოს კიდეც ბოლომდე.

ასეთი კრემები იყიდება, ყველა ბრენდს აქვს, უნდა მოიკითხოთ აღმდგენი კრემი, ანტიბაქტერიული, ის თუთიასაც შეიცავს, კანის რეგენერაციას უწყობს ხელს და უსაფრთხოა; სტეროიდი, ანუ ჰორმონი არ არის, შესაბამისად, მისი გამოყენება ხანგრძლივად შეიძლება. რაც უფრო მალე დაიწყება გამოყენება, მით უკეთესი, როცა ბუშტუკი ჩაცხრება და პირი უჩანს, რომ უნდა აგვილაგდეს გამონაყარი, მალევე უნდა დავიწყოთ.

ჩუტყვავილას შემდეგ ლაქები ჩვეულებრივად იქერცლება და ლაგდება, შეიძლება ხანგრძლივად დარჩეს, თუმცა ლაქები ასევე ექვემდებარება პილინგის თერაპიებს.

მშობლები უნდა გავაფრთხილოთ, რომ ქავილის დასაცხრობად თავიდანვე ჩართონ მკურნალობაში ანტიჰისტამინები [ანტიალერგიული საშუალებები]. აღმდგენი კრემების გამოყენება, ჩუტყვავილას დროსაც შეიძლება, რადგან ძალიან კარგად ახმობს ბუშტუკოვან გამონაყარს და ეხმარება მოშუშებაში.

  • რატომ არის კელოიდური ნაწიბური განსაკუთრებით საფრთხილო?

კელოიდური ნაწიბურისგან თავს იმიტომ ვერ ავირიდებთ, რომ თუ კანს მიდრეკილება აქვს კელოიდისკენ, ის მაინც ჩამოყალიბდება. დავიმახსოვროთ, რომ თუ კელოიდურ ნაწიბურზეა საუბარი, ქირურგიული წესით არ უნდა ამოიკვეთოს. როგორც კი ამოვკვეთთ ქირურგიული წესით და ნაკერი დაიდება, ნაკერზე ისევ კელოიდი წარმოიქმნება. მას ხელი არ უნდა მოვკიდოთ.

გვქონდა ჩვენ რამდენიმე შემთხვევა, როცა პაციენტს პატარა, 5 მილიმეტრიანი კელოიდური ნაწიბური ჰქონდა და 4 თუ 5 ქირურგის არასწორი ჩარევის შედეგად, დღეს ლავიწიდან ლავიწამდე აქვს, ამხელა ზომის კელოიდი ჩამოუყალიბდა არასწორი მკურნალობით. ამ ადამიანს მუშაობაშიც კი ეშლება ხელი,იმდენად აწუხებს ტკივილი ვერ იმართება – გადაჭიმული აქვს ერთ ლავიწიდან მეორეზე და ახლა ვეხმარებით ინექციებით, რომ მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, დაჭიმვისა და ტკივილის შეგრძნება ავარიდოთ.

დერმატოლოგმა უნდა დასვას დიაგნოზი, დაადგინოს პაციენტს აქვს კელოიდი თუ ჩვეულებრივი ნაწიბურია. თუ ქირურგი შესთავაზებს [ოპერაციას], გადამოწმება მაინც სასურველია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: