მთავარი,სიახლეები

80 წლის ვეტექიმი ქობულეთიდან, რომელიც 1800 პირუტყვს მკურნალობს

17.04.2023 • 2766
80 წლის ვეტექიმი ქობულეთიდან, რომელიც 1800 პირუტყვს მკურნალობს

„ქობულეთში 17 სოფელს ვემსახურები, დაახლოებით 1800 საქონელია, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა მივიდე თითოეულთან… მაგის გარდა, ძაღლია, კატაა, ღორი ცოტას ჰყავს ძალიან,“ – ამბობს 80 წლის ავთანდილ მიქელაძე. ის  ვეტერინარია და მის სამსახურზე გვიყვება.

„აჭიდან და ქაქუთიდან მოყოლებული, ჩამოვყვები სოფლებს: ლეღვა, სკურე, ჩეხედანა…“ – თითებზე ითვლის 17 სოფელს 80 წლის კაცი, სადაც მას გადაადგილება ყოველდღიურად უწევს. ვეტერინარი ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემას ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც საქონლის უფასოდ აცრაზე უარს ეუბნებიან.

„ღმერთმა ქნა, ევროპა უფასოდ გვიგზავნის ამ წამლებს, ჩეხეთიდან მოდის ეს ვაქცინა, მეც უფასოდ ვემსახურები. ზოგი მეუბნება, არ უნდა აცრა, სახლში მყავს მაინც დაბმული, ჩემს ეზო-კარშიო.

შენს ეზო-კარშია ეგება, მარა ცოფიანი რომ იყოს, მაგალითად, ძაღლი და ბალახზე დატოვოს ნერწყვი? მერე ის ბალახი რომ შენმა საქონელმა მოძოვოს?

მაგას თავი დაანებე, ზღარბი და ვირთხაც ცოფის გადამტანები არიან,“ – ბრაზობს ავთანდილ მიქელაძე და შემდეგ კონკრეტულ ამბავს იხსენებს:

„ციხისძირში იყო შემთხვევა: უარი მითხრეს აცრაზე. რამდენიმე დღეში ის კაცი რეკავს ცხელ ხაზზე, საქონელი ცუდად გამიხდაო. ჩვენ ხელმოწერილი დოკუმენტი ვაჩვენეთ, რომ უარი განაცხადა. უარის თქმის უფლება არ აქვთ, მაგრამ როცა კატეგორიულად მოწინააღმდეგეა საქონლის პატრონი, ხელს ვაწერინებთ.

ბრუცელოზზე საჭიროა აცრა, ციმბირის წყლულია, „თურქულის“ სახელით ცნობილი დაავადება, წელიწადში ორჯერ მაინც სჭირდება საქონელს აცრა, რომ მისი რძე დაზღვეული იყოს, ბავშვებისთვისაც რომ სასარგებლო იყოს და უვნებელი.

ტურებიც ძალიან საშიშია, შარშან გვქონდა ჯიხანჯურში შემთხვევა – ცოფიანმა ტურამ დაკბინა საქონელი.

ძირითადად საღამოობით მივდივარ ოჯახებში, როცა საქონელი ასაცრელია. ზოგი მესაკუთრე ფეხს ითრევს, არაა ჯერ დასაბმელი, არ შემყვება ბოსელშიო, მერე იზლაზნება და ისე გამოაქვს პასპორტი. შეიძლება, ბოლოს, უარი თქვას მაინც აცრაზე, ესაა საქმე?“ – კითხულობს 80 წლის ვეტერინარი.

ვეტერინარის თქმით, მისი ხელფასი ხელზე 1200 ლარია,  თუმცა იხდის საპენსიო დანაზოგს. ამ ხელფასიდან უნდა დაიფაროს საწვავის ხარჯიც.

„2017 წელს დავსაქმდი და პენსია მომიხსნეს – პირიქით, მაჭრიან საპენსიოს თანხას, დაახლოებით 200 ლარს…

ახლა ტრანსპორტი დამინიშნეს, მეწყვილე მყავს, ფეხით ყველგან ვერ მიხვალ, არ მოესწრებაო. კი, ბატონო, მარა საწვავის ფული ჩემი ხელფასიდან უნდა დაიფაროს. აქამდე მოკლე-მოკლე გზები ვიცოდი და ისე დავდიოდი სოფლიდან სოფელში, სულ ფეხით დავდიოდი…“ – გვიყვება ავთანდილ მიქელაძე.

ვეტერინარი გვესაუბრა ომზეც. მისი აზრით, ახლა უკრაინისთვის დროული მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ამერიკამ რომ მოინდომოს, ორ კვირაში დაასრულებს ომს. რუსს მისი ტყვია-წამალი აქვს და ატომური ბომბები, ამიტომ მიხმარება უნდა. მე რუსეთში დავასრულე ვეტერინარული ტექნიკუმი და ვიცი ყველაფერი.

ევროპა იქნება ჩვენთვის კარგი. მიმოსვლა იქნება, ვაჭრობა, თავისუფლება, ომი არ იქნება და უბედურება, რაც ახლაა. ადრე რომ ყოფილიყო ეს ამბავი, უკეთესი იქნებოდა.

დროულად უნდა მხარის დაჭერა უკრაინას. მე ახლა ომში ვერ წავალ… ცოდვაა, ამხელა ბაღნები იხოცებიან,“ – ხელით გვაჩვენებს ბავშვების სიმაღლეს, რომელთა დახოცვაზე ვეტერინარს ამბავი ახალ ამბებში უნახავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: