მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

პრეეკლამფსია – რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის ერთ-ერთი სერიოზული გართულების შესახებ

20.04.2023 •
პრეეკლამფსია – რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის ერთ-ერთი სერიოზული გართულების შესახებ

პრეეკლამფსია ორსულობის გართულების ერთ-ერთი ფორმაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული [ფატალურიც კი] გართულებები, როგორც ორსულისთვის, ასევე ნაყოფისთვის. საერთაშორისო სტატისტიკით, დედების სიკვდილიანობის 10-დან 15 პროცენტამდე გამოწვეულია პრეეკლამფსიით და მასთან დაკავშირებული გართულებით, როგორიცაა ეკლამფსია. პრეეკლამფსიის სიმპტომებსა და მკურნალობაზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მეან-გინეკოლოგი, ქეთი ფარტენაძე საუბრობს:

  • ქეთი, რა არის პრეეკლამფსია და რატომ არის ის ასეთი საშიში?

პრეეკლამფსია წარმოადგენს ორსულობით განპირობებულ ჰიპერტენზიას, რომელიც ვითარდება ორსულობის 20 კვირის ვადის შემდეგ, მას ორსულობის გვიან ტოქსიკურობასაც უწოდებენ. 

მისი მთავარი სიმპტომებია მაღალი წნევა და პროტეინურია – შარდში ცილის არსებობა. ის საკმაოდ მძიმე გართულებაა, რომელიც სათანადო მართვის გარეშე მძიმე შედეგებით სრულდება. პროგრესირებადი პრეეკლამფსია ეკლამფსიაში გადადის. ამ სიმპტომებს გულყრაც ემატება.

პრეეკლამფსია დედათა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მთელ მსოფლიოში. ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 ქალი იღუპება ამ გართულებით. დაავადების დროული აღმოჩენისა და მართვის გარეშე შეიძლება დაიღუპოს როგორც დედა, ისე ნაყოფიც.

  • რა ცვლილებებს განიცდის ამ დროს ნაყოფი?

პრეეკლამფსიის დროს ნაყოფის სისხლის მიმოქცევა ირღვევა, მცირდება ჟანგბადის მიწოდება. თუ პრობლემის დროულად მართვა არ მოხდა, ნაყოფის განვითარება ფერხდება და ის სიმწიფით ჩამორჩება ასაკს, მძიმე ფორმის შემთხვევაში კი, შესაძლოა დაიღუპოს კიდეც.

  • როგორ ამოიცნობა, რა არის პრეეკლამფსიის ნიშნები და სიმპტომები?   

პრეეკლამფსიის სიმპტომებია: შარდში ცილა – პროტეინურია, ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის ცვლილებები, გულისრევა, ღებინება, შარდის შემცირებული გამოყოფა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, შეშუპება, პოლიორგანული დაზიანება.

  • როდის მივმართოთ ექიმს?

ორსულობის დროს აუცილებელია რეგულარული ვიზიტი ექიმთან, რათა დროულად მოხდეს პირველადი გართულებების გამოვლენა და მართვა. თუ ორსულს წნევის უეცარი ცვლილება დაუფიქსირდა, უნდა დაუკავშირდეს ექიმს. 

თავის ტკივილი, გულისრევა, შეშუპება შეიძლება ხშირი იყოს ორსულობის პერიოდში, ამიტომ გამოკვლევის გარეშე რთულია განსაზღვრო, როდისაა ეს სიმპტომები პრეეკლამფსიით გამოწვეული. დროული ვიზიტი ექიმთან აგვარიდებს ყველა გართულებას.

  • როგორ ხდება დიაგნოსტირება?

მთავარი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი წნევისა და პროტეინურიის მაჩვენებელია. მდგომარეობის სიმძიმის შესაფასებლად ხდება ღვიძლის, თირკმლებისა და სხვა ორგანოების ფუნქციის შეფასებაც.

  • როგორია მკურნალობა/მართვა?

პრეეკლამფსიის მართვა სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება: არტერიული წნევის ნორმალიზებას და კონტროლს, გულყრის პრევენციას მაგნეზიური თერაპიით და ოპტიმალურ ვადაში მშობიარობას.

მშობიარობის მეთოდი ინდივიდუალურად ირჩევა გესტაციური ასაკის, საშვილოსნოს ყელის სიმწიფის ხარისხისა და ნაყოფის მდებარეობა-მდგომარეობის მიხედვით. 

პრეეკლამფსია შესაძლოა მშობიარობის შემდეგაც გაგრძელდეს, ამიტომ აუცილებელია წნევის, პროტეინურიის ხარისხის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი. უნდა გაგრძელდეს ანტიჰიპერტენზიული მკურნალობაც.

  • როგორია პრეეკლამფსიის პრევენცია?

პრევენციის აბსოლუტური საშუალება არ არსებობს, მაგრამ თუ ჩარევა დროულად მოხდა, გართულებების ალბათობა მცირდება. კვალიფიცირებულ ექიმთან დროული ვიზიტი და მისი რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: