მთავარი,სიახლეები

ბათუმის სტადიონთან მინიმუმ 4 თაუერის აშენებას გეგმავენ – პარლამენტიდან ბიზნესში

18.04.2023 • 5007
ბათუმის სტადიონთან მინიმუმ 4 თაუერის აშენებას გეგმავენ – პარლამენტიდან ბიზნესში

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი „ოცნებიდან“ იაშა შერვაშიძე და მისი ოჯახის წევრების კომპანიები ბათუმში, ჟიული შარტავასა და ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთაში, ცენტრალურ სტადიონთან ახლოს, ჰექტრობით ფართობს ფლობენ და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავენ.

იაშა შერვაშიძე საქართველოს VII – VIII  მოწვევის პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით, მაჟორიტარული სიით შევიდა. ის ქედის მაჟორიტარი იყო. ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ ისიც „ოცნებაში“ გადავიდა. იაშა შერვაშიძეს პარლამენტში მუშაობის დროს თავი არც კანონპროექტებზე მუშაობით და არც სიტყვით გამოსვლით არ გამოუჩენია.

პროექტის დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა წინასწარი მონახაზით თუ ვიმსჯელებთ, იაშა შერვაშიძისა და მისი ოჯახის წევრების, კონკრეტულად კი ცოლისა და შვილის კომპანიები, აქ მინიმუმ ოთხი თაუერის აშენებას გეგმავენ.

ესკიზი

„საპროექტო ტერიტორიის გვერდით 25-სართულიანი მრავალბლოკიანი საცხოვრებელი კომპლექსი, ხოლო მოპირდაპირედ 28-30-სართულიანი სასტუმრო აპარტამენტები მდებარეობს. ქალაქმშენებლობის თვალსაზრისით გამართლებულია საპროექტო ტერიტორიებზე  მრავალსართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის განთავსება, რომელიც თავისი გაბარიტებით მასშტაბურად ჩაეწერება მიმდინარე განაშენიანებაში და არ იქნება შეუსაბამო“, – წერს მერიას პროექტის ავტორი.

ესკიზი

ყოფილი დეპუტატისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიების ნაკვეთები შერეულ ზონა 3-ში მდებარეობს, აქ დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი [k2] 0.7- ა, კომპანიას მისი გაზრდა სურს 15.0 – მდე.

ასეთ შემთხვევაში სამშენებლო კოდექსი განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავებას ითვალისწინებს. ამის თაობაზე მერიას უკვე მიმართეს და შესაბამისი დავალების გაცემა მოითხოვეს.

ამ დროისთვის სამშენებლო ტერიტორიაზე ძველი ქარხნები და სხვა შენობებია განთავსებული.

მონიშნულია საპროექტო ტერიტორია

მერიისთვის გაგზავნილი ინფორმაციით, კომპანია შენობების I-IV სართულებზე საზოგადოებრივი ობიექტების განთავსებას გეგმავს:

„კომერციული ფართები, კლუბები, კინოთეატრი, სავაჭრო ცენტრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრები, საცურაო აუზები, ბანკები, აფთიაქები, კაფე-ბარები, რესტორნები, ღამის კლუბები. ასევე სკოლა, ბაგა-ბაღი და ბიბლიოთეკები“.

სარდაფის სართულში გათვალისწინებულია მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა.

„ტერიტორიის ფართობი საშუალებას გვაძლევს განვათავსოთ ღია ავტოსადგომები, სკვერი და სპორტული მოედნები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება დასამუშავებელ პროექტში მოთხოვნილი ნორმების მიხედვით“, – წერს პროექტის ავტორი.

სამშენებლო ტერიტორია რვა საკადასტრო ერთეულისგან შედგება და ჯამში 4.3 ჰეტარია [43 880 კვ.მეტრი] ნაკვეთებს სხვადასხვა მესაკუთრე ჰყავს.

სამშენებლო ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ, 10 787 კვ.მეტრი „მტზ კომპანის“ ეკუთვნის – ამ კომპანიას იაშა შერვაშიძე ხელმძღვანელობს. ასივე პროცენტის მფლობელი კი მისი მეუღლე ზინა ტურაშვილია.

17 778 კვ.მეტრი შპს „ხახუტას“ ეკუთვნის – ამ კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი ლევან შერვაშიძეა, იაშა შერვაშიძის შვილი, ხოლო იაშა შერვაშიძე ამ კომპანიის გენერალური დირექტორია.

1401 – შპს „ჯიი XXI“ – ს  აქვს დარეგისტრირებული – კომპანიის 90 პროცენტი იაშა შერვაშიძის საკუთრებაა.

შპს „ჯიი XXI“-მ ბათუმში, ზღვისპირა ზოლში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 24-სართულიანი მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენა, რომელიც საცხოვრებელ და კომერციულ ფართობებს, სავაჭრო ცენტრს, კაფე-რესტორნებს და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს მოიცავს.

„სთარ არ ჯის“ საკუთრებაშია 13 914 კვადრატული მეტრი მიწა – ამ კომპანიის დირექტორი და ხუთი პროცენტის მფლობელი  ყოფილი დეპუტატის შვილი ლევან შერვაშიძეა, 5 პროცენტს კი იაშა შერვაშიძე ფლობს – 84 პროცენტს თურქეთში [ 74] და სომხეთში [10] დაფუძნებული კომპანიები ინაწილებენ. 5 პროცენტს გერმანიის მოქალაქე, 3 პროცენტს კი თურქეთის მოქალაქე ფლობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: