მთავარი,სიახლეები

როცა უსინათლოთა ბილიკი მდინარის კალაპოტთან წყდება

19.04.2023 • 1215
როცა უსინათლოთა ბილიკი მდინარის კალაპოტთან წყდება

ბათუმში, ლორთქიფანიძის ქუჩის ერთ მონაკვეთზე, უსინათლოთა ბილიკს თუ გაუყვები, მდინარის კალაპოტს მიადგები. უფრო ზუსტად, მას შემდეგ, რაც ბილიკი შეწყდება, კიდევ ერთ ნაბიჯს თუ გადადგამ, მოხვდები მკვეთრად დამრეც ადგილზე, რომელიც მდინარის კალაპოტზე ჩადის – თავის შეკავება უნდა შეძლო, წონასწორობა არ უნდა დაკარგო. ოდნავ მარჯვნივ თუ გაიწევი, იქ სამანქანო ხიდია. ხიდზე ფეხით გადასვლა არამხოლოდ უსინათლოსთვის, მცირედმხედველისთვისაც ასისტენტის გარეშე უსაფრთხო არ არის.

ბილიკის ბოლოს დამონტაჟებულია ბოძი ამკრძალავი ნიშნით, თეთრი ხაზი წითელ ფონზე – „ეს ნიშანი კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას ამ მიმართულებით. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.“

ბათუმი, ლორთქიფანიძის ქუჩა

„ზუსტად ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ბათუმში უსინათლო დამოუკიდებლად გადაადგილებას იმ მონაკვეთზეც კი ვერ შეძლებს, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს ადაპტირებულია. გადაადგილება პრობლემურია მცირედ მხედველისთვისაც“, – გვიყვება თაკო საგინაძე. ის მცირედმხედველია.

თაკომ სპეციალური სწავლებებიც გაიარა და ახლა თავად ცდილობს საზოგადოების ინფორმირებას, თუ როგორი უნდა იყოს რეალურად ადაპტირებული გარემო მცირედ მხედველებისა და უსინათლოებისთვის.

„ბათუმის რესურსცენტრში განცხადება უნდა დამეტოვებინა. იქვე ახლოს არის ბილიკი მცირედმხედველებისთვის, სადაც არ არის ყვითელი მანიშნებელი. თითქოს არის ბილიკი, მაგრამ ადგილი სრულად ადაპტირებული არ არის. ამბობენ, რომ აწყობენ ტაქტილურ ბილიკებს, ალბათ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იციან. ბილიკი ხეზე იყო მიბჯენილი, რაც არამხოლოდ უსინათლოსთვის, მცირედმხედველისთვისაც კი შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს“.

ტაქტილურ ბილიკს აწყობენ სპეციალური ფილით. ამ ბილიკის მოწყობის სტანდარტს არეგულირებს მთავრობის დადგენილება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.“

ბათუმში, ლერმონტოვისა და ფერაძის ქუჩების ერთ მონაკვეთში, ბათუმის მერიის დაკვეთით ტროტუარებს აწყობენ, დაზიანებულ გზაზე ახალი ასფალტის საფარი დააგეს. ერთ-ერთ ტროტუარზე, რომელიც ფერადი ფილებით მოაპირკეთეს, უსინათლოთა ბილიკიც არის გაყვანილი. ეს ბილიკი კონკრეტულ მონაკვეთში მოულოდნელად წყდება და ოდნავ გვერდით გრძელდება.

ბათუმი. ლერმონტოვის #109

ბათუმი, ლერმონტოვის #109

თაკო საგინაძე გვიხსნის, რომ ასეთ შემთხვევაში უსინათლო კარგავს ორიენტაციას, უჭირს გამორკვევა, სად დასრულდა ბილიკი და საიდან გრძელდება. მცირედმხედველებისთვის მიმანიშნებლები მკვეთრად ყვითელი ფერით უნდა იყოს შეღებილი, არ უნდა იყოს ისეთი აჭრელებული, როგორიც ჩვენთან ზოგიერთ გზის სავალ ნაწილზეა. თუ გაკეთებულია, ის უნდა იყოს სრულად“.

სამუშაოებს აქ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაკვეთით ატარებს. სამმართველოს ვკითხეთ, ამ კონკრეტულ ტროტუარზე უსინათლოთა ბილიკი მოაწყვეს თუ არა სტანდარტის შესაბამისად. სამმართველოდან მივიღეთ შეტყობინება, რომ სამუშაოები არ დასრულებულა და კომპანია ბილიკებს სტანდარტის შესაბამისად დააგებს.

მოგვიანებით ბათუმის საკრებულოს წევრმა, ლევან დოლიძემ „ბათუმელების“ თხოვნით ლერმონტოვისა და ფერაძის ქუჩებს შორის მოწყობილი უსინათლოთა ბილიკის შესახებ ინფორმაცია მოიკვლია და გვითხრა, რომ შეცდომა პარკინგის ადგილის გაფართოებამ გამოიწვია, თუმცა ის უკვე გამოასწორეს. [ლევან დოლიძის ოჯახის კომპანიები დიდი ხანია ბათუმში ტენდერებს იგებენ და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობენ.]

მერიაში აცხადებენ, რომ ქუჩების ადაპტირება მერიის უპირობო სტრატეგიაა და როცა ტროტუარების მოპირკეთებაზე ტენდერი ცხადდება, უსინათლოთა ბილიკის მოწყობა უპირობოდ გათვალისწინებულია. მეორე საკითხი ამ ბილიკის მოვლაა. მათი დიდი ნაწილი მოუვლელი და დაზიანებულია, ხშირად კი ტროტუარებზე გაჩერებულ ავტომანქანებს აქვთ ჩახერგილი.

ბათუმი

ბათუმი ლორთქიფანიძის ქუჩა

საკრებულოს წევრი ლევან დოლიძე გვიხსნის, რომ იქ, სადაც უსინათლოთა ბილიკი სრულდება, სტანდარტულად ადგილი მოპირკეთებული უნდა იყოს ბურთულებიანი ფილებით, რომელიც მიანიშნებს მცირედმხედველს, რომ იქ ბილიკი წყდება და გადასასვლელი ან შუქნიშანია. ის გვიყვება, რომ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას ყოველთვის აკვირდება, როგორ არის მოწყობილი უსინათლოთა ბილიკები.

საკრებულოს წევრმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, რამდენად აკმაყოფილებს ქალაქის ინფრასტრუქტურა ევროპულ სტანდარტს და აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ „მერია ცდილობს“ და ის ამ მცდელობით კმაყოფილია.

„მერია მიზნად ისახავს, შშმ პირებისთვის გადაადგილება იყოს უსაფრთხო“ – ამბობს საკრებულოს წევრი და გვირჩევს გადავხედოთ შესყიდვებს: „ნახავთ, რომ ყველა ახალი პროექტი შესყიდულია შესაბამისი მომსახურებით.“

რაც შეეხება დაზიანებულ და ჩახერგილ ბილიკებს? – „დაზიანება შეიძლება მოხდეს, მთავარია მერია ცდილობს, რომ რაც შეიძლება სწრაფ რეჟიმში გამოასწოროს ეს, რაც არის ქალაქში. იმას არ ვიძახი, რომ ყველაფერი რიგზეა. ქალაქი იზრდება და კეთილმოწყობის სამსახური ყოველდღიურად მუშაობს, რომ მოაწყოს. შეიძლება ყველგან არ გვაქვს ბილიკი, მაგრამ გაკეთდება აუცილებლად. შედარებას საიდან ვახდენთ? – დიახ, მე ვამბობ, რომ შედეგი გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. ქალაქი ვითარდება, იზრდება, ფართოვდება და კეთდება. რაც შეეხება ბილიკების ჩახერგვას, როცა აქ მანქანას აჩერებ, ეს უკვე ჩვენ უნდა გავიაზროთ და ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. “

საკრებულოს წევრი ლევან დოლიძე  შეგვპირდა, რომ დაინტერესდება უსინათლოთა პრობლემებით, შეხვდება მათ, მოისმენს მათ მოსაზრებებს ქალაქის ინფრასტრუქტურის შესახებ და იმუშავებს მერიასთან ხარვეზების გამოსწორებაზე.

„ბათუმელები“ ამ პროცესს დააკვირდება.

ის, რომ მერია ცდილობს ბათუმში მცირედმხედველებისთვის ადაპტირებული გარემო შექმნას, თავად მცირემხედველები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. ავტობუსის მძღოლიც კი ხმამაღლა არ აცხადებს გაჩერებებზე, სად გაჩერდა ავტობუსი. ეს ხომ მარტივად მოსაგვარებელია? – სვამენ კითხვას. ასევე არ გვაქვს ხმოვანი ტაბლოები.

„ვთქვათ, მოახერხე ავტობუსში ასვლა. ხომ უნდა გამოაცხადოს მძღოლმა სად გაჩერდა, რომ სასურველ მისამართზე ჩამოხვიდე? – გარწმუნებთ, რომ ბათუმში მცირედმხედველისთვის ასისტენტის გარეშე გადაადგილება რთულია. მე, პირადად, ვსარგებლობ მერიის პროგრამით, ასისტენტი მყავს.“

ბათუმის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ყოველწლიურად დიდი ფული იხარჯება. როგორც საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში განგვიმარტეს, ყველა შესყიდვა, რომელიც მერიამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოაცხადა, თავისთავად გულისხმობს უსინათლოთა ბილიკის მოწყობას. ადაპტირებული ბილიკისთვის განკუთვნილი ერთი ფილის ფასი ჩვეულებრივ ფილაზე დაახლოებით 10 ლარით ძვირია.

ეს ფოტოც „უსაფრთხო“ გარემოზეა – გადაღებულია სასტუმრო „ლეგენდას“ გადასასვლელთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: