მთავარი,სიახლეები

„პოლიტიკური სოლიდარობა“ აქტია სასამართლოს წინააღმდეგ – ჯანეზაშვილი

19.04.2023 • 805
„პოლიტიკური სოლიდარობა“ აქტია სასამართლოს წინააღმდეგ – ჯანეზაშვილი

„საპარლამენტო უმრავლესობის „პოლიტიკური სოლიდარობის“ გამოცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული აქტია,“ – მიჩნევენ არასამთავრო ორგანიზაციაში „სასამართლო გუშაგი“. ეს ორგანიზაცია სასამართლო სისტემის სფეროში მუშაობს და გუშინდელ შემთხვევას ეხმაურება – 18 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სასამართლო სისტემის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა განეხილათ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს. შესაბამისად, ვერც კვორუმი შედგა.

სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას შემდეგ მოითხოვა, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 მოსამართლე საქართველოში დაასანქცირა.

ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„საპარლამენტო უმრავლესობის „პოლიტიკური სოლიდარობის აქტი“ არის მოსამართლეებზე პოლიტიკური ზემოქმედების მცდელობა. ეს წარმოაჩენს, რამდენად მნიშვნელოვანია, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის სასამართლო სისტემაში დღეს არსებული „კლანური მმართველობის“ მხარდაჭერა და შენარჩუნება.

ამასთან, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინტერესში არ შედის სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარების გამოსწორება.

…კომისიის შექმნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სასამართლოს გუშაგის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული ინტერვიუები ყოფილ მოსამართლეებთან [ნათია ქუთათელაძე და ანა ღელეყვა]. ისინი მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ  მწვავე პრობლემებზე ღიად საუბრობენ; ასევე – უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესო ალავიძის საჯარო განცხადებები.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა  მნიშვნელოვანია, რათა საპარლამენტო დონეზე შესწავლილი იქნას ისეთი საკითხები, რომლებიც შეეხება კორუფციას, ნეპოტიზმს, მოსამართლეთა დანიშვნებს, საქმეთა განაწილებას, ინდივიდუალური მოსამართლისა და სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. ამასთან, ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა სასამართლო რეფორმის გატარებაა. თუმცა, „ქართული ოცნების“ ქმედებები რეალურად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბებას არ ემსახურება,“ – აღნიშნულია „სასამართლოს გუშაგის“ მიერ დღეს, 19 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

რა არის დროებითი საგამოძიებო კომისია?

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის მიზნით. კომისიის შექმნის საფუძველია:

  • ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;
  • ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მოწინააღმდეგეთა ხმები გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება. კომისიის შემადგენლობაშიც ოპოზიციის წარმომადგენლობა არ შეიძლება იყოს ნახევარზე ნაკლები. ამ დროისთვის პარლამენტში 64 ოპოზიციონერი დეპუტატია.

—————————-

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს. სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

ოპოზიცია სანქციებს მიესალმება, მმართველის გუნდის ლიდერმა კი თქვა, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პირადად მისთვის „ძალიან ცუდი იქნება“, თუმცა „ცხოვრება გაგრძელდება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: