განათლება,მთავარი,სიახლეები

2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვები პირველ კლასში შესვლას შეძლებენ – სამინისტრო

18.04.2023 •
2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვები პირველ კლასში შესვლას შეძლებენ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევა, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

„აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას.

6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია ოქტომბრის თვეში დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩარიცხვის მიზნით“, – ამბობს სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის მიღებით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან პირველ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ აირჩიონ: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, გათვალისწინებულ იქნეს მშობელთა მოთხოვნა, მათი შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

მიზანშეწონილია მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში დაწყებით საფეხურზე დამატებით მიღებულ იქნან ის ბავშვებიც, რომლებიც დაბადებულები არიან პირველ ნოემბრამდე“, – წერს სამინისტრო.

პირველ კლასში რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

  • და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში
  • მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე: registration.emis.ge.

რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

რაც შეეხება IV ეტაპს, რეგისტრაცია 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება.

ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე.

მოქმედი კანონით, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: