„ამგვარი ქმედებით „ქართული ოცნება“ სასამართლო კლანის მხარდაჭერასთან ერთად, ქვეყნის უზენაეს კანონსაც უგულებელყოფს, რადგან აზრს უკარგავს კონსტიტუციურ ჩანაწერს: უმრავლესობის თანხმობის გარეშე შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია,“ – მიიჩნევენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ საპარლამენტო უმრავლესობაზე, რომელიც მიზანმიმართულად ხელს უშლის საგამოძიებო კომისიის შექმნას.
დღეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა, სასამართლო სისტემაში კორუფციის შესასწავლად საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდეს – კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს. შესაბამისად, ვერც კვორუმი შედგა.
სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას შემდეგ მოითხოვა, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 მოსამართლე საქართველოში დაასანქცირა.
„ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
„მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბოროტად იყენებს საპარლამენტო პროცედურებს და რეგისტრაციის გავლაზე უარით, ხელს უშლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.
„სოლიდარობის აქტი“ სინამდვილეში სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის – კლანის მხარდაჭერის გამოხატვაა. ამასთან, ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, სასამართლო სისტემაში გავლენიანი მოსამართლეების მიერ ჩადენილ კორუფციულ გარიგებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს. სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე წლებია საუბრობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები,“ – აღნიშნულია საიას მიერ დღეს, 19 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
——————–
5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს. სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.
ოპოზიცია სანქციებს მიესალმება, მმართველის გუნდის ლიდერმა კი თქვა, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პირადად მისთვის „ძალიან ცუდი იქნება“, თუმცა „ცხოვრება გაგრძელდება“.