მთავარი,სიახლეები

ვინ არიან და რას საქმიანობდნენ სანქცირებული მოსამართლეები

06.04.2023 • 2794
ვინ არიან და რას საქმიანობდნენ სანქცირებული მოსამართლეები

სასამართლო კლანის 4 წევრს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერი ცერცვაძეს 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“.

კერძოდ, მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

„აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ვინ არიან და რა კარიერული კიბე გაიარეს სანქცირებულმა მოსამართლეებმა. „ბათუმელებმა“ მათ შესახებ ინფორმაცია შეაგროვა.

  • ვალერიან ცერცვაძე

ვალერიან ცერცვაძის კარიერა საჯარო სამსახურში 1999 წელს დაიწყო. 2004 წელს გახდა უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი, 2004-2005 წლებში ასევე იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის და დეპარტამენტის უფროსი. 2007 -2017 წლებში კი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

ვალერი ცერცვაძე

2017 წლის 25 მაისს ვალერი ცერცვაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, მას შემდეგ, რაც ის და მისი ოჯახი სკანდალში გაეხვნენ.

კერძოდ, საქმე ეხება სასამართლო დავას ორ კომპანიას – „აიფონ პლუსისა“ და „აიტექნიკს“ შორის. საქალაქო სასამართლომ „აიფონ პლუსის“ ქონება დააყადაღა. ბიზნესმენი მამუკა მაღრიშვილი თავისი კომპანიის, „აიფონ პლუსის“ მიზანმიმართულ გაკოტრებაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვალერი ცერცვაძესა და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებდა.

„აიტექნიკსი“, რომლის სასარგებლოდაც სასამართლო დავა გადაწყდა, 2011 წელს ვალერი ცერცვაძის მამამ და ცოლისძმამ დაარსეს, ხოლო კომპანიის მენეჯერი დავის პერიოდში ვალერი ცერცვაძის ცოლი, გვანცა მიქუჭაძე იყო.

ვალერიან ცერცვაძე უარყოფდა, რომ მისმა ნათესაურმა კავშირმა რაიმე გავლენა იქონია სასამართლო გადაწყვეტილებაზე, თუმცა 2017 წელს მაინც მოუწია თანამდებობის დატოვება.

ვალერი ცერცვაძეს ორი შვილი ჰყავს, ერთი საქართველოს, ერთი კი აშშ-ის მოქალაქე.

2019 წლის იანვარში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე.

ფოტო საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ მასზე აღბეჭდილი იყო ე.წ. სასამართლო კლანის მთავარი ფიგურანტები. მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე ანალიტიკოსები „სასამართლოს კლანად“ მოიხსენიებენ სასამართლო სისტემაში არსებულ ყველაზე გავლენიან ჯგუფს.

ვალერიან ცერცვაძეს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2018 წელს აქვს შევსებული. ყოფილი მოსამართლე 5 წელია საჯარო სამსახურში აღარაა. რამდენიმე მსხვილ ბიზნესს ფლობს ვალერიან ცერცვაძის მეუღლე გვანცა მიქუჭაძე.

რეესტრის თანახმად, გვანცა მიქუჭაძე 100 %-იან წილს ფლობს შპს „აიტექნიკსში“. ეს კომპანია iTechnics–Apple-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, სტატუსით Apple Authorized Reseller-ი.
გვანცა მიქუჭაძე ასევე ფლობს 70 %-იანი წილს შპს „მისთორში“ – ეს კომპანია საქართველოში ცნობილი ჩინური ბრენდის, შიაომის ტექნიკის ავტორიზებული პარტნიორია.

მიქუჭაძეს ასევე 100%-იანი წილი აქვს შპს „სითი გარდენში“, ხოლო კიდევ ერთ კომპანიაში შპს „ჯეველბერი ჯორჯიაში“ 50 %-იან წილს ფლობს. ამ კომპანიაში მისი პარტნიორი და თანამეწილე რუსეთის მოქალაქე ვიტალი იაზვენკოა, რომელიც ამ კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია.

  • ირაკლი შენგელია

ირაკლი შენგელიამ საჯარო კარიერა 1994 წელს დაიწყო, სამტრედიის რაიონის სასამართლოს არქივარიუსად.

2003 წლამდე სასამართლო სისტემაში მუშაობდა. 2003-2004 წლებში საქართველოს სატრანსპორტო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უფროსი გამომძიებლის თანამდებობა ეკავა, მოგვიანებით მუშაობდა გენინსპექციაში ინსპექტორად. 2005 წელს მუშაობა დაიწყო პროკურატურაში და სისტემაში 2007 წლამდე დარჩა.

ირაკლი შენგელია

2007 წელს გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

2016 წელს გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე და  ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე. 2017-2021 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2021 წლის ივლისიდან კი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

ირაკლი შენგელია სასამართლო კლანის გავლენიან წევრად მიიჩნევა.

ირაკლი შენგელიამ საზოგადოების ყურადღება 2019 წელს მიიპყრო. შენგელია, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, თავის ცოლისძმასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან თევზაძესთან გასაუბრებაში მონაწილეობდა.

ირაკლი შენგელია მაშინ აცხადებდა, რომ ამით კანონს არ არღვევდა და არ მოუთხოვია აცილება.

  • მიხეილ ჩინჩალაძე

საქართველოს სასამართლო კლანი ჩინჩალაძე-მურუსიძის სახელობისაა. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და უვადოდ გამწესებული მოსამართლეა.

მიხეილ ჩინჩალაძემ საჯარო სამსახურში კარიერა 1999 წელს დაიწყო თბილისის საოლქო სასამართლოში. 2004-2007 წლებში კი მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. 2007 წელს ის უზენაესი სასამართლოს წევრი გახდა და ამ თანამდებობაზე 2017 წლამდე იყო.  ასევე მიხეილ ჩინჩალაძე 2007-2015 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2017-2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. ასევე, 2017 წელს ის უვადო მოსამართლედ გაამწესეს.

2020 წლის აგვისტოდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე 5 წლის ვადით. ასევე 2022 წლის ივლისიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 5 წლის ვადით.

მიხეილ ჩინჩალაძე

მიხეილ ჩინჩალაძის სახელს ატარებს ე.წ. სასამართლო კლანი. სტუდია „მონიტორის“ გამოძიებაში „ჩინჩალაძის კლანი – სასამართლო რეფორმის კრახი“ ნაჩვენებია, რომ საქართველოს სასამართლოებში მომუშავე მოსამართლეთა ერთი ჯგუფი მიხეილ ჩინჩალაძესთან არის დაკავშირებული. ზოგიერთი მათგანი ჩინჩალაძესთან ერთად მუშაობდა, ზოგიერთს კი ნათესაური კავშირი აქვს მასთან.

მიხეილ ჩინჩალაძეს მჭიდრო კავშირი აქვს ლევან მურუსიძესთან. 2013 წელს ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გახდა. ლევან მურუსიძე ზუსტად იმ დროს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, გორის პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოში, რა დროსაც მიხეილ ჩინჩალაძე.

  • ლევან მურუსიძე

ლევან მურუსიძის კარიერა 2000 წელს თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიით დაიწყო, სადაც 2004 წლამდე მუშაობდა.

2004-2005 წლებში იყო გორის რაიონული პროკურორის თანაშემწე.  2005 წლის ბოლოს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა. 2006-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 2016 წლის იანვრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

ლევან მურუსიძე 2018 წლის დეკემბერში უვადო მოსამართლედ გაამწესეს. 2022 წელს ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა.

ლევან მურუსიძე

ლევან მურუსიძის საქმიანობას ვრცელი საგამოძიებო ფილმი მიუძღვნა სტუდია „მონიტორმა“. გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ სასამართლო კლანის ლიდერს აქვს ათობით ათასი ლარის დაუსაბუთებელი ქონება, რომელიც მის დეკლარაციაში ასახული არაა.

ლევან მურუსიძე იყო ისეთი გახმაურებული საქმის მოსამართლე, როგორიცაა სანდრო გირგვლიანის საქმე. მას, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლის ძალითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელი შეუმცირდათ. 2019 წელს კი ლევან მურუსიძემ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ეს განაცხადა: „საბოლოო ჯამში, მე მივიღე ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით“.

საქმე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა და საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებები მკაცრად გააკრიტიკა.

სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავდა, რომ „გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება“. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: