მთავარი,სიახლეები

5 ბავშვის ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ სახლში – ვიდეო

18.04.2023 • 3624
5 ბავშვის ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ სახლში – ვიდეო

ნახევრად დანგრეული სახლი, დაობებული, დამპალი იატაკი, ალაგ-ალაგ ჩამტვრეული და სიცოცხლისთვის საშიში. ასეთ გარემოში ცხოვრობს 5 ბავშვი, მათ შორის 4 მცირეწლოვანი.

ქეთევან სურმანიძეს და აკაკი გაბუნიას საკუთარი სახლი არ აქვთ, ისინი დეიდის სახლში ცხოვრობენ, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაკაიძეებშია. სახლში გაუსაძლისი პირობებია, თუმცა მრავალშვილიან ოჯახს, სხვა წასასვლელი არ აქვს. ეს სახლიც სადავოა, ამიტომ, ერთ დღეს, შესაძლოა ამის დატოვებაც მოუწიოთ.

როგორც ბავშვების დედა, ქეთევან სურმანიძე გვეუბნება, მას მე-5 კლასის შემდეგ სკოლაში არ უვლია და, შესაბამისად, არც სავალდებულო განათლება აქვს მიღებული.

ქეთევან სურმანიძე, 5 შვილის დედა

„დედა მყავდა ავად და მე ვუვლიდი, ამიტომ გამოვედი სკოლიდან“, – გვეუბნება ის.

მის მეუღლეს სავარაუდოდ სკოლა დასრულებული აქვს, თუმცა კონკრეტულ პროფესიას არ ფლობს. „თუ ვინმე დაუძახებს და ფიზიკურად იმუშავებს ეს არის, თუ არადა, არ აქვს სამუშაო“, – გვეუბნება ქეთევანი.

სახლი, სადაც 5 ბავშვი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს

ამავე სახლში ცხოვრობს ბავშვების ბებია ლეილა გაბუნიაც. მისი თქმით, ბავშვების მოვლა-პატრონობა ფაქტობრივად მას უწევს, რადგან მშობლებს, სავარაუდოდ შშმ სტატუსი სჭირდებათ, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქამდე არავის შეუფასებია.

„მე არ მაქვს დრო, რომ ჯანდაცვაში გავყვე რძალს და დავეხმარო სტატუსის მიღებაში, რადგან 7 წლის გიგა, – ჩემი შვილიშვილი, ჟანგბადამოკიდებულია. მას ჯანმრთელობის ძალიან მძიმე პრობლემები შეექმნა და ახლა სულ მის გვერდით ვარ. ჟანგბადი მე უნდა დავურეგულირო და ყველა საჭიროებაში მე ვეხმარები.

უფროსი შვილიშვილი 17 წლისაა, სკოლაშიც დადიოდა, მაგრამ… ნერვიულია, ადვილად ვერ შედის ადამიანებთან კომუნიკაციაში. ვფიქრობ, მასაც სჭირდება შშმ სტატუსი, მაგრამ ვერც ის მიმყავს ექიმთან, რომ შეისწავლონ“, – გვეუბნება ლეილა გაბუნია.

იატაკი სახლში, სადაც 5 ბავშვი ცხოვრობს

მისი თქმით, მშობლების და ბავშვების საჭიროებაზე სოციალური მუშაკი ინფორმირებულია, თუმცა აცნობა თუ არა ჯანდაცვის შესაბამის უწყებებს მათი საჭიროებების შესახებ, მისთვის უცნობია.

„სოციალური მუშაკი ამბობს, რომ ბავშვს მშობლები უნდა ახლდნენ ექიმთანო, ან ბებია მაინც უნდა ახლდესო. მე გიგას ვერ ვტოვებ და მშობლებს კიდევ არ აქვთ შესაბამისი უნარები, რომ წაიყვანონ ბავშვი და შეაფასებინონ. ამიტომ, ჯერ მშობლები არიან მისახედი, რომ მისცეს სახელმწიფომ სტატუსი და პენსიაც დაუნიშნონ“, – გვეუბნება ლეილა გაბუნია.

მცირეწლოვანი ბავშვები სიღარიბეში

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობა – 930 ლარია. ოჯახში სულ ათი ადამიანი ცხოვრობს, მათ  შორის ქეთევანის ძმა, რომელსაც ასევე შშმ პირია.

ათსულიანი ოჯახი ორ ოთახშია განთავსებული, თუმცა სახლი თითქმის ამორტიზებულია. იატაკი დამპალია, ფანჯრებზე ჩამსხვრეულია მინებიც.

„ერთხელ ბავშვიც ჩავარდა ამ ღრიჭოებში, მაგრამ კიდევ კარგი, ქვემოთ ქვები არ იყო და გადარჩა. ამის შემდეგ სულ რაღაცებს ვაფარებ ხოლმე, მაგრამ მაინც მეშინია“, – ამბობს ბებია.

სახლის სახურავი რამდენიმე წლის წინ ქობულეთის მერიამ გამოცვალა, თუმცა სხვა სამუშაოები სახლში არ ჩაუტარებიათ.

„რადგან სახლი სხვისია, ყველაფერზე მეპატრონის თანხმობაა საჭირო. სადაო სახლია და ესეც პრობლემაა“, – გვეუბნება ის.

ოჯახი საზოგადოების შემწეობის იმედაა დარჩენილი.

7 წლის გიგას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს.

„ოპერაციის შემდეგ, გიგას დასაწოლიც არ ჰქონდა და შემდეგ ვიღაც უცნობმა ადამიანმა გვიყიდა და თბილისიდან გამოგვიგზავნა. სპეციალური საწოლია, სამედიცინო. რადგან გიგას წონის გამო მოძრაობა უჭირს, სულ საწოლშია, ამიტომ სპეციალური საწოლი იყო მისთვის საჭირო. ტელევიზორიც უცნობმა ადამიანმა გვიყიდა და მოგვიტანა“, – ამბობს ბავშვების ბებია.

ლეილა გაბუნია, ბავშვების ბებია

მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა უსახლკარობაა, რადგან ერთ დღეს, შესაძლოა რძლის დეიდამ სახლის დატოვება მოსთხოვოთ, მათ კი წასასვლელი არსად აქვთ.

„კი, რაღაცას ვცდილობთ, მაგრამ სხვის სახლში ძალიან ძნელია. იქნებ ვინმეს ჰქონდეს მიტოვებული სახლი, ან სახელმწიფო მაინც რომ დაგვეხმაროს შეძენაში, კარგი იქნება. ბავშვებს ნორმალური პირობები ხომ უნდა ჰქონდეთ“, – ამბობს ლეილა გაბუნია.

ოჯახის ისტორია ვრცლად იხილეთ ვიდეოში:

„ბათუმელები“ ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელს დაუკავშირდა აჭარაში და ჰკითხა, შეისწავლეს თუ არა სათანადოდ ქეთევან სურმანიძის და მისი შვილების საჭიროებები და რა ზომები მიიღო სააგენტომ ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. როგორც სააგენტოში გვითხრეს, ჩვენ კითხვებს მას შემდეგ უპასუხებენ, თუ წერილობით მივმართავთ სააგენტოს.

[სააგენტოს მიერ მოგვიანებით გაკეთებული კომენტარი, იხილეთ აქ].

რაც შეეხება ქობულეთის მერიას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ ისინი ჩართული იყვნენ პროცესებში და შესაბამის უწყებებში შუამდგომლობაც გააკეთეს.

„ზუსტად იმიტომაც მივმართეთ შესაბამის უწყებას, რომ ჩვენი აზრით, მშობლებს არ აქვთ ის უნარები, რომ ბავშვებზე სათანადოდ იზრუნონ. თუმცა, სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში იზრდებოდნენ.

შშმ სტატუსის დადგენის საკითხი კი ექიმის კომპეტენციაა და როგორც ვიცი, ოჯახის ექიმი ჩართული იყო ამ პროცესში, შესწავლილი აქვს ეს საკითხი და არ მგონია, რომ შესაბამისი მიმართვა არ გაეკეთებინა, თუკი ჩათვლიდა, რომ მშობლებს ან ბავშვს შშმ სტატუსი ესაჭიროებათ“, – ამბობს აღნიშნული სამსახურის უფროსი ხათუნა მამასახლისი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: