ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 6 მილიონი დაიხარჯება

16.04.2023
ქობულეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 6 მილიონი დაიხარჯება

ქობულეთის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციოდ აჭარის ბიუჯეტიდან 6,2 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სამუშაოების შესყიდვაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი 6 მილიონ 298 ათასი ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 30 აპრილს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება.

ქობულეთის ცენტრალური პარკი / რენდერი პროექტიდან

პირობის მიხედვით, ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია ხელშეკრულების დადების მომდევნო დღიდან 360 დღეში უნდა დასრულდეს; თუმცა, 20 ივნისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით [საზაფხულო სეზონზე] მიმწოდებელს, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, შესაძლებელია სამუშაოების შეჩერება მოუწიოს.

ტენდერი თუ შედგა, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო პროცედურებისა და აღნიშნული პირობების გათვალისწინებით, ქობულეთში, განახლებულ პარკს, დიდი ალბათობით, 2024 წელს, წინასაარჩევნოდ გახსნიან. მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო პროექტი მერიას 2021 წლის დეკემბერში უკვე შესყიდული ჰქონდა.

რაც შეეხება ტენდერში მონაწილეობის მსურველ პრეტენდენტს, მას „2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 13 აპრილამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 მილიონი ლარის ღირებულების პარკის ან/და სკვერის ან/და ბულვარის ან/და მოსასვენებელი სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები. მათ შორის ერთი ხელშეკრულების (ერთი პროექტის) ფარგლებში არანაკლებ 2 მილიონი ლარის სამუშაოები.“

ქობულეთის ცენტრალური პარკი / რენდერი პროექტიდან

პროექტში, რომლის მიხედვითაც ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, ქობულეთის მერიას 60 ათასი ლარი აქვს გადახდილი შპს „მორფ 9.4“-ისთვის.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, „მორფ 9.4“ ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც მუნიციპალიტეტის მიერ, ქალაქ ქობულეთში, დ. აღმაშენებლის N279-ში მდებარე ცენტრალური პარკის მოდერნიზაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა [კონკურსიც 60 ათასი ლარით იყო გამოცხადებული].

ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასა და მუნიციპალიტეტს შორის 2021 წლის 19 ოქტომბერს დაიდო, პროექტი კი, ქობულეთის მერიას, იმავე წლის დეკემბრის ბოლოს ჩაჰბარდა.

2021 წელსვე, კონკურსის გამოცხადებამდე, ქობულეთის მერია ბაზარს იკვლევდა.

ამ თემაზე ვრცლად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/350783/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: