მთავარი,სიახლეები

გარეგნობის გამო კაცმა ბათუმში 2 მოზარდს სცემა – სასამართლო განხილვა

27.02.2023
გარეგნობის გამო კაცმა ბათუმში 2 მოზარდს სცემა – სასამართლო განხილვა

„ქართველ გოგოს წითელი და მწვანე თმა რატომ უნდა ჰქონდესო“, – პოლიციელი ირაკლი ჯორბენაძე მოსამართლეს მოუყვა, რა უთხრა ბრალდებულმა კაცმა, როცა ძალადობის ადგილზე მივიდნენ პოლიციელები.

დისკრიმინაციული მოტივით, კონკრეტულად კი, გარეგნობის და სქესის გამო, ფიზიკურ ძალადობას პროკურატურა თემურ შ.-ს ედავება.

ძალადობის ეს შემთხვევა ბათუმში გასული წლის ბოლოს მოხდა, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთასთან. გამოძიების ვერსიით, კაცი ქუჩაში მიმავალ ორ არასრულწლოვან გოგოს თავს დაესხა – აგინა და სცემა.

გოგოების თქმით, მათ კაცი გარეგნობის – პირსინგის, ტატუებისა და თმის ფერის გამო დაესხა თავს. არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს უთხრეს, რომ დამნაშავის მკაცრად დასჯას ითხოვენ.

ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს.

საინტერესო ამ საქმეში ისაა, რომ ბრალდებული კაცი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა მოსამართლე კოტე ჭილაიამ, ამჯერად კი, იგი წინასწარ პატიმრობაშია – აღკვეთი ღონისძიება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ შეცვალა.

„რატომ უნდა იყვნენ ასეთ ფერებშიო, იმავეს ამბობდა, როცა მის დასაკავებლად მივედით“, – თქვა გამომძიებელმა.

„გოგონები როგორ გამოიყურებოდნენ?“ – იკითხა პროკურორმა ანა როყვამ.

„ტატუებში იყვნენ“, – თქვა გამომძიებელმა ირაკლი ჯორბენაძემ.

გამომძიებელმა მოსამართლეს ასევე დაუდასტურეს, რომ გოგოებს ემჩნეოდათ, არასრულწლოვნები რომ იყვნენ.

ერთ-ერთ გამომძიებელს ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ ჰკითხა, ხომ არ იყო ბრალდებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. გამომძიებლის თქმით, კაცს ალკოჰოლის სუნი არ ჰქონდა და არც ალკოჰოლის მოხმარებაზე შეუმოწმებიათ.

მოწმეების გამოკითხვა ამ საქმეზე უკვე დასრულდა, თუმცა დასკვნითი სიტყვის თქმის ეტაპი მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე გადადო.

„პროკურატურისთვის ვაპირებთ მიმართვას საპროცესოზე“, – აღნიშნა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ.

იმავე ბრალდებულს გამოძიება ასევე ედავება ძაღლის ქურდობას. ამ საქმეში დაზარალებული ქალი ჰყვება, რომ ძვირადღირებული ძაღლი ერთ-ერთ მარკეტში დაკარგა. ვიდეოკამერის ჩანაწერებით კი, ძაღლი იმ კაცს მიჰყავს, რომელსაც ახლა მოზარდებზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: