მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ტერფის დაავადებების ყველაზე ხშირი მიზეზი ფეხსაცმელია – პოდოლოგის რჩევები

17.04.2023 • 5896
ტერფის დაავადებების ყველაზე ხშირი მიზეზი ფეხსაცმელია – პოდოლოგის რჩევები

სხვადასხვა სახის მიკრო თუ საშუალო ინტენსივობის ტრავმა ფეხის ტერფზე საკმაოდ გავრცელებულია. ტერფის პრობლემებთან დაკავშირებულ სიმპტომებზე და ზაფხულის სეზონთან დაკავშირებულ რისკებზე „ბათუმელები“ კლინიკა „კანის“ ექიმ-პოდოლოგს, ნიკა ძნელაძეს ესაუბრა.

  • რა სიმპტომები მიგვანიშნებს ტერფთან დაკავშირებულ პრობლემებზე, როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

პოდოლოგია არის დარგი, რომელიც შეისწავლის ფეხის ტერფთან დაკავშირებულ დაავადებებს. ეს დაავადებები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც კანზე, ისე ფრჩხილის ზედაპირზე.

პოდოლოგს უნდა მივმართოთ, როდესაც გვაქვს ისეთი ჩივილები და დიაგნოზი, როგორიც არის: ტერფის კოჟრი, გაუხეშებული გარქოვანებული ქუსლი (როცა ქუსლზე არის ნაპრალები), ვირუსული წარმოშობის მეჭეჭი, დიაბეტური ტერფი (როცა ტერფზე ჩნდება წყლული).

ფრჩხილს რაც შეეხება, შეიძლება იყოს სოკოვანი, ბაქტერიული ინფექციები, ფრჩხილის პოსტტრავმული დეფორმაცია (ონიქოდისტროფია), ჩაზრდილი ფრჩხილი, ფრჩხილის ფირფიტის გასქელება (ონიქოგრიფოზი), ფრჩხილებქვეშ მეჭეჭი და როცა პაციენტი საჭიროებს ფრჩხილის ფირფიტის ბრეკეტირებას.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ონიქოლიზისი, როცა ფრჩხილის ფირფიტა აწეულია, ჰაერშია და არ არის დამაგრებული თავის სარეცელზე. გამწვევი მიზეზი შეიძლება იყოს დაუდგენელი.

ასევე გავრცელებულია ტრავმისმიერი მდგომარეობა, მაგალითად, ფეხის ფრჩხილზე ფეხსაცმლისგან გამოწვეული, ხოლო ხელის ფრჩხილზე შეიძლება ეს მდგომარეობა მივიღოთ სალონებში ფრჩხილის გასუფთავებისას, ისეთი აგრესიული მანიპულაციის დროს, როგორიცაა ღრმა ამოჭრა ე.წ. შილაკის გაკეთების შემდგომ და ასე შემდეგ. 

  • რა იწვევს ქუსლზე ნაპრალებს?

ქუსლის ან ტერფის ჰიპერკერატოზი – ეს არის კანის გარქოვანებული, კერატოზური უბნები ტერფის საყრდენ წერტილებზე. ქუსლის შემთხვევაში ნაპრალებიც და სიმშრალე გამოხატულია ქუსლის რკალზე. გარქოვანების შემდეგ იწყება ნაპრალები და ნახეთქები ქუსლზე, რადგან გარქოვანებული კანი სკდება. 

გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს ტერფის დგომა, კანის სიმშრალე და სხვა ბევრი რამ, მათ შორის ფეხსაცმელიც; ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ტერფი როგორ დგას, შეიძლება გამოიწვიოს ბრტყელტერფიანობამაც.

ძირითადად ნახეთქები ვისაც აქვს, იხეხავენ, სილამაზის სალონებშიც აქვთ ასეთი სახეხი საშუალებები. ეს არ არის გამოსავალი, რადგან ამ გახეხვით ვაფართოებთ ნაპრალს. სადაც ნაპრალებია, იქ ქსოვილია გახსნილია, გახეხვით კი ხელს ვუწყობთ სხვადასხვა ინფექციის შეჭრას, ამიტომ უმეტესად ვასუფთავებთ სკალპელით, ვჭრით გარქოვანებულ კანს და ვამუშავებთ აპარატით – ვწმენდთ. სიმძიმის მიხედვით ვნიშნავთ შარდოვანას შემცველ სამკურნალო კრემებს. 

ქუსლები არ უნდა გაიხეხოს პაციენტმა, რადგან უფრო მეტი რისკია ჩამოყალიბდეს კერატოზი და გაიზარდოს არეალი. ამ დროს პაციენტს ვურჩევთ გამოიყენოს ორთოპედიული საფენები და ვამუშავებთ ქუსლს 3-4 კვირაში ერთხელ. 

  • რამდენად სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას პაციენტს ექიმთან დაგვიანებით მისვლის შედეგად?

მაგალითად, ფრჩხილის ფირფიტა შეიძლება დაზიანდეს ქრონიკული დაავადებების დროს და ტრავმით. ტრავმაში არ იგულისხმება მაინცდამაინც რაღაც მძიმეს დაცემა, ტრავმა შეიძლება მივიღოთ როგორც ფეხსაცმელთან პერმანენტული შეხებით, ისე ტერფის არასწორი დგომით, რადგანაც ეს იწვევს თითების არასწორ დგომას, რაც, რა თქმა უნდა, აზიანებს ფრჩხილის ფირფიტებს.

დროთა განმავლობაში ფრჩხილის ფირფიტები ზიანდება სხვადასხვანაირად. მაგალითად, იწყება ფრჩხილის ფირფიტის აცილება თავისი, ზედაპირიდან/სარეცლიდან. შემდეგ იწყება ფრჩხილის ფირფიტის არა პირდაპირი, არამედ ჰაერში ზრდა, იწყება გარქოვანება და გასქელება, იქვე შეიძლება გვქონდეს სისხლჩაქცევა.

ამიტომ ჩემი რეკომენდაციია, როდესაც უკვე შეგვაწუხებს ფრჩხილის ფირფიტის რომელიმე სიმპტომი, მივმართოთ პოდოლოგს, რომ შემდგომ გართულებები ავიცილოთ თავიდან. ეს ყველა გართულება ნელ-ნელა ეტაპობრივად ვითარდება, ჯერ ომიქოლიზისი – აცილება, შემდეგ ომიქოგრიფოზი – გასქელება ფირფიტის, რომელსაც ხშირად ახასიათებს ფრჩხილის ცალმხრივი დევიაცია, ანუ შემოგრეხა.

ასეთი პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს პარონიქია – პარონიქუმის (ფრჩხილის ირგვლივ ნაწილის) ანთებითი პროცესი, რომელიც შეიძლება იყოს ქრონიკული.

  • ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით რა რეკომენდაციები შეგიძლიათ მოგვცეთ ფეხის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით?

ყოველთვის კარგია, თუ მივცემთ საშუალებას ფეხს, რომ ჟანგბადი მოხვდეს, ასე ვთქვათ, ისუნთქოს. ჩახუთული ფეხსაცმელი იწვევს სხვადასხვა ინფექციას, მუდმივად ჩაცმული ფეხსაცმელი აზიანებს ქუსლს, ფრჩხილის ფირფიტებს. ასევე, როცა ტერფი ოფლიანობს, თითებს შორის ხდება ქსოვილის დახეთქვა, ამიტომ მუდმივად არ უნდა გვეცვას ფეხსაცმელი. დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა მივცეთ ფეხს სუნთქვის საშუალება, განსაკუთრებით სიცხეში.

ზაფხულის მოსვლასთან ერთად ხშირია ფეხშიშველი სიარულის შემთხვევები, ასეთ დროს მეჭეჭის გავრცელების რისკი მაღალია. მეჭეჭი არის ვირუსული გენეზის დაავადება, რომელსაც იწვევს პაპილომა ვირუსის ერთ-ერთ ჯგუფი, ეს არის ვირუსი, ხდება თუ არა კანის ზედაპირზე, სადაც კანის ბარიერი არის გარღვეული (თუნდაც აქერცლილი), იწყებს ზრდას ღრმად ქსოვილებში.

მეჭეჭი უფრო მეტად გამოხატულია ფეხის ტერფზე, შესაძლოა იყოს ხელის თითებზეც. 

მეჭეჭი ადამიანიდან ადამიანზე გადამდებია, შესაბამისად გადადების რისკი მაღალია ისეთ ადგილებში, სადაც სხვა ადამიანებიც დადიან ფეხშიშველი, მაგალითად აუზზე, სპორტულ დარბაზში და ა.შ.

მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივიც შეიძლება იყოს პროცედურულად. ტერფის მეჭეჭი მუშავდება სკალპელით და ასევე, ვყინავთ აზოტით.

ტერფის მეჭეჭი არ არის სისხლში, მაგრამ არის ქსოვილში, მეჭეჭს აქვს ფესვები, რომლებიც ქსოვილში საკმაოდ ღრმად აღწევს და მოშორებაც ძალიან ძნელია.

  • რამდენად საზიანო შეიძლება იყოს მჭიდრო ფეხსაცმელი, განსაკუთრებით სიცხეში?

ფეხსაცმელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე ხშირი მიზეზი ამ დაავადებებისა, სწორედ ფეხსაცმელია. პაციენტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ ფეხსაცმელი კარგად უნდა იყოს მორგებული ფეხზე და რაც მთავარია, ფეხსაცმლის ცხვირი უნდა იყოს ფართო, რაც შეიძლება ნაკლები შემხებლობა უნდა ჰქონდეს ფრჩხილის ფირფიტასა და ფეხსაცმელს. 

ფეხსაცმლით გამოწვეული კოჟრიც საკმაოდ ხშირია. ჩვენ ბევრი პაციენტი გვყავს, რომლებსაც სპეც (დამცავი) ფორმის ფეხსაცმლის ტარება უწევთ, ის ფეხსაცმელი კი აწვება ქსოვილს, შემდეგ ქსოვილი მაგრდება და წარმოიშობა კოჟრი.

ზოგიერთ შემთხვევაში ტერფის კოჟრი შეიძლება წარმოიქმნას მჭიდრო ფეხსაცმელში, როდესაც თითები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის მიდგმული. ამიტომ აუცილებელია, ჩვენი თითები იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ რაც შეიძლება ნაკლები შემხებლობა იყოს ფეხსაცმელს, თითებსა და ფრჩხილის ფირფიტას შორის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: