მთავარი,სიახლეები

უმაღლეს საბჭოს საკმარისი დრო და რესურსი აქვს, რომ ხალხის მოთხოვნები შეისწავლოს – ინტერვიუ

17.04.2023 • 979
უმაღლეს საბჭოს საკმარისი დრო და რესურსი აქვს, რომ ხალხის მოთხოვნები შეისწავლოს – ინტერვიუ

ამომრჩეველმა ქობულეთში თავისივე არჩეულ საკრებულოს დაგვის კულტურის ცენტრის უნიკალური შენობის გადარჩენა, რეაბილიტაცია პეტიციით მოსთხოვა, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა. ისევე როგორც სხვა ბევრი მოთხოვნა, აღნიშნულიც დარჩა უპასუხოდ.

პეტიცია ერთ-ერთი შესაძლებლობაა ამომრჩევლისთვის, თავისივე რჩეულს პრობლემა მკაფიოდ და დასაბუთებულად დაანახოს.

რატომ ხდება, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც ამომრჩეველი პეტიციით ითხოვს, მერია ამბობს, რომ ბიუჯეტში ფული არ აქვს? ეს იმ ფონზე, როდესაც აუდიტი წლის ბოლოს სოლიდური აუთვისებელი თანხის შესახებ წერს. და ასე ხდება თითქმის ყოველი წლის ბოლოს. ამ საკითხზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აჭარისა და გურიის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა გვესაუბრა.

  • მალხაზ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ეხმარება მოქალაქეებს პეტიციების შედგენაში. თუ ადევნებთ თვალს შემდგომ პროცესს – რამდენად სერიოზულად უყურებს უმაღლესი საბჭო, მთავრობა პეტიციებს. ზოგადად, რამდენად დადგა შედეგი?

ჩვენი ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოების ორგანიზებითა და თანაორგანიზებით მუნიციპალიტეტებსა და უმაღლეს საბჭოში 5 პეტიცია შევიტანეთ. უმრავლეს შემთხვევაში მიმართვის ადრესატი აჭარის უმაღლესი საბჭო იყო. პირველი პეტიცია, რაც მუნიციპალიტეტში პეტიციის სახით დავარეგისტრირეთ და შემდეგ შევაგროვეთ 700-მდე მოქალაქის ხელმოწერა, გვქონდა ქობულეთში – ახალგაზრდებმა ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია, არაფორმალური განათლების სივრცის მოწყობა მოითხოვეს.

სამწუხაროდ, ამ პეტიციას არ მოჰყოლია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი რეაგირება. საკრებულომ განიხილა, დადგენილებაც მიიღო, მიმართა ქალაქის მერიას, თუმცა ამ საკითხზე მერიას, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ამ დროისთვის საპროექტო წინადადებაც კი არ აქვს მომზადებული. ჩვენ გვითხრეს, რომ როგორც კი გამოჩნდება დაფინანსება, შესაბამისი პროექტი იქნება გათვალისწინებული.

მერიასთან მაქვს კითხვა, საკუთარი დაფინანსების სიმცირის პირობებში, რატომ არ მიმართა ამ პეტიციის დასაკმაყოფილებლად აჭარის მთავრობას. ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომ აჭარის მთავრობას შემოსავლები ეზრდება ყოველთვიურად. აუდიტის სამსახურის დასკვნებში კი ჩანს, რომ მუნიციპალიტეტები კაპიტალური და სპეციალური დანახარჯებისთვის განკუთვნილ თანხას აჭარის მთავრობიდან ბოლომდე ვერ ითვისებენ. ძალიან ჩამორჩება გეგმა რეალური შესრულების მაჩვენებელს.

ჩვენთვის მიუღებელია არგუმენტი, რომ ქობულეთის მერიას თანხა არ აქვს, ამიტომ თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მუნიციპალიტეტს, რომ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას.

უმაღლეს საბჭოს რაც შეეხება, ჩვენ შარშან დავარეგისტრირეთ „სოლიდარობის თემთან“ და ქობულეთის ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად 3 პეტიცია. ერთი ეხებოდა მუსლიმური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას – ხის მეჩეთების დიდი ნაწილი მაღალმთიან აჭარაში სავალალო მდგომარეობაშია.

„სოლიდარობის თემთან“ ერთად მოვითხოვეთ აჭარის მთავრობისგან, რომ მას მიემართა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის და მოეთხოვა ამ მეჩეთების როგორც შესაბამისი აღწერა, ისე რეაბილიტაციის პროცესის დაწყება, რამდენსაც გასწვდებოდა ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტი.

ორიოდე დღის წინ ვინახეთ, რომ ქედაში, ზვარეს უნიკალური ხის მეჩეთი სავალალო მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ ეს მეჩეთი გადახურა. შესაბამისად, ველით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან შესაბამის ქმედებას, რადგან უმაღლესმა საბჭომ მიმართა მას შუამდგომლობით. პროცესი უნდა გაგრძელდეს მეტი ინტენსივობით – აღწერა ნაწილობრივ არის გაკეთებული და რამდენიმე მეჩეთის რეაბილიტაცია დაწყებულია. ეს ინფორმაცია უშუალოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მოგვაწოდა.

რაც შეეხება დანარჩენ პეტიციებს, ერთი ეხებოდა მაღალმთიან დასახლებებში, განსაკუთრებით იალაღებზე დამატებით სასწრაფო სამედიცინო ჯგუფებისა და მოძრავი ამბულატორიების გამოყოფას. ესეც „სოლიდარობის თემთან“ ერთად შევიტანეთ. უმაღლესმა საბჭომ ამ პეტიციის განხილვა დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ 2023 წლის ბიუჯეტში გაეთვალისწინებინათ ეს საკითხი, მაგრამ უმაღლესმა საბჭომ დროზე არ განიხილა ეს პეტიცია. 2023 წელს მეტ აქტიურობას ველით.

  • ანუ, შედეგი არ დამდგარა?

შედეგი არ დამდგარა. შედეგი არ დამდგარა არც მესამე პეტიციასთან დაკავშირებით, რომლითაც მივმართეთ უმაღლეს საბჭოს, ეს არის აჭარის მუნიციპალიტეტებში არაფორმალური განათლების ცენტრების გახსნა. შესაბამისმა კომიტეტმა დაიწყო განხილვა, წარმდგენი პირი იყო მისული დეპუტატების კითხვების საპასუხოდ უმაღლეს საბჭოში, თუმცა ეს პროცესიც დაიწყო ძალიან ნელა.

უნდა ვთქვა, რომ პეტიციებისგან განსხვავებით, უფრო ქმედითი შედეგები მოჰყვა მერიებში ჩვენი „სამოქალაქო საბჭოების“ განცხადებებს. 2022 წელს მიმართული 40 განცხადებიდან დაახლოებით ნახევარი ან გადაწყვეტილია, ან პროცესი დაწყებულია. ასე ხერხდება ვთქვათ ვაიოს სკოლის რეაბილიტაცია, კოკოტაურის სკოლის ეზოში სპორტული მოედნის გაკეთება, ხულოს რამდენი სოფელში მეწყერსაშიში ზონების გამაგრება სპეციალური ბეტონის კედლით. ასევე, ბათუმში მამია ვარშანიძისა და გოგოლის ქუცების რეაბილიტაცია.

ვერ ვიტყვით, რომ მთავრობა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ბოლომდე უგულებელყოფენ უმაღლესი საბჭო მოთხოვნებს: პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ხალხის მოთხოვნებიდან და მოქალაქეების ჩართულობიდან გამომდინარე რა შედეგიც გვინდა რომ იყოს, ამ შედეგთან ახლოს ვერ მიდის რეაგირება.

პირადად მე, როგორც საბიუჯეტო პროცესების მონიტორინგით დაკავებული ადამიანი, ვერ ვიგებ არგუმენტს – „საკმარისი რესურსები არ გვაქვს“ – მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი 2 საბიუჯეტო პროგრამის ფინანსურ რესურსებს ბოლომდე ვერ ითვისებენ. როგორც ვთქვი, ეს ეხება კაპიტალურ ხარჯებს და ასევე, სპეციალურ ტრანსფერებს, რომელიც აქვთ მუნიციპალიტეტებს. 33 მილიონიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ათვისებული. ეს ეხება როგორც 2020-2021 წლის მონაცემებს, ასევე 2022 წელსაც.

გამოდის, ან მუნიციპალიტეტები ვერ ამზადებენ საკმარისი რაოდენობის და შესაბამისი ხარისხის საპროექტო წინადადებებს, რომ მოითხოვონ ფულადი რესურსი მთავრობიდან, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდა, ან სხვა დაბრკოლებასთან გვაქვს საქმე. ეს აუცილებლად გამოსასწორებელია, რადგან სახეზეა მოსახლეობის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნები, ინფრასტრუქტურული საჭიროებები, გაუხარჯავი ბიუჯეტი და არაჯეროვნად მომუშავე საჯაროს ადმინისტრირების სისტემა. ეს, საბოლოო ჯამში, აისახება ამ რეგიონში მცხოვრები თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაზე.

  • პეტიციების საკითხზე უმაღლეს საბჭოს პოზიცია ორი სიტყვით ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ – „ჩვენ გადავაგზავნეთ“. უმაღლესი საბჭოს მსგავსი ჩართულობა რამდენად საკმარისია?  

„ჩვენ გადავაგზავნეთ“ არ არის საკმარისი, არც პოლიტიკურ და არც ადმინისტრაციულ ჭრილში. საკმარისი არ არის მხოლოდ პეტიციის გადაგზავნა და მთავრობისთვის მითითება, ან რეკომენდაციის გაცემა, რომ ეს გააკეთოს.

უმაღლეს საბჭოს სასურველზე და საკმარისზე მეტი დრო აქვს და რესურსი, რომ საკითხი ჯეროვნად შეისწავლოს და ამაში ჩართოს სპეციალისტები.

ტექნიკურად უმაღლეს საბჭოს მიერ შემოთავაზებული პეტიციების წარდგენის პლატფორმა გამართულია და სასურველი რაოდენობის ხელმოწერების მიღება შესაძლებელია არათუ ერთი თვის, არამედ ერთი კვირის ვადაშიც კი – საამისოდ საკმარისია 200 ადამიანის ხელმოწერა. მაგრამ შემდეგ რა ხდება? უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული სამუშაო ხდება იმის წინაპირობა, რომ აჭარის მთავრობა, ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, პეტიციით მოთხოვნილ საკითხებს აუცილებლად ითვალისწინებს?

  • დოკუმენტების თანახმად, უმაღლესი საბჭო კმაყოფილდება იმ პასუხებით, რასაც იღებენ მუნიციპალიტეტებისგან. მუნიციპალიტეტები კი ძირითადად იმას წერენ, რომ პეტიციის მოთხოვნებს მაშინ გაითვალისწინებენ, როცა შესაბამისი სახსრები ექნებათ. 

ეს პასუხი საკმარისი? ხომ შეიძლება, რომ უმაღლესმა საბჭომ ამ შემთხვევაში დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია შეასრულოს სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის და თუ მუნიციპალიტეტს ნაკლები პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ნება აქვს, რაღაც ახალი ვალდებულება აიღოს კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად.

უმაღლესი საბჭო, როგორც რეგიონის მთავარი საკანონმდებლო და, ამავდროულად, მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველმყოფი ორგანო, უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მრავლად ჰქონდეს პროექტები, რომლებიც იწყება და სრულდება ხალხის მოთხოვნიდან გამომდინარე. „ჩვენ მივმართეთ და მუნიციპალიტეტმა ეს პასუხი მოგვწერა“ – აბსოლუტური ფორმალობა და შინაარსისგან დაცლილი მიდგომაა.

  • „ბათუმელებმა“ შეისწავლა ერთი პეტიცია, როცა მოქალაქემ მიმართა მუნიციპალიტეტს სოფელში საბავშვო ბაღის მშენებლობის მოთხოვნით და რომ არაფერი გამოუვიდა, შემდეგ მიმართა უმაღლეს საბჭოს. ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ უმაღლესმა საბჭომ პეტიცია ისევ მუნიციპალიტეტს გადაუგზავნა. ფაქტობრივად, მეორე წრეზე გაუშვეს მოქალაქე. უმაღლეს საბჭოს ამ შემთხვევაში არ უნდა გაეანალიზებინა, რომ ასე შედეგი ვერ დადგება და სხვა რამ არის საჭირო?

ბაღების მშენებლობა, მოვლა-პატრონობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტს ექსკლუზიური კომპეტენცია და სხვა ამას ვერ აკეთებს, მაგრამ კაპიტალური დანახარჯების და სპეციალური ტრანსფერების მიზანი ხომ ის არის, რომ ვთქვათ, როდესაც ხელვაჩაურის მერიას უჭირს ფინანსურად და ვერ აშენებს, აჭარის მთავრობამ მას შესაბამისი რესურსი შესთავაზოს.

ბიუჯეტი, რომელიც ივსება გადასახადებიდან და ასევე სხვადასხვა ქონების გაყიდვიდან, რომლებიც მათ შორის ხელვაჩაურის ტერიტორიაზეც მდებარეობს, სწორედ მიზნობრივად უნდა მიმართონ იქ, სადაც ეს საჭიროა.

ამიტომაც ეს საკითხი უმაღლეს საბჭოს მეტი ყურადღებით უნდა გამოეკვლია – არაფერი უშლით ხელს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, მაჟორიტარებს თუ პროპორციული სიით არჩეულებს, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ მუნიციპალიტეტთან. ტერიტორია არ აქვს შესაბამისი, არ იცის სად ააშენოს? არა აქვს საპროექტო წინადადება მზად, თანხა არ აქვს? – უმაღლეს საბჭოს, როგორც ორგანოს, შეუძლია დაეხმაროს მუნიციპალიტეტს, რომ მან უკეთესი სერვისი მიაწოდოს, ან გააჩინოს ის სერვისი, რასაც ხალხი ითხოვს.

მეტი რა არის საჯარო მმართველობის და ხალხზე ორიენტირებული მმართველობის მიზანი? საკანცელარიო ტიპის მუშაობა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც მოსახლეობას აქვს ჭარბად – გაზიფიცირების ნელი ტემპი იქნება, ინტერნეტიზაციის პრობლემა, სარწყავი წყლების საკითხი, მეწყერსაშიში ზონებში მცხოვრებთა უსაფრთხოების, სტიქიურ ზონებში მოვლენების ცუდი განვითარება…

მართალია,  უმაღლესი საბჭო არ არის ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ზემდგომი ორგანო, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტები იღებენ მთავრობიდან დაფინანსებას, მას უჩნდება ბერკეტი, რომ მიმართოს, მოითხოვოს და ჩაერიოს  ხალხის ნებისა და ინტერესების საკეთილდღეოდ იქ, სადაც არ ერევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: