„გამარჯობა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ თქვენთან…“- ქართულ ენაზე ამ სიტყვებით დაიწყო სტუდენტებისადმი მიმართვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. დღეს, 18 აპრილს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ დარბაზში ბათუმელ სტუდენტებს კელი დეგნანი შეხვდა.
„ჩვენ ქართველებს და ამერიკელებს ბევრი რამ გვაქვს საერთო: პატივისცემა ოჯახის მიმართ, თავისუფლება, პატივისცემა განათლების მიმართ…“- აღნიშნა კელი დეგნანმა, ვიდრე სტუდენტები კითხვების დასმას დაიწყებდნენ.
„რას ფიქრობთ ქართველ ახალგაზრდებზე?“ – სტუდენტის ამ კითხვით დაიწყო დიალოგი ელჩს და სტუდენტებს შორის.
„მე ბევრ ახალგაზრდას შევხვდი. ჩემზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ ისინი თავიანთი ცნობისმოყვარეობით და ერთგულებით ქვეყნის მიმართ, იმის მიმართ, რომ ქვეყნის განვითარებაში შეიტანონ წვლილი. ნამდვილად ძალიან ბევრს ვიცნობ – დაწყებული პატარა სოფლებიდან, ქალაქებიდან… მე ყოველთვის ვხედავ მათში ძლიერ ენერგიას, რაც მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო წაიყვანონ მიზნებისკენ, ეს მიზანი კი არის ის, რისთვისაც საქართველო იღვწის ათწლეულებია – ეს არის საქართველოს ევროპული მომავალი.
მე ძალიან იმედიანად ვარ ქართველი ახალგაზრდების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ იქნებით ის წამყვანი ძალა, რომელიც საქართველოს მიიყვანს თავის სანუკვარ მიზნამდე,“ – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. ელჩი ამ შეხვედრაზე რამდენჯერმე მიუბრუნდა ახალგაზრდების როლს.
„…დემოკრატია საფრთხეში დააყენა სხვადასხვა ავტოკრატიულმა რეჟიმმა და თქვენი თაობის გადასაწყვეტია, რა გსურთ თქვენ: ირჩევთ თუ არა წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, იმას, რომ სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ უფლება, თვითნებურად, ძალის გამოყენებით შეცვალონ სხვა ქვეყნის საზღვრები, წაართვან ქვეყანას სუვერენიტეტი. ეს არის შეთანხმებული პრინციპები და წესებზე დაფუძნებული წყობა, რამაც ბოლო 70 – 75 წლის განმავლობაში ნამდვილად მოუტანა მშვიდობა და წარმატება მსოფლიოს დიდ ნაწილს.
ეს ის არჩევანია, რაც სტუდენტებმა და ახალგაზრდა თაობამ უნდა გააკეთოს.
ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მე ვხედავ, რომ ქართველი ახალგაზრდობა, სტუდენტები არიან ერთგული და მოტივირებული ევროპისკენ მიმავალი გზის. მათ იციან, რა უნდა გაკეთონ, მათ სურთ თავიანთი ქვეყნის მომავალი ევროპაში, მათ სურთ თავისუფლება, რომ თავიანთი იდეები, საქმე წარმატებით განახორციელონ.
…ჩემი თხოვნა თქვენდამი იქნებოდა, არ დანებდეთ, ისე, როგორც საქართველო გამუდმებით იცავდა თავის კულტურას, რელიგიას, რწმენას, ენას, ტრადიციებს, მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლისა. დღეს საქართველო დგას ამაყად თავისი უნიკალური, ძლიერი კულტურით, რომელიც ნამდვილად იმსახურებს აღფრთოვანებას.
თქვენ ხართ ის ძალა, რომლებმაც უნდა დაასრულოთ შენება იმის, რაც თქვენმა წინაპრებმა დაიწყეს,“ – აშშ-ის ელჩის ამ სიტყვას სტუდენტები ტაშით შეხვდნენ.
სტუდენტებმა ტაში მერეც გაიმეორეს, როცა თარჯიმანმა ელჩის პასუხი თარგმნა.
კიდევ ერთი სტუდენტის კითხვა:
„თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო მძიმე პოლიტიკურ სიტუაციაში იმყოფება ახლა რუსეთის აგრესიის ფონზე. ჩვენ, ქართველებს, გვიწევს ამ საფრთხის პარალელურად არსებობა. ეს საფრთხეა ოკუპაცია, ადამიანების გატაცება, უკანონო ბორდერიზაცია… ეს არ არის სრული ჩამონათვალი. კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, რა კონკრეტული ბერკეტები არსებობს აშშ-ის მხრიდან, საგულისხმოა სამხედრო მექანიზმებიც. ეს იმ პირობებში, რაც 2009 წლიდან საქართველოს და აშშ-ის შორის პარტნიორობის ქარტია გაფორმდა?“ – ჰკითხა მორიგმა სტუდენტმა კელი დეგნანს.
ელჩმა სტუდენტს უპასუხა, რომ განსაკუთრებით ბოლო 15 წლის განმავლობაში აშშ-ის და საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის თავდაცვის ძალების მხარდაჭერა.
„…იმისთვის, რომ რუსეთი უფრო მეტად დაფიქრდეს, რამდენად უღირს განახორციელოს აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, როცა მას ჰყავს ძლიერი ძალა დაცვისთვის. ეს ყველაფერი არის მიმავალი გზა ნატოსკენ და ეს დახმარება და წვრთნები უზრუნველყოფილი იყო აშშ-ის, ნატოს და სხვადასხვა პარტნიორის მხრიდან,“ – თქვა კელი დეგნანმა და აქცენტი დემოკრატიის გაძლიერებაზე გააკეთა.
„ძლიერ დემოკრატიას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა, როცა ვსაუბრობთ ნატოს წევრობაზე, სწორედ ამიტომ ბევრს ვსაუბრობთ და ვუჭერთ მხარს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას საქართველოში, მათ შორის, ძლიერი სასამართლო სისტემის მშენებლობას. ამ მიმართულებით ბევრია გასაკეთებელი, ეს გასაკვირი არ არის… ძლიერი დემოკრატია არის ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვის საშუალება ქვეყნისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
აშშ-ის ელჩი სტუდენტებს ესაუბრა რუსულ დეზინფორმაციასა და მითზე „მეორე ფრონტის“ შესახებ, რაზეც ხშირად „ქართული ოცნება“ საუბრობს.
„ეს არის სიცრუე და ემსახურება ხალხის დაბნევის მცდელობას, რომ საქართველო აშშ-ს დააშორონ. ეს არის ზუსტად რუსული ნარატივი და რუსული დეზინფორმაცია…
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საქართველოს სენსიტიური სიტუაცია, როცა მის ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი ყოველდღიურად, მუდმივად ახორციელებს ზეწოლას საქართველოზე… ჩვენ დავინახეთ საქართველოს ძალიან დიდი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ – აღნიშნა კელი დეგნანმა.
აშშ-ის ელჩს ჰკითხეს „რუსულ კანონზეც“: „ჩვენ გიხდით მადლობას თქვენი პოზიციისთვის…
იყო რამე დიალოგი თქვენს წარმომადგენლობას და საქართველოს შორის? თუ არსებობდა დიალოგი, სამომავლოდ რა გავლენას იქონიებს, შეცვლის თუ არა საქართველოს და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის სურათს?“ – ჰკითხა ბსუ-ს სტუდენტმა ელჩს.
„ჩვენ მუდმივად გვაქვს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან,“ – თქვა აშშ-ის ელჩმა და ახსნა, რამდენად დამაზიანებელი იქნებოდა „რუსული კანონი“ საქართველოსთვის. კელი დეგნანმა ირიბად ყურადღება გაამახვილა „ოცნების“ რიტორიკაზე ამ ნაწილშიც: თითქოს „რუსული კანონი“ ამერიკულია.
„…ამერიკული კანონის მიზნები, სამიზნე ჯგუფი, ეფექტი, სულ სხვა რამეს გულისხმობდა. განსხვავდებოდა იმისგან, რაც იყო ქართულ კანონში. ამ კანონზე ჩვენ გვქონდა საუბარი, გამოვთქვით ჩვენი შეფასება და რეკომენდაცია, როგორც საქართველოს მეგობარმა. საბოლოო ჯამში საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი იყო, რას მოიმოქმედებდა. მაგრამ ჩვენთვის, როგორც მეგობრისთვის, აუცილებელი იყო, ამ მოსაზრების გაზიარება,“ – განაცხადა კელი დეგნანმა.
ბსუ-ს სტუდენტმა, სანდრო კიკნაძემ აშშ-ის ელჩს კითხვა „ჰაიმარსებზე“ დაუსვა – საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინისა და საქართველოსთვის.
„დღეს უკრაინა და მსოფლიო განსაკუთრებულ საშიშროებას ეჭიდება, რომელსაც საქართველო არაერთხელ შეეჩეხა. უკრაინისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა საჰაერო თავდაცვაა, რაც არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა თუ მოსახლეობისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ამერიკა დღეს საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელია. თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს განსაკუთრებული საფრთხე ჩვენთვის მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, ვიდრე ჩვენ ნატოს კარს გაგვიღებენ?“ – იკითხა სტუდენტმა.
„ამ ომში ჩვენ განსაკუთრებით კარგად დავინახეთ საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობა,“ – თქვა კელი დეგნანმა და აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდეც, წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალებთან ამ მიმართულებით აშშ აქტიურად მუშაობს.
„საქართველოს მეზობლად ჰყავს აგრესორი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს თავდაცვის საშუალებები… ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა და წვრთნა, როგორ გამოიყენეს ეს საშუალებები. ეს დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, ჩვენ ამ ურთიერთობაში, პირველ რიგში, ვუსმენთ მათ, რის სურვილი აქვთ… საქართველო განსაკუთრებულ სენსიტიურ მდგომარეობაშია და ცდილობს დაიცვას ბალანსი, შეინარჩუნოს მშვიდობა და მეორეს მხრივ, გაუძლოს რუსეთის ზეწოლას.
როდესაც საუბარია თავდაცვის სისტემებზე, ეს იქნება „პატრიოტი“, თუ „ჰაიმარსი,“ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქმედება განისაზღვრება ქვეყნიდან წამოსული სურვილით,“ – დასძინა კელი დეგნანმა.