მთავარი,სიახლეები

მთავრობა საბჭოთადროინდელი უფუნქციო შენობების ნგრევას იწყებს – დაიხარჯება 5,6 მილიონი

17.04.2023 • 1661
მთავრობა საბჭოთადროინდელი უფუნქციო შენობების ნგრევას იწყებს – დაიხარჯება 5,6 მილიონი

ქონების ეროვნული სააგენტო „სახელმწიფო მიწის ნაკვეთებზე განთავსებული ძველი, ძირითადად, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დროს აშენებული და დღეისათვის სრულად უფუნქციო შენობა-ნაგებობების“ დემონტაჟს იწყებს.

დასანგრევი ობიექტების სავარაუდო რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით, სულ არის 372. მათი დემონტაჟისთვის კი, ბიუჯეტიდან 5 მილიონ 635 ათასი ლარი გამარტივებული შესყიდვით ანუ ტენდერის გარეშე დაიხარჯება.

შესაბამისი თანხმობის მისაღებად ქონების ეროვნულმა სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა, თუმცა არ არის მითითებული ამ ობიექტების კონკრეტული მისამართები.

  • „აღნიშნული შენობები დროთა განმავლობაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიღებული დაზიანებებისა და სიძველის გამო ამახინჯებს გარემოს იერსახეს და საფრთხის შემცველია სიცოცხლისთვის/ჯანმრთელობისთვის.
  • სტიქიური მოვლენები, რომელთა წინასწარი განსაზღვრა შეუძლებელია, მნიშვნელოვნად აუარესებენ აღნიშნული შენობა-ნაგებობის მდგომარეობას და კრიტიკულად ზემოქმედებენ მათზე, როგორც საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველ ობიექტებზე.
  • შესაბამისად, მიზანშეწონილია საფრთხის პრევენციის მიზნით ღონისძიებები განხორციელებულ იქნას მაქსიმალურად მოკლე ვადებში.“ – აცხადებს ქონების ეროვნული სააგენტო.

სააგენტო მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვას იმ საფრთხის პრევენციით ხსნის, რასაც ამ ობიექტების სიძველე და სტიქიური მოვლენებით მიღებული დაზიანებებითაა გამოწვეული.

აღსანიშნავია ისიც, რომ „სიძველის“ და „სტიქიის“ გარდა, ეს შენობები [ყოფილი ფაბრიკა-ქარხნები, კოლმეურნეობების და სხვა ობიექტები] უკვე წლებია იძარცვება [იტაცებენ, სხვადასხვა მასალას, მაგალითად, აგურს, რკინას და ა.შ.]

ქონების სააგენტო იმაზეც მიუთითებს, რომ „არ არის გამოკვლეული შენობა-ნაგებობების მიმდინარე მდგომარეობა/მდგრადობა, რაც შესაბამისი ექსპერტების მიერ უნდა შეფასდეს“.

მიუხედავად ამისა, ქონების სააგენტოში დარწმუნებულები არიან, რომ ეს შენობები „ერთი შეხედვით, სავარაუდოდ, უკვე ატარებენ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ რისკებს.“

ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორია, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია / 17.04.2023 / სუფსა, ლანჩხუთი

ქონების ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ

  • „სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, საჭირო გახდება ტენდერების დაყოფა გეოგრაფიული ფაქტორის, სამუშაოების ტიპოლოგიისა და კლასიფიკატორების გათვალისწინებით – აღნიშნული წარმოქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ათეულობით სხვადასხვა ღირებულების მქონე ტენდერის გამოცხადების საჭიროებას.
  • ასევე შესყიდვის ობიექტის სპეციფიკურობა გაზრდის ტენდერების არ შედგომის ან უარყოფითი შედეგით დასრულების რისკებს, ყოველივე აღნიშნული კი მკვეთრად გაახანგრძლივებს ღონისძიებების განხორციელების ვადებს.
  • იმის გათვალისწინებით, რომ შენობა-ნაგებობები სიძველის, ასევე უკვე განვითარებული სტიქიური მოვლენებით მიღებული დაზიანებების შედეგად უკვე ატარებენ სიცოცხლის/ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ რისკებს, მიზანშეწონილია ღონისძიების მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შემაფერხებელი გარემოებების გარეშე მივიღოთ სადემონტაჟო სამუშაოები.“

დასანგრევი ობიექტების სავარაუდო რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

დასანგრევი ობიექტების სავარაუდო რაოდენობა / წყარო: ქონების ეროვნული სააგენტო

ეს შენობები, სააგენტოს გათვლებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დაანგრიონ.

როგორ დაიხარჯება 5 635 000 ლარი:
  • 250 000 ლარი გათვალისწინებულია „საექსპერტო/საზედამხედველო მომსახურებისთვის“;
  • 385 000 ლარი – „საინჟინრო/საექსპერტო დასკვნის საფუძველზე დემონტაჟისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად“;
  • 5 000 000 ლარი კი – შენობა-ნაგებობების დემონტაჟისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: