რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში 2023 წლის მარტში 727.96 %-მდე [ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი] გაიზარდა. განახლებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
მხოლოდ მარტში რუსეთიდან საქართველოში 223.57 მლნ აშშ დოლარი ჩარიცხეს. 2022 წლის მარტში კი რუსეთიდან საქართველოში 27 მლნ აშშ დოლარი იყო გადმორიცხული.
რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა გასული წლის აპრილიდან დაიწყო, როცა მობილიზაციას გამოქცეულმა რუსეთის მოქალაქეებმა მასობრივად დაიწყეს საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა – 2022 წლის აპრილში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 132.98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი 300%-იანი ზრდა იყო.
რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი წელს შედარებით კლებადია: 2023 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში 267 მლნ აშშ დოლარი ჩარიცხეს, რაც 1095 %-იანი წლიური ზრდის მაჩვენებელია, 2023 წლის თებერვალში – 183 მლნ აშშ დოლარია გადმორიცხული, რაც 753 %-იანი წლიური ზრდაა.
2023 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 298 285 საზღვრის კვეთა დაფიქსირდა – ასეთია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები.
დღემდე ხელისუფლება არ ამბობს კონკრეტულ ციფრს: რუსეთის რამდენი მოქალაქე იმყოფება ამჟამად საქართველოში.
2023 წლის პირველ თებერვალს საქართველოს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში განაცხადა, რომ 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 869 874 ადამიანი შემოვიდა, 809 873 კი უკან გავიდა. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოში 60 ათასამდე რუსეთის მოქალაქე იმყოფებოდა იმ დროისთვის.
ამავე დროს შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდში ანუ 10 თვეში, საქართველოში, ჯამში, რუსეთის 1,4 მილიონი მოქალაქე შემოვიდა, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 38,1 პროცენტია, ანუ მესამედზე მეტი.
ამ თემაზე:
რუსეთის მოქალაქეებმა 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს საქართველოში – ომი უკრაინაში