მთავარი,სიახლეები

სისასტიკით ცნობილმა პრიგოჟინმა უკრაინელ ტყვეებს გათავისუფლებამდე წარმატებები უსურვა – ISW

17.04.2023 • 12406
სისასტიკით ცნობილმა პრიგოჟინმა უკრაინელ ტყვეებს გათავისუფლებამდე წარმატებები უსურვა – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ შესაძლოა 16 აპრილის სამხედრო ტყვეთა გაცვლა, რომლის შედეგადაც 130 უკრაინელი ტყვე დაბრუნდა სამშობლოში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან დამოუკიდებლად, პირდაპირ „ვაგნერის“ დაჯგუფებასთან შედგა.

როგორც ISW-ი წერს, უკრაინულმა წყაროებმა დაადასტურეს 130 უკრაინელი სამხედრო ტყვის უკრაინაში დაბრუნება, თუმცა არ აღუნიშნავთ, რამდენ რუს სამხედროში გაცვალეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი გადაუხვია თავის ჩვეულ რუტინას და სამხედრო ტყვეთა გაცვლა საერთოდაც არ დაადასტურა. „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა კი გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც „ვაგნერელები“ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ამზადებენ გაცვლისთვის.

ISW-ის ანგარიშის მიხედვით, სამხედრო ტყვეების გაცვლაში პრიგოჟინის ჩართულობა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პასიურობა შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ავტონომიურობას ინარჩუნებს და  სამინისტროსგან დამოუკიდებლად მოახერხა უკრაინის მთავრობასთან გაცვლაზე მოლაპარაკება.

გავრცელებულ ვიდეოში პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ მან „ვაგნერის“ ძალებს უბრძანა უკრაინელი სამხედრო ტყვეებისთვის გათავისუფლებამდე წყალი და საჭმელი მიეცათ, პირადად კი წარმატებები და ჯანმრთელობა უსურვა.

ამერიკელი ანალიტიკოსები შეგვახსენებენ, რომ „ვაგნერი“ ცნობილია სამხედრო ტყვეთა მიმართ არასათანადო მოპყრობით, მათ შორის, მონაწილეობდა რამდენიმე გახმაურებულ სიკვდილით დასჯაში – როგორც უკან დაბრუნებული თავიანთი თანამებრძოლის, ასევე ტყვე უკრაინელი სამხედროსი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაჯგუფებასთან ასოცირებულმა სამხედრო ბლოგერმა გააკრიტიკა პრიგოჟინის გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინა ამდენი უკრაინელი სამხედრო ტყვე მაშინ, როდესაც მოსალოდნელია უკრაინის ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა.

თავად ომის კვლევის ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ პრიგოჟინის გადაწყვეტილება ახლა, ამდენი უკრაინელი სამხედრო ტყვეს გათავისუფლებაზე, დიდი ალბათობით მიუთითებს, რომ სანაცვლოდ მან „ვაგნერის“ ძალიან მნიშვნელოვანი წევრები დაიბრუნა და მათ ბრძოლის ველზე დაბრუნებას გეგმავს.

ანგარიშში ასევე განხილულია პრიგოჟინის მიერ სისასტიკის წახალისების ტენდენცია, ტყვეთა ბოლო გაცვლის დროს გამოჩენილი „კეთილშობილების“ ფონზე. როგორც ვკითხულობთ, მან ადრე „ვაგნერელი“ სამხედრო ტყვეები მოღალატეობაში დაადანაშაულა და მათ სიკვდილით დასჯას დაუჭირა მხარი.

16 აპრილის ტყვეთა გაცვლის პირობები სავარაუდოდ მიუთითებს, რომ „მისთვის რუსი ულტრანაციონალისტების სიამოვნებისა და საბჭოთა სასტიკი ძალის გადმოღება-დემონსტრირების ნაცვლად, პრიორიტეტია „ვაგნერის“ შემცირებული დანაყოფების ხელახლა შევსება“.

ISW-ის ანგარიშში ასევე განხილულია ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის კომენტარი 16 აპრილის სამხედრო ტყვეთა გაცვლაზე. კადიროვმა განაცხადა, რომ 5 ჩეჩენი დაბრუნდა ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, მაგრამ მან უარი თქვა დაბრუნებულებთან შეხვედრაზე გროზნოში.

კადიროვის მტკიცებით, ამ ხუთმა ჩეჩენმა მებრძოლმა თავიანთი ღირსება ფრონტის ხაზზე დაბრუნებით უნდა დაამტკიცოს.

კადიროვის განცხადებით, ჩეჩნები ტყვეობას აღიქვამენ არა როგორც იარაღის დაყრის საბაბს, არამედ როგორც იძულებას.

„კადიროვი სამხედრო ტყვეთა გაცვლას სავარაუდოდ იმისათვის იყენებს, რომ გაიმყაროს ყოვლისშემძლე და სასტიკი ძალოვანის რეპუტაცია“, – წერს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: