2 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს გემიდან გაბონის ტერიტორიულ წყლებში

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2 მაისს, ღამის საათებში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს სამი მეზღვაური, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა.

ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს, მათ შორის საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ჩვენი მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად“ – იუწყება სააგენტო.

სააგენტოს წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ მეზღვაურების ოჯახის წევრებს და მიაწოდეს ინფორმაცია.

„ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ დეტალებისა და რამე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებისგან“ – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

PayBox-მა ტერმინალებში რეგიონული ღილაკი დაამატა

უკვე 15 წელზე მეტია, რაც საქართველოში PayBox გამოჩნდა და მომხმარებლებს სწრაფი ჩარიცხვის კომფორტი, პირველმა შესთავაზა.

ამ დროის განმავლობაში, ქართული ტექნოლოგიური კომპანია, მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას უადვილებს და მრავალფეროვან ფინანსურ ოპერაციებს, ერთ სივრცეში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე სთავაზობს. იქნება ეს ანგარიშზე თანხის შეტანა, მობილური ბალანსის შევსება, კომუნალურების თუ პარკირების გადახდა და ბილეთების შეტანაორი ათწლეულის განმავლობაში, PayBox-ის ტერმინალი მომხმარებლის მთავარი არჩევანია. ამის მიუხედავად, კომპანია არ ჩერდება და ერთგულ მომხმარებლებს, ახალ სერვისებს სთავაზობს. დღეს, სწორედ ასეთი ახალი სერვისი, რეგიონული ღილაკი, უნდა წარმოგიდგინოთ

PayBox – ის ტერმინალებში, ყველა რეგიონს თავისი უნიკალური ღილაკი მიენიჭა, სადაც კონკრეტული ლოკაციისთვის დამახასიათებელი სერვისებია თავმოყრილი. სიახლე განსაკუთრებულია, რადგან ის მომხმარებლებისთვის გადახდის პროცესს კიდევ უფრო მარტივს და კომფორტულს ხდის

როგორც უკვე აღვნიშნეთ, PayBox-ის ტერმინალში მრავალი სერვისია ხელმისაწვდომი. ამ დრომდე, იმისთვის, რომ თქვენი სასურველი ოპერაცია შეგესრულებინათ, საჭირო იყო მისი მოძებნა. ამიერიდან, იმ რეგიონში, სადაც მოცემულ მომენტში იმყოფებით, შეგიძლიათ სერვისები თითის ერთი დაჭერით მიიღოთ

მაგალითად, რუსთავში განთავსებულ ტერმინალებში დაემატა რეგიონული ღილაკირუსთავი“, რომელსაც უნიკალური ვიზუალი აქვს. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, თქვენ მიიღებთ წვდომას მხოლოდ რუსთავში ხელმისაწვდომ სერვისებზე: იქნება ეს რუსთავის წყალი, ტელევიზია სიჯისი თუ სხვა

რუსთავის შემთხვევაში, ღილაკზე ქალაქის სიმბოლოდ ქცეულ მეტალურგიულ ქარხანას დაინახავთ, თუმცა, სხვადასხვა ქალაქისა თუ რეგიონის მიხედვით, ეს სიმბოლოც იცვლებააჭარაში, აჭარულ ხაჭაპურს შეხვდებით, ჩოხატაურში, განუმეორებელი ბახმაროს მთების სილუეტს, ზუგდიდში კი, ცხადია დადიანების სასახლეს

რეგიონული ღილაკი, საქართველოს ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი. მისი ნახვა, ტერმინალის მთავარ მენიუში, ზედა მარჯვენა მხარესაა შესაძლებელი. რეგიონისთვის დამახასიათებელი, უნიკალური ვიზუალის გამო კი, ის ყველასთვის მარტივად დასანახი და დასამახსოვრებელი გახდება

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, PayBox-ის ტერმინალებს ინვოისების ელექტრონული პორტალიც დაემატა. ამიერიდან, ბიზნესებს საშუალება აქვთ დააგენერირონ ინვოისი და  მომხმარებელს SMS-ის, მეილის, ლინკის ან PDF ფორმით გაუგზავნონ. PayBox – ის ტერმინალში ინვოისის უნიკალური კოდის მითითების შემდგომ კი, ერთი ღილაკის მეშვეობით, მომხმარებელი მარტივად და კომფორტულად გადაიხდის თანხას

თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამა უფროსკლასელებისთვის

თიბისი მოსწავლეებს მთელი საქართველოდან თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.

თანამედროვე სამყარო, სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების მეშვეობით, ბევრ ახალ და საინტერესო პროფესიას გვთავაზობს. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ ადამიანებისთვის დღეს უკვე შესაძლებელია საერთო პროექტებზე მუშაობა ისე, რომ შენი მშობლიური ქალაქის დატოვება არ მოგიწიოს. თანამედროვე ტექნოლოგიები ამცირებს მანძილებს, აახლოებს ადამიანებს და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ისეთ კარგად ნაცნობ სფეროებშიც, როგორიცაა მედიცინა, მრეწველობა, ფუნდამენტური მეცნიერებები, მომსახურების სფერო და ა.შ.

დღეს ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, თიბისი გთავაზობთ განათლების პროგრამას სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც შედგება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობებისგან. ესენია: ონლაინ კურსები, ვორქშოფები, კონკურსები, ჰაკათონები და სხვა.

პროგრამის პირველ ეტაპზე გთავაზობთ ტექნოლოგიის სხვადასხვა მიმართულებების გაცნობით და სასწავლო კურსებს. კურსების რაოდენობა და მათი შინაარსის მრავალფეროვნება ეტაპობრივად გაიზრდება.

სასწავლო პროგრამები განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის. კურსებზე დასწრება სრულიად უფასოა, საჭიროა მხოლოდ ინტერნეტი, კომპიუტერის/მობილურის გამოყენების საბაზისო ცოდნა და სწავლის დიდი სურვილი.

მოსწავლეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შემოთავაზებული 4 კურსიდან ერთ-ერთზე:

ტექნოლოგიების საფუძვლების – ტექნოლოგიების გაცნობითი კურსი: ეს არის 7 შეხვედრიანი, ერთთვიანი კურსი, რომლის განმავლობაშიც, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ვებგვერდების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტები) და კომპიუტერული თამაშების შექმნის შესახებ. აღნიშნული კურსი მოსწავლეებში გაზრდის თვალსაწიერს და  უმაღლესი განათლების მიმართულების არჩევაში დაეხმარება.

გარდა მოკლე შემეცნებითი კურსისა, გთავაზობთ სამთვიან სასწავლო კურსებს შემდეგი მიმართულებებით:

აღნიშნული, სამთვიანი სასწავლო კურსები, ხარისხიან საბაზისო ცოდნას მისცემს უფროსკლასელებს, შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

„თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, იქნებოდა ეს ნიჭიერი ახალგაზრდების სასტიპენდიო პროგრამები, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კონკურსები, საგანმანათლებლო – შემეცნებითი ტურები სკოლის მოსწავლეებისათვის, ტრენინგები ბიზნესებისთვის და სხვა. წელს კი ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვაქციეთ. ვინაიდან, თანამედროვე ტექნოლოგიების სათანადო ცოდნა არის გზა ახალი შესაძლებლობების სამყაროსკენ, ჩვენ, თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამით, გვინდა გავუმარტივოთ ახალ თაობას გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება და ათასობით ახალგაზრდას მივცეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე“ – ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.

თიბისის საგანმანათლებლო პროგრამა შექმნილია სანდრო ასათიანთან ერთად. იგი ტექნოლოგიების სფეროს ინოვატორი, ლექტორი და არაერთი სტარტაპის დამფუძნებელია.

თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით.

ტექნოლოგიური განათლების პროგრამა სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.

კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2-დან 12 მაისი ჩათვლით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სასურველ კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.tbceducation.ge

რუსეთმა შეცვალა სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა შეცვალეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკა. პოდოლიაკის კომენტარს ამ თემაზე უკრაინული მედია ავრცელებს.

პოდოლიაკის თქმით, ამჯერად რუსი სამხედროები პირდაპირ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ სამოქალაქო ობიექტებზე, მრავალბინიან სახლებზე ან იმ ადგილებზე, სადაც ბევრი ხალხი იმყოფება.

პოდოლიაკმა ისაუბრა იმ შესაძლო მიზნებზე, რის მიღწევასაც მოსკოვი ცდილობს ტაქტიკის შეცვლით.

პოდოლიაკის ვერსიით, ასეთი ტაქტიკით რუსეთს სურს უკრაინაში გარკვეული რეაქციის პროვოცირება, მაგალითად, იმისათვის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სათანადო მომზადების გარეშე გადავიდნენ კონტრშეტევაზე.

მისივე თქმით, ამავე დროს, კრემლი ამით ცდილობს გავლენა მოახდინოს დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებმაც მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის ფონზე შესაძლოა დააყენონ მოთხოვნა სასწრაფო მოლაპარაკებებზე.

„მესამე მიზეზი არის ის, რომ მათ სურთ გაიგონ, რამდენად შევძელით ცის დაკეტვა“ – თქვა მან.

რუსეთის ტაქტიკის ცვლილებაზე უახლეს ანგარიშში წერს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტიც (ISW). ექსპერტები წერენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ შეცვალა რიტორიკა და აქტიურად აღწერს სარაკეტო დარტყმებს, დიდი ალბათობით, იმისთვის, რომ შეამციროს შფოთვა რუსულ მედიაში უკრაინის მოსალოდნელ კონტრშეტევაზე.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება – როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში 2023 წლის 9 მაისამდე გაგრძელდება.

ამ ეტაპზე აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არსებული შენობებისა და მათში ფაქტობრივად მცხოვრები შინამეურნეობების/ოჯახების სიების შედგენა მიმდინარეობს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს კახეთშიც და პროცესი წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების [მათ შორის ხულოს, შუახევისა და ქედის] გარდა.

საქსტატში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის რაოდენობიდან და ასევე განაშენიანების გათვალისწინებით, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა არ არის.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება. პარალელურად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც.

აღწერა ვერ ჩატარდება საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული.

„ამ ეტაპზე ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტულ მისამართზე მცხოვრების გვარი და ოჯახის წევრების რაოდენობა. ეს მონაცემები გვჭირდება იმისთვის, რომ მოვამზადოთ მეტ-ნაკლებად თანაბარი სააღწერო უბნები, რათა შემდგომში ამა თუ იმ აღმწერს, სხვა აღმწერთან შედარებით, დიდი დატვირთვა არ ჰქონდეს“, – გვითხრეს საქსტატში.

ამავე სამსახურში აცხადებენ, რომ მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზე რეგისტრატორი რამდენჯერმე უნდა მივიდეს კონკრეტულ მისამართზე [ბინაში/სახლში], თუ იქ პირველ მისვლაზე არავინ დახვდება. 2-3 ვიზიტის შემდეგ კი, თუ ბინაში რეგისტრატორს მაინც არავინ დახვდება, მას უკვე ექნება უფლება, ინფორმაცია მიიღოს მეზობლისგან.

ამასთან, ამ ეტაპზე რეგისტრაციაში ატარებენ ყველას მონაცემებს, ვინც დახვდებათ მისამართზე, მათ შორის უცხოელებისაც. „ერთადერთი, ვისი რეგისტრაციაც აუცილებელი არ არის, ვთქვათ, დასასვენებლად ან მივლინებით მყოფი პირია“, – გვითხრეს საქსტატში.

საქსტატის ინფორმაციით, „მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის მოსამზადებლად საცხოვრისების შემოვლას და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებას საქსტატის მიერ გადამზადებული პერსონალი ახორციელებს.

მონაცემთა შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, რომლის დროსაც გამოიყენება პლანშეტური კომპიუტერები“.

საყოველთაო აღწერა პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით ჩატარდება / ფოტო: საქსტატი

2023 წელს პირველი ეტაპის სამუშაოების ანუ ოჯახების წინასწარი სიების შედგენაში საქსტატის მიერ გადამზადებული 3500-მდე ინტერვიუერი იქნება ჩართული. საველე სამუშაოები საქსტატმა მარტის ბოლოს დაიწყო.

„მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება, რომლის დროსაც მიიღება დეტალური მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის და მისი შემადგენლობის, ასევე სხვადასხვა სახის დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების მიხედვით.

აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დადგენის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებით გათვალისწინებული აქტივობების შესაფასებლად.

აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, 2024 წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება. შესაბამისად, დემოგრაფიულ და სოციალურ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.

მოსახლეობის აღწერა ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ 2015 წლის 10 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც წევრმა სახელმწიფოებმა „მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში“ უნდა ჩაატარონ სულ მცირე ერთი აღწერა საერთაშორისო და რეგიონალური რეკომენდაციების გათვალისწინებით. მოსახლეობის და საცხოვრისების აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდად 2015-2024 წლების პერიოდი განისაზღვრა.

საქართველოში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა.

2014 წლის აღწერის საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა.

ამავე თემაზე:

საქართველოში წელს თავშესაფარი 291-მა უცხოელმა მოითხოვა, გააძევეს – 55

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 მაისის 21 საათიდან 3 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან მცირე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +14 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 4-5 მაისს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

478 ბავშვი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 478 ბავშვი დაიღუპა და 960-ზე მეტი დაშავდა.

დაღუპულებს შორისაა პირველ მაისს ჩერნიგოვის რაიონის სოფელ ლიზუნოვკაში დაბომბვის შედეგად დაღუპული 14 წლის მოზარდი.

პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი – 453 ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, 275 – ხარკოვში, 128 კი – კიევის ოლქში.

ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, რადგან მარიუპოლი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ინფორმაციის დაზუსტება შეუძლებელია. 

რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPES

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 191 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460]
  • ტანკი – 3 701 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 7 193 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 2 930 ერთეული [+9]
  • MLRS – 544 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 298 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 477 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 947 ერთეული [+15]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 851 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 360 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 416 თვითმფრინავი
  • 230 ვერტმფრენი
  • 3 919 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 938 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 095 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 709 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 911 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

478 ბავშვი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად

„რუსულად ვსაუბრობდით და ტაქსის მძღოლი დაიძაბა“ – არტთერაპიის უკრაინელი მასწავლებელი ბათუმში

„მუდმივად ახლდება ტრავმები, როცა ვიგებთ ამბებს ომიდან… ჩვენ ძალების აღდგენა გვჭირდება,“ – ამბობს ნატალია კოსსე. ის უკრაინიდანაა  და გასული წლის დეკემბრიდან დღემდე ბათუმში სხვა უკრაინელ ქალებს არტთერაპიას უტარებს.

„…ზოგის ქმარი ახლაც ომშია, ან ძალიან ახლობელი ადამიანი, ზოგს ისეთი ტრავმა აქვს, რთულია რამეზე ალაპარაკო,“ – გვიყვება არტთერაპიის მასწავლებელი, ნატალია კოსსე, სამუშაო ოთახი კი, ჩვენი საუბრის პარალელურად, მალე ივსება უკრაინელი ქალებით. ისინი გვერდიგვერდ ჩალაგებულ მაგიდებთან უხმაუროდ სხდებიან და სახატავ მოწყობილობას იმარაგებენ: ფუნჯებს, აკვარელს, სახატავს ფურცლებს…

ნატალია ოთახის შესასვლელში დაფაზე ახალი დავალების სამუშაო მოდელს ათავსებს – ორი ფურცელი სხვადასხვა, ფერადი და პატარ-პატარა ბურთულებით სავსეა. ნახატს ვაკვირდები და ბურთულების მთლიანობიდან ფორმის გამოცნობას ვცდილობ.

არტთერაპია უკრაინელი ქალებისთვის ბათუმში

„ეს არაა დავალება, აქ ყველა თანაბარია. მნიშვნელობა არ აქვს, ხატვა იცის ვინმემ თუ არა. ეს მოდელი მხოლოდ ინსპირაციაა, რომ ხატვის დროს საკუთარი თავის გამოხატვა შევძლოთ…

ხშირად სიტყვებით ვერ გამოვხატავთ წუხილს, ხატვა საშუალებაა, რომ გამოხატო ემოცია, იპოვო საკუთარი აღქმა,“ – საჩვენებელი ნახატებისკენ მიგვითითებს არტთერაპიის მასწავლებელი და შემდეგ სახატავი ფურცლების წინ ფუნჯებმომარჯვებულ ქალებს აკვირდება. როცა ქალები ხატვას იწყებენ, ნატალია კოსსე ოთახის შესასვლელთან ჩერდება და საუბარს იწყებს:

„…თავდაპირველად მნიშვნელოვანი იყო ბრაზის გამოხატვა. რაღაც შარვლები დავხიეთ, დავწვით… ყველას გვინდა სახლში, საკუთარ ქვეყანაში, ვიცით, რომ დანგრეული დაგვხვდება.

ეს სამუშაო აისბერგს ჰგავს – არაცნობიერი არ ჩანს, დაფარულია და როდესაც ჩვენ ვახერხებთ, შევცვალოთ არაცნობიერი, ვცვლით ცნობიერს, ეს ცვლის ადამიანის ქცევებს, ემოციებს, შინაგან სამყაროს, რადგანაც ჩვენ გვაქვს ცნობიერის ცენზურა.

აქ მთავარია არა შესრულების ტექნიკა, არამედ შინაგანი მდგომარეობის გამოხატვა. ასე სწავლობ საკუთარი აღქმის შეცნობას იმისთვის, რომ გაიგო, რა გჭირს, რა გჭირდება, ეს ალაგებინებს ადამიანს პრიორიტეტებს.

არტთერაპია არ ნიშნავს მკურნალობას, ეს გეხმარება თვითშემეცნებაში. თანაც, როცა დაასრულებენ ხატვას, შემდეგ ერთმანეთის ნახატებზე მსჯელობენ: ვინ რას ხედავს ახალ ნახატში.“ – ნატალია კოსსე იმ ნამუშევრებსაც გვაჩვენებს, რასაც უკრაინელები ქალები ხატავდნენ, როცა უკრაინიდან ახალი ჩამოსული იყვნენ საქართველოში.

უკრაინელი ქალების ნახატები, არტთერაპია

„მე ხარკოვიდან ვარ,“ – საუბარს განაგრძობს არტთერაპიის მასწავლებელი. – „ხარკოვში ლიცეუმში ვმუშაობდი: 7-დან 15 წლამდე ბავშვებს ვუტარებდი არტთერაპიას, პროფესიით მხატვარი ვარ…

ომამდე ყველამ ვიცოდით, რომ ომი დაიწყებოდა. პატარა ბავშვები აქეთ-იქეთ დარბოდნენ, იცით, ხვალ ომი იწყებაო… იმ ღამით კი ყრუ ხმებმა გაგვაღვიძა, მაშინვე ქალაქის შემოგარენისკენ წავედით, თუმცა აღმოჩნდა, რომ იქ იყო პირდაპირ ცეცხლი გახსნილი. ვერც უკან ვბრუნდებოდით, არ ვიცოდით, რა გვექნა.

ვიმალებოდით სარდაფშიც. საბოლოოდ, რუსეთისკენ ვარჩიეთ წასვლა. ვიცოდით, რომ მანქანებს ცეცხლს უხსნიდნენ, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვქონდა. რუსეთიდან წამოვედით პირდაპირ საქართველოში – ბათუმში ახლობლები გვყავს,“ – ამბობს ნატალია კოსსე.

რა ხდებოდა ომამდე ხარკოვში, რომელიც რუსულენოვანი, დიდი ქალაქია?

„ჩვენ გვაქვს არა ეთნიკური, არამედ სამოქალაქო სახელმწიფო,“ – გვიპასუხა ერთ-ერთმა ქალმა ჯგუფიდან, რომელსაც ხატვა დაუწყია და თან ჩვენ დიალოგს ისმენს.

„მგონია, რომ ხანგრძლივი იქნება ეს ომი, რუსეთი არ დაგვანებებს თავს…“ – დიალოგში ნატალია გონჩაროვაც ერთვება, პროგრამის კიდევ ერთი მონაწილე. ის ომის დაწყების შემდეგ ბათუმელ შეყვარებულზე დაქორწინებულა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ უფრო მეტად უნდა მოუსმინოს სამხედროებს, ზალუჟნის, პოლიტიკოსები ხშირად ჩქარობენ. მეც პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, მაგრამ ახლა ბათუმში თაფლაკვერებს ვაცხობ…

ბათუმში რაც მაკვირვებს, არის სისუფთავის მიმართ დამოკიდებულება – არ უფრთხილდებიან ქალაქს შესაბამისად, თანაც, ეს ტურისტული ქალაქია,“ – დასძინა ნატალია გონჩაროვამ.

ნატალია გონჩაროვა

„მე ბათუმზე შეყვარებული ვარ, განსაკუთრებულია მზის ჩასვლა ზღვაზე,“ – ამბობს ნატალია კოსსე და იმ შემთხვევებს იხსენებს, რამაც საქართველოში თავდაპირველად გააკვირვა:

„ავტობუსში ადგილი დამითმეს, მე ხომ ბებიას არ ვგავარ?“ – იცინის ნატალია და შემდეგ ტაქსის მძღოლს იხსენებს, რომელიც რუსულად საუბრის გამო კინაღამ ეჩხუბა.

„ჩვენ რუსულად ვსაუბრობდით და მძღოლი დაიძაბა, მივხვდით, რომ ჩხუბს აპირებდა ჩვენთან. ვუთხარით, რომ უკრაინიდან ვართ და გაგვიღიმა. ზოგადად, აჭარაში, ჩემი დაკვირვებით, არაა ცუდი განწყობა რუსულად საუბრის მიმართ, სხვა რეგიონებში კი, მოგვაძახეს ბევრჯერ, ოკუპანტები ხართო.

ჩემი 14 წლის გოგოს აქედან წასვლა არ უნდა არსად, არც ევროპა უნდა. ამბობს, რა ევროპა, ეს საუკეთესო ადგილიაო, სკოლაშიც უკრაინულ სექტორში დადის. ამბობს, რომ ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში, აქ ძალიან მშობლიური გარემოა ჩვენთვის,“ – აღნიშნავს ნატალია კოსსე. მას რუსულ ენაზე საუბრის შესახებაც ვკითხეთ, როცა რუსებს რუსულად ვესაუბრებით და რუსებისთვისაც საქართველოში ყოფნა კომფორტული ხდება.

„ვცდილობ, არ ვიყო აგრესიული რუსების მიმართ,“ – პაუზის შემდეგ გვიპასუხა ნატალია კოსსემ. – „თუმცა მათ იგივე ფსიქოთერაპიის კუთხით ვერ მოვემსახურები. შესაძლოა, იმ ადამიანს არაფერი დაუშავებია ინდივიდუალურად, ვინც რუსულად რაღაცას გვეკითხება, მაგრამ არ ვიცი, როგორი იქნებოდა ჩემი ემოცია, ეს ერთი წელი ფრონტის ხაზზე რომ დავრჩენილიყავი. მე აპრილში წამოვედი უკრაინიდან.

ჩემი დის მეგობარი, მაგალითად, აგრესიულია ნებისმიერი რუსის მიმართ – ის 12-მა სამხედრომ გააუპატიურა. რთულია, რა გითხრათ?

მე მაინც ვფიქრობ, რომ სიძულვილს თუ ჩავუნერგავთ ბავშვებს, ეს ომი აღარასდროს დასრულდება, თუმცა თითოეულ რუსს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მიქარეს,“ – ამბობს ნატალია კოსსე და გვიზიარებს სურვილს, ქართველების და ბელარუსების მონაწილეობით გაგრძელდეს არტთერაპიის კურსი, რომელიც ერთ თვეში სრულდება.

„განსაკუთრებით მასწავლებლებისთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი, თუ იქნება ინტერესი. შემდეგ ისინი იმუშავებენ შესაბამისად ბავშვებთან“, – დიალოგში ლალი ანთიძე ერთვება, მასწავლებელი და საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი ბათუმში. ეს სკოლა პარასკეობით უფასოდ უთმობს ადგილს უკრაინელებს არტთერაპიასა და თექაზე მუშაობისთვის.

ლალი ანთიძე გვიხსნის, რომ თექაზე მუშაობისთვის უკრაინელებს ქართველი მასწავლებელი ჰყავთ, სამუშაო ნივთების შეძენას კი, პროექტის ფარგლებში პარტია „დროა“ უწევს ორგანიზებას. ამ პროგრამაში 15 უკრაინელი ქალია ჩართული.

„მოზარდებს ნამდვილად სჭირდებათ დამოუკიდებლობაში ხელშეწყობა, რომ დროულად დაშორდნენ მშობლებს და გაძლიერდნენ“ – ამატებს ნატალია კოსსე.

არტთერაპია ბათუმში უკრაინელი ქალებისთვის

მასწავლებლის ანაზღაურება იმდენი უნდა იყოს, არ დასჭირდეს მეორე ადგილზე დასაქმება

„იქნება აშენდეს ახალი სკოლები, რომ განიტვირთოს კლასები. დაიცვას სამინისტრომ თავისი დადგენილება, რომ კლასში 25-ზე მეტი მოსწავლე არ იყოს. დაინერგოს კვება. მასწავლებლის დანამატი რომ აღემატება საბაზისო ხელფასს, ესეც პრობლემურია. ასეთი მტკივნეული საკითხები არ დგას დღის წესრიგში“, – ამბობს ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მასწავლებელთა სახლის ქოუჩი, თინათინ გიორგაძე.

„ბათუმელებთან“ ის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

  • ქალბატონო თინათინ, სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა რა ეტაპზეა და არის თუ არა ცნობილი, რა შედეგი მოიტანა ახალმა ესგ-მ?

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა 2018 წელს დაიწყო, შეფასება იყო თუ არა, არ ვიცი, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, თუმცა ეს პროცესი ისეთი ბუნებისაა, რომ შედეგები სწრაფად ვერ იქნება შესამჩნევი. თუმცა ტენდენციები უკეთესობისკენაა.

პირველი და მეორე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ანალიზმა აჩვენა, რომ სწავლა-სწავლების პროცესში „მოსწავლე სუბიექტის პარადიგმა“ იგნორირებული იყო. არადა, ამ პრინციპების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწავლა-სწავლება იყოს ეფექტური, სიღრმისეული და ხარისხიანი.

აქამდე სწავლა-სწავლების პროცესი ორიენტირებული იყო დამახსოვრებაზე და არა სიღრმისეულ გააზრებაზე. გრძელვადიანი სასწავლო მიზნები დაკარგული იყო მხედველობის არიდან. ამის გამო საგაკვეთილო პროცესი თვითმიზნად ისახავდა დანაწევრებული, დაქუცმაცებული საკითხების ამოწურვას და სასკოლო სასწავლო გეგმები იყო აბსოლუტურად ფორმალური.

ამიტომ მესამე თაობის ესგ-ს მიზანია, გამოიკვეთოს გრძელვადიანი მიზნები, სწავლა-სწავლების პროცესები ორიენტირებული იყოს ბავშვზე, ისეთი კონტექსტი წამოიწიოს წინ, რომელიც აქტუალურია მოსწავლისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ სასკოლო კურიკულუმების დანერგვას და განვითარებას.

  • მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მესამე თაობის ესგ-მ ძალიან რთული ენით არის დაწერილი, გადატვირთულია რთული ტერმინებით და „უნდა დაჯდე და ისწავლო“. თუ ასეა ეს, რატომ?

ამ შემთხვევაში მგონია, რომ კომუნიკაციის დეფიციტია, რადგან ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდება იწვევს ადამიანებში გარკვეულ ვნებათაღელვას. ესგ-ს დოკუმენტი არ არის ნათარგმნი, ადგილობრივად შემუშავებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია საუკეთესო პრაქტიკები.

2019 წლიდან ვმონაწილეობ ამ პროცესებში და არასოდეს მქონია კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები იმ ადამიანებთან, რომლებთანაც საქმით ვიყავი დაკავშირებული – მაქსიმალურად გასაგები და აღსაქმელი ენით ვსაუბრობდი ხოლმე კოლეგებთან.

ვფიქრობ, რომ სადაც არის უკმაყოფილება, გაუგებრობები, ყველგან არის ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდების პრობლემა და არა ის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმაა პრობლემური.

  • ქოუჩები ვერ მუშაობენ სათანადოდ, თუ რატომ ვერ მიეწოდებათ პედაგოგებს სათანადოდ ინფორმაცია?

ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით. თუმცა, თუკი ყველაფერი განმარტებულია სათანადოდ, ჯეროვნად, ამ პროექტის მნიშვნელობა, ამ პროექტის სარგებელი, ამ შემთხვევაში მასწავლებლებს არასდროს აქვთ ხოლმე უარყოფითი დამოკიდებულება.

ამჟამად საჯარო სკოლებში პირველადი ავტორიზაციის პროცესი მიდის და ამ პროცესში ვეხმარებით პედაგოგებს. საჯარო სკოლებისთვის ავტორიზაციის პრაქტიკა აქამდე არ არსებობდა და ვეხმარებით, რომ სკოლის საქმიანობა თანხვედრაში იყოს მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.

როცა ამას განვუმარტავთ სკოლებს, მასწავლებლებს აღარ აქვთ განცდა, რომ თავსმოხვეული და ფუჭი შრომაა ის, რასაც აკეთებენ.

  • მაშინ გამოდის, რომ ვიღაცამ ვერ იმუშავა სათანადოდ?

კონკრეტული მაგალითების გარეშე გამიჭირდება პასუხი.

  • აი, მაგალითად, ერთ-ერთი მასწავლებელი სოციალურ ქსელში წერდა – „ბევრი ქვეყანა მოვიარე, მაგრამ „კომპლექსური დავალება“ ასეთი რამ არსად შემხვედრია. სადმე გინახავთ სამნაირი გეგმა იწერებოდეს? ყველა უცხოელი ექსპერტი გვთხოვს – გაკვეთილის ბოლოს რა მიზანს უნდა მიაღწიო, ჩვენ კი საფეხურის მიზანზე ვართ ორიენტირებული“. რას ფიქრობთ ამაზე, რამდენად კარგად არის ეს ვალდებულებები გაწერილი ესგ-ში?

რაც ჩემი თვალით მინახავს, ეს არის ესტონური სკოლის პრაქტიკა, მეც ვიყავი ესტონეთში 2016 წელს და იქ მქონდა ასეთი გამოცდილება რომ დავკვირვებოდი საჯარო და კერძო სკოლების პრაქტიკას. განმავითარებელი შეფასების აუცილებლობა აღიარებულია ყველა წარმატებულ სისტემაში.

„განმავითარებელი“ – ეს ტერმინიც მიგვანიშნებს ამ ტიპის შეფასების მნიშვნელობაზე. ეს შეფასება ემსახურება, დავადგინოთ მოსწავლის საჭიროებები, რომ მათზე ორიენტირებით დავგეგმოთ შემდეგი მოქმედებები.

მასწავლებელს არ აქვს ვალდებულება, ყოველთვის წერილობით გადმოსცეს ეს შეფასება. უბრალოდ, ადრე იყო პრაქტიკა, რომ, მაგალითად, კომენტარი „ყოჩაღ“, შეეძლო მიეჩნია მასწავლებელს განმავითარებელ შეფასებად და ახლა ასე არ არის.

განმავითარებელი შეფასება ნიშნავს საგნობრივ მიღწევებთან დაკავშირებულ კომენტარს, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ შევამჩნიოთ წარმატებები, წავახალისოთ წარმატება და გასაძლიერებლად მივცეთ ზუსტი უკუკავშირი, რომ ჩვენი მინიშნებები გახდეს პროგრესის განმაპირობებელი. მეც მოქმედი მასწავლებელი ვარ და რასაც სხვებს ვუზიარებ, იმას ვნერგავ პრაქტიკაში.

  • ხომ საუბრობენ პედაგოგები, რომ ვიღაც ყიდულობს მასწავლებლის პორტფოლიოს, ყიდულობდნენ კვლევებს. ახლა ისიც კი მოვისმინე, რომ მშობლები ყიდულობენ კომპლექსურ დავალებებს, რადგან უჭირთ ბავშვებს მათი შესრულება. რამდენად რეალურია ეს?

პორტფოლიოზე მსმენია მსგავსი რამ, კვლევაზეც, მაგრამ კომპლექსური დავალების ყიდვაზე ერთი ფაქტიც არ მახსენდება. შესაძლოა ჩემ გარშემო არ არიან ადამიანები, ვინც ასე იქცევა.

კომპლექსური დავალება რატომ არის დემონიზებული, ჩემთვის გაურკვეველია.

საერთოდ, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მოსწავლის გზა იქნება ერთი კომპლექსურიდან მეორე კომპლექსურამდე, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, გრძელვადიან მიზნებამდე მივიყვანთ ბავშვებს.

  • იმიტომ ხომ არა, რომ მასწავლებლებსაც არ აუხსნეს სათანადოდ, ან არ ჰყოფნით კომპეტენცია როგორ გააკეთონ ეს?

ვერ ვიტყოდი, რადგან ძალიან ბევრი ვებინარი არსებობს ამ ყველაფრის სასწავლებლად. იყო შეხვედრები რეალურ სივრცეში, რომ ცოცხალ პროცესში გვქონდა საჭირო კომუნიკაცია.

უბრალოდ, სწავლა-სწავლება ისეთი პროცესია, რომ სჭირდება წინასწარი მზაობა, მონდომება და განწყობა. თუ ნეგატიურად განეწყობა ადამიანი, შემდეგ ყველაფერი მოეჩვენება რთულად.

კომპლექსური დავალება შემოქმედებითი პროდუქციაა. ამ პროდუქტის შექმნას რაც სჭირდება, იმ ცოდნით უნდა უზრუნველყოს მოსწავლე მასწავლებელმა და მიიყვანოს იმ ეტაპამდე, შეძლოს ამ დავალების შესრულება.

არც კომპლექსური დავალება შეიძლება იყოს ყოველთვის წერილობითი, ზეპირადაც არის შესაძლებელი გაკეთდეს, მულტიმედიური და სხვადასხვა საშუალებით იყოს გადმოცემული და რაც შეიძლება იყოს შემოქმედებითი.

მასწავლებლები იმასაც ამბობენ, რომ ამ ტიპის დავალებებს ყოველთვის ვაძლევდითო. თუ ყოველთვის აკეთებდნენ, მაშინ ახლა რატომ არის რთული?

რეალურად, ასეთი დაორგანიზებული პროცესი აქამდე იშვიათად ყოფილა.

  • თქვენი დაკვირვებით, მესამე თაობის ესგ-მ შეცვალა რაიმე სწავლის ხარისხში? იცით ალბათ, რომ საერთაშორისო კვლევებში ცუდი შედეგები გვაქვს.

რეალურად, ჩვენ იმის შემდეგ ვმუშაობთ, როცა PISA-ს ბოლო კვლევები გამოქვეყნდა. თანაც, ყველა სკოლაში ერთად არ დანერგილა, ეტაპობრივად იყო, მაგრამ ახლა ყველა სკოლა იგულისხმება ჩართულად.

  • მაშინ რატომ ამბობს ზოგიერთი, რომ მათი სკოლა არ არის ახალი სკოლის მოდელში ჩართული, ინფორმაცია არ აქვთ, თუ ცვლილებს ვერ გრძნობენ?

მიიჩნევა, რომ ყველა სკოლა ჩართულია. პირველ ეტაპზე, იმ სკოლებსაც ხვდებოდნენ ქოუჩები კვირაში ორჯერ, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი. როდესაც ინერგება სიახლე, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის მონდომება, რომ აჰყვეს ამ სიახლეს და დანერგოს პრაქტიკაში.

პირველი, მე-2 თაობის გეგმები იმდენად უცნობი და უცხო იყო, რომ შეიძლება საერთოდ არ გასცნობოდნენ მასწავლებლები და ახლა აღარ არის ის დრო, რომ სპონტანურად წარვმართოთ პროცესები. თანამედროვეობა მოითხოვს დაგეგმვას, შედეგები რომ იყოს უფრო სასურველი. ამდენად, ყველა პირობა აქვთ მასწავლებლებს, რომ განვითარდნენ.

  • თქვენ ამბობთ, რომ ყველა პირობა აქვთ, მაგრამ ბევრი მასწავლებელი ჩივის იმის გამო, რომ კლასი არ არის სათანადოდ აღჭურვილი. არ აქვთ ტექნიკა, ინტერნეტი და საკმარისი რესურსები. რა მიიჩნევა „ყველა პირობად“?

სამწუხაროდ, რესურსების სიმწირე არსებობს. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ასეთი მოთხოვნები უნდა დადგეს სწორედ დღის წესრიგში, რადგან პირდაპირ დაკავშირებულია გაკვეთილის ხარისხთან, მოსწავლის საჭიროებებთან.

ახლა ელექტრონული ჟურნალები გამოიყენება ხომ? მასწავლებელმა რომ შეძლოს ყოველდღიურად სწრებადობის აღრიცხვა, ნიშნების შეტანა, სჭირდება გაჯეტიც და ინტერნეტიც. მე კარგი მოდელის ტელეფონი მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მასწავლებლისთვისაა ეს ხელმისაწვდომი. მე ყოველთვის ვრთავ ულიმიტო ინტერნეტს. ასეთი საჭიროებები როგორ შეიძლება იყოს იგნორირებული? ეს ხომ თვალხილული პრობლემაა.

ეს პირდაპირ არის დაკავშირებული სწავლების ხარისხთან, მოსწავლის საჭიროებასთან. ერთდროულად ყველაფერი ვერ დალაგდება, მაგრამ სადღაც ხომ უნდა იყოს ათვლის წერტილი. ეს დასაწყისი უნდა იყოს გონივრული, უნდა დალაგდეს პრიორიტეტები და ყველაზე საჭირო უნდა დადგეს წინ.

  • მასწავლებლები ან ხელფასის გაზრდას ითხოვენ, ან ვალდებულებების შემცირებას, თუმცა ასე ორკესტრირებულად, როგორც პორტფოლიოს გაუქმებაზე იყო, არასდროს დაუყენებიათ, ვთქვათ, იგივე კლასების განტვირთვის, ახალი სკოლების აშენების საკითხი, რატომ?

სწორედ ამიტომ არის საჭირო, გააზრებული იყოს მოთხოვნები და ჰოლისტურად დავინახოთ სურათი. პრობლემის ფრაგმენტული აღქმა იწვევს არასწორ ტალღებს, ენერგიის არასწორ დანახარჯს. უნდა დავინახოთ მთლიანი სურათი იმის, რაც ჩვენ გარშემო ხდება.

გავაკეთოთ რეფლექსია – საითკენ მივდივართ, რა გვჭირდება მიზნის მისაღწევად და ამის მიხედვით დავგეგმოთ მოქმედებები. პროცესებს აფუჭებს სპონტანურობა, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები და სისწრაფე.

გადატვირთული კლასების გარდა ძალიან პრობლემურია კვების საკითხი სკოლებში. ძნელია, ბავშვს სთხოვო დარჩეს კლასგარეშე აქტივობებზე, თუ მას შია. ეს ხომ ძალიან მტკივნეული საკითხია. იქნება აშენდეს ახალი სკოლები, რომ განიტვირთოს კლასები, დაიცვას სამინისტრომ მისივე დადგენილი წესი, რომ კლასში 25-ზე მეტი მოსწავლე არ უნდა იყოს, დაინერგოს კვება, მასწავლებლის დანამატი რომ აღემატება საბაზისო ხელფასს, ესეც პრობლემურია. სამწუხაროდ, ასეთი მტკივნეული საკითხები არ დგება დღის წესრიგში.

მასწავლებლები ამის შესახებ საუბრობენ, მაგრამ არ მოჰყვა ისეთი რეზონანსი, როგორც, ვთქვათ, პორტფოლიოს ან რეფლექსიის გაუქმების მოთხოვნას.

  • ხელფასი რომც გაიზარდოს, უღირთ კი ისეთ გარემოში მუშაობა პედაგოგებს, რაც დღეს აქვთ?

მასწავლებლის ანაზღაურება იმდენი უნდა იყოს, რომ არ დასჭირდეს მეორე ადგილზე დასაქმება და შეეძლოს ერთგან მიღებული ჯამაგირით თავის გატანა. ეს დაუტოვებს მასწავლებელს დროს და ენერგიას, მაქსიმალურად რეალიზდეს საკუთარ სივრცეში. როცა ამის შესაძლებლობა არ არის, იძულებული ხდები, უფრო მეტი პასუხისმგებლობა იტვირთო ხარისხის ხარჯზე.

თუ ჩვენ გვინდა სასწავლო პროცესის და ყველა პროცესის ცენტრში დავინახოთ ბავშვი, მაშინ უნდა დავიწყოთ ფიქრი ბავშვით. აი, ამ საქმით იქნება შესრულებული მესამე თაობის ესგ-ს მთავარი ხაზი.

მასწავლებლები მართლა ბევრს შრომობენ, გაკვეთილის ჩატარება არ ნიშნავს მხოლოდ იმდენ წუთს, რამდენიც გათვალისწინებულია. რესურსებს აკეთებენ, სახლშიც მიჰყვებათ შემაჯამებლის დავალებები, უკუკავშირია ყველა მოსწავლის დასაბრუნებელი და ეს მართლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და რომ არ ჰქონდეს მასწავლებელს სოციალური საჭიროებები, მართლა არ დაიტვირთავს თავს ზედმეტი ვალდებულებებით.

  • იმ პრეტენზიებს შორის, იქნება ეს გამოცდებთან დაკავშირებული, პორტფოლიოს წარმოებასთან თუ ტრენინგებთან, რაში ეთანხმებით კოლეგებს, რაში არა და რატომ?

მე, მაგალითად, პორტფოლიოს გაუქმების მომხრე არ ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ პორტფოლიო არის ძალიან კარგი საშუალება ნათლად წარმოვაჩინო ის, რაც მიკეთებია. პორტფოლიო გვიყვება ამბავს მასწავლებლის საქმიანობის შესახებ, თუმცა მოთხოვნა – ან გამოცდით აიმაღლოს მასწავლებელმა სტატუსი, ან პორტფოლიოთი, ამას ვიზიარებ.

მე გამაკვირვა რეფლექსიასთან დაკავშირებით მასწავლებლების უარყოფითმა დამოკიდებულებამ, რადგან მიმაჩნია, რომ რეფლექსია ყველა საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია. ოქროს ფორმულაა, რადგან მოიცავს დაკვირვებას, ანალიზს, რეაქციას.

რეფლექსია საჭიროა იმისთვის, რომ მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს. ადამიანი ხდება თვითკრიტიკული და უფრო პროდუქტიული. მე თვითონ, როცა ჩემი რეფლექსია მოვამზადე, აღმოვაჩინე ისეთი აქტივობები, რომლებიც ადრე მქონდა გაკეთებული, მაგრამ აღარ მახსოვდა. ეს დამეხმარება მივბრუნებოდი ამ აქტივობებს, უფრო კრიტიკულად შემეფასებინა და მეფიქრა, სამომავლოდ როგორ შეიძლებოდა ამის გამოყენება. „ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე“, ესეც ხომ რეფლექსიაა?

მასწავლებელი არის როლური მოდელი და თუ ჩვენ არ ვაკეთებთ რეფლექსიას, მაშინ როგორ ვთხოვთ ბავშვებს იყვნენ თვითკრიტიკული, თვითრეფლექსური.

მე არ მომეწონა ის, რომ პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმების მომზადებას დასჭირდა უფრო დიდი დრო, ვიდრე მასწავლებლებს პორტფოლიოს ორგანიზებისთვის მიეცათ.

ეს იყო უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი, რომ ცაიტნოტი შეიქნა, თორემ ბევრი არ არის იგივე პორტფოლიოს წინააღმდეგი და ვფიქრობ, მომავალი წლისთვის ასეთი რეაქცია არ ექნებათ.

არაპროგნოზირებადობა იწვევს შფოთვებს, სტრესს და არც რეაქცია აყოვნებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თადარიგიანად და დროულად იყოს ცნობილი მასწავლებლებისთვის, როგორ დაგეგმონ საკუთარი ქმედებები.

როცა რუტინად გადაიქცევა მასწავლებლის საქმე, მაშინ აკლდება სიამოვნების ელფერი.

  • რატომ ამბობენ, რომ „ბავშვებისთვის დრო არ გვრჩება“, რა არის ის, რაც ზედმეტ ვალდებულებად მიგაჩნიათ ამ სქემაში?

თუ ჩვენ მაშინ დავიწყებთ მტკიცებულებების შექმნას, როცა ამის წარდგენის ვალდებულება გვექნება, ცხადია, ეს იქნება პრობლემური, რადგან ეს მოითხოვს კოლოსალურ შრომას. თან პროცესიც არ არის სწორად გაგებული.

მტკიცებულებები უნდა შეიქმნას პროცესშივე და სინქრონულად აღიწეროს. მაგრამ როცა მასწავლებლებს უწევთ ორ ცვლაში მუშაობა, ბუნებრივია, ბევრი პასუხისმგებლობა იყრის თავს.

მე ერთ სკოლაში ვმუშაობ, 15 საათი მაქვს და თუ ეს შრომა გაორმაგდება, ხარისხიც ვერ შენარჩუნდება. ეს პრობლემა მოგვარდება მაშინ, თუკი მასწავლებლის ანაზღაურება იქნება მომხიბვლელი ერთი განაკვეთის ფარგლებში და აღარ იქნება საჭირო მეორე განაკვეთის დამატება.

დღეს კი, ადამიანები იტვირთავენ თავს იმაზე მეტად, ვიდრე ეს მიზანშეწონილია. გადაჭარბებული ვალდებულებები ითხოვს გადაჭარბებულ შრომას და უბრალოდ, ვეღარ აუდის ადამიანი ამდენს.

ყველა პროცესის გამართული მუშაობის წინაპირობაა ის, რომ აქტივობები არ იყოს ფრაგმენტული, ეპიზოდური, წინასწარ იყოს კარგად დაგეგმილი და ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებული.

რეფორმა მიმართულია იქითკენ, რომ პასუხისმგებლობა თანაბრად იყოს გადანაწილებული გუნდზე და წინასწარვე დაისახოს მიზნები, რომლებიც უნდა შესრულდეს.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება 5 მაისამდე გრძელდება

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით, რიგით მესამე გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე დარჩა.

ერთ-ერთი პირველი ქალი პროგრამისტის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო USAID-ის ინიციატივით ტარდება, თიბისი მესამე წელია პროექტის მთავარი პარტნიორია. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ICT სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

ჯილდო ექვს კატეგორიაში გაიცემა:

  • მომავლის ლიდერი ქალი;
  • ICT სფეროს ჩემპიონი;
  • ტექნოლოგიური სტარტაპი;
  • ქალების გაძლიერების პროგრამა;
  • მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია;
  • ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.

გასული წლების მსგავსად, თიბისი ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში გამარჯვებულებს მხარს დაუჭერს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე საკუთარი განაცხადის გაგზავნის გარდა, შესაძლებელია სხვა ადამიანების, სტარტაპების, ორგანიზაციებისა და პროგრამების წარდგენაც. ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიური ფინალისტებს 4 ივნისს გამოავლენს, დაჯილდოების ცერემონია კი 16 ივნისს გაიმართება.

პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან: Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო.

განაცხადები მიიღება 5 მაისის ჩათვლით. თითოეული კატეგორიის ნომინაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად მიჰყევით ბმულს.

ყველაფერი საფრანგეთში მკურნალობის შესახებ

საფრანგეთის ემიგრაციისა და ინტეგრაციის სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს სტატისტიკას ქვეყანაში შესული მიგრანტების შესახებ.

მიმდინარე წლის იანვარში გამოქვეყნებული პირველადი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს 8 100-მა მოქალაქემ მოითხოვა საფრანგეთში თავშესაფარი. ამ მონაცემით საქართველო იმ ქვეყნების (ავღანეთის, ბანგლადეშის, თურქეთისა და კონგოს) პირველ ხუთეულში შედის, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საფრანგეთში თავშესაფარს.

უცნობია ზუსტი სტატისტიკა, თავშესაფრის მთხოვნელ მოქალაქეთაგან რამდენს სჭირდებოდა საფრანგეთში მკურნალობა. თუმცა პრაქტიკის თანახმად, განსხვავებით ევროპის სხვა ქვეყნებისგან, საქართველოდან საფრანგეთში უმეტესად სამკურნალოდ მიდიან.

საფრანგეთში მკურნალობის შესახებ „ბათუმელების“ კითხვებს გრენობლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური კვლევების კოორდინატორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა, ზაზა ფუტკარაძემ უპასუხა.

ის ასევე არის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ასოციაციისა – „ქართველები საფრანგეთში“. წლების განმავლობაში ეხმარებოდა და ეხმარება საფრანგეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს.

  • ბატონო ზაზა, თავდაპირველად არსებული სიტუაცია რომ მიმოვიხილოთ. რატომ ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთს სამედიცინო სერვისების მისაღებად?

ძალიან ბევრი ქართველი ჩამოდის საფრანგეთში. იმიტომ, რომ საფრანგეთს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური სისტემა ჯანდაცვის მიმართულებით. ხშირად უცხოელ პაციენტს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა სამედიცინო დაზღვევა საფრანგეთში, მაინც აძლევს საშუალებას, რომ გადარჩეს, იმკურნალოს და გარკვეულწილად შეუმსუბუქოს  მდგომარეობა. ამას ბევრი ევროპული ქვეყანა ვერ ახერხებს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოდიან საფრანგეთში სამკურნალოდ.

  • ძირითადად რა დიაგნოზით ჩამოდიან პაციენტები და ცდილობენ საფრანგეთში უფასოდ მკურნალობას?

აქ ჩამოსული პაციენტები შეიძლება დავყოთ სამ კატეგორიად. ერთი კატეგორიაა, რომელიც ვერ ადგენს, რა სჭირს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გაიარა გარკვეული ეტაპები, გარკვეული თანხა უკვე დახარჯა და ამოწურა ყველანაირი რესურსი. შემდეგ ვიღაცისგან გაიგო, რომ საფრანგეთში შესაძლებელია „უფასოდ“ (მოგეხსენებათ, უფასოდ არაფერი არ არსებობს) მკურნალობა და, შესაბამისად, მოდის აქ.

მეორე კატეგორია – შეიძლება მივიჩნიოთ ის ადამიანი, რომელსაც დაუსვეს საკმაოდ მძიმე დიაგნოზი, არ აქვს საქართველოში მკურნალობის რესურსი, ან ფინანსურად, ან შეიძლება არ არსებობდეს შესაბამისი სამკურნალო საშუალება. ამიტომ ბედს ცდის საფრანგეთში, რომ გადარჩეს.

მესამე კატეგორიაში შეიძლება გავიყვანოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც გენეტიკური ან რაღაც ისეთი მძიმე დაავადება აქვს, რომელსაც სჭირდება არა უშუალოდ მედიკამენტოზური და ფარმაკოლოგიური მკურნალობა, არამედ უფრო მუდმივი რეაბილიტაცია.

ეს ეხება განსაკუთრებით ბავშვებს. შეიძლება ისინი ვერ განიკურნონ, მაგრამ სჭირდებათ მუდმივი მეთვალყურეობა იმისათვის, რომ უფრო არ გაურთულდეთ მდგომარეობა. საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურა ან ფინანსები არ აქვთ ოჯახებს. ამიტომ ურჩევნიათ, წავიდნენ საფრანგეთში და იქ როგორღაც იმკურნალონ.

  • რა სირთულეებს აწყდებიან საფრანგეთში ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები და რა ბარიერების გადალახვა უწევთ? იგივე ენის არცოდნა რა პრობლემებს უქმნით.

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, თუ რა კატეგორიის ადამიანებს მკურნალობენ საფრანგეთში. იმისათვის, რომ საფრანგეთში იმკურნალო, უნდა გქონდეს დაზღვევა. დაზღვევას იღებ იმ შემთხვევაში, თუკი სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრობ საფრანგეთში, გაქვს აქ ცხოვრების უფლება და იმ შემთხვევაში, თუ მუშაობ, იხდი გადასახადებს.

უცხოელი როდესაც ჩამოდის და ითხოვს საფრანგეთისგან დახმარებას, მას ეკუთვნის სამედიცინო დახმარება იმ შემთხვევაში, თუ აქვს ისეთი დაავადება, რომელიც მის მშობლიურ ქვეყანაში ვერ იკურნება – არ არსებობს შესაბამისი მკურნალობის მეთოდი ან შესაბამისი სპეციალისტი. მაგალითად, აქვს მძიმე დაავადება, სჭირდება ქირურგიული ჩარევა და მის ქვეყანაში არ არსებობს ისეთი სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია შესაბამისი ოპერაციის გაკეთება. საფრანგეთი აძლევს ასეთ ადამიანს შანსს, რომ გაიკეთოს მსგავსი ოპერაცია საფრანგეთში და გადარჩეს.

ასევე, უფასოდ მკურნალობენ პაციენტებს, რომლებსაც სჭირდებათ ისეთი წამალი, რომელიც მათ ქვეყანაში არ არსებობს.

სხვა შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ისეთი დაავადება აქვს, რომლის განკურნება საკუთარ ქვეყანაში შესაძლებელია (შეიძლება იდეალური არაა, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული სამედიცინო სერვისი), ასეთ ადამიანებს არ ეკუთვნით უფასო მკურნალობა და სამედიცინო დაზღვევა.

მაგალითად, შშმ პირს, თუ მისთვის საფრანგეთს არაფერი ისეთი განსაკუთრებულის გაკეთება არ შეუძლია, რასაც მისი მშობლიური ქვეყანა უკვე უკეთებს, წესით, არ ეკუთვნის სამედიცინო დაზღვევა და უფასოდ მკურნალობა საფრანგეთში.

საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, სადაც ომია და სადაც არანაირი სამედიცინო სერვისი არ არსებობს. შესაბამისად მიიჩნევენ, რომ პირი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საფრანგეთის დონის სერვისს ვერ აწვდიდეს მას საკუთარი ქვეყანა, მაინც არ უნდა ჩამოვიდეს საფრანგეთში სამკურნალოდ. რადგან ძალიან ბევრი ისეთი ქვეყანაა, სადაც არ არის ნორმალური სამედიცინო სერვისი და მერე ყველას მოუნდება საფრანგეთში ჩამოსვლა.

ამიტომ ასეთ ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში, თუ ვერ დაამტკიცეს, ვერ დაასაბუთეს და მყარი არგუმენტები არ აქვთ, უარს ეუბნებიან სამედიცინო სერვისის გაწევაზე. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. საფრანგეთს აქვს საკმაოდ სოციალური და ჰუმანური ჯანდაცვის სისტემა. ზოგჯერ ცალკეული ექიმი თავისი ძალისხმევით ცდილობს, რომ ასეთი ადამიანები არ გაუშვას ქუჩაში და ამხელა გზაზე ჩამოსულებს რაღაც დახმარება მაინც გაუწიოს. მაგრამ ყველა ასე ვერ აკეთებს და არ აკეთებს.

ბოლო ხანს აქტიურად მიდის საუბარი, რომ საქართველო არ არის ავღანეთი, არ არის სირია, სადაც ომი და უბედურებაა. შესაბამისად, ამ რაოდენობის ადამიანი, წესით, არ უნდა მოდიოდეს. პირველ სამეულში, პირველ ხუთეულში ვართ იმ ქვეყნების, საიდანაც ყველაზე დიდი მომართვიანობა არის მსგავს სერვისზე, ანუ უფასო სამედიცინო მკურნალობაზე.

ხშირად ასეთ ადამიანებს პირდაპირ, დაჩქარებული წესით ეუბნებიან უარს მკურნალობაზე. აქ  მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ, დავუშვათ, ენა არ იცის ან რაღაცებში ვერ გაერკვია და ა.შ. ხშირად ყოფილან პაციენტები, რომლებსაც აქვთ დიაბეტი, ან რაღაც მძიმე დაავადება, რომელსაც, მართალია, სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა, მაგრამ აქაური კანონმდებლობით ასეთ ადამიანებს არ ეკუთვნით უფასოდ მკურნალობა საფრანგეთში.

ამიტომაა, რომ მოსდით უარი და ასეთი ადამიანები ხშირად რჩებიან ქუჩაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი გზა გაიარეს და ძალიან ბევრი დამცირების თუ პრობლემის გადალახვა უწევთ საკუთარ დაავადებასთან ბრძოლის პარალელურად.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, რომლებსაც არ უმკურნალეს ან არ გაუკეთეს ოპერაცია და ეუბნებიან – წადით საქართველოში, აქ ვერაფერს გიშველითო. ეს ხდება იმიტომ, რომ მათ საფრანგეთის სახელმწიფო არ აძლევს ბინადრობის მოწმობას. არ ეკუთვნით კანონით. თუკი პაციენტს ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, საავადმყოფო ან ექიმი ვერ იღებს პასუხისმგებლობას მასზე, რადგან არ აქვს შესაბამისი სამედიცინო დაზღვევა. ძირითადად ეს პრობლემებია.

რა თქმა უნდა, არის ენის არცოდნის პრობლემაც. თუ ვერ გააგებინე რა გჭირს… თუ ვერ წახვედი შესაბამის დაწესებულებებში, რომ მოითხოვო თუნდაც სამედიცინო დაზღვევა, ბინადრობის მოწმობა და გაიარო ყველა ის პროცედურა, რომლებიც საჭიროა, ისე არავინ არ მოგიტანს და თვითონ არ შემოგთავაზებს ამ ყველაფერს. შენ უნდა მოძებნო და მაქსიმალურად შეეცადო, რისთვისაც ჩამოხვედი, ის მიიღო.

მაგრამ აქაც ერთია რამდენად ვცდილობთ და მეორეა რამდენად გვეკუთვნის ან ვიღებთ.

  • რა გზას გადიან საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში მკურნალობის მისაღებად და რამდენად რთულია ეს გზა?

პირველ რიგში, ძალიან კარგი იქნება, თუ ვიტყვით – ვისი რჩევით და როგორ ჩამოდიან ადამიანები.

10-11 წლის წინ ფეისბუქზე გავაკეთე ჯგუფი „ქართველები საფრანგეთში“. იმიტომ, რომ ადამიანები აქ ისე ჩამოდიოდნენ, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუ რა პროცედურები უნდა გაევლოთ, რა უნდა გაკეთებინათ იმისათვის, რომ საფრანგეთში ან დაზღვევა, ან შესაბამისი სერვისი მიეღოთ, ან უბრალოდ ინტეგრირებულიყვნენ.

დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინფორმაციის მიღების უამრავი საშუალება, მაინც ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის, ვისაც არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია. ფიქრობენ – მთავარია, წავიდე, მთავარია, ჩავიდე, იქ აუცილებლად მიშველიან. რეალურად კი არ იციან ის გზები და კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდნენ აქ სამედიცინო დაზღვევის მისაღებად.

შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ქართველი ექიმები…. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ საფრანგეთში პაციენტები მას შემდეგ ჩამოდიან, რაც საქართველოში ყველანაირ ფინანსურ რესურსს ამოწურავენ. ზოგჯერ დაგვიანებულია მკურნალობა ან პაციენტს აქვს ისეთი დიაგნოზი, რომ მისი გადარჩენის შანსი არის მინიმალურზე მინიმალური.

  • ძირითადად რა დიაგნოზით ჩამოდიან პაციენტები საქართველოდან?

ძირითადად მოდიან ონკოპაციენტები, ასევე გენეტიკური დაავადების მქონე პაციენტები. საფრანგეთში ჩამოსვლის შემდეგ ძირითადად ორ პროცედურას გადიან.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მათი ჩამოსვლის მთავარი მიზეზი იყოს მკურნალობის მიღება, გარდა მკურნალობისა, მათ სჭირდებათ საცხოვრებელი, ფინანსური დახმარება და ა.შ. ამიტომ ბარდებიან ლტოლვილად და ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს. ან ამბობენ, რომ არიან ძალადობის მსხვერპლი და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მაგრამ ეს პროცედურა, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის თავშესაფრის მოთხოვნა, ითვალისწინებს შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. ხშირად თავშესაფრის მთხოვნელთა ძალიან დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, არ აქვთ შესაბამისი მტკიცებულებები, შესაბამისი საბუთები. ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ გასაუბრების და მათი საბუთების განხილვის შემდეგ ეს ადამიანები იღებენ უარს თავშესაფარზე.

მეორე გზა არის მოითხოვო ბინადრობა სამედიცინო კუთხით და მიიღო დაზღვევა. ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უნდა აკმაყოფილებდე კონკრეტულ კრიტერიუმს – გქონდეს ისეთი დაავადება, რომელიც შენს ქვეყანაში არ იკურნება. ამასთან საფრანგეთში უნდა არსებობდეს განკურნების საშუალება.

ამის დასადგენად შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება, ნამდვილად აქვს თუ არა ამ ადამიანს ეს დაავადება. სახელმწიფოს ცალკე აქვს შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ქეისებს განიხილავს და ანიჭებს, ან არ ანიჭებს პაციენტს სტატუსს.

პროცედურა ხშირად პირდაპირ საავადმყოფოში მიდის. შესაბამისად, ყველა დიდ საავადმყოფოს აქვს სოციალური სამსახური, რომელიც ინფორმაციას აგზავნის პრეფექტურაში. პრეფექტურა ჩვენთან რომ იუსტიციის სახლია, მსგავსი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც იღებს დოსიეს და შემდეგ ამ დოსიეს სწავლობენ. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი შეიძლება იყოს მძიმე მდგომარეობაში, მას მაინც უწევს პრეფექტურაში მისვლა. მას ჩაუტარდება ინტერვიუ და მერე უკვე პროცედურულად განიხილავენ, რამდენად ეკუთვნის ან არ ეკუთვნის ამა თუ იმ ადამიანს საფრანგეთში ლეგალურად ცხოვრება, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, უფასო სამედიცინო დახმარება.

  • როგორია საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა და როგორ მუშაობს?

საფრანგეთს ერთ-ერთი საუკეთესო და ჰუმანური ჯანდაცვის სისტემა აქვს. საფრანგეთში არ არსებობს პაციენტი, რომელსაც არ აქვს სამედიცინო დაზღვევა.

მათ შორის ქართველებს, რომლებიც ჩამოდიან აქ, თუ მიიღეს ბინადრობის ნებართვა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არანაირი გადასახადი არ გადაუხდია, არანაირ თანამონაწილეობა ქვეყნის ბიუჯეტში არ მიუღია, ყველას აქვს 100 %-იანი დაზღვევა. ყველა დასაქმებული ადამიანი  იხდის გადასახადს, რომლის რაღაც ნაწილი მიდის სწორედ სამედიცინო დაზღვევაში. შესაბამისად, ეს ბიუჯეტი საშუალებას იძლევა, რომ ყველა ადამიანი იყოს საფრანგეთში დაზღვეული.

ყველა პაციენტი საფრანგეთში დაზღვეულია და მისი ასაკის, სქესის, შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად იღებს ყველა იმ სერვისს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანი გადარჩეს და იგრძნოს ღირსეულად თავი. მათ შორის მკურნალობის დროს.

  • რას ურჩევდით საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ახლა ემზადებიან საფრანგეთში წასასვლელად? რა გაითვალისწინონ?

უპირველესად ვეტყოდი, რომ ადგილზე უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ გვქონდეს იგივე სერვისი, რაც აქვთ საფრანგეთის თუ ევროპის სხვა ქვეყნების მცხოვრებლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ყველა თუ წავიდა და გაიქცა ქვეყნიდან, უბრალოდ ასეთ სისტემას სხვა ვერ ააშენებს და ვერ შექმნის.

თუნდაც იმ 17 ბავშვის მშობლები, რომლებიც აქონდროპლაზიის წამალს ითხოვენ… ეს შემთხვევა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა დანებდე ადამიანი. არ უნდა შეგრცხვეს, რომ გაქვს დაავადება და იბრძოლო იმისათვის, რომ ადგილზე გადარჩე. წასვლა არ არის გამოსავალი, რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, იქაც შეიძლება გეთქვას უარი მკურნალობაზე. იმიტომ, რომ სხვა ქვეყნისთვის უფრო უცხო ხარ, ვიდრე საკუთარი ქვეყნისთვის. საკუთარ ქვეყანაში ენა მაინც იცი, სისტემა მაინც იცი, ახლობელი გყავს, გულშემატკივარი გყავს.

უცხო ქვეყანაში როდესაც მიდიხარ, იქ უნდა თქვა, რომ არავინ გყავს. ვიღაც კეთილი ან არაკეთილი ადამიანის იმედად მიდიხარ. აქედან გამომდინარე, რაც შემიძლია ვურჩიო საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ახლა არის გამოსული ქუჩაში 17 ოჯახი და ითხოვს იმას, რაც ეკუთვნით, ასე უნდა გააკეთოს ყველა ადამიანმა, ვისაც აქვს ფინანსური თუ არაფინანსური პრობლემა და სურს სამედიცინო დახმარების მიღება.

საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არასწორი თუ არაჯანსაღი მენეჯმენტით, თუ სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე, ადამიანები ვერ იღებენ ჯერ კიდევ იმას, რაც მათ ნამდვილად ეკუთვნით.

ისევე როგორც სხვა უფლებები, ჯანდაცვის უფლებაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი უფლებაა ადამიანისთვის.

მეორე, თუ მაინც გადაწყვიტეს საფრანგეთში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში წასვლა, ჯერ აუცილებლად უნდა გაარკვიონ, რამდენად არსებობს მათი დაავადების მკურნალობის საშუალება იმ ქვეყანაში და რამდენად აქვთ შანსი.

მე მესმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ადამიანი, როცა აქვს ძალიან მძიმე დიაგნოზი, თითქმის შანსი არ არსებობს გადარჩენის, მაინც ფიქრობს, რომ ბრძოლას აქვს აზრი და, რა თქმა უნდა, ამაში ვერ შევეწინააღმდეგები.

უბრალოდ, კარგად უნდა გავაანალიზოთ, რამდენად გვიღირს წვალება იმისათვის, რომ წავიდეთ და სხვაგან ვცადოთ ბედი. კარგად უნდა ჩამოვყალიბდეთ და ამაში სამედიცინო საზოგადოების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  პაციენტები კარგად იყვნენ ინფორმირებული, დეტალურად აუხსნან პაციენტებს, რა დაავადება აქვთ, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს და თუ არსებობს რაიმე საშუალება. თუ არ არსებობს, ამასაც ნუ დავუმალავთ.

ხშირად, თარგმნის დროს პაციენტების ოჯახის წევრები მთხოვენ, რომ თუ რამე ისეთი თქვა ექიმმა, დავმალო და არ ვუთარგმნო პაციენტს. ეს არასწორია.

მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სისტემა საქართველოში განსაკუთრებით პაციენტების ინფორმირების ნაწილში. ჩვენთან, საავადმყოფოში გყავს ექთანი, როდესაც რამე მძიმე დიაგნოზის ცნობება გვინდა, სწორედ ეს ექთანი ესაუბრება პირველად პაციენტს. მხოლოდ სპეციალური ექთანი და არავინ სხვა.

ხშირად სასოწარკვეთილი პაციენტები მიკავშირდებიან. ვატყობ, მათ არა მხოლოდ იმის პრობლემა აქვთ, რომ ფინანსურად ვერ სწვდებიან მკურნალობის ხარჯებს, უბრალოდ დაიკარგნენ ათასნაირი გამოკვლევებით, ათასნაირი აზრებით. თუნდაც იმით, რომ ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუდგინეს. ან თუნდაც იმით, რომ არ იციან რა დაავადებაა. ხშირად ჩამოსულან აქ დაავადებით, ეგონათ, ორ თვეში იმკურნალებდნენ და წავიდოდნენ, მაშინ, როდესაც ჰქონიათ რაღაც ისეთი დაავადება, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვეში უბრალოდ ფატალურად დამთავრებულიყო.

საქართველოში ადგილზე, ერთი მხრივ, უნდა იბრძოლოს პაციენტმა, იმიტომ, რომ მას ნამდვილად ეკუთვნის მკურნალობა. განსაკუთრებით მწყდება გული, როდესაც ვხედავ ხანშიშესულ ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება მუშაობდნენ, ყველაფერი მიუძღვნეს საკუთარ ქვეყანას და ბოლოს, როდესაც დაუდგინდათ მძიმე დიაგნოზი, მათმა ქვეყანამ ვერ უზრუნველყო ამ ადამიანების გადარჩენა და გადაიხვეწნენ სხვა ქვეყანაში, იმისათვის, რომ გადარჩნენ.

ძალიან ბევრ ღირსეულ, კარგ ადამიანს ხშირად ქუჩაში ან საავადმყოფოს კიბეებზე ეძინათ დღეები, კვირები იმისათვის, რომ მიეღოთ სამედიცინო დაზღვევა. ეს, ვფიქრობ, ძალიან ცუდია და ჩვენნაირ ქვეყანას არ ეკადრება. ვფიქრობ, ქვეყანამ უნდა შეძლოს ჯანდაცვის სისტემის აწყობა, რომ ამ ადამიანებს არ მოუწიოთ საფრანგეთში წამოსვლა.

სამწუხაროდ, ვინც ჩამოდის, ზოგიერთს არ უმართლებს, ზოგიერთი ვერ იღებს იმას, რაც სჭირდება, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან ბევრი ადამიანი საფრანგეთის ჯანდაცვის წყალობით გადარჩა და დღესაც კარგად არის.

ოჯახში ძალადობის 1031 შემთხვევა – სამი თვის ოფიციალური სტატისტიკა

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ოჯახში ძალადობის 1031 შემთხვევა დარეგისტრირდა ოფიციალურად. ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა.

გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, წელს ოჯახში ძალადობის სტატისტიკა 8,87 პროცენტით გაიზარდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 1031 შემთხვევიდან 851, ანუ 82 პროცენტზე მეტი გახსნილია.

ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების შესახებ შს სამინისტროს პირველი სამი თვის სტატისტიკური ინფორმაცია წელს არ გამოუქვეყნებია.

გასულ, 2022 წელს, საქართველოში ოჯახში ძალადობის 4106 შემთხვევა დადასტურდა. გასულ წელს ოჯახში ძალადობის ფაქტზე 8748 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

75 წლის იაპონელმა მოხალისემ ხარკოვში უფასო კაფე გახსნა

75 წლის იაპონელი მოხალისე ფუმინორი ცუჩიკო უკრაინაში შარშან, ომის დროს ჩავიდა. როცა ხარკოვი გამუდმებით იბომბებოდა, ის ქალაქის მცხოვრებლებთან ერთად იმალებოდა მეტროსადგურში. აქ გაიცნო მან უკრაინელი მოხალისე ნატალია გრამა და მასთან და სხვა მოხალისეებთან ერთად ხარკოველებს საკვებით, მედიკამენტებითა და ჰიგიენური საშუალებებით ამარაგებდა.

ცოტა ხნის წინ იაპონელმა მოხალისემ ხარკოვში პატარა, უფასო კაფე გახსნა, FuMi Caffe, რომელიც კვირაში 7 დღე ცხელ კერძს სთავაზობს მათ, ვისაც ამის საშუალება არ აქვს. მასთან ერთად მუშაობს ნატალიაც, რომლის ქმარიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებშია და ამჟამად ბახმუტის დასაცავად იბრძვის.

იაპონელი მოხალისის უფასო კაფე ხარკოვში. ფოტო: Fuminori Tsuchiko/facebook
რიგი უფასო კაფესთან. ფოტო: Fuminori Tsuchiko/facebook

ბოლო დღეებია იაპონელი მოხალისის უფასო კაფე ხარკოვში უკრაინული და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

„ომის დროს ბევრმა ადამიანმა დაკარგა სახლი და სამუშაო. ყველა ქარხანა, ყველა ოფისი განადგურებულია. თუ ხალხს ფული არ ექნება, მშიერი დარჩება. გვინდა, დღეში ერთხელ მაინც მივაწოდოთ მათ  საკვები. მინდა ხალხმა გაიღიმოს, ბავშვებმა გაიღიმონ“ – უთხრა იაპონელმა მოხალისემ lyuk.media-ს.

კაფე ყოველდღიურად 500-მდე ადამიანს უმასპინძლდება ცხელი საკვებით და ძირითადად იაპონელი ხალხის შემოწირულებებით ფინანსდება.

იაპონელი მოხალისე სამუდამოდ უკრაინაში გეგმავს დარჩენას. მას მეუღლე 15 წლის წინ გარდაეცვალა, სახლი იაპონიაში უკვე გაყიდა, თანხის ნაწილი შვილებს გაუნაწილა და ამბობს, რომ ხარკოვიდან წასვლას არ აპირებს.

იაპონელი მოხალისის უფასო კაფე ხარკოვში. ფოტო: Fuminori Tsuchiko/facebook
უფასო სადილი. ფოტო: Fuminori Tsuchiko/facebook

ბახმუტში კონტრშეტევის შედეგად რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე პოზიცია დატოვეს – მედია

„უკრაინელმა მებრძოლებმა ბახმუტში კონტრშეტევის შედეგად აიძულეს მტერი დაეტოვებინათ ზოგიერთი პოზიცია“ – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს უკრაინის თავდაცვის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებაზე დაყრდნობით.

„წინსვლისთვის მტერი იყენებს მაქსიმალურ ძალისხმევას და არაფერს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, „ვაგნერის“ ახალი, მოიერიშე და სხვა კომპანიების ჯგუფები ერთვებიან ბრძოლაში, მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქის [ბახმუტის] კონტროლს.

სიტუაცია საკმაოდ რთულია. ამასთან, ქალაქის ზოგიერთ მონაკვეთში ჩვენი ქვედანაყოფების კონტრშეტევის შედეგად მტერმა დატოვა რამდენიმე პოზიცია“ – ციტირებს „უკრაინსკაია პრავდა“ სირსკის.

სირსკის თქმით, ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება ბახმუტის მიმართულებით, მაგრამ მტერმა ჯერ ვერ შეძლო უკრაინის დაცვის პოზიციების გარღვევა.

ასევე, უკრაინული მედიის ცნობით, ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა მებრძოლებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთი თავდასხმა მოიგერიეს. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ასევე ვერ შეძლეს უკრაინული პოზიციების დაკავება, უკრაინის ძალებმა კი 10 ოკუპანტი ტყვედ აიყვანეს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი მაისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 190 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +450]
  • ტანკი – 3 700 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 7 192 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 2 921 ერთეული [+7]
  • MLRS – 544 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 295 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 476 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 932 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 845 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 359 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 1-ელ მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 413 თვითმფრინავი
  • 230 ვერტმფრენი
  • 3 913 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 927 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 095 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 703 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 893 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბახმუტში კონტრშეტევის შედეგად რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე პოზიცია დატოვეს – მედია

ბათუმში ჭადრაკის სასახლის აშენებას გეგმავენ

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალაშენებული სპორტკომპლექსის მიმდებარედ, აჭარის მთავრობა ჭადრაკის სასახლის მშენებლობას გეგმავს.

„თანამედროვე სტანდარტების ჭადრაკის სასახლის მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის“ შესყიდვისთვის, სავარაუდო ღირებულების დასადგენად „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ბაზარს იკვლევს.

სავარაუდო ფასების დადგენის შემდეგ კი, ჭადრაკის სასახლის მშენებლობაზე კომპანია კონკურსს გამოაცხადებს.

ტერიტორია, სადაც ჭადრაკის სასახლე უნდა დაპროექტდეს, 8 250 კვადრატული მეტრია და ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

წითელი ფერით მონიშნულია ტერიტორია სადაც ჭადრაკის სასახლე უნდა დაპროექტდეს

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ „საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვის საკონკურსო დოკუმენტაციას“  და თავიანთი შეთავაზებები კომპანიას წარუდგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 5 მაისისა.

 

[toggle title=”ჭადრაკის სასახლის პარამეტრების სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

„თანამედროვე სტანდარტების ჭადრაკის სასახლის შენობა უნდა იყოს ორსართულიანი, არქიტექტურულ-გეგმარებითი თვალსაზრისით უნდა დაპროექტდეს ერთ შენობად, შენობის ფასადის დიზაინში გათვალისწინებული უნდა იყოს ჭადრაკის ელემენტები.

შენობაში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფუნქციონალური სეგმენტები:

  • სატურნირო დარბაზი – 2 – თითოეული 600 კვ.მ; სატურნირო დარბაზები უნდა განთავსდეს ორივე სართულზე, დარბაზების სიმაღლე არანაკლებ 4 მეტრი (სიმაღლე განისაზღვროს სივრცის აღქმადობის მიხედვით); დარბაზების შიდა სივრცე დაყოფილი ჭადრაკის ფიგურების ვიზუალის მქონე კოლონებით (თითოეულში არაუმეტეს 2 კოლონა);
  • სამეცადინო ოთახები – 8 ოთახი, თითო დარბაზთან 4 (თითოეული 25-30 კვ.მ); ვიტრაჟული ხედით დარბაზთან; ვიტრაჟი უნდა იყოს ცალმხრივად ყურებადი შიგნიდან გარეთ;
  • სამედიცინო ოთახი – 2 – თითოეული 15 კვ.მ. სამედიცინო ოთახები უნდა განთავსდეს ორივე სართულზე სატურნირო დარბაზებთან;
  • ადმინისტრაციული ოთახები – 3 ( 20 კვ.მ 15 კვ.მ 15 კვ.მ); საკონფერენციო ოთახი, სადაც ასევე იქნება სპორტსმენებისთვის კომპიუტერებით და
    საჭადრაკო პროგრამებით უზრუნველყოფილი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სივრცე – 50 კვ.მ; შენობის ტექნიკური პერსონალის სივრცე – 2 ოთახი, (15-15 კვ.მ); სასაწყობე ფართობი – 30 კვ.მ
  • სპორტული მაღაზიის ფართობი – 15 კვ.მ და სპორტულ-ლიტერატურული სივრცე საჭადრაკო ბიბლიოთეკით + კვების ობიექტი – 70 კვ.მ
  • გარდერობი – 600 სპორტსმენზე გათვლილი დარბაზის შესაბამისად;
  • სან. კვანძები ტურნირების მონაწილეთათვის სატურნირო დარბაზების ირგვლივ – 30 მონაწილეზე არანაკლებ 1 საპირფარეშო, (არანაკლებ 16 მამაკაცებისთვის, 10 ქალებისთვის), დამატებითი რაოდენობა შშმ პირებისთვის, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სანკვანძების ზუსტი რაოდენობა დაზუსტდეს ნორმების შესაბამისად აღნიშნულ პუნქტში მოცემული რაოდენობის გათვალისწინებით;
  • სან. კვანძები ადმინისტრაციისთვის და სპორტსმენთა თანმხლები პირებისთვის – (3 მამაკაცებისთვის, 3 ქალებისთვის), დამატებით 2 შშმ პირებისთვის; სანკვანძების ზუსტი რაოდენობა დაზუსტდეს ნორმების შესაბამისად აღნიშნულ პუნქტში მოცემული რაოდენობის გათვალისწინებით;
  • სასტუმროს ნომრები – 15 ოთახი (თითოეული ორ ადგილიანი ოთახი მინიმუმ 20 კვ. აქედან, 2 ნომერი ადაპტირებული შშმ პირებისთვის) (ამ ნომრებში შესაძლებელი უნდა იყოს მოწვეული მწვრთნელების და მსაჯების დაბინავება, ასევე, უცხოეთიდან მოწვეულ ნაკრებებთან შეკრებების ორგანიზება და ა.შ); სასტუმრო სივრცე უნდა მოიცავდეს მისაღებს „რესეფშენი“;
  • სატრენაჟორო დარბაზი – 50 კვ.მ, სატურნირო დარბაზებს უნდა გააჩნდეს აივანი (მოსაწევი სივრცე); შენობის ირგვლივ მიმდებარე ფართობის კეთილმოწყობა – „ეზოს ჭადრაკის“ ფართობის მოწყობით 4×4 მ= 16 კვ. მ. 17. საპარკინგე სივრცე – საქართველოში მშენებლობისთვის არსებული ნორმების შესაბამისად;
  • სპორტული განათება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 450 ლუქსს; დარბაზების იატაკებისათვის გამოყენებული უნდა იყოს ისეთი მასალა, რომელიც
    მოძრაობის დროს არ იწვევდეს ხმაურს; სასახლის ტერიტორია უნდა იყოს შემოღობილი, ხოლო წინა ღობე უნდა იყოს დეკორატიული.“
წყარო: „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“/შესყიდვების პორტალი

[/toggle]

 

„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ [ყოფილი შპს სტადიონი“] არის სახელმწიფო კომპანია, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, ხოლო პარტნიორის უფლებამოსილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს.

სამინისტრომ 2017 წელს, მაშინდელ შპს „სტადიონს“, ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში ახალი ყინულის არენის მშენებლობაც დაავალა, რათა საჭადრაკო ოლიმპიადა ჩაეტარებინა. მშენებლობა დაიწყო, ოლიმპიადაც ჩატარდა, თუმცა, ყინულის არენის მშენებლობა აღარ დაუსრულებიათ.

2018 წლისთვის აჭარის მთავრობა ვერ ასწრებდა 61,9-მილიონიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულებას [ლეონიძის ქუჩაზე], რაც საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარებისთვის იყო გათვლილი და აუცილებელი.

მაშინ გამოსავალი აჭარის მთავრობამ იმაში ნახა, რომ ტენდერის გარეშე აეშენებინა ახალი სპორტკომპლექსი, რომლის ერთ დარბაზს ოლიმპიადისთვის გამოიყენებდნენ, შემდეგ კი, ყინულის არენად გადააკეთებდნენ [ძველ ყინულის სასახლეს კი დაშლიდნენ].

ახალი ყინულის არენის პროექტის ღირებულება, რომელიც საცურაო აუზის მშენებლობასაც მოიცავდა, 19 990 002 აშშ დოლარი იყო. ყინულის არენის მშენებლობა, 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო.

„ყინულის არენისთვის“ დახარჯული მილიონები და არშემდგარი პროექტი, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშიც მოხვდა. ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ბათუმის ყინულის სასახლის ვერშემდგარი პროექტი და დაკარგული მილიონები – რა გაარკვია აუდიტმა

ქობულეთის შემოვლითი გზა შესაძლოა 4-ზოლიანად გადააკეთონ – 10,5 მილიონი პროექტისთვის

ქობულეთის შემოვლითი 2-ზოლიანი გზა, შესაძლოა 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადააკეთონ. მანამდე საჭიროა შესაბამისი კვლევა და პროექტი, რომელიც სხვა დეტალებთან ერთად განსახლებისა და შესაბამისი კომპენსაციების გაცემასაც უნდა ითვალისწინებდეს. არსებული გზა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და პროექტი კერძო საკუთრებას აუცილებლად შეეხება.

ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ ახალი გზის სავალი ნაწილი უნდა მოეწყოს არსებული გზის გასწვრივ და მოძრაობის ნაკადების შეუფერხებლად.

„ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10,5 მილიონი ლარია.

წინადადებების მიღება 2023 წლის 26 მაისს დაიწყება და 31 მაისს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით, ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთების დეტალური პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა/კონსულტანტმა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, 18 თვეში უნდა მოამზადოს.

კონსულტანტისგან გზების დეპარტამენტი მომსახურებას 2 ნაწილად შეისყიდის – ჯერ, კვლევა-დასაბუთებას და შემდეგ დეტალურ პროექტს.

დეტალური პროექტის მომზადებით განისაზღვრება იმ თანხის სავარაუდო ოდენობაც, რაც ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის იქნება საჭირო.

თუმცა, გზების დეპარტამენტი – თუ კვლევის შედეგებს გზის 4-ზოლიანად გადაკეთებისთვის არასაკმარისად ჩათვლის – იტოვებს უფლებას შეაჩეროს ხელშეკრულება და აღარ გააგრძელოს პროექტირებაზე მუშაობა.

„ქობულეთის შემოსავლელი გზა იწყება შეკვეთილიდან და სრულდება ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან, აღნიშნული საავტომობილო გზის სრული სიგრძე შეადგენს დაახლოებით 31,3 კილომეტრს“ – აღნიშნულია სატენდერო დავალებაში.

ინფორმაციისთვის:

[checklist]

  • 4-ზოლიანად გადაკეთების შემდეგ, ქობულეთის მაგისტრალი, შეკვეთილიდან, გრიგოლეთი-ქობულეთის გზის გაგრძელება იქნება, რომელიც ასევე 4-ზოლიანია და რომლის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის. გასული წლის ბოლოს ამ გზის მხოლოდ 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს.
  • ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან კი, იწყება ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც 2-ზოლიანი იქნება, და რომლის მშენებლობაც ამ დრომდე არ დასრულებულა.
  • ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება ჭოროხი-სარფის ახალი მაგისტრალი უნდა იყოს. ამ გზის პროექტირების დასრულება 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, მშენებლობის კი – 2020 წლის გაზაფხულზე, თუმცა, დღეს პროექტიც არ არის მზად. ჭოროხი-სარფის ახალი გზის პროექტირება, ბოლო ინფორმაციით 2023 წელში უნდა დამთავრდეს.

[/checklist]

აღსანიშნავია ისიც, რომ 2 თვის წინ, ჯაპანა-სამტრედიის მშენებარე ავტობანზე რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა.

მეწყრის საშიშროების გამო კი, რიკოთის უღელტეხილზე [სადაც ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს] ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმი არაპროგნოზირებადია.

ქობულეთის შემოვლითი გზა

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკური დავალებიდან:

  • „არსებული გზების და სხვა ხელოვნური ნაგებობების მოდერნიზება საჭიროების მოძრაობის გამტარუნარიანობის გაზრდას, მათ შორის საშუალო ტოპოგრაფიულ და გეოლოგიურ მდგომარეობაში არსებული ხელოვნური ნაგებობების მოდერნიზებას მოძრაობის ნაკადების შეუფერხებლად.

ღონისძიება 1: ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა; პროექტის განხორციელებადობის დადგენა.

ღონისძიება 2: ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რაც საშუალებას მისცემს დამკვეთს მშენებლობისათვის შეისყიდოს სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება.

შენიშვნა: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მე-2 ღონისძიების გაგრძელებაზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის [პირველი ღონისძიების] შედეგებისა და მიგნებების საფუძველზე.

„ღონისძიება 1“-ის მიგნებებში გამოკვეთილი რეკომენდაციების შედეგების საფუძველზე, დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გააგრძელოს აღნიშნული დავალება. დეპარტამენტს ასევე აქვს უფლება შეაჩეროს ხელშეკრულება.

  • ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადებისას, კონსულტანტმა, ხარჯების ეფექტიანობის მიღწევის მიზნით, უნდა გაითვალისწინოს საინჟინრო და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები ყველა ელემენტისათვის. პროექტის შერბილება შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც საჭირო ეკონომია იქნება მიღებული და სადაც უსაფრთხოებაზე არ იქონიებს მნიშვნელოვან ზემოქმედებას.
  • კონსულტანტი მოამზადებს განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტს, რომელშიც გაწერილი იქნება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის შეძენის, ადგილობრივი ოჯახებისა და კომერციული საწარმოების ფიზიკური ადგილმონაცვლეობის, შემოსავლების დაკარგვისა და პროექტის განხორციელებით გამოწვეული სხვა სოციალური შედეგების პოლიტიკა და პროცედურები.
  • კონსულტანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აღნიშნული პროექტი არის არსებული გზის 4-ზოლიანად მოდერნიზება, და კონკრეტულად კი ის
    ფაქტი, რომ ახალი გზის სავალი ნაწილი მოეწყობა არსებული გზის გასწვრივ და გამოყენებული უნდა იქნას საპროექტო სტანდარტები ისე, რომ ისინი შესაბამისობაში მოდიოდეს არსებული მიმართულების გეომეტრიასთან და ა.შ.
  • „ღონისძიება 1“-ის განხორციელებისთვის, ანუ, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის, გამოყოფილია 4 თვე.
  • კონსულტანტმა უნდა წარმოადგინოს შედეგები რომელიც როგორც მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    – გზის სიგრძე, სიგანე, საფარის კონსტრუქცია, საინვესტიციო, განსახლების, გარემოს დაცვითი, წლიური მოვლა-შენახვის ხარჯები; მოსალოდნელი ნორმალური მოძრაობის ინტენსივობა გახსნისას, მოსალოდნელი გენერირებული/ინდუცირებული მოძრაობა გახსნისას, მოძრაობის მოსალოდნელი გადართვა გახსნისას, მოძრაობის ინტენსივობა სულ გახსნისას;
  • ასევე: მგზავრობის დრო ავტომობილებისათვის, დაღუპვის სიხშირე, ეკონომიკური მოგების შიდა ნორმა, წმინდა დისკონტირებული ღირებულება, მოსახლეობა, რომელსაც მოემსახურება გზა, უპირატესობები, არახელსაყრელი პირობები“.

„ოთხზოლიანი რომ გახდეს მოძრაობა, საჭიროა, ინტენსივობა გახდეს უფრო მაღალი. უნდა არსებობდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა… სავალი ზოლი ავარიების გამო არ დამატებია ქუთაისის შემოვლით გზას, ეს დაემატა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გამო,“ – უთხრა დაახლოებით 1 წლის წინ „ბათუმელებს“ სალომე წურწუმიამ, გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, რომელსაც გახშირებული ავარიების გამო, ვკითხეთ ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად შესაძლო გადაკეთებაზე, ასევე, რატომ გახადეს, მაგალითად, ქუთაისის შემოვლითი გზა ოთხზოლიანი, სადაც ხშირად ხდებოდა ავარია და იღუპებოდნენ ადამიანები.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე:

მე-11 დაღუპული – დეპარტამენტში ამბობენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა

 

 

აგროსერვისცენტრები აჭარის მთავრობამ ვერც ცალ-ცალკე გაყიდა | ხელახალი აუქციონები

აუქციონები, რომლებზეც აჭარის მთავრობა აგროსერვისცენტრის ხუთ შენობას, მიწასთან და მოძრავ ქონებასთან ერთად, ყიდდა, არ შედგა. არ შედგა წინა აუქციონიც, სადაც ყველა ქონება ერთ აუქციონზე იყო გასაყიდად გამოტანილი.

პირობებიანი აუქციონები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელახლა გამოაცხადა.

ამჯერადაც, აჭარაში აგროსერვისცენტრები კვლავ ცალ-ცალკე აუქციონებზე იყიდება და ყველა აუქციონი 2023 წლის 11 მაისს დასრულდება.

ქონების გასაყიდი ფასები და ძირითადი პირობები უცვლელია.

განახლება: აუქციონები არც 11 მაისს შედგა

ქონების და პირობების შესახებ დეტალების სანახავად გადადით ამ ბმულზე:

მთავრობა ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში აგროსერვისცენტრებს ყიდის

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აპრილის 21 საათიდან პირველი მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი 
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი 
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა: +13 გრადუსი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარაში 2 მაისს, ძირითადად ღამით მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა, 3 და 4 მაისს კი, უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 190 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470]
  • ტანკი – 3 699 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 7 189 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 2 914 ერთეული [+6]
  • MLRS – 544 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 295 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 475 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 932 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 842 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 357 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 413 თვითმფრინავი
  • 230 ვერტმფრენი
  • 3 905 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 920 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 095 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 695 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 882 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მოქალაქეები აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ითხოვენ – აქცია ბათუმში

დღეს, 29 აპრილს ბათუმში აქონდროპლაზიით დაავადებული ბაშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერი აქცია გამართეს. მოქალაქეები მოითხოვენ მთავრობამ დროულად მიიღოს  გადაწვეტილება წამლის შემოტანასტან დაკავშირებით. აქციას ესწრებოდნენ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები და მათი ახლობლებიც.

სოლიდარობის აქცია ბათუმში
სოლიდარობის აქცია ბათუმში

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ და საქართველოში მათი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანასა და სახელმწიფოს დაფინანსებას ითხოვენ.

ამ მოთხოვნით დედები უკვე ერთი კვირაზე მეტია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 24- საათიან რეჟიმში იმყოფებიან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

სოლიდარობის აქცია ბათუმში

 

მშობლების მოთხოვნის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 აპრილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წამლის დაფინანსების პრობლემა ქვეყანაში არ დგას, რადგან საუბარია დაახლოებით 10 მილიონზე. თუმცა მთავრობა ამ ნაბიჯს ჯერ არ გადადგამს, რადგან მას პრეპარატის შემოსატანად დამატებითი სამედიცინო მტკიცებულებები სჭირდება.

საუბარია პრეპარატ Voxzogo-ს (აქტიური ნივთიერება – ვოსორიდიტი), რომელსაც 2021 წელს აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) ავტორიზაცია მისცა. ეს პრეპარატი პირველია, რომელიც გამოიყენება სინდრომისა და მისგან გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ. მშობლები ამბობენ, რომ მისი მიღება ეფექტურია მხოლოდ გარკვეულ დრომდე, კერძოდ – 18 წლამდე.

სოლიდარობის აქცია ბათუმში

ვის მიანიჭა მერიამ საპატიო ბათუმელის ტიტული

დღეს, 29 აპრილს „ბათუმობის“ დღესასწაულზე მერიამ  15 პირს საპატიო ბათუმელის წოდება მიანიჭა.

საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭათ:

მანანა ძიძიშვილს, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის.

გურამ ტურაშვილს,  ბათუმის პოპულარიზაციასა და ფოტოარქივის შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

გიორგი (გოგი) მურვანიძეს, ბათუმში სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ირინა ხერჟს, ბათუმში საფორტეპიანო სკოლისა და სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ქეთევან მანელიშვილს, სამუსიკო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ნუგზარ მიქაძეს, ქართული ხალხური საცეკვაო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ედიშერ მჟავიას, ქართული ხალხური საცეკვაო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

არქიმანდრიტ ნიკოლოზ ღლონტს, ნაყოფიერი საზოგადოებრივი და სასულიერო მოღვაწეობისთვის.

გიორგი ასამბაძეს, აჭარის რეგიონში საგზაო უსაფრთხოებისა და დანაშაულთან ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ირაკლი (მაილო) ჯაშს, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის.

ჯონი (იოანე) ბარამიძეს, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის.

ზურაბ ჩიხლაძეს, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

დიმიტრი ცეცხლაძეს, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

მარინა კალოიანს, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

შალვა ტაბაღუას, ბათუმში მასობრივი სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

 

„ბათუმობის“ განრიგი

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 190 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580]
  • ტანკი – 3 697 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 7 184 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 2 908 ერთეული [+18]
  • MLRS – 543 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 294 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 471 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 932 ერთეული [+21]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 836 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 355 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 413 თვითმფრინავი
  • 230 ვერტმფრენი
  • 3 901 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 904 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 095 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 688 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 843 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უსინათლო კაცი: მერიამ სიმინდის სახარში წამართვა, მათხოვრობას ვერც თავს ვაკადრებ, ვერც ბათუმს

„დამიბრუნონ სიმინდის სახარში“, – რამდენჯერმე იმეორებს ზურა მსახურაძე და მოუსვენრად აკაკუნებს ტროტუარზე ჯოხს – შეხებით რომ იგრძნოს, ზუსტად რა ადგილას დგას და სად ხარშვამდე სიმინდს, ვიდრე მას ღამით მოჰპარავდნენ.

ზურაბ მსახურაძე 62 წლის უსინათლოა. იგი ამბობს, რომ 40 წელია ვერ ხედავს, ხელისუფლებამ კი, ხელშეწყობის ნაცვლად, საარსებო წყაროს გარეშე დატოვა – მოქალაქის თქმით, გუშინ წინ, ღამით, მერიის თანამშრომლებმა მისი სიმინდის სახარში მოწყობილობა ბათუმში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩიდან გაფრთხილების გარეშე წაიღეს.

„…როცა გამოვედი და მითხრეს, შენი „ბუტკა“ არ არსებობსო, კინაღამ გავგიჟდი. ეს იყო ჩემი საარსებო წყარო. 40 წელია ვერ ვხედავ და ამაში ვაყოლებ ჩემს დარდებს. ამასაც რომ წამართმევ და შემიზღუდავ, ეს მთავრობაა? არჩევნების დროს, კი ბატონო, მობრძანდი, შენი ჭირიმე,“ – ამბობს ზურაბ მსახურაძე და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბათუმის მერიას შერჩევითი მიდგომა აქვს.

„სამუშაო არ მქონდა, დღეს ვინ მუშაობს? წარმოებები აღარ გვაქვს. მათხოვრობით არ ვიმათხოვრებ: ვერც ჩემს თავს ვკადრებ და ვერც ქალაქს – ბათუმს, ჩემს კუთხეს.

„გამანადგურეს. მითხრეს, შენი „ბუტკა“ არ არსებობსო, კინაღამ გავგიჟდი“ - უსინათლო კაცი

თვითდასაქმება გადავწყვიტე. აქ დავდგი სიმინდის სახარში აპარატი, ჩემს სახლთან ახლოსაა…წყალი რომ მქონდა სიმინდის ნახარში, უკან მიმქონდა, არ ვასხამდი, ქუჩა არ დაბინძურდეს და მტვერი არ დადგეს-მეთქი. ნებართვა არ მქონდა, მაგრამ როგორც გამონაკლისი, თვალს ხუჭავდნენ ჩემზე.

წელს შევხდი არჩილ ჩიქოვანს და ვუთხარი, ვინაიდან ეს ლამაზი არაა, მომეცი ნებართვა და ესკიზს გავაკეთებ ლამაზად, ჯიხურს ჩავდგამ, როგორც ეს სხვებს აქვთ, უარი მითხრეს, არ შეიძლება ქალაქშიო. თქვენ რომ დაგრთოთ ნება, ფეხით მოსიარულეებს შეექმნებათ დისკომფორტიო.

სხვებისთვის თუ შეიძლება, ჩემთვის რატომ რ შეიძლებოდა? ნებისმიერ ქუჩაზე ვერ გაივლი იმდენი კაფეებია. ეს შერჩევითია. კანონი მარტო ჩვენთვის მოქმედებს, სხვისთვის რატომ არ მოქმედებს?“ – კითხულობს უსინათლო კაცი.

ზურაბ მსახურაძე ცოლთან ერთად

ზურაბ მსახურაძე ფილოლოგია, თუმცა სხვაგან დასაქმება ვერ შეძლო. იგი გვიყვება, რომ არსებულ გარემოში, რომელიც შშმ პირებსა და უსინათლოებზე მორგებული არ არის, დასაქმება განსაკუთრებით რთულია.

„უცხოელები ვიდეოს მიღებდნენ, როცა ხედავდნენ, რომ უსინათლო კაცი ვმუშაობდი… ჩემ მეტი ბათუმში დამოუკიდებლად ვინმე არ დადის უსინათლო. მერიაშიც ეს ვუთხარი: სიამაყეა ეს თქვენთვის, რომ უსინათლო კაცი მუშაობს.

პირიქით – გამანადგურეს, პურის ფულიც არ მაქვს.

ასთმა მაწუხებს, არითმიაც, ყოველ მეორე დღეს 8 – 10 ლარის წამალი მინდა, სახლში მხოლოდ მე და ჩემი ცოლი ვართ, ისიც ავარიაში მოხვდა, ყავარჯნებით გადაადგილდება, შვილები ცალკე ცხოვრობენ, ისინი რომ არ მეხმარებოდნენ, მშიერი მოვკვდებოდი – ორი პენსიიდან მხოლოდ 400 ლარს ვიღებთ, ორივეს საპენსიო სესხი გვაქვს,“ – ამბობს ზურაბ მსახურაძე და თავის სახლსაც გვაჩვენებს – ერთოთახიანი ბინა იტალიურ ეზოში, პირველ სართულზე.

„ესაა ჩემი ბინა, სხვა არაფერი მაქვს და სოციალურსაც არ მაძლევენ,“ – ოთახის შუაში ჩერდება ზურაბ მსახურაძე და ისევ ხელის ცეცებით კარადის უჯრაში ეძებს დოკუმენტებს: სოციალური დაცვის სააგენტოდან მიღებულ წერილებს, მერის პასუხებს…

„10-ჯერ მივმართე სააგენტოს, მაგრამ გათბობა ელექტრო ბატარეა გვაქვს, ბევრს წვავს, ერთი პენსია მაგას მიაქვს, შენ მდიდარი ყოფილხარ, რადგან იხდიო,“ – ამბობს ზურაბ მსახურაძე.

უსინათლო კაცი, პირველ რიგში, თავისი მოწყობილობის დაბრუნებას ითხოვს და ნებართვას, რის საფუძველზეც მას ქუჩაში, ან მერიისთვის მისაღებ ადგილზე ისევ ექნება სიმინდების გაყიდვის საშუალება.

ზურაბ მსახურაძე აპირებს შიმშილობა დაიწყოს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, თუ მას მთავრობიდან ისევ ვერ დაინახავენ.

„საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები, რა ევროკავშირი?“ – კითხვა აქვს უსინათლო კაცს ხელისუფლებასთან.

სკუტერებით სარგებლობა ბათუმის ბულვარში 2024 წლის ინვრამდე დასაშვები იქნება

ბათუმის ბულვარში ელექტროსკუტერებით სარგებლობა 2024 წლის პირველ იანვრამდე დასაშვები იქნება, შესაბამისი ცვლილების მოთხოვნით ბათუმის მერიას ბულვარის ადმინისტრაციამ მიმართა, მერიამ კი თავის მხრივ საკრებულოს.

ბათუმის ძველ ბულვარში,  ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ ტერიტორიამდე მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება 2019 წელს აკრძალეს. გადაწყვეტილება მაშინაც ბათუმის საკრებულომ ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით მიიღო.

ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი აცხადებდა, რომ ელექტრომობილები ველობილიკიდან სასეირნო ბილიკზე გადადიოდნენ, რის გამოც ხშირი იყო ავარიის, ქვეითად მოსიარულეებზე შეჯახების და არც თუ ისე მსუბუქად დაზიანების შემთხვევები. ადგილი ჰქონდა სიჩქარის გადაჭარბების გამო ავარიის შემთხვევებს ველობილიკზეც.

განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ 2019 წელს დაამტკიცა, შეზღუდვა მხოლოდ შს სამინისტროს, ბულვარის დაცვისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე არ ვრცელდებოდა, რომლებიც ბულვარში კონტროლის მიზნით ელექტრომობილებით გადაადგილდებიან.

2023 წლის 24 აპრილს, ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მიქელაძემ საკრებულოს დადგენილების 2024 წლის იანვრამდე შეჩერება ოფიციალურად სთხოვა.

ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მოიჯარეთა უმრავლესობა არ მუშაობდა. 2022 წლის ზაფხულის სეზონზე კი თვალსაჩინო გახდა, რომ ელექტროტრანსპორტი და მათ შორის ეგრეთ წოდებული ელექტროსკუტერები განსაკუთრებული პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე უცხოელ ვიზიტორებში.

„ამასთან ხსენებული ელექტროტრანსპორტი არის ეკომეგობრული, რომელსაც არ აქვს გამონაბოლქვი, რაც ნაკლები ზიანის მომტანია გარემოსთვის“, – წერს ლაშა მიქელაძე.

„ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, გთხოვთ განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები… რომლის მიხედვითაც ზემოხსენებული ელექტროტრანსპორტის, მათ შორის ელექტროსკუტერების გადაადგილება დასაშვები იქნება 2024 წლის 1 იანვრამდე.“

ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის, დავით კოპინაძის განმარტებით, ელექტრომობილების გადაადგილება 2024 წლის იანვრამდე ბულვარში დასაშვები გახდება მხოლოდ ველობილიკებზე.

ბათუმის საკრებულომ შესაბამისი განკარგულების პროექტი დღეს, 28 აპრილს დაამტკიცა.

ბელარუსი პოლიტდევნილი თურქეთში გადავიდა და საქართველოში აღარ შემოუშვეს – აქტივისტი

„ბელარუს პოლიტიკურ აქტივისტეს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს,“ – აცხადებს ალექსეი პალაშოვი, იგი აჭარის რეგიონში ბელორუსი დიასპორის ხელმძღვანელია და დღეს, 28 აპრილს ბრიფინგი მოაწყო.

ალექსეი პალაშოვის თქმით, ბელარუსი პოლიტიკური აქტივისტი – ევგენი გაცაკი უკვე ორი წელია საქართველოში ცხოვრობს, რამდენიმე დღის წინ კი, თურქეთში გადავიდა – სარფის საბაჟოზე მას საქართველოში დაბრუნებაზე უარი უთხრეს.

„…საერთოდ არაფერი განუმარტეს, უკან გააბრუნეს… ის გაექცა დევნას ბელარუსში 2020 წლიდან, როგორც იცით, იქ ტერორია. შეიძლება ომიდან და მსოფლიო ვითარებიდან გამომდინარე მთლად ისე არ არის, როგორც ადრე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან არაფერი დასრულებულა.

მომდევნო დღეს ევგენი გაცაკმა ისევ სცადა საზღვარი გადმოეკვეთა, მას მოსთხოვეს დალოდება. ის იმყოფებოდა ნეიტრალურ ზონაში სარფის საზღვარზე მესაზღვრეებთან 5 საათზე მეტ ხანს, დასრულდა ყველაფერი იმით, რომ ის უკან გააბრუნეს თურქეთში.

ჩვენ არ ვმონაწილეობთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ არაფერი გვჭირდება საქართველოს საშინაო პოლიტიკისგან, ჩვენ მხოლოდ გვინდა, რომ დევნილებისთვის ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხო,“ – აღნიშნა ალექსეი პალაშოვმა „ბათუმელებთან“.

მთავარი ფოტო: ბელარუსიელების საპროტესტო აქცია ბათუმში

წამალი უფასოდ მეკუთვნის, მაგრამ აფთიაქიდან აფთიაქში დავდივარ და ვერ ვიღებ

ბათუმელ ირაკლი ცეცხლაძეს სპეციალური სამაჯური უკეთია წარწერით – „ეპილეფსია“. ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი საჭირო მედიკამენტს დროულად ვერ მიიღებს და ამის გამო შესაძლოა ქუჩაშიც დაეცეს, რადგან არის შემთხვევები, როცა სასწრაფო დახმარების დროს ექიმი ვერ ცნობს ეპილეფსიის ნიშნებს, ამიტომ ირაკლიმ თავად იპოვა ასეთი გამოსავალი, რადგან მას სისტემა ამ შემთხვევაში ვერ ეხმარება.

ირაკლი ცეცხლაძე ეპილეფსიის მედიკამენტს ბავშვობიდან იღებს. მედიკამენტი უფასოდ ეკუთვნის სახელმწიფო პროგრამიდან, თუმცა აფთიაქში წამალი ან არ აქვთ, ან იმ რაოდენობას ვერ სთავაზობენ, რაცა მას სჭირდება.

რატომ ვერ მუშაობს სახელმწიფო პროგრამა?

წამლის ძებნაში -  სახელმწიფო პროგრამა, რომელიც არ მუშაობს

ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, თუმცა, რეალურად, სახელმწიფო პროგრამა არ მუშაობს – პაციენტები კი ბიუროკრატიის გამო ვერ ახერხებენ მათთვის განკუთვნილი დოზის მიღებას და წამლის საკუთარი სახსრებით შეძენა უწევთ.

„აფთიაქში მეუბნებიან, რომ საერთოდ არ არის ეს წამალი ბაზაში, ან თუ არის, მე რაც მეკუთვნის, სრულად ვერ ვიღებ. თითქოს გვაფინანსებს სახელმწიფო, მაგრამ მაინც ყიდვა გვიწევს ამ წამლის.

ვფიქრობ, განზრახ ქმნიან ბარიერებს, რომ პაციენტმა ხელი ჩაიქნიოს,“ – ამბობს ირაკლი ცეცხლაძე, რომელიც ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვობიდან იღებს.

მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის მისაღებად აფთიაქიდან აფთიაქში უწევს სიარული, თუმცა საბოლოოდ, მაინც წამლის გარეშე რჩება.

ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტი „დეპაკინი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება, რეალურად, პაციენტებამდე ვერ აღწევს.

„დღესდღეობით მიწევს დეპაკინის მიღება, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, წესით, ნებისმიერ ქსელურ აფთიაქში უფასოდ უნდა მივიღო ის დოზა, რაც მეკუთვნის.

ოჯახის ექიმი მიწერს სამი თვის დოზას, მაგრამ აფთიაქში მეუბნებიან, რომ საერთოდ არ არის ეს წამალი ბაზაში, ან თუ არის, მე რა დოზაც მაქვს გამოწერილი, ის რაოდენობა არ აქვთ.

მაგალითად, თუ მეკუთვნის 10 კოლოფი, აფთიაქში ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი ან ორი კოლოფი აქვთ და ამ რაოდენობას არ მიწერენ, რადგან ვერ გაატარებენ პროგრამულად,“ – აგვიხსნა ირაკლი ცეცხლაძემ.

მისი თქმით, ეს მენეჯმენტის პრობლემაა და  სახელმწიფოს შეეძლო მოეგვარებინა, თუმცა ამ დრომდე არაფერი კეთდება. პაციენტს აქვს თავისი ხედვა, სახელმწიფო ნების შემთხვევაში, როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის დარეგულირება.

„სახელმწიფოს შეეძლო არ გადაენაწილებინა ეს წამლები აფთიაქებში და ყოფილიყო დამოუკიდებელი ბაზა სადღაც, ან თუნდაც ოჯახის ექიმთან და მას მოეცა საჭირო დოზა.

მეორე გამოსავალი არის ის, რომ არ დაეფინანსებინა, ვთქვათ, სახელმწიფოს 100 პროცენტით ეს მედიკამენტი და ყოფილიყო 50 პროცენტი და თანაბრად გადანაწილებულიყო ყველაზე. რატომღაც არც ამას აკეთებს სახელმწიფო,“ – ამბობს ირაკლი ცეცხლაძე.

ირაკლი ცეცხლაძე: „აფთიაქიდან აფთიაქში ამ ველოსიპედით დავდივარ“.

მის თქმით, ხშირად აფთიაქიდან აფთიაქში წამლის ძებნაში ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტსაც ვადა გასდის და შემდეგ ახალი რეცეპტის გამოწერას სამი თვე უნდა ელოდოს პაციენტი.

„სულ 1-2 შემთხვევა მახსენდება, როცა მოვახერხე ამ წამლის სრულად მიღება პროგრამით, სხვა შემთხვევაში ჩემი ფულით მიწევს შეძენა. პენსიას ვიღებ 170 ლარამდე და თითქმის მთლიანად ვხარჯავ წამალში.

კიდევ კარგი, ველოსიპედი მაქვს და ვახერხებ სხვადასხვა აფთიაქში მისვლას, თორემ ამდენ აფთიაქში მისვლა-მოსვლა ცალკე პრობლემა იქნებოდა,“ – გვეუბნება ირაკლი ცეცხლაძე.

მისი აზრით, თუ სახელმწიფოს არ აქვს საჭირო ფინანსები, ესეც შეიძლება გაიგოს პაციენტმა, მაგრამ როცა ამბობს, რომ „გაფინანსებ“ და პაციენტი მაინც ვერ იღებს წამალს, ეს ხელოვნურ ბარიერს ჰგავს.

„ეს იმას ჰგავს, გითხრან – მე მოგეცი წამალი და შენ თუ ვერ აიღე, რა ჩემი ბრალია.

ან ასე რომ გითხრან – გაძლევ 200 ლარს, მაგრამ თან გადააგდო ეს თანხა მდინარეში და თუ გინდა, წადი და აიღე.

განზრახ იქმნება ბარიერი, რომ არ გასცენ წამალი. მე ასე ვხსნი, სხვა პასუხი ვერ ვიპოვე, ვერავინ ვერ ვნახე ამ კითხვებზე პასუხის გამცემი. არაერთხელ ვცადე მინისტრთან შეხვედრა, მაგრამ არ შემიშვეს. ცხელ ხაზზე დარეკავ და არ პასუხობენ.

ყველაფერი იქამდე მიდის, რომ პაციენტმა ხელი ჩაიქნიოს და თქვას – აღარ მინდა.“

ირაკლი ცეცხლაძის თქმით, ეპილეფსიის წამლის მიუღებლობა კატეგორიულად გამორიცხულია, რადგან პაციენტს გულყრა ეწყება და შესაძლოა, ფიზიკურადაც დაზიანდეს ის.

„ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ როცა ჩამივარდება წამალი, ამას მოჰყვება ეპილეფსიური გულყრები, რაც ჩემს ცხოვრებაში ცუდად დამთავრებულა, ტრავმა მიმიღია, დავცემულვარ ქუჩაში. აქ ის პრობლემაც იჩენს თავს, რომ გულყრის დროს როცა სასწრაფოს იძახებენ, ექიმი შეცდომაში შედის, რადგან ეს ჰგონია გულის შეტევა ან  წნევის დავარდნა და მხოლოდ მაშინ იღებს რეალურ ინფორმაციას, როცა გონს მოვდივარ,“ – ამბობს ირაკლი ცეცხლაძე.

ის მომხრეა, არსებობდეს სასწრაფო დახმარებასა ჰქონდეს მისი და მისი მსგავსი პაციენტების შესახებ მონაცემები და როცა მსგავსი შემთხვევა მოხდება, ექიმმა იცოდეს, რა ტიპის პაციენტთან აქვს საქმე.

„არც სასწრაფოში აკეთებენ ამის რეგისტრაციას. ამიტომ მე სამაჯური გავიკეთე, რომელსაც აწერია „ეპილეფსია“.

სამაჯურზე და გულსაბნევზე აწერია „ეპილეფსია“

არ ვიცი, სასწრაფოს ექიმი რამდენად მიაქცევს ამ სამაჯურს ყურადღებას, მაგრამ გულზეც მაქვს მედალიონი, სადაც ასევე დატანილია ტელეფონის ნომერი და შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ ინფორმაცია. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ არის სისტემა აწყობილი ჩვენს ქვეყანაში,“ – გვეუბნება ის.

სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ეპილეფსიით დაავადებულ ერთ პაციენტზე წელიწადში 300 ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტიდან. თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, ამჟამად რამდენი პაციენტია რეგისტრირებული სისტემაში, ვისაც ეპილეფსიის სამკურნალო წამალი სჭირდება, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ არ მოგვაწოდა.

ორი დღის განმავლობაში ვცდილობდით სამინისტროსგან აღნიშნული ინფორმაციის მიღებას, თუმცა ჯანდაცვაში მხოლოდ გვითხრეს, რომ „გაარკვევენ და დაგვიკავშირდებიან“.

აჭარის ბიუჯეტიდან ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები არ ფინანსდება, პროგრამა ცენტრალიზებულია. თუმცა როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, სურვილი აქვთ, სამომავლოდ ბათუმში მცხოვრებ პაციენტებს მათთვის საჭირო მედიკამენტები დაუფინანსონ.

„დაახლოებით 220 ადამიანია ბათუმში, ვისაც „ლევეტირაცეტამინი“ სჭირდება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩავატაროთ ბაზრის კვლევა და ამ ადამიანებს ეს მედიკამენტი მივაწოდოთ ყოველთვიურად,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის ჯანდაცვის სამსახურში.

ამავე წყაროს ცნობით, დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, მედიკამენტების შესაძენად შესყიდვების სააგენტო კონსოლიდირებულ ტენდერს აცხადებს. სწორედ ეს ტენდერი სავარაუდოდ არ შედგა.

___

მთავარი ფოტო: „სამაჯურსა და გულსაბნევზე მიწერია სახელი, გვარი და ეპილეფსია“ – ირაკლი ცეცხლაძე

English Book Education -ის და Macmillan -ის მასშტაბური კონკურსი ინგლისური ენის პედაგოგებს

აღდგომა გაზაფხულის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული ტრადიციებით აღინიშნება. English Book Education-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებმა სამი ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა, საბერძნეთი – ერთ-ერთი აირჩიეს და ინგლისურის გაკვეთილზე შექმნეს პოსტერები, რომლებზეც ასახულია მათ მიერ არჩეულ ქვეყანაში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციები ან შედარებები მოცემულ ქვეყნებს შორის, რაც გადმოსცემს მსგავსება-განსხვავებებს.

მონაწილეებმა პრეზენტაციები წარადგინეს სხვადასხვა სახით და გამოგვიგზავნეს გაკვეთილის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალები.

კონკურსში 300-ზე მეტი სკოლა იყო ჩართული, რაც საკმაოდ სასიხარულია. დიდ მადლობას ვუხდით თითოეული სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აქტივობაში, ასეთი ჩართულობისთვის, მოწოდებული მასალისა და თავდაუზოგავი შრომისთვის.

გიზიარებთ გამარჯვებულების ფოტოგალერიას, რომელიც შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე იხილოთ: https://www.englishbookeducation.co.uk/easter-competition-winners-2023

English Book Education -ი ულოცავს ყველა მონაწილეს ამ პროექტში გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს!

ბათუმში ავტობუსის გაჩერებაზე ავტომანქანა შევარდა და მოსწავლეებს დაეჯახა

დაახლოებით 18:00 საათზე ბათუმში, შარაბიძეების დასახლებაში, ავტობუსის მოსაცდელთან, მეთორმეტეკლასელ მოსწავლეებს ავტომანქანა დაეჯახა.

დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

როგორც კლინიკაში გვითხრეს, მოსწავლეებს მოტეხილობები აქვთ.

„ერთი გოგოა და მეორე ბიჭი დაშავებული. როგორც ვიცით, მოსწავლეები ავტობუსის მოსაცდელთან იდგნენ, ელოდებოდნენ ავტობუსს, რა დროსაც მანქანა შევარდნილა.

ამ დროისთვის დაშავებულები სტაბილურები და კონტაქტურები არიან და უტარდებათ კვლევები“, – განაცხადეს კლინიკაში.

1000 ლარით დააჯარიმეს კაცი ამ წარწერისთვის – „ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა ბათუმში მცხოვრები ვაჟა თავართქილაძე მხოლოდ იმიტომ, რომ მან საკუთარი შენობის ფანჯარაზე გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“.

მანამდე 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ სამართალდარღვევის ოქმი ვაჟა თავართქილაძის წინააღმდეგ ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეადგინა. მერიის გადაწყვეტილება მოსამართლემ კანონიერად მიიჩნია.

განცხადების ვიტრინაში გამოკვრამდე კი, ვაჟა თავართქილაძეს ტროტუარიდან თავისი ნარგავები უნდა აეღო, თუმცა მერიისგან მიცემული ვადის გასვლამდე, ბიზნესმენის თქმით, ნარგავები ინსპექციის თანამშრომლებმა დააზიანეს.

ვაჟა თავართქილაძე დააჯარიმეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერ-სახის დამახინჯებას, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში.

„გამოდის, რომ მოსამართლე გვართმევს მოქალაქეებს პროტესტის უფლებას,“ – მიიჩნევს ანა ბერძენიშვილი, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია ვაჟა თავართქილაძის ინტერესებს იცავს.

ვაჟა თავართქილაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

___

„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ - ამ წარწერისთვის მერიამ კაცი1000 ლარით დააჯარიმა

ვრცლად ამ თემაზე:

„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ – ამ წარწერისთვის კაცი 1000 ლარით დააჯარიმეს

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით დროებით აიკრძალება – დეპარტამენტი

2023 წლის 2-5 და 15-18 მაისს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით დროებით აიკრძალება – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

დეპარტამენტის ინფორმაციით, დროებითი აკრძალვა ყოველწლიურ გეგმიურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

„საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, ყოველწლიური, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით,

  • 2023 წლის 2 მაისის  06:00სთ-დან 5 მაისის 18:00 სთ-მდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის,
  • ხოლო 15 მაისის 06:00 სთ-დან 18 მაისის 18:00 სთ-მდე გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე.

ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

წამალი ბავშვებს – ამ მოთხოვნით ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გაიმართება

წამალი ბავშვებს – ამ მოთხოვნით აქცია გაიმართება ბათუმში ხვალ, 29 აპრილს, დღის 3 საათზე.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე დღეა უწყვეტ რეჟიმში საპროტესტო აქციებს მართავენ პარლამენტის წინ. მშობლები მოითხოვენ, სახელმწიფომ შემოიტანოს წამალი „ვოზორიტიდი“, რომელსაც უკვე მინიჭებული აქვს FDA-სა და EMA-ს ოფიციალური ლიცენზიები.

მშობლების თქმით, ეს წამალი არის ერთადერთი და უალტერნატივო მედიკამენტი მსოფლიოში, რომელიც აქონდროპლაზიით დაავდებულ ბავშვებს ზრდაში ეხმარება.

აქონდროპლაზია იშვიათი დაავადება, რომელიც მსოფლიოში 25000-ში ერთ ახალშობილს უვლინდება. დაავადება გამოიხატება ტანდაბლობით და მასთან არსებული ჯანმრთელობის უამრავი პრობლემით.

საქართველოში აქონდროპლაზიის მედიკამენტი 13 ბავშვს სჭირდება, აქედან 10-ს დაუყოვნებლივ.

მედიკამენტი ლიცენზირებულია ევროკავშირსა და ამერიკაში. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ არ არსებობს საკმარისი კვლევები ამ წამალზე.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს საზოგადოების სოლიდარობა სჭირდებათ. სწორედ ამ მიზნით გაიმართება აქცია 29 აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე.

 

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა გაიზარდა

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულ იქნა – 147,973 TEU, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 46%-იან მატებას წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  ფოთის ნავსადგურში მარტის თვეში დაფიქსირებული მაჩვენებელი – 52,475 TEU აჭარბებს 2019 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს – 51,272 TEU.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-იანი ზრდა გვაქვს გენერალური ტვირთების მიმართულებითაც: 2023 წლის პირველ სამ თვეში ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში გენერალურმა ტვირთმა 1,229,548 ტონა შეადგინა. აქედან: ბათუმში გადამუშავდა 107,176 ტონა, ფოთში – 115,589 ტონა.

საქართველოს ნავსადგურებში 39%-ით შემცირებულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა – 1,190,301 ტონა, რაც განპირობებულია ბაქო-სუფსის მილსადენის ფაქტორით, შესაბამისად სუფსის ნავთობტერმინალს 2022 წლის აპრილიდან აღარ მიიუღია გემები (ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 2 გემი დამუშავდა 2023 წლის თებერვალში).

წინა წელთან შედარებით 23%-იანი კლების მაჩვენებელი ფიქსირდება ასევე ნაყარი ტვირთების კუთხითაც, რომლის რაოდენობამ ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში 917,706 ტონა შეადგინა. თუმცა ზოგადი კლების მიუხედავად, ბათუმში ნაყარი ტვირთის მოცულობა შენარჩუნდა (ბათუმი – 325,368 ტონა) და შარშანდელთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა. აქვე ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით ნაყარი ტვირთების 112%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა 2023 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია 47 710-ით და არის – 3 736 357 [მათგან კაცი – 1 793 820, ხოლო ქალი – 1 942 537]. მონაცემები არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

2022 წლის იანვრის მონაცემებით კი, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 688 647 იყო.

იმავე სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია როგორც შობადობის, ასევე გარდაცვალების მაჩვენებელიც – 2022 წელს 6 799 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა [დაიბადა 42 319 და გარდაიცვალა 49 118]. ანუ საქართველოში ბუნებრივი მატება არ ყოფილა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 125 269 ემიგრანტი. 2021 წელს კი – 99 974 ადამიანი.

მაშინ რის ხარჯზე გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა/რაოდენობა ქვეყანაში? – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, მოსახლეობის რიცხოვნობა ძირითადად გაზარდა მიგრაციის მაჩვენებელმა. 2022 წელს საქართველოში 54 509 მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე საქართველოდან გავიდა [ამაში შედის, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოელებიც].

„მოსახლეობის რიცხოვნობაში შედის ყველა – საქართველოს მოქალაქე და ასევე ის უცხოელებიც, რომლებიც 6 თვეზე მეტი ხნით რჩებიან საქართველოში. შესაბამისად, მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა არ ნიშნავს უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის მატებას“, – გვითხრეს საქსტატში.

საქართველოს რამდენი მოქალაქე ცხოვრობს დღეს საქართველოში? – საქსტატში გვითხრეს, რომ ასეთი მონაცემი მათ დამუშავებული არ აქვთ.

[red_box]მოსახლეობის მიგრაცია[/red_box]

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში დაფიქსირდა 179 778 იმიგრანტი და 125 269 ემიგრანტი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, იმ 125 ათასი იმიგრანტთაგან, ვინც საქართველოდან გავიდა, 100 ათასი იყო საქართველოს მოქალაქე. ქვეყანაში კი 54,4 ათასი მოქალაქე დაბრუნდა.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, იგივე 2022 წელს საქართველოში:

  • შემოვიდა რუსეთის 62 304 მოქალაქე და გავიდა – 5 935
  • შემოვიდა უკრაინის 20 716 მოქალაქე და გავიდა-  2 004
  • შემოვიდა ბელარუსის 13 361 მოქალაქე და გავიდა – 852

2022 წელს იმიგრანტებისა და ემიგრანტების სრული რიცხოვნობა სქესისა და მოქალაქეობის მიხედვით ნახეთ ცხრილში: 

მოსახლეობის რიცხოვნობა აჭარაში

2022 წლის იანვართან შედარებით 2023 წლის იანვრისთვის გაზრდილია აჭარის მოსახლეობის რაოდენობაც, ჯამში 11 898-ით.

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, აჭარის მოსახლეობის ზრდა ძირითადად დამოკიდებულია მოსახლეობის ზრდაზე ბათუმში [5 440-ით].

ამავე მონაცემებით, გასული წლის იანვართან შედარებით მიმდინარე წლის იანვარში მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია ქობულეთში [355-ით], შუახევში [85-ით], ქედაში [75-ით]:

მოსახლეობის რაოდენობა აჭარასა და აჭარის მუნიციპალიტეტებში 2022 და 2023 წლების 1-ელი იანვრის მდგომარეობით / წყარო: საქსტატი
  • ინფორმაციისთვის: აჭარაში 2000 წელს რეგისტრირებული იყო 352 976 ადამიანი, 1994 წელს კი – 423 000 ადამიანი

ამავე თემაზე:

საქართველოში წელს თავშესაფარი 291-მა უცხოელმა მოითხოვა, გააძევეს – 55

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 აპრილის 21 საათიდან 29 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი 
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი 
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 3-4 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა: +13 გრადუსი.

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აპრილს და 1-ელ მაისს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, 27.04.2023
Exit mobile version