მთავარი,სიახლეები

„რუსულად ვსაუბრობდით და ტაქსის მძღოლი დაიძაბა“ – არტთერაპიის უკრაინელი მასწავლებელი ბათუმში

01.05.2023 •
„რუსულად ვსაუბრობდით და ტაქსის მძღოლი დაიძაბა“ – არტთერაპიის უკრაინელი მასწავლებელი ბათუმში

„მუდმივად ახლდება ტრავმები, როცა ვიგებთ ამბებს ომიდან… ჩვენ ძალების აღდგენა გვჭირდება,“ – ამბობს ნატალია კოსსე. ის უკრაინიდანაა  და გასული წლის დეკემბრიდან დღემდე ბათუმში სხვა უკრაინელ ქალებს არტთერაპიას უტარებს.

„…ზოგის ქმარი ახლაც ომშია, ან ძალიან ახლობელი ადამიანი, ზოგს ისეთი ტრავმა აქვს, რთულია რამეზე ალაპარაკო,“ – გვიყვება არტთერაპიის მასწავლებელი, ნატალია კოსსე, სამუშაო ოთახი კი, ჩვენი საუბრის პარალელურად, მალე ივსება უკრაინელი ქალებით. ისინი გვერდიგვერდ ჩალაგებულ მაგიდებთან უხმაუროდ სხდებიან და სახატავ მოწყობილობას იმარაგებენ: ფუნჯებს, აკვარელს, სახატავს ფურცლებს…

ნატალია ოთახის შესასვლელში დაფაზე ახალი დავალების სამუშაო მოდელს ათავსებს – ორი ფურცელი სხვადასხვა, ფერადი და პატარ-პატარა ბურთულებით სავსეა. ნახატს ვაკვირდები და ბურთულების მთლიანობიდან ფორმის გამოცნობას ვცდილობ.

არტთერაპია უკრაინელი ქალებისთვის ბათუმში

„ეს არაა დავალება, აქ ყველა თანაბარია. მნიშვნელობა არ აქვს, ხატვა იცის ვინმემ თუ არა. ეს მოდელი მხოლოდ ინსპირაციაა, რომ ხატვის დროს საკუთარი თავის გამოხატვა შევძლოთ…

ხშირად სიტყვებით ვერ გამოვხატავთ წუხილს, ხატვა საშუალებაა, რომ გამოხატო ემოცია, იპოვო საკუთარი აღქმა,“ – საჩვენებელი ნახატებისკენ მიგვითითებს არტთერაპიის მასწავლებელი და შემდეგ სახატავი ფურცლების წინ ფუნჯებმომარჯვებულ ქალებს აკვირდება. როცა ქალები ხატვას იწყებენ, ნატალია კოსსე ოთახის შესასვლელთან ჩერდება და საუბარს იწყებს:

„…თავდაპირველად მნიშვნელოვანი იყო ბრაზის გამოხატვა. რაღაც შარვლები დავხიეთ, დავწვით… ყველას გვინდა სახლში, საკუთარ ქვეყანაში, ვიცით, რომ დანგრეული დაგვხვდება.

ეს სამუშაო აისბერგს ჰგავს – არაცნობიერი არ ჩანს, დაფარულია და როდესაც ჩვენ ვახერხებთ, შევცვალოთ არაცნობიერი, ვცვლით ცნობიერს, ეს ცვლის ადამიანის ქცევებს, ემოციებს, შინაგან სამყაროს, რადგანაც ჩვენ გვაქვს ცნობიერის ცენზურა.

აქ მთავარია არა შესრულების ტექნიკა, არამედ შინაგანი მდგომარეობის გამოხატვა. ასე სწავლობ საკუთარი აღქმის შეცნობას იმისთვის, რომ გაიგო, რა გჭირს, რა გჭირდება, ეს ალაგებინებს ადამიანს პრიორიტეტებს.

არტთერაპია არ ნიშნავს მკურნალობას, ეს გეხმარება თვითშემეცნებაში. თანაც, როცა დაასრულებენ ხატვას, შემდეგ ერთმანეთის ნახატებზე მსჯელობენ: ვინ რას ხედავს ახალ ნახატში.“ – ნატალია კოსსე იმ ნამუშევრებსაც გვაჩვენებს, რასაც უკრაინელები ქალები ხატავდნენ, როცა უკრაინიდან ახალი ჩამოსული იყვნენ საქართველოში.

უკრაინელი ქალების ნახატები, არტთერაპია

„მე ხარკოვიდან ვარ,“ – საუბარს განაგრძობს არტთერაპიის მასწავლებელი. – „ხარკოვში ლიცეუმში ვმუშაობდი: 7-დან 15 წლამდე ბავშვებს ვუტარებდი არტთერაპიას, პროფესიით მხატვარი ვარ…

ომამდე ყველამ ვიცოდით, რომ ომი დაიწყებოდა. პატარა ბავშვები აქეთ-იქეთ დარბოდნენ, იცით, ხვალ ომი იწყებაო… იმ ღამით კი ყრუ ხმებმა გაგვაღვიძა, მაშინვე ქალაქის შემოგარენისკენ წავედით, თუმცა აღმოჩნდა, რომ იქ იყო პირდაპირ ცეცხლი გახსნილი. ვერც უკან ვბრუნდებოდით, არ ვიცოდით, რა გვექნა.

ვიმალებოდით სარდაფშიც. საბოლოოდ, რუსეთისკენ ვარჩიეთ წასვლა. ვიცოდით, რომ მანქანებს ცეცხლს უხსნიდნენ, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვქონდა. რუსეთიდან წამოვედით პირდაპირ საქართველოში – ბათუმში ახლობლები გვყავს,“ – ამბობს ნატალია კოსსე.

რა ხდებოდა ომამდე ხარკოვში, რომელიც რუსულენოვანი, დიდი ქალაქია?

„ჩვენ გვაქვს არა ეთნიკური, არამედ სამოქალაქო სახელმწიფო,“ – გვიპასუხა ერთ-ერთმა ქალმა ჯგუფიდან, რომელსაც ხატვა დაუწყია და თან ჩვენ დიალოგს ისმენს.

„მგონია, რომ ხანგრძლივი იქნება ეს ომი, რუსეთი არ დაგვანებებს თავს…“ – დიალოგში ნატალია გონჩაროვაც ერთვება, პროგრამის კიდევ ერთი მონაწილე. ის ომის დაწყების შემდეგ ბათუმელ შეყვარებულზე დაქორწინებულა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ უფრო მეტად უნდა მოუსმინოს სამხედროებს, ზალუჟნის, პოლიტიკოსები ხშირად ჩქარობენ. მეც პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, მაგრამ ახლა ბათუმში თაფლაკვერებს ვაცხობ…

ბათუმში რაც მაკვირვებს, არის სისუფთავის მიმართ დამოკიდებულება – არ უფრთხილდებიან ქალაქს შესაბამისად, თანაც, ეს ტურისტული ქალაქია,“ – დასძინა ნატალია გონჩაროვამ.

ნატალია გონჩაროვა

„მე ბათუმზე შეყვარებული ვარ, განსაკუთრებულია მზის ჩასვლა ზღვაზე,“ – ამბობს ნატალია კოსსე და იმ შემთხვევებს იხსენებს, რამაც საქართველოში თავდაპირველად გააკვირვა:

„ავტობუსში ადგილი დამითმეს, მე ხომ ბებიას არ ვგავარ?“ – იცინის ნატალია და შემდეგ ტაქსის მძღოლს იხსენებს, რომელიც რუსულად საუბრის გამო კინაღამ ეჩხუბა.

„ჩვენ რუსულად ვსაუბრობდით და მძღოლი დაიძაბა, მივხვდით, რომ ჩხუბს აპირებდა ჩვენთან. ვუთხარით, რომ უკრაინიდან ვართ და გაგვიღიმა. ზოგადად, აჭარაში, ჩემი დაკვირვებით, არაა ცუდი განწყობა რუსულად საუბრის მიმართ, სხვა რეგიონებში კი, მოგვაძახეს ბევრჯერ, ოკუპანტები ხართო.

ჩემი 14 წლის გოგოს აქედან წასვლა არ უნდა არსად, არც ევროპა უნდა. ამბობს, რა ევროპა, ეს საუკეთესო ადგილიაო, სკოლაშიც უკრაინულ სექტორში დადის. ამბობს, რომ ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში, აქ ძალიან მშობლიური გარემოა ჩვენთვის,“ – აღნიშნავს ნატალია კოსსე. მას რუსულ ენაზე საუბრის შესახებაც ვკითხეთ, როცა რუსებს რუსულად ვესაუბრებით და რუსებისთვისაც საქართველოში ყოფნა კომფორტული ხდება.

„ვცდილობ, არ ვიყო აგრესიული რუსების მიმართ,“ – პაუზის შემდეგ გვიპასუხა ნატალია კოსსემ. – „თუმცა მათ იგივე ფსიქოთერაპიის კუთხით ვერ მოვემსახურები. შესაძლოა, იმ ადამიანს არაფერი დაუშავებია ინდივიდუალურად, ვინც რუსულად რაღაცას გვეკითხება, მაგრამ არ ვიცი, როგორი იქნებოდა ჩემი ემოცია, ეს ერთი წელი ფრონტის ხაზზე რომ დავრჩენილიყავი. მე აპრილში წამოვედი უკრაინიდან.

ჩემი დის მეგობარი, მაგალითად, აგრესიულია ნებისმიერი რუსის მიმართ – ის 12-მა სამხედრომ გააუპატიურა. რთულია, რა გითხრათ?

მე მაინც ვფიქრობ, რომ სიძულვილს თუ ჩავუნერგავთ ბავშვებს, ეს ომი აღარასდროს დასრულდება, თუმცა თითოეულ რუსს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მიქარეს,“ – ამბობს ნატალია კოსსე და გვიზიარებს სურვილს, ქართველების და ბელარუსების მონაწილეობით გაგრძელდეს არტთერაპიის კურსი, რომელიც ერთ თვეში სრულდება.

„განსაკუთრებით მასწავლებლებისთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი, თუ იქნება ინტერესი. შემდეგ ისინი იმუშავებენ შესაბამისად ბავშვებთან“, – დიალოგში ლალი ანთიძე ერთვება, მასწავლებელი და საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი ბათუმში. ეს სკოლა პარასკეობით უფასოდ უთმობს ადგილს უკრაინელებს არტთერაპიასა და თექაზე მუშაობისთვის.

ლალი ანთიძე გვიხსნის, რომ თექაზე მუშაობისთვის უკრაინელებს ქართველი მასწავლებელი ჰყავთ, სამუშაო ნივთების შეძენას კი, პროექტის ფარგლებში პარტია „დროა“ უწევს ორგანიზებას. ამ პროგრამაში 15 უკრაინელი ქალია ჩართული.

„მოზარდებს ნამდვილად სჭირდებათ დამოუკიდებლობაში ხელშეწყობა, რომ დროულად დაშორდნენ მშობლებს და გაძლიერდნენ“ – ამატებს ნატალია კოსსე.

არტთერაპია ბათუმში უკრაინელი ქალებისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: