მთავარი,სიახლეები

რუსეთმა შეცვალა სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკა – პოდოლიაკი

02.05.2023
რუსეთმა შეცვალა სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა შეცვალეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკა. პოდოლიაკის კომენტარს ამ თემაზე უკრაინული მედია ავრცელებს.

პოდოლიაკის თქმით, ამჯერად რუსი სამხედროები პირდაპირ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ სამოქალაქო ობიექტებზე, მრავალბინიან სახლებზე ან იმ ადგილებზე, სადაც ბევრი ხალხი იმყოფება.

პოდოლიაკმა ისაუბრა იმ შესაძლო მიზნებზე, რის მიღწევასაც მოსკოვი ცდილობს ტაქტიკის შეცვლით.

პოდოლიაკის ვერსიით, ასეთი ტაქტიკით რუსეთს სურს უკრაინაში გარკვეული რეაქციის პროვოცირება, მაგალითად, იმისათვის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სათანადო მომზადების გარეშე გადავიდნენ კონტრშეტევაზე.

მისივე თქმით, ამავე დროს, კრემლი ამით ცდილობს გავლენა მოახდინოს დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებმაც მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის ფონზე შესაძლოა დააყენონ მოთხოვნა სასწრაფო მოლაპარაკებებზე.

„მესამე მიზეზი არის ის, რომ მათ სურთ გაიგონ, რამდენად შევძელით ცის დაკეტვა“ – თქვა მან.

რუსეთის ტაქტიკის ცვლილებაზე უახლეს ანგარიშში წერს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტიც (ISW). ექსპერტები წერენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ შეცვალა რიტორიკა და აქტიურად აღწერს სარაკეტო დარტყმებს, დიდი ალბათობით, იმისთვის, რომ შეამციროს შფოთვა რუსულ მედიაში უკრაინის მოსალოდნელ კონტრშეტევაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: