მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში 2023 წლის 9 მაისამდე გაგრძელდება.
ამ ეტაპზე აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არსებული შენობებისა და მათში ფაქტობრივად მცხოვრები შინამეურნეობების/ოჯახების სიების შედგენა მიმდინარეობს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს კახეთშიც და პროცესი წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების [მათ შორის ხულოს, შუახევისა და ქედის] გარდა.
საქსტატში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის რაოდენობიდან და ასევე განაშენიანების გათვალისწინებით, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა არ არის.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება. პარალელურად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც.
აღწერა ვერ ჩატარდება საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული.
„ამ ეტაპზე ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტულ მისამართზე მცხოვრების გვარი და ოჯახის წევრების რაოდენობა. ეს მონაცემები გვჭირდება იმისთვის, რომ მოვამზადოთ მეტ-ნაკლებად თანაბარი სააღწერო უბნები, რათა შემდგომში ამა თუ იმ აღმწერს, სხვა აღმწერთან შედარებით, დიდი დატვირთვა არ ჰქონდეს“, – გვითხრეს საქსტატში.
ამავე სამსახურში აცხადებენ, რომ მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზე რეგისტრატორი რამდენჯერმე უნდა მივიდეს კონკრეტულ მისამართზე [ბინაში/სახლში], თუ იქ პირველ მისვლაზე არავინ დახვდება. 2-3 ვიზიტის შემდეგ კი, თუ ბინაში რეგისტრატორს მაინც არავინ დახვდება, მას უკვე ექნება უფლება, ინფორმაცია მიიღოს მეზობლისგან.
ამასთან, ამ ეტაპზე რეგისტრაციაში ატარებენ ყველას მონაცემებს, ვინც დახვდებათ მისამართზე, მათ შორის უცხოელებისაც. „ერთადერთი, ვისი რეგისტრაციაც აუცილებელი არ არის, ვთქვათ, დასასვენებლად ან მივლინებით მყოფი პირია“, – გვითხრეს საქსტატში.
საქსტატის ინფორმაციით, „მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის მოსამზადებლად საცხოვრისების შემოვლას და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებას საქსტატის მიერ გადამზადებული პერსონალი ახორციელებს.
მონაცემთა შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, რომლის დროსაც გამოიყენება პლანშეტური კომპიუტერები“.
2023 წელს პირველი ეტაპის სამუშაოების ანუ ოჯახების წინასწარი სიების შედგენაში საქსტატის მიერ გადამზადებული 3500-მდე ინტერვიუერი იქნება ჩართული. საველე სამუშაოები საქსტატმა მარტის ბოლოს დაიწყო.
„მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება, რომლის დროსაც მიიღება დეტალური მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის და მისი შემადგენლობის, ასევე სხვადასხვა სახის დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების მიხედვით.
აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დადგენის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებით გათვალისწინებული აქტივობების შესაფასებლად.
აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, 2024 წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება. შესაბამისად, დემოგრაფიულ და სოციალურ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.
მოსახლეობის აღწერა ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ 2015 წლის 10 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც წევრმა სახელმწიფოებმა „მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში“ უნდა ჩაატარონ სულ მცირე ერთი აღწერა საერთაშორისო და რეგიონალური რეკომენდაციების გათვალისწინებით. მოსახლეობის და საცხოვრისების აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდად 2015-2024 წლების პერიოდი განისაზღვრა.
საქართველოში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა.
2014 წლის აღწერის საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა.
ამავე თემაზე:
საქართველოში წელს თავშესაფარი 291-მა უცხოელმა მოითხოვა, გააძევეს – 55