მთავარი,სიახლეები

„ბათუმობის“ განრიგი

25.04.2023 • 2580
„ბათუმობის“ განრიგი

შაბათს, 29 აპრილს, მერია მოქალაქეებს „ბათუმობის“ დღესასწაულზე ეპატიჟება. წელს ღონისძიებები ძირითადად ბულვარის ტერიტორიაზე, საზაფხულო თეატრისა და კოლონადების მიმდებარედ არის დაგეგმილი.

დილის 12:00  საათიდან ქუჩებში სასეირნო მატარებელი იმოძრავებს.

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება თეატრალური პერფორმანსი – „აჭარის არქივი 100 წლისაა“. პერფორმანსი 19:00 საათზე დაიწყება.

აჭარის მუზეუმი გამოფენს ბათუმთან დაკავშირებულ სამუზეუმო ექსპონატებს.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი დღესასწაულთან დაკავშირებით უფასოდ მოემსახურება ვიზიტორებს.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური სპეციალურად მოწყობილ კუთხეში წარმოადგენს სხვადასხვა ჯიშის ერთწლიან და მრავალწლიან დეკორატიული მცენარეებს.

წიგნის მოყვარულთათვის აჭარის მწერალთა სახლის და საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მწიგნობარის“ მოზარდების ჩართულობით, სპეციალურად მოწყობილ ლიტერატურულ კუთხეში ბათუმელი მწერლების შემოქმედებაზე ღონისძიების მონაწილეებს მოუთხრობენ რეგიონში მცხოვრები მწერლები და პოეტები.

აჭარის მხატვართა კავშირის მიერ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება ბათუმელი მხატვრების ნამუშევრები, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ბათუმელი მხატვრების ძველ თუ ახალ ნამუშევრებს.

სპეციალურად მოწყობილ დახლებსა და ჯიხურებში ადგილობრივი მეწარმეები წარმოადგენენ როგორც ხალხური რეწვის ნიმუშებს, ასევე ხელნაკეთ ნივთებს. ღონისძიების მონაწილეები აქვე შეძლებენ დააგემოვნონ ქართული ტრადიციული კერძები და სასმელები.

სპეციალურად მოწყობილ ეკრანზე ნაჩვენები იქნება სხვადასხვა წელს ბათუმში და ბათუმზე გადაღებული დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმებიდან კადრები.

სპეციალურად მოწყობილ ხეივანში წარმოდგენილი იქნება ფოტონამუშევრები. სხვადასხვა ადგილზე განლაგებული იქნება ქართული და ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების ნაციონალური სამოსის თემატიკაზე შექმნილი სტენდები. სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად ბათუმის სპორტული ცენტრი სპეციალურად მოწყობილ ადგილას წარმოადგენს  სპორტის სხვადასხვა სახეობას, მათ შორის: ბადმინტონს, ტექბოლს, ხრიდოლს და ქართულ ჭიდაობას.

12:00 საათი – ბულვარის კოლონადები – „კლასიკური და თანამედროვე მუსიკა“, სასულე ორკესტრი „ჯაზ ბიგ ბენდი“ და კვარტეტი.

13:00 საათზე საზეიმო ვითარებაში გაიმართება ბათუმის თვითმმართველობის მიერ დაწესებული საპატიო წოდებების მინიჭება.

13:00 საათი – საზაფხულო თეატრის წინ – „ქართული ფოლკლორის კონცერტი“ ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ბათუმი“ , აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,არსიანი”, ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი ვოკალური ანსამბლი აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ,,ხორუმი“, აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი ,,ბათუმი“ .

19:00 საათი – საზაფხულო თეატრის წინ მიუზიკლი ,,Mamma Mia” – დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავა.

21:00 საათი – საზაფხულო თეატრის წინ გალაკონცერტი ბათუმელი და მოწვეული ინდივიდუალური შემსრულებლები – საღამოს წამყვანი და რეჟისორი არჩილ სოლოღაშვილი ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.

სადღესასწაულო ღონისძიება დასრულდება ფეიერვერკით.

გადაბეჭდვის წესი