საფრანგეთის ემიგრაციისა და ინტეგრაციის სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს სტატისტიკას ქვეყანაში შესული მიგრანტების შესახებ.
მიმდინარე წლის იანვარში გამოქვეყნებული პირველადი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს 8 100-მა მოქალაქემ მოითხოვა საფრანგეთში თავშესაფარი. ამ მონაცემით საქართველო იმ ქვეყნების (ავღანეთის, ბანგლადეშის, თურქეთისა და კონგოს) პირველ ხუთეულში შედის, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საფრანგეთში თავშესაფარს.
უცნობია ზუსტი სტატისტიკა, თავშესაფრის მთხოვნელ მოქალაქეთაგან რამდენს სჭირდებოდა საფრანგეთში მკურნალობა. თუმცა პრაქტიკის თანახმად, განსხვავებით ევროპის სხვა ქვეყნებისგან, საქართველოდან საფრანგეთში უმეტესად სამკურნალოდ მიდიან.
საფრანგეთში მკურნალობის შესახებ „ბათუმელების“ კითხვებს გრენობლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური კვლევების კოორდინატორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა, ზაზა ფუტკარაძემ უპასუხა.
ის ასევე არის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ასოციაციისა – „ქართველები საფრანგეთში“. წლების განმავლობაში ეხმარებოდა და ეხმარება საფრანგეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს.
- ბატონო ზაზა, თავდაპირველად არსებული სიტუაცია რომ მიმოვიხილოთ. რატომ ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთს სამედიცინო სერვისების მისაღებად?
ძალიან ბევრი ქართველი ჩამოდის საფრანგეთში. იმიტომ, რომ საფრანგეთს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური სისტემა ჯანდაცვის მიმართულებით. ხშირად უცხოელ პაციენტს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა სამედიცინო დაზღვევა საფრანგეთში, მაინც აძლევს საშუალებას, რომ გადარჩეს, იმკურნალოს და გარკვეულწილად შეუმსუბუქოს მდგომარეობა. ამას ბევრი ევროპული ქვეყანა ვერ ახერხებს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოდიან საფრანგეთში სამკურნალოდ.
- ძირითადად რა დიაგნოზით ჩამოდიან პაციენტები და ცდილობენ საფრანგეთში უფასოდ მკურნალობას?
აქ ჩამოსული პაციენტები შეიძლება დავყოთ სამ კატეგორიად. ერთი კატეგორიაა, რომელიც ვერ ადგენს, რა სჭირს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გაიარა გარკვეული ეტაპები, გარკვეული თანხა უკვე დახარჯა და ამოწურა ყველანაირი რესურსი. შემდეგ ვიღაცისგან გაიგო, რომ საფრანგეთში შესაძლებელია „უფასოდ“ (მოგეხსენებათ, უფასოდ არაფერი არ არსებობს) მკურნალობა და, შესაბამისად, მოდის აქ.
მეორე კატეგორია – შეიძლება მივიჩნიოთ ის ადამიანი, რომელსაც დაუსვეს საკმაოდ მძიმე დიაგნოზი, არ აქვს საქართველოში მკურნალობის რესურსი, ან ფინანსურად, ან შეიძლება არ არსებობდეს შესაბამისი სამკურნალო საშუალება. ამიტომ ბედს ცდის საფრანგეთში, რომ გადარჩეს.
მესამე კატეგორიაში შეიძლება გავიყვანოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც გენეტიკური ან რაღაც ისეთი მძიმე დაავადება აქვს, რომელსაც სჭირდება არა უშუალოდ მედიკამენტოზური და ფარმაკოლოგიური მკურნალობა, არამედ უფრო მუდმივი რეაბილიტაცია.
ეს ეხება განსაკუთრებით ბავშვებს. შეიძლება ისინი ვერ განიკურნონ, მაგრამ სჭირდებათ მუდმივი მეთვალყურეობა იმისათვის, რომ უფრო არ გაურთულდეთ მდგომარეობა. საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურა ან ფინანსები არ აქვთ ოჯახებს. ამიტომ ურჩევნიათ, წავიდნენ საფრანგეთში და იქ როგორღაც იმკურნალონ.
- რა სირთულეებს აწყდებიან საფრანგეთში ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები და რა ბარიერების გადალახვა უწევთ? იგივე ენის არცოდნა რა პრობლემებს უქმნით.
პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, თუ რა კატეგორიის ადამიანებს მკურნალობენ საფრანგეთში. იმისათვის, რომ საფრანგეთში იმკურნალო, უნდა გქონდეს დაზღვევა. დაზღვევას იღებ იმ შემთხვევაში, თუკი სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრობ საფრანგეთში, გაქვს აქ ცხოვრების უფლება და იმ შემთხვევაში, თუ მუშაობ, იხდი გადასახადებს.
უცხოელი როდესაც ჩამოდის და ითხოვს საფრანგეთისგან დახმარებას, მას ეკუთვნის სამედიცინო დახმარება იმ შემთხვევაში, თუ აქვს ისეთი დაავადება, რომელიც მის მშობლიურ ქვეყანაში ვერ იკურნება – არ არსებობს შესაბამისი მკურნალობის მეთოდი ან შესაბამისი სპეციალისტი. მაგალითად, აქვს მძიმე დაავადება, სჭირდება ქირურგიული ჩარევა და მის ქვეყანაში არ არსებობს ისეთი სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია შესაბამისი ოპერაციის გაკეთება. საფრანგეთი აძლევს ასეთ ადამიანს შანსს, რომ გაიკეთოს მსგავსი ოპერაცია საფრანგეთში და გადარჩეს.
ასევე, უფასოდ მკურნალობენ პაციენტებს, რომლებსაც სჭირდებათ ისეთი წამალი, რომელიც მათ ქვეყანაში არ არსებობს.
სხვა შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ისეთი დაავადება აქვს, რომლის განკურნება საკუთარ ქვეყანაში შესაძლებელია (შეიძლება იდეალური არაა, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული სამედიცინო სერვისი), ასეთ ადამიანებს არ ეკუთვნით უფასო მკურნალობა და სამედიცინო დაზღვევა.
მაგალითად, შშმ პირს, თუ მისთვის საფრანგეთს არაფერი ისეთი განსაკუთრებულის გაკეთება არ შეუძლია, რასაც მისი მშობლიური ქვეყანა უკვე უკეთებს, წესით, არ ეკუთვნის სამედიცინო დაზღვევა და უფასოდ მკურნალობა საფრანგეთში.
საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, სადაც ომია და სადაც არანაირი სამედიცინო სერვისი არ არსებობს. შესაბამისად მიიჩნევენ, რომ პირი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საფრანგეთის დონის სერვისს ვერ აწვდიდეს მას საკუთარი ქვეყანა, მაინც არ უნდა ჩამოვიდეს საფრანგეთში სამკურნალოდ. რადგან ძალიან ბევრი ისეთი ქვეყანაა, სადაც არ არის ნორმალური სამედიცინო სერვისი და მერე ყველას მოუნდება საფრანგეთში ჩამოსვლა.
ამიტომ ასეთ ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში, თუ ვერ დაამტკიცეს, ვერ დაასაბუთეს და მყარი არგუმენტები არ აქვთ, უარს ეუბნებიან სამედიცინო სერვისის გაწევაზე. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. საფრანგეთს აქვს საკმაოდ სოციალური და ჰუმანური ჯანდაცვის სისტემა. ზოგჯერ ცალკეული ექიმი თავისი ძალისხმევით ცდილობს, რომ ასეთი ადამიანები არ გაუშვას ქუჩაში და ამხელა გზაზე ჩამოსულებს რაღაც დახმარება მაინც გაუწიოს. მაგრამ ყველა ასე ვერ აკეთებს და არ აკეთებს.
ბოლო ხანს აქტიურად მიდის საუბარი, რომ საქართველო არ არის ავღანეთი, არ არის სირია, სადაც ომი და უბედურებაა. შესაბამისად, ამ რაოდენობის ადამიანი, წესით, არ უნდა მოდიოდეს. პირველ სამეულში, პირველ ხუთეულში ვართ იმ ქვეყნების, საიდანაც ყველაზე დიდი მომართვიანობა არის მსგავს სერვისზე, ანუ უფასო სამედიცინო მკურნალობაზე.
ხშირად ასეთ ადამიანებს პირდაპირ, დაჩქარებული წესით ეუბნებიან უარს მკურნალობაზე. აქ მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ, დავუშვათ, ენა არ იცის ან რაღაცებში ვერ გაერკვია და ა.შ. ხშირად ყოფილან პაციენტები, რომლებსაც აქვთ დიაბეტი, ან რაღაც მძიმე დაავადება, რომელსაც, მართალია, სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა, მაგრამ აქაური კანონმდებლობით ასეთ ადამიანებს არ ეკუთვნით უფასოდ მკურნალობა საფრანგეთში.
ამიტომაა, რომ მოსდით უარი და ასეთი ადამიანები ხშირად რჩებიან ქუჩაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი გზა გაიარეს და ძალიან ბევრი დამცირების თუ პრობლემის გადალახვა უწევთ საკუთარ დაავადებასთან ბრძოლის პარალელურად.
სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, რომლებსაც არ უმკურნალეს ან არ გაუკეთეს ოპერაცია და ეუბნებიან – წადით საქართველოში, აქ ვერაფერს გიშველითო. ეს ხდება იმიტომ, რომ მათ საფრანგეთის სახელმწიფო არ აძლევს ბინადრობის მოწმობას. არ ეკუთვნით კანონით. თუკი პაციენტს ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, საავადმყოფო ან ექიმი ვერ იღებს პასუხისმგებლობას მასზე, რადგან არ აქვს შესაბამისი სამედიცინო დაზღვევა. ძირითადად ეს პრობლემებია.
რა თქმა უნდა, არის ენის არცოდნის პრობლემაც. თუ ვერ გააგებინე რა გჭირს… თუ ვერ წახვედი შესაბამის დაწესებულებებში, რომ მოითხოვო თუნდაც სამედიცინო დაზღვევა, ბინადრობის მოწმობა და გაიარო ყველა ის პროცედურა, რომლებიც საჭიროა, ისე არავინ არ მოგიტანს და თვითონ არ შემოგთავაზებს ამ ყველაფერს. შენ უნდა მოძებნო და მაქსიმალურად შეეცადო, რისთვისაც ჩამოხვედი, ის მიიღო.
მაგრამ აქაც ერთია რამდენად ვცდილობთ და მეორეა რამდენად გვეკუთვნის ან ვიღებთ.
- რა გზას გადიან საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში მკურნალობის მისაღებად და რამდენად რთულია ეს გზა?
პირველ რიგში, ძალიან კარგი იქნება, თუ ვიტყვით – ვისი რჩევით და როგორ ჩამოდიან ადამიანები.
10-11 წლის წინ ფეისბუქზე გავაკეთე ჯგუფი „ქართველები საფრანგეთში“. იმიტომ, რომ ადამიანები აქ ისე ჩამოდიოდნენ, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუ რა პროცედურები უნდა გაევლოთ, რა უნდა გაკეთებინათ იმისათვის, რომ საფრანგეთში ან დაზღვევა, ან შესაბამისი სერვისი მიეღოთ, ან უბრალოდ ინტეგრირებულიყვნენ.
დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინფორმაციის მიღების უამრავი საშუალება, მაინც ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის, ვისაც არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია. ფიქრობენ – მთავარია, წავიდე, მთავარია, ჩავიდე, იქ აუცილებლად მიშველიან. რეალურად კი არ იციან ის გზები და კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდნენ აქ სამედიცინო დაზღვევის მისაღებად.
შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ქართველი ექიმები…. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ საფრანგეთში პაციენტები მას შემდეგ ჩამოდიან, რაც საქართველოში ყველანაირ ფინანსურ რესურსს ამოწურავენ. ზოგჯერ დაგვიანებულია მკურნალობა ან პაციენტს აქვს ისეთი დიაგნოზი, რომ მისი გადარჩენის შანსი არის მინიმალურზე მინიმალური.
- ძირითადად რა დიაგნოზით ჩამოდიან პაციენტები საქართველოდან?
ძირითადად მოდიან ონკოპაციენტები, ასევე გენეტიკური დაავადების მქონე პაციენტები. საფრანგეთში ჩამოსვლის შემდეგ ძირითადად ორ პროცედურას გადიან.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მათი ჩამოსვლის მთავარი მიზეზი იყოს მკურნალობის მიღება, გარდა მკურნალობისა, მათ სჭირდებათ საცხოვრებელი, ფინანსური დახმარება და ა.შ. ამიტომ ბარდებიან ლტოლვილად და ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს. ან ამბობენ, რომ არიან ძალადობის მსხვერპლი და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
მაგრამ ეს პროცედურა, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის თავშესაფრის მოთხოვნა, ითვალისწინებს შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. ხშირად თავშესაფრის მთხოვნელთა ძალიან დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, არ აქვთ შესაბამისი მტკიცებულებები, შესაბამისი საბუთები. ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ გასაუბრების და მათი საბუთების განხილვის შემდეგ ეს ადამიანები იღებენ უარს თავშესაფარზე.
მეორე გზა არის მოითხოვო ბინადრობა სამედიცინო კუთხით და მიიღო დაზღვევა. ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უნდა აკმაყოფილებდე კონკრეტულ კრიტერიუმს – გქონდეს ისეთი დაავადება, რომელიც შენს ქვეყანაში არ იკურნება. ამასთან საფრანგეთში უნდა არსებობდეს განკურნების საშუალება.
ამის დასადგენად შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება, ნამდვილად აქვს თუ არა ამ ადამიანს ეს დაავადება. სახელმწიფოს ცალკე აქვს შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ქეისებს განიხილავს და ანიჭებს, ან არ ანიჭებს პაციენტს სტატუსს.
პროცედურა ხშირად პირდაპირ საავადმყოფოში მიდის. შესაბამისად, ყველა დიდ საავადმყოფოს აქვს სოციალური სამსახური, რომელიც ინფორმაციას აგზავნის პრეფექტურაში. პრეფექტურა ჩვენთან რომ იუსტიციის სახლია, მსგავსი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც იღებს დოსიეს და შემდეგ ამ დოსიეს სწავლობენ. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი შეიძლება იყოს მძიმე მდგომარეობაში, მას მაინც უწევს პრეფექტურაში მისვლა. მას ჩაუტარდება ინტერვიუ და მერე უკვე პროცედურულად განიხილავენ, რამდენად ეკუთვნის ან არ ეკუთვნის ამა თუ იმ ადამიანს საფრანგეთში ლეგალურად ცხოვრება, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, უფასო სამედიცინო დახმარება.
- როგორია საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა და როგორ მუშაობს?
საფრანგეთს ერთ-ერთი საუკეთესო და ჰუმანური ჯანდაცვის სისტემა აქვს. საფრანგეთში არ არსებობს პაციენტი, რომელსაც არ აქვს სამედიცინო დაზღვევა.
მათ შორის ქართველებს, რომლებიც ჩამოდიან აქ, თუ მიიღეს ბინადრობის ნებართვა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არანაირი გადასახადი არ გადაუხდია, არანაირ თანამონაწილეობა ქვეყნის ბიუჯეტში არ მიუღია, ყველას აქვს 100 %-იანი დაზღვევა. ყველა დასაქმებული ადამიანი იხდის გადასახადს, რომლის რაღაც ნაწილი მიდის სწორედ სამედიცინო დაზღვევაში. შესაბამისად, ეს ბიუჯეტი საშუალებას იძლევა, რომ ყველა ადამიანი იყოს საფრანგეთში დაზღვეული.
ყველა პაციენტი საფრანგეთში დაზღვეულია და მისი ასაკის, სქესის, შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად იღებს ყველა იმ სერვისს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანი გადარჩეს და იგრძნოს ღირსეულად თავი. მათ შორის მკურნალობის დროს.
- რას ურჩევდით საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ახლა ემზადებიან საფრანგეთში წასასვლელად? რა გაითვალისწინონ?
უპირველესად ვეტყოდი, რომ ადგილზე უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ გვქონდეს იგივე სერვისი, რაც აქვთ საფრანგეთის თუ ევროპის სხვა ქვეყნების მცხოვრებლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ყველა თუ წავიდა და გაიქცა ქვეყნიდან, უბრალოდ ასეთ სისტემას სხვა ვერ ააშენებს და ვერ შექმნის.
თუნდაც იმ 17 ბავშვის მშობლები, რომლებიც აქონდროპლაზიის წამალს ითხოვენ… ეს შემთხვევა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა დანებდე ადამიანი. არ უნდა შეგრცხვეს, რომ გაქვს დაავადება და იბრძოლო იმისათვის, რომ ადგილზე გადარჩე. წასვლა არ არის გამოსავალი, რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, იქაც შეიძლება გეთქვას უარი მკურნალობაზე. იმიტომ, რომ სხვა ქვეყნისთვის უფრო უცხო ხარ, ვიდრე საკუთარი ქვეყნისთვის. საკუთარ ქვეყანაში ენა მაინც იცი, სისტემა მაინც იცი, ახლობელი გყავს, გულშემატკივარი გყავს.
უცხო ქვეყანაში როდესაც მიდიხარ, იქ უნდა თქვა, რომ არავინ გყავს. ვიღაც კეთილი ან არაკეთილი ადამიანის იმედად მიდიხარ. აქედან გამომდინარე, რაც შემიძლია ვურჩიო საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ახლა არის გამოსული ქუჩაში 17 ოჯახი და ითხოვს იმას, რაც ეკუთვნით, ასე უნდა გააკეთოს ყველა ადამიანმა, ვისაც აქვს ფინანსური თუ არაფინანსური პრობლემა და სურს სამედიცინო დახმარების მიღება.
საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არასწორი თუ არაჯანსაღი მენეჯმენტით, თუ სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე, ადამიანები ვერ იღებენ ჯერ კიდევ იმას, რაც მათ ნამდვილად ეკუთვნით.
ისევე როგორც სხვა უფლებები, ჯანდაცვის უფლებაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი უფლებაა ადამიანისთვის.
მეორე, თუ მაინც გადაწყვიტეს საფრანგეთში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში წასვლა, ჯერ აუცილებლად უნდა გაარკვიონ, რამდენად არსებობს მათი დაავადების მკურნალობის საშუალება იმ ქვეყანაში და რამდენად აქვთ შანსი.
მე მესმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ადამიანი, როცა აქვს ძალიან მძიმე დიაგნოზი, თითქმის შანსი არ არსებობს გადარჩენის, მაინც ფიქრობს, რომ ბრძოლას აქვს აზრი და, რა თქმა უნდა, ამაში ვერ შევეწინააღმდეგები.
უბრალოდ, კარგად უნდა გავაანალიზოთ, რამდენად გვიღირს წვალება იმისათვის, რომ წავიდეთ და სხვაგან ვცადოთ ბედი. კარგად უნდა ჩამოვყალიბდეთ და ამაში სამედიცინო საზოგადოების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები კარგად იყვნენ ინფორმირებული, დეტალურად აუხსნან პაციენტებს, რა დაავადება აქვთ, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს და თუ არსებობს რაიმე საშუალება. თუ არ არსებობს, ამასაც ნუ დავუმალავთ.
ხშირად, თარგმნის დროს პაციენტების ოჯახის წევრები მთხოვენ, რომ თუ რამე ისეთი თქვა ექიმმა, დავმალო და არ ვუთარგმნო პაციენტს. ეს არასწორია.
მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სისტემა საქართველოში განსაკუთრებით პაციენტების ინფორმირების ნაწილში. ჩვენთან, საავადმყოფოში გყავს ექთანი, როდესაც რამე მძიმე დიაგნოზის ცნობება გვინდა, სწორედ ეს ექთანი ესაუბრება პირველად პაციენტს. მხოლოდ სპეციალური ექთანი და არავინ სხვა.
ხშირად სასოწარკვეთილი პაციენტები მიკავშირდებიან. ვატყობ, მათ არა მხოლოდ იმის პრობლემა აქვთ, რომ ფინანსურად ვერ სწვდებიან მკურნალობის ხარჯებს, უბრალოდ დაიკარგნენ ათასნაირი გამოკვლევებით, ათასნაირი აზრებით. თუნდაც იმით, რომ ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუდგინეს. ან თუნდაც იმით, რომ არ იციან რა დაავადებაა. ხშირად ჩამოსულან აქ დაავადებით, ეგონათ, ორ თვეში იმკურნალებდნენ და წავიდოდნენ, მაშინ, როდესაც ჰქონიათ რაღაც ისეთი დაავადება, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვეში უბრალოდ ფატალურად დამთავრებულიყო.
საქართველოში ადგილზე, ერთი მხრივ, უნდა იბრძოლოს პაციენტმა, იმიტომ, რომ მას ნამდვილად ეკუთვნის მკურნალობა. განსაკუთრებით მწყდება გული, როდესაც ვხედავ ხანშიშესულ ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება მუშაობდნენ, ყველაფერი მიუძღვნეს საკუთარ ქვეყანას და ბოლოს, როდესაც დაუდგინდათ მძიმე დიაგნოზი, მათმა ქვეყანამ ვერ უზრუნველყო ამ ადამიანების გადარჩენა და გადაიხვეწნენ სხვა ქვეყანაში, იმისათვის, რომ გადარჩნენ.
ძალიან ბევრ ღირსეულ, კარგ ადამიანს ხშირად ქუჩაში ან საავადმყოფოს კიბეებზე ეძინათ დღეები, კვირები იმისათვის, რომ მიეღოთ სამედიცინო დაზღვევა. ეს, ვფიქრობ, ძალიან ცუდია და ჩვენნაირ ქვეყანას არ ეკადრება. ვფიქრობ, ქვეყანამ უნდა შეძლოს ჯანდაცვის სისტემის აწყობა, რომ ამ ადამიანებს არ მოუწიოთ საფრანგეთში წამოსვლა.
სამწუხაროდ, ვინც ჩამოდის, ზოგიერთს არ უმართლებს, ზოგიერთი ვერ იღებს იმას, რაც სჭირდება, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან ბევრი ადამიანი საფრანგეთის ჯანდაცვის წყალობით გადარჩა და დღესაც კარგად არის.