ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალაშენებული სპორტკომპლექსის მიმდებარედ, აჭარის მთავრობა ჭადრაკის სასახლის მშენებლობას გეგმავს.
„თანამედროვე სტანდარტების ჭადრაკის სასახლის მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის“ შესყიდვისთვის, სავარაუდო ღირებულების დასადგენად „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ბაზარს იკვლევს.
სავარაუდო ფასების დადგენის შემდეგ კი, ჭადრაკის სასახლის მშენებლობაზე კომპანია კონკურსს გამოაცხადებს.
ტერიტორია, სადაც ჭადრაკის სასახლე უნდა დაპროექტდეს, 8 250 კვადრატული მეტრია და ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.
წითელი ფერით მონიშნულია ტერიტორია სადაც ჭადრაკის სასახლე უნდა დაპროექტდეს
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ „საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვის საკონკურსო დოკუმენტაციას“ და თავიანთი შეთავაზებები კომპანიას წარუდგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 5 მაისისა.
„თანამედროვე სტანდარტების ჭადრაკის სასახლის შენობა უნდა იყოს ორსართულიანი, არქიტექტურულ-გეგმარებითი თვალსაზრისით უნდა დაპროექტდეს ერთ შენობად, შენობის ფასადის დიზაინში გათვალისწინებული უნდა იყოს ჭადრაკის ელემენტები.
შენობაში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფუნქციონალური სეგმენტები:
სატურნირო დარბაზი – 2 – თითოეული 600 კვ.მ; სატურნირო დარბაზები უნდა განთავსდეს ორივე სართულზე, დარბაზების სიმაღლე არანაკლებ 4 მეტრი (სიმაღლე განისაზღვროს სივრცის აღქმადობის მიხედვით); დარბაზების შიდა სივრცე დაყოფილი ჭადრაკის ფიგურების ვიზუალის მქონე კოლონებით (თითოეულში არაუმეტეს 2 კოლონა);
სამეცადინო ოთახები – 8 ოთახი, თითო დარბაზთან 4 (თითოეული 25-30 კვ.მ); ვიტრაჟული ხედით დარბაზთან; ვიტრაჟი უნდა იყოს ცალმხრივად ყურებადი შიგნიდან გარეთ;
სამედიცინო ოთახი – 2 – თითოეული 15 კვ.მ. სამედიცინო ოთახები უნდა განთავსდეს ორივე სართულზე სატურნირო დარბაზებთან;
ადმინისტრაციული ოთახები – 3 ( 20 კვ.მ 15 კვ.მ 15 კვ.მ); საკონფერენციო ოთახი, სადაც ასევე იქნება სპორტსმენებისთვის კომპიუტერებით და
საჭადრაკო პროგრამებით უზრუნველყოფილი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სივრცე – 50 კვ.მ; შენობის ტექნიკური პერსონალის სივრცე – 2 ოთახი, (15-15 კვ.მ); სასაწყობე ფართობი – 30 კვ.მ
სპორტული მაღაზიის ფართობი – 15 კვ.მ და სპორტულ-ლიტერატურული სივრცე საჭადრაკო ბიბლიოთეკით + კვების ობიექტი – 70 კვ.მ
გარდერობი – 600 სპორტსმენზე გათვლილი დარბაზის შესაბამისად;
სან. კვანძები ტურნირების მონაწილეთათვის სატურნირო დარბაზების ირგვლივ – 30 მონაწილეზე არანაკლებ 1 საპირფარეშო, (არანაკლებ 16 მამაკაცებისთვის, 10 ქალებისთვის), დამატებითი რაოდენობა შშმ პირებისთვის, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სანკვანძების ზუსტი რაოდენობა დაზუსტდეს ნორმების შესაბამისად აღნიშნულ პუნქტში მოცემული რაოდენობის გათვალისწინებით;
სან. კვანძები ადმინისტრაციისთვის და სპორტსმენთა თანმხლები პირებისთვის – (3 მამაკაცებისთვის, 3 ქალებისთვის), დამატებით 2 შშმ პირებისთვის; სანკვანძების ზუსტი რაოდენობა დაზუსტდეს ნორმების შესაბამისად აღნიშნულ პუნქტში მოცემული რაოდენობის გათვალისწინებით;
სასტუმროს ნომრები – 15 ოთახი (თითოეული ორ ადგილიანი ოთახი მინიმუმ 20 კვ. აქედან, 2 ნომერი ადაპტირებული შშმ პირებისთვის) (ამ ნომრებში შესაძლებელი უნდა იყოს მოწვეული მწვრთნელების და მსაჯების დაბინავება, ასევე, უცხოეთიდან მოწვეულ ნაკრებებთან შეკრებების ორგანიზება და ა.შ); სასტუმრო სივრცე უნდა მოიცავდეს მისაღებს „რესეფშენი“;
სატრენაჟორო დარბაზი – 50 კვ.მ, სატურნირო დარბაზებს უნდა გააჩნდეს აივანი (მოსაწევი სივრცე); შენობის ირგვლივ მიმდებარე ფართობის კეთილმოწყობა – „ეზოს ჭადრაკის“ ფართობის მოწყობით 4×4 მ= 16 კვ. მ. 17. საპარკინგე სივრცე – საქართველოში მშენებლობისთვის არსებული ნორმების შესაბამისად;
სპორტული განათება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 450 ლუქსს; დარბაზების იატაკებისათვის გამოყენებული უნდა იყოს ისეთი მასალა, რომელიც
მოძრაობის დროს არ იწვევდეს ხმაურს; სასახლის ტერიტორია უნდა იყოს შემოღობილი, ხოლო წინა ღობე უნდა იყოს დეკორატიული.“
წყარო: „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“/შესყიდვების პორტალი
„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ [ყოფილი შპს სტადიონი“] არის სახელმწიფო კომპანია, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, ხოლო პარტნიორის უფლებამოსილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს.
სამინისტრომ 2017 წელს, მაშინდელ შპს „სტადიონს“, ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში ახალი ყინულის არენის მშენებლობაც დაავალა, რათა საჭადრაკო ოლიმპიადა ჩაეტარებინა. მშენებლობა დაიწყო, ოლიმპიადაც ჩატარდა, თუმცა, ყინულის არენის მშენებლობა აღარ დაუსრულებიათ.
2018 წლისთვის აჭარის მთავრობა ვერ ასწრებდა 61,9-მილიონიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულებას [ლეონიძის ქუჩაზე], რაც საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარებისთვის იყო გათვლილი და აუცილებელი.
მაშინ გამოსავალი აჭარის მთავრობამ იმაში ნახა, რომ ტენდერის გარეშე აეშენებინა ახალი სპორტკომპლექსი, რომლის ერთ დარბაზს ოლიმპიადისთვის გამოიყენებდნენ, შემდეგ კი, ყინულის არენად გადააკეთებდნენ [ძველ ყინულის სასახლეს კი დაშლიდნენ].
ახალი ყინულის არენის პროექტის ღირებულება, რომელიც საცურაო აუზის მშენებლობასაც მოიცავდა, 19 990 002 აშშ დოლარი იყო. ყინულის არენის მშენებლობა, 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო.
„ყინულის არენისთვის“ დახარჯული მილიონები და არშემდგარი პროექტი, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშიც მოხვდა. ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე: