„იქნება აშენდეს ახალი სკოლები, რომ განიტვირთოს კლასები. დაიცვას სამინისტრომ თავისი დადგენილება, რომ კლასში 25-ზე მეტი მოსწავლე არ იყოს. დაინერგოს კვება. მასწავლებლის დანამატი რომ აღემატება საბაზისო ხელფასს, ესეც პრობლემურია. ასეთი მტკივნეული საკითხები არ დგას დღის წესრიგში“, – ამბობს ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მასწავლებელთა სახლის ქოუჩი, თინათინ გიორგაძე.
„ბათუმელებთან“ ის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
- ქალბატონო თინათინ, სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა რა ეტაპზეა და არის თუ არა ცნობილი, რა შედეგი მოიტანა ახალმა ესგ-მ?
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა 2018 წელს დაიწყო, შეფასება იყო თუ არა, არ ვიცი, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, თუმცა ეს პროცესი ისეთი ბუნებისაა, რომ შედეგები სწრაფად ვერ იქნება შესამჩნევი. თუმცა ტენდენციები უკეთესობისკენაა.
პირველი და მეორე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ანალიზმა აჩვენა, რომ სწავლა-სწავლების პროცესში „მოსწავლე სუბიექტის პარადიგმა“ იგნორირებული იყო. არადა, ამ პრინციპების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწავლა-სწავლება იყოს ეფექტური, სიღრმისეული და ხარისხიანი.
აქამდე სწავლა-სწავლების პროცესი ორიენტირებული იყო დამახსოვრებაზე და არა სიღრმისეულ გააზრებაზე. გრძელვადიანი სასწავლო მიზნები დაკარგული იყო მხედველობის არიდან. ამის გამო საგაკვეთილო პროცესი თვითმიზნად ისახავდა დანაწევრებული, დაქუცმაცებული საკითხების ამოწურვას და სასკოლო სასწავლო გეგმები იყო აბსოლუტურად ფორმალური.
ამიტომ მესამე თაობის ესგ-ს მიზანია, გამოიკვეთოს გრძელვადიანი მიზნები, სწავლა-სწავლების პროცესები ორიენტირებული იყოს ბავშვზე, ისეთი კონტექსტი წამოიწიოს წინ, რომელიც აქტუალურია მოსწავლისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ სასკოლო კურიკულუმების დანერგვას და განვითარებას.
- მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მესამე თაობის ესგ-მ ძალიან რთული ენით არის დაწერილი, გადატვირთულია რთული ტერმინებით და „უნდა დაჯდე და ისწავლო“. თუ ასეა ეს, რატომ?
ამ შემთხვევაში მგონია, რომ კომუნიკაციის დეფიციტია, რადგან ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდება იწვევს ადამიანებში გარკვეულ ვნებათაღელვას. ესგ-ს დოკუმენტი არ არის ნათარგმნი, ადგილობრივად შემუშავებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია საუკეთესო პრაქტიკები.
2019 წლიდან ვმონაწილეობ ამ პროცესებში და არასოდეს მქონია კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები იმ ადამიანებთან, რომლებთანაც საქმით ვიყავი დაკავშირებული – მაქსიმალურად გასაგები და აღსაქმელი ენით ვსაუბრობდი ხოლმე კოლეგებთან.
ვფიქრობ, რომ სადაც არის უკმაყოფილება, გაუგებრობები, ყველგან არის ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდების პრობლემა და არა ის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმაა პრობლემური.
- ქოუჩები ვერ მუშაობენ სათანადოდ, თუ რატომ ვერ მიეწოდებათ პედაგოგებს სათანადოდ ინფორმაცია?
ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით. თუმცა, თუკი ყველაფერი განმარტებულია სათანადოდ, ჯეროვნად, ამ პროექტის მნიშვნელობა, ამ პროექტის სარგებელი, ამ შემთხვევაში მასწავლებლებს არასდროს აქვთ ხოლმე უარყოფითი დამოკიდებულება.
ამჟამად საჯარო სკოლებში პირველადი ავტორიზაციის პროცესი მიდის და ამ პროცესში ვეხმარებით პედაგოგებს. საჯარო სკოლებისთვის ავტორიზაციის პრაქტიკა აქამდე არ არსებობდა და ვეხმარებით, რომ სკოლის საქმიანობა თანხვედრაში იყოს მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
როცა ამას განვუმარტავთ სკოლებს, მასწავლებლებს აღარ აქვთ განცდა, რომ თავსმოხვეული და ფუჭი შრომაა ის, რასაც აკეთებენ.
- მაშინ გამოდის, რომ ვიღაცამ ვერ იმუშავა სათანადოდ?
კონკრეტული მაგალითების გარეშე გამიჭირდება პასუხი.
- აი, მაგალითად, ერთ-ერთი მასწავლებელი სოციალურ ქსელში წერდა – „ბევრი ქვეყანა მოვიარე, მაგრამ „კომპლექსური დავალება“ ასეთი რამ არსად შემხვედრია. სადმე გინახავთ სამნაირი გეგმა იწერებოდეს? ყველა უცხოელი ექსპერტი გვთხოვს – გაკვეთილის ბოლოს რა მიზანს უნდა მიაღწიო, ჩვენ კი საფეხურის მიზანზე ვართ ორიენტირებული“. რას ფიქრობთ ამაზე, რამდენად კარგად არის ეს ვალდებულებები გაწერილი ესგ-ში?
რაც ჩემი თვალით მინახავს, ეს არის ესტონური სკოლის პრაქტიკა, მეც ვიყავი ესტონეთში 2016 წელს და იქ მქონდა ასეთი გამოცდილება რომ დავკვირვებოდი საჯარო და კერძო სკოლების პრაქტიკას. განმავითარებელი შეფასების აუცილებლობა აღიარებულია ყველა წარმატებულ სისტემაში.
„განმავითარებელი“ – ეს ტერმინიც მიგვანიშნებს ამ ტიპის შეფასების მნიშვნელობაზე. ეს შეფასება ემსახურება, დავადგინოთ მოსწავლის საჭიროებები, რომ მათზე ორიენტირებით დავგეგმოთ შემდეგი მოქმედებები.
მასწავლებელს არ აქვს ვალდებულება, ყოველთვის წერილობით გადმოსცეს ეს შეფასება. უბრალოდ, ადრე იყო პრაქტიკა, რომ, მაგალითად, კომენტარი „ყოჩაღ“, შეეძლო მიეჩნია მასწავლებელს განმავითარებელ შეფასებად და ახლა ასე არ არის.
განმავითარებელი შეფასება ნიშნავს საგნობრივ მიღწევებთან დაკავშირებულ კომენტარს, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ შევამჩნიოთ წარმატებები, წავახალისოთ წარმატება და გასაძლიერებლად მივცეთ ზუსტი უკუკავშირი, რომ ჩვენი მინიშნებები გახდეს პროგრესის განმაპირობებელი. მეც მოქმედი მასწავლებელი ვარ და რასაც სხვებს ვუზიარებ, იმას ვნერგავ პრაქტიკაში.
- ხომ საუბრობენ პედაგოგები, რომ ვიღაც ყიდულობს მასწავლებლის პორტფოლიოს, ყიდულობდნენ კვლევებს. ახლა ისიც კი მოვისმინე, რომ მშობლები ყიდულობენ კომპლექსურ დავალებებს, რადგან უჭირთ ბავშვებს მათი შესრულება. რამდენად რეალურია ეს?
პორტფოლიოზე მსმენია მსგავსი რამ, კვლევაზეც, მაგრამ კომპლექსური დავალების ყიდვაზე ერთი ფაქტიც არ მახსენდება. შესაძლოა ჩემ გარშემო არ არიან ადამიანები, ვინც ასე იქცევა.
კომპლექსური დავალება რატომ არის დემონიზებული, ჩემთვის გაურკვეველია.
საერთოდ, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მოსწავლის გზა იქნება ერთი კომპლექსურიდან მეორე კომპლექსურამდე, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, გრძელვადიან მიზნებამდე მივიყვანთ ბავშვებს.
- იმიტომ ხომ არა, რომ მასწავლებლებსაც არ აუხსნეს სათანადოდ, ან არ ჰყოფნით კომპეტენცია როგორ გააკეთონ ეს?
ვერ ვიტყოდი, რადგან ძალიან ბევრი ვებინარი არსებობს ამ ყველაფრის სასწავლებლად. იყო შეხვედრები რეალურ სივრცეში, რომ ცოცხალ პროცესში გვქონდა საჭირო კომუნიკაცია.
უბრალოდ, სწავლა-სწავლება ისეთი პროცესია, რომ სჭირდება წინასწარი მზაობა, მონდომება და განწყობა. თუ ნეგატიურად განეწყობა ადამიანი, შემდეგ ყველაფერი მოეჩვენება რთულად.
კომპლექსური დავალება შემოქმედებითი პროდუქციაა. ამ პროდუქტის შექმნას რაც სჭირდება, იმ ცოდნით უნდა უზრუნველყოს მოსწავლე მასწავლებელმა და მიიყვანოს იმ ეტაპამდე, შეძლოს ამ დავალების შესრულება.
არც კომპლექსური დავალება შეიძლება იყოს ყოველთვის წერილობითი, ზეპირადაც არის შესაძლებელი გაკეთდეს, მულტიმედიური და სხვადასხვა საშუალებით იყოს გადმოცემული და რაც შეიძლება იყოს შემოქმედებითი.
მასწავლებლები იმასაც ამბობენ, რომ ამ ტიპის დავალებებს ყოველთვის ვაძლევდითო. თუ ყოველთვის აკეთებდნენ, მაშინ ახლა რატომ არის რთული?
რეალურად, ასეთი დაორგანიზებული პროცესი აქამდე იშვიათად ყოფილა.
- თქვენი დაკვირვებით, მესამე თაობის ესგ-მ შეცვალა რაიმე სწავლის ხარისხში? იცით ალბათ, რომ საერთაშორისო კვლევებში ცუდი შედეგები გვაქვს.
რეალურად, ჩვენ იმის შემდეგ ვმუშაობთ, როცა PISA-ს ბოლო კვლევები გამოქვეყნდა. თანაც, ყველა სკოლაში ერთად არ დანერგილა, ეტაპობრივად იყო, მაგრამ ახლა ყველა სკოლა იგულისხმება ჩართულად.
- მაშინ რატომ ამბობს ზოგიერთი, რომ მათი სკოლა არ არის ახალი სკოლის მოდელში ჩართული, ინფორმაცია არ აქვთ, თუ ცვლილებს ვერ გრძნობენ?
მიიჩნევა, რომ ყველა სკოლა ჩართულია. პირველ ეტაპზე, იმ სკოლებსაც ხვდებოდნენ ქოუჩები კვირაში ორჯერ, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი. როდესაც ინერგება სიახლე, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის მონდომება, რომ აჰყვეს ამ სიახლეს და დანერგოს პრაქტიკაში.
პირველი, მე-2 თაობის გეგმები იმდენად უცნობი და უცხო იყო, რომ შეიძლება საერთოდ არ გასცნობოდნენ მასწავლებლები და ახლა აღარ არის ის დრო, რომ სპონტანურად წარვმართოთ პროცესები. თანამედროვეობა მოითხოვს დაგეგმვას, შედეგები რომ იყოს უფრო სასურველი. ამდენად, ყველა პირობა აქვთ მასწავლებლებს, რომ განვითარდნენ.
- თქვენ ამბობთ, რომ ყველა პირობა აქვთ, მაგრამ ბევრი მასწავლებელი ჩივის იმის გამო, რომ კლასი არ არის სათანადოდ აღჭურვილი. არ აქვთ ტექნიკა, ინტერნეტი და საკმარისი რესურსები. რა მიიჩნევა „ყველა პირობად“?
სამწუხაროდ, რესურსების სიმწირე არსებობს. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ასეთი მოთხოვნები უნდა დადგეს სწორედ დღის წესრიგში, რადგან პირდაპირ დაკავშირებულია გაკვეთილის ხარისხთან, მოსწავლის საჭიროებებთან.
ახლა ელექტრონული ჟურნალები გამოიყენება ხომ? მასწავლებელმა რომ შეძლოს ყოველდღიურად სწრებადობის აღრიცხვა, ნიშნების შეტანა, სჭირდება გაჯეტიც და ინტერნეტიც. მე კარგი მოდელის ტელეფონი მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მასწავლებლისთვისაა ეს ხელმისაწვდომი. მე ყოველთვის ვრთავ ულიმიტო ინტერნეტს. ასეთი საჭიროებები როგორ შეიძლება იყოს იგნორირებული? ეს ხომ თვალხილული პრობლემაა.
ეს პირდაპირ არის დაკავშირებული სწავლების ხარისხთან, მოსწავლის საჭიროებასთან. ერთდროულად ყველაფერი ვერ დალაგდება, მაგრამ სადღაც ხომ უნდა იყოს ათვლის წერტილი. ეს დასაწყისი უნდა იყოს გონივრული, უნდა დალაგდეს პრიორიტეტები და ყველაზე საჭირო უნდა დადგეს წინ.
- მასწავლებლები ან ხელფასის გაზრდას ითხოვენ, ან ვალდებულებების შემცირებას, თუმცა ასე ორკესტრირებულად, როგორც პორტფოლიოს გაუქმებაზე იყო, არასდროს დაუყენებიათ, ვთქვათ, იგივე კლასების განტვირთვის, ახალი სკოლების აშენების საკითხი, რატომ?
სწორედ ამიტომ არის საჭირო, გააზრებული იყოს მოთხოვნები და ჰოლისტურად დავინახოთ სურათი. პრობლემის ფრაგმენტული აღქმა იწვევს არასწორ ტალღებს, ენერგიის არასწორ დანახარჯს. უნდა დავინახოთ მთლიანი სურათი იმის, რაც ჩვენ გარშემო ხდება.
გავაკეთოთ რეფლექსია – საითკენ მივდივართ, რა გვჭირდება მიზნის მისაღწევად და ამის მიხედვით დავგეგმოთ მოქმედებები. პროცესებს აფუჭებს სპონტანურობა, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები და სისწრაფე.
გადატვირთული კლასების გარდა ძალიან პრობლემურია კვების საკითხი სკოლებში. ძნელია, ბავშვს სთხოვო დარჩეს კლასგარეშე აქტივობებზე, თუ მას შია. ეს ხომ ძალიან მტკივნეული საკითხია. იქნება აშენდეს ახალი სკოლები, რომ განიტვირთოს კლასები, დაიცვას სამინისტრომ მისივე დადგენილი წესი, რომ კლასში 25-ზე მეტი მოსწავლე არ უნდა იყოს, დაინერგოს კვება, მასწავლებლის დანამატი რომ აღემატება საბაზისო ხელფასს, ესეც პრობლემურია. სამწუხაროდ, ასეთი მტკივნეული საკითხები არ დგება დღის წესრიგში.
მასწავლებლები ამის შესახებ საუბრობენ, მაგრამ არ მოჰყვა ისეთი რეზონანსი, როგორც, ვთქვათ, პორტფოლიოს ან რეფლექსიის გაუქმების მოთხოვნას.
- ხელფასი რომც გაიზარდოს, უღირთ კი ისეთ გარემოში მუშაობა პედაგოგებს, რაც დღეს აქვთ?
მასწავლებლის ანაზღაურება იმდენი უნდა იყოს, რომ არ დასჭირდეს მეორე ადგილზე დასაქმება და შეეძლოს ერთგან მიღებული ჯამაგირით თავის გატანა. ეს დაუტოვებს მასწავლებელს დროს და ენერგიას, მაქსიმალურად რეალიზდეს საკუთარ სივრცეში. როცა ამის შესაძლებლობა არ არის, იძულებული ხდები, უფრო მეტი პასუხისმგებლობა იტვირთო ხარისხის ხარჯზე.
თუ ჩვენ გვინდა სასწავლო პროცესის და ყველა პროცესის ცენტრში დავინახოთ ბავშვი, მაშინ უნდა დავიწყოთ ფიქრი ბავშვით. აი, ამ საქმით იქნება შესრულებული მესამე თაობის ესგ-ს მთავარი ხაზი.
მასწავლებლები მართლა ბევრს შრომობენ, გაკვეთილის ჩატარება არ ნიშნავს მხოლოდ იმდენ წუთს, რამდენიც გათვალისწინებულია. რესურსებს აკეთებენ, სახლშიც მიჰყვებათ შემაჯამებლის დავალებები, უკუკავშირია ყველა მოსწავლის დასაბრუნებელი და ეს მართლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და რომ არ ჰქონდეს მასწავლებელს სოციალური საჭიროებები, მართლა არ დაიტვირთავს თავს ზედმეტი ვალდებულებებით.
- იმ პრეტენზიებს შორის, იქნება ეს გამოცდებთან დაკავშირებული, პორტფოლიოს წარმოებასთან თუ ტრენინგებთან, რაში ეთანხმებით კოლეგებს, რაში არა და რატომ?
მე, მაგალითად, პორტფოლიოს გაუქმების მომხრე არ ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ პორტფოლიო არის ძალიან კარგი საშუალება ნათლად წარმოვაჩინო ის, რაც მიკეთებია. პორტფოლიო გვიყვება ამბავს მასწავლებლის საქმიანობის შესახებ, თუმცა მოთხოვნა – ან გამოცდით აიმაღლოს მასწავლებელმა სტატუსი, ან პორტფოლიოთი, ამას ვიზიარებ.
მე გამაკვირვა რეფლექსიასთან დაკავშირებით მასწავლებლების უარყოფითმა დამოკიდებულებამ, რადგან მიმაჩნია, რომ რეფლექსია ყველა საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია. ოქროს ფორმულაა, რადგან მოიცავს დაკვირვებას, ანალიზს, რეაქციას.
რეფლექსია საჭიროა იმისთვის, რომ მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს. ადამიანი ხდება თვითკრიტიკული და უფრო პროდუქტიული. მე თვითონ, როცა ჩემი რეფლექსია მოვამზადე, აღმოვაჩინე ისეთი აქტივობები, რომლებიც ადრე მქონდა გაკეთებული, მაგრამ აღარ მახსოვდა. ეს დამეხმარება მივბრუნებოდი ამ აქტივობებს, უფრო კრიტიკულად შემეფასებინა და მეფიქრა, სამომავლოდ როგორ შეიძლებოდა ამის გამოყენება. „ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე“, ესეც ხომ რეფლექსიაა?
მასწავლებელი არის როლური მოდელი და თუ ჩვენ არ ვაკეთებთ რეფლექსიას, მაშინ როგორ ვთხოვთ ბავშვებს იყვნენ თვითკრიტიკული, თვითრეფლექსური.
მე არ მომეწონა ის, რომ პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმების მომზადებას დასჭირდა უფრო დიდი დრო, ვიდრე მასწავლებლებს პორტფოლიოს ორგანიზებისთვის მიეცათ.
ეს იყო უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი, რომ ცაიტნოტი შეიქნა, თორემ ბევრი არ არის იგივე პორტფოლიოს წინააღმდეგი და ვფიქრობ, მომავალი წლისთვის ასეთი რეაქცია არ ექნებათ.
არაპროგნოზირებადობა იწვევს შფოთვებს, სტრესს და არც რეაქცია აყოვნებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თადარიგიანად და დროულად იყოს ცნობილი მასწავლებლებისთვის, როგორ დაგეგმონ საკუთარი ქმედებები.
როცა რუტინად გადაიქცევა მასწავლებლის საქმე, მაშინ აკლდება სიამოვნების ელფერი.
- რატომ ამბობენ, რომ „ბავშვებისთვის დრო არ გვრჩება“, რა არის ის, რაც ზედმეტ ვალდებულებად მიგაჩნიათ ამ სქემაში?
თუ ჩვენ მაშინ დავიწყებთ მტკიცებულებების შექმნას, როცა ამის წარდგენის ვალდებულება გვექნება, ცხადია, ეს იქნება პრობლემური, რადგან ეს მოითხოვს კოლოსალურ შრომას. თან პროცესიც არ არის სწორად გაგებული.
მტკიცებულებები უნდა შეიქმნას პროცესშივე და სინქრონულად აღიწეროს. მაგრამ როცა მასწავლებლებს უწევთ ორ ცვლაში მუშაობა, ბუნებრივია, ბევრი პასუხისმგებლობა იყრის თავს.
მე ერთ სკოლაში ვმუშაობ, 15 საათი მაქვს და თუ ეს შრომა გაორმაგდება, ხარისხიც ვერ შენარჩუნდება. ეს პრობლემა მოგვარდება მაშინ, თუკი მასწავლებლის ანაზღაურება იქნება მომხიბვლელი ერთი განაკვეთის ფარგლებში და აღარ იქნება საჭირო მეორე განაკვეთის დამატება.
დღეს კი, ადამიანები იტვირთავენ თავს იმაზე მეტად, ვიდრე ეს მიზანშეწონილია. გადაჭარბებული ვალდებულებები ითხოვს გადაჭარბებულ შრომას და უბრალოდ, ვეღარ აუდის ადამიანი ამდენს.
ყველა პროცესის გამართული მუშაობის წინაპირობაა ის, რომ აქტივობები არ იყოს ფრაგმენტული, ეპიზოდური, წინასწარ იყოს კარგად დაგეგმილი და ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებული.
რეფორმა მიმართულია იქითკენ, რომ პასუხისმგებლობა თანაბრად იყოს გადანაწილებული გუნდზე და წინასწარვე დაისახოს მიზნები, რომლებიც უნდა შესრულდეს.