მთავარი,სიახლეები

75 წლის იაპონელმა მოხალისემ ხარკოვში უფასო კაფე გახსნა

01.05.2023
75 წლის იაპონელმა მოხალისემ ხარკოვში უფასო კაფე გახსნა

75 წლის იაპონელი მოხალისე ფუმინორი ცუჩიკო უკრაინაში შარშან, ომის დროს ჩავიდა. როცა ხარკოვი გამუდმებით იბომბებოდა, ის ქალაქის მცხოვრებლებთან ერთად იმალებოდა მეტროსადგურში. აქ გაიცნო მან უკრაინელი მოხალისე ნატალია გრამა და მასთან და სხვა მოხალისეებთან ერთად ხარკოველებს საკვებით, მედიკამენტებითა და ჰიგიენური საშუალებებით ამარაგებდა.

ცოტა ხნის წინ იაპონელმა მოხალისემ ხარკოვში პატარა, უფასო კაფე გახსნა, FuMi Caffe, რომელიც კვირაში 7 დღე ცხელ კერძს სთავაზობს მათ, ვისაც ამის საშუალება არ აქვს. მასთან ერთად მუშაობს ნატალიაც, რომლის ქმარიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებშია და ამჟამად ბახმუტის დასაცავად იბრძვის.

იაპონელი მოხალისის უფასო კაფე ხარკოვში. ფოტო: Fuminori Tsuchiko/facebook

რიგი უფასო კაფესთან. ფოტო: Fuminori Tsuchiko/facebook

ბოლო დღეებია იაპონელი მოხალისის უფასო კაფე ხარკოვში უკრაინული და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

„ომის დროს ბევრმა ადამიანმა დაკარგა სახლი და სამუშაო. ყველა ქარხანა, ყველა ოფისი განადგურებულია. თუ ხალხს ფული არ ექნება, მშიერი დარჩება. გვინდა, დღეში ერთხელ მაინც მივაწოდოთ მათ  საკვები. მინდა ხალხმა გაიღიმოს, ბავშვებმა გაიღიმონ“ – უთხრა იაპონელმა მოხალისემ lyuk.media-ს.

კაფე ყოველდღიურად 500-მდე ადამიანს უმასპინძლდება ცხელი საკვებით და ძირითადად იაპონელი ხალხის შემოწირულებებით ფინანსდება.

იაპონელი მოხალისე სამუდამოდ უკრაინაში გეგმავს დარჩენას. მას მეუღლე 15 წლის წინ გარდაეცვალა, სახლი იაპონიაში უკვე გაყიდა, თანხის ნაწილი შვილებს გაუნაწილა და ამბობს, რომ ხარკოვიდან წასვლას არ აპირებს.

იაპონელი მოხალისის უფასო კაფე ხარკოვში. ფოტო: Fuminori Tsuchiko/facebook

უფასო სადილი. ფოტო: Fuminori Tsuchiko/facebook

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: