მთავარი,სიახლეები

სკუტერებით სარგებლობა ბათუმის ბულვარში 2024 წლის ინვრამდე დასაშვები იქნება

28.04.2023
სკუტერებით სარგებლობა ბათუმის ბულვარში 2024 წლის ინვრამდე დასაშვები იქნება

ბათუმის ბულვარში ელექტროსკუტერებით სარგებლობა 2024 წლის პირველ იანვრამდე დასაშვები იქნება, შესაბამისი ცვლილების მოთხოვნით ბათუმის მერიას ბულვარის ადმინისტრაციამ მიმართა, მერიამ კი თავის მხრივ საკრებულოს.

ბათუმის ძველ ბულვარში,  ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ ტერიტორიამდე მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება 2019 წელს აკრძალეს. გადაწყვეტილება მაშინაც ბათუმის საკრებულომ ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით მიიღო.

ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი აცხადებდა, რომ ელექტრომობილები ველობილიკიდან სასეირნო ბილიკზე გადადიოდნენ, რის გამოც ხშირი იყო ავარიის, ქვეითად მოსიარულეებზე შეჯახების და არც თუ ისე მსუბუქად დაზიანების შემთხვევები. ადგილი ჰქონდა სიჩქარის გადაჭარბების გამო ავარიის შემთხვევებს ველობილიკზეც.

განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ 2019 წელს დაამტკიცა, შეზღუდვა მხოლოდ შს სამინისტროს, ბულვარის დაცვისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე არ ვრცელდებოდა, რომლებიც ბულვარში კონტროლის მიზნით ელექტრომობილებით გადაადგილდებიან.

2023 წლის 24 აპრილს, ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მიქელაძემ საკრებულოს დადგენილების 2024 წლის იანვრამდე შეჩერება ოფიციალურად სთხოვა.

ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მოიჯარეთა უმრავლესობა არ მუშაობდა. 2022 წლის ზაფხულის სეზონზე კი თვალსაჩინო გახდა, რომ ელექტროტრანსპორტი და მათ შორის ეგრეთ წოდებული ელექტროსკუტერები განსაკუთრებული პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე უცხოელ ვიზიტორებში.

„ამასთან ხსენებული ელექტროტრანსპორტი არის ეკომეგობრული, რომელსაც არ აქვს გამონაბოლქვი, რაც ნაკლები ზიანის მომტანია გარემოსთვის“, – წერს ლაშა მიქელაძე.

„ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, გთხოვთ განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები… რომლის მიხედვითაც ზემოხსენებული ელექტროტრანსპორტის, მათ შორის ელექტროსკუტერების გადაადგილება დასაშვები იქნება 2024 წლის 1 იანვრამდე.“

ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის, დავით კოპინაძის განმარტებით, ელექტრომობილების გადაადგილება 2024 წლის იანვრამდე ბულვარში დასაშვები გახდება მხოლოდ ველობილიკებზე.

ბათუმის საკრებულომ შესაბამისი განკარგულების პროექტი დღეს, 28 აპრილს დაამტკიცა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: