უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებისა და აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტიდან „ვაგნერის“ გაყვანა და მათი ჩანაცვლება რუსული არმიის ნაწილებით ჭიანურდება.
„სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანია. მოწინააღმდე, „ვაგნერი“ ბახმუტშია, მაგრამ ის რეალურად არის ერთგვარ თაგვის ხაფანგში. ახლა პრიგოჟინი ცდილობს, თავისი შენაერთების გაყვანას და ჯარის ნაწილების განთავსებას. ეს პროცესი იწელება. ის სხვადასხვა განცხადებას აკეთებს. ჩვენი ამოცანა მხოლოდ ერთია – მტრის დამარცხება, ტერიტორიის გათავისუფლება, წინ წაწევა, საზღვრებისკენ“, – მიმართა სირსკიმ მებრძოლებს.
რამდენიმე დღით ადრე „ვაგნერის“ მფლობელმა, ევგენი პროგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერი“ დატოვებს ბახმუტს პირველ ივნისამდე, თუმცა ბრიტანული დაზვერვა და, ასევე, ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი, წერენ, რომ რუსეთის რეგულარულ არმიას, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არ ჩაუბარებია „ვაგნერის“ პოზიციები ბახმუტში და მათ ნაცვლად პოზიციების გადაბარება დაიწყეს თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ქვედანაყოფებმა.
მისი თქმით, უკრაინული დანაყოფები იგერიებენ მტრის წინ წაწევის ყველა მცდელობას ბელოგოროვკის, ნოვოსელოვსკისა და ტორსკის რაიონებში.
უკრაინის სამხედრო სარდლობა ამ დრომდე არ ადასტურებს ძალების ბახმუტიდან გაყვანას. 27 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები აკონტროლებენ ბახმუტის უბანს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
პირველად ქურთი ხალხის ბრძოლაზე 2019 წელს გავიგე, ცოტა ხნით ადრე სანამ ჩრდილოეთ სირიაში, ქურთებით დასახლებულ ქალაქებში ვითარება უკიდურესად გამწვავდებოდა. მაშინ ამ ამბებმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია და მას შემდეგ ვცდილობ უფრო მეტის გაგებას ქურთებზე, მათ კულტურასა და ისტორიაზე.
თუმცა იმის გამო, რომ მათი ენა არ მესმის, ჩემთვის ამ გზაზე ყველაზე უნივერსალურ წყაროდ თავდაპირველად მუსიკა იქცა.
ქურთული ენა სამ ნაწილად იყოფა: კურმანჯი, სორანი და ფეჰლევანი. ყველაზე მეტი 15-20 მილიონი ქურთი კურმანჯიზე საუბრობს და სიმღერების უმეტესობაც, რაც მომისმენია, ამ დიალექტიდან ითარგმნება.
ქურთული ენის დიალექტების გავრცელების არეალი | წყარო: wikipedia
ქურთი მებრძოლი ქალები არიან ჩემი „ამბასადორები“ ქურთული სიმღერების სიყვარულში და პირველი სიმღერა, რომელიც მახსენდება სწორედ მათზეა.
ორიგინალის ავტორია ცნობილი ქურთი მუსიკოსი შივან ფერვერი. ის დაიბადა თურქეთში, სირიის საზღვართან ახლოს, ქალაქ ვირანშეჰირში 1955 წელს. 25 წლის მანძილზე შივანის სიმღერები აკრძალული იყო თურქეთში, ერაყსა და სირიაში, რადგან ეს სიმღერები ხშირად ჰყვებოდა ქურთი ხალხის ჩაგვრაზე ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი თურქეთში.
ქურთების მხარდამჭერ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისა და მისი სიმღერებისთვის ის ხშირად იდევნებოდა, რის გამოც 1976 წელს თურქეთი დატოვა. დღემდე მას 30-მდე ალბომი აქვს ჩაწერილი.
თუმცა ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ „Keçe Kurdan – ქურთი გოგოს“ აინურ დოღანის მიერ შესრულებული ვერსია.
აინურმა სიმღერის მისეული ვერსია 2004 წელს ამავე სახელწოდების ალბომით გამოუშვა. სიმღერამ და ალბომმა, ზოგადად, არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. დიარბაქირში (თურქეთი) ის 2005 წელს აკრძალეს კიდეც, მასში გაჟღერებული მოწოდების გამო, რომელიც ქალებს ბრძოლაში იწვევდა (Bý mera werýn cenge – მოდი, ომში წავიდეთ).
მემარჯვენე, ანტი-ქურთული ძალების გაძლიერების ფონზე, 2012 წელს აინურ დოღანი ამსტერდამში გადავიდა საცხოვრებლად. ის თურქეთში, თუნჯელის პროვინციაში დაიბადა. გასულ წელს მომღერალს ტურნე ჰქონდა თურქეთში, 20 მაისს, ქოჯაელში დაგეგმილი კონცერტი მუნიციპალიტეტმა დაბლოკა, მიზეზად შეუსაბამობა დაასახელეს. მომღერლის მხარდასაჭერად მსმენელებმა მისი სიმღერები გააზიარეს სოციალურ ქსელებში.
პირველი ქურთული როკ-ბენდი თბილისიდან
ინტერნეტში ხეტიალისას ქურთული ჰანგების ძიებამ ჩემდა გასაკვირად უკან, საქართველოში დამაბრუნა. 1973 წელს, მაშინ, როცა თურქეთში ქურთული მუსიკა აკრძალული იყო, თბილისში ოთხმა ახალგაზრდამ პირველი ქურთული როკ-ბენდი Koma Wetan ჩამოაყალიბა. ბენდის პირვანდელ შემადგენლობას ხელმძღვანელობდა თბილისში დაბადებული იეზიდი მუსიკოსი ქერემ გერდენზერი. ასევე ბენდის წევრები იყვნენ რაფაელ შამილ დასინი (დრამი), ლევონ გრიგორი შაჰბაზიანი (კლავიში) და ომერ სებრი რეჯევი (სოლო გიტარა, ვოკალი).
საბჭოთა კავშირში მათ ქურთი მსმენელის სიყვარული დაიმსახურეს. თუმცა სსრკ-ს დაშლის შემდეგ, 1992 წელს ბენდს აღარ ჰქონდა ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა. როგორც სხვადასხვა წყარო იუწყება, ბენდის წევრები მიგრაციაში წავიდნენ.
Koma Wetan-ის 1979 გამოშვებული ალბომი Bayê Payîzê დღემდე პოპულარულია ქურთული მუსიკის მოყვარულებში, ჯგუფი კი ითვლება ქურთული როკის პიონერად.
ახლა მინდა მოგიყვეთ ბულბულზე სახელად არამ ტიგრანი (ქამიშლიში ცნობილი, როგორც არამ დიგრანი). ის დაიბადა ჩრდილოეთ სირიაში, ქამიშლში. მშობლები დიარბაქირში (თურქეთი) დაბადებული სომხები იყვნენ. 20 წლის ასაკში არამი უკრავდა სირიულ ტრადიციულ საკრავ ოუდზე და მღეროდა 4 ენაზე: ქურთულად, სომხურად, არაბულად და სირიულად.
არამი საკუთარ თავში და თავის სიმღერებში განდევნილი ქურთი და სომეხი ხალხის სევდას აერთიანებს.
შემდეგია ჯივან ჰაჯო, მის კონცერტს ბატმანში (თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი) 2003 წელს სხვადასხვა ცნობით დაახლოებით 800 000 ადამიანი ესწრებოდა. მან ერთ-ერთმა პირველმა გააჟღერა ქურთული მუსიკა დასავლურ სტილში, მათ შორის როკი, ჯაზი, ბლუზი. მას გამოშვებული აქვს 16 ალბომი და ერთი ლაივ კონცერტის ჩანაწერი.
ქურთულ მუსიკაში დიდი ადგილი უჭირავს როკ ჯგუფებს, რომლებიც ხშირად უნივერსიტეტებში იქმნებოდა და შთაგონებული იყო არსებული სოციალური უთანასწორობითა და პოლიტიკური სიტუაციით. ასეთი იყო 1988 წელს ანკარაში, ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების შექმნილი – Koma Amed. სიტყვა koma ქურთულად ჯგუფს ნიშნავს, ასე რომ ამ სიტყვას ბევრი სხვა ჯგუფის სახელშიც შეხვდებით.
Koma Amed-ს გაუჭირდა თავისი პირველი ალბომის Kulilka Azadî (თავისუფლების ყვავილები) გამოშვება, რადგან ამ დროისთვის კვლავაც აკრძალული იყო ქურთული ენა. შემდგომში მათ ჯამში სამი ალბომი გამოუშვეს. ჯგუფი ათასწლეულის ბოლოს დაიშალა, მისი წევრები ემიგრაციაში წავიდნენ.
მიმდინარე წლის დასაწყისში Koma Amed-ის წევრებმა გაერთიანება დააანონსეს. ჯგუფმა წლების წინ თარგმნა ცნობილი Bella Ciao-ს ტექსტი ქურთულ ენაზე.
ქურთული მუსიკა ბევრი პოლიტიკური გამოწვევის ფონზე მაინც იქმნებოდა, საიდუმლოდ გადაეცემოდა საზღვრებიდან საზღვრებზე და იპყრობდა მსმენელის გულს. ჯგუფები Koma Azad, Koma Çiya, Koma Dengê Azadî და სხვები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზე.
ბოლოს კი გიზიარებთ პლეილისტს, რომელიც პერიოდულად განახლდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მცირე და დიდ ქალაქებში არსებული ავტოსადგურები, რომლებიც შიდა საქალაქო გადაზიდვებს ემსახურებიან, სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან.
ამის შესახებ დღეს, 29 მაისს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ცვლილება შევა საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტებში შიდა სამგზავრო გადაყვანების მოქცევას სანებართვო სისტემაში.
„პროექტის მიხედვით, იქნება კონკრეტული მოთხოვნები ავტოსადგურების მიმართ და ამის მიხედვით 3 ტიპის ავტოსადგური განისაზღვრება, პირველი, მეორე და მესამე კლასის. დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის ავტოსადგურები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება, პატარა მუნიციპალიტეტებში კი იქნება ავტოსადგურები მცირე მოთხოვნებით, მაგრამ თანამედროვე ვიზუალის და ყველა იმ მინიმალური კომფორტისა და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს მგზავრებს სჭირდება“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ბევრი ავტოსადგურია, რომლებიც არანაირ რეგულაციაში არ არის მოქცეული, სტანდარტი არ არის დაცული და ხარისხი არის ძალიან დაბალი.
„სერტიფიცირების ჩატარების წესი მთავრობის მიერ განისაზღვრება, თითოეული მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ავტოსადგურის მიზანშეწონილობას განსაზღვრავს და მუნიციპალიტეტებსაც თავიანთი უფლებამოსილებები განესაზღვრებათ.
ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ორ რამეს. პირველი ის, რომ ავტოსადგურები იქნება მოწესრიგებული, თანამედროვე, ცივილიზებული პრინციპების შესაბამისად და სტანდარტებში მოექცევა და ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და გადამზიდავებიც სერტიფიცირებული იქნება, სანებართვო წესებს დაექვემდებარება და უნდა დააკმაყოფილონ მინიმალური სტანდარტები“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ამ სტანდარტების შემდეგ ავტოსადგურებში ბილეთების გაყიდვის სისტემაც იქნება გამჭვირვალე და ელექტრონული.
მან აღნიშნა, რომ ეს პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება, მანამდე კი ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნული ცვლილებებისთვის პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს.
კომპანია „სოკარის“ ცნობით, 31 მაისის 02:00 საათიდან ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე გაზის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდება.
გაზი გაითიშება შემდეგ ქუჩებზე:
სარფი, ა. პირველწოდებულის გზატკეცილი, აფსაროსის გზატკეცილი, მატათა მოციქულის, სვიმონ კანანელის, პეტრე იბერის, იოანე ლაზის, კახაბრის, ნუცუბიძის, შარაშიძის, ჩოხელის, ნაჭყებიას, კვინიტაძის, ფრ. ხალვაშის 42-დან 180-მდე.
გაზის მიწოდება დაიწყება 31 მაისს 10:00 სთ-დან და სრულად აღდგება 31 მაისის დღის ბოლომდე.
„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სარემონტო სამუშაოებია.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 207 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +430]
ტანკი – 3 801 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 7 467 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 3 435 ერთეული [+10]
MLRS – 575 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 331 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 313 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 298 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 054 ერთეული [+61]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 056 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 207 ერთეული [+15]
სპეცტექნიკა – 453 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
429 თვითმფრინავი
235 ვერტმფრენი
4 371 უპილოტო საფრენი აპარატი
424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 324 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 934 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 527 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„სასამართლოში გვიჩივლებს და მოგვიგებს“, – ეს არის და იყო გასულ წლებში მთავარი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ ან ვერ ცვლიან ბათუმის მერები ურბანულ პოლიტიკას არამხოლოდ ადრე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე, არამედ შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტებზეც კი.
როგორც თავად გვიხსნიდნენ, მაგალითად, ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებები მეტწილად მისი წინამორბედის – გიორგი ერმაკოვის დაწყებულის გაგრძელება იყო. არჩილ ჩიქოვანი კი ამ ორივე ყოფილის დაწყებულის დასრულებას, ანუ ნებართვების გაცემას აწერს ხელს.
მომავალი მერიც ალბათ იმავეს გვეტყვის.
ძველი ნებართვები, მათ შორის 2016 – 2017 წლებით დათარიღებულიც კი, იმ რაოდენობით გვხვდება, რომ შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, ისინი განუსაზღვრელი ოდენობით, სადღაც თაროზე ხომ არ ალაგია?
ამ საკითხზე გასულ კვირას შპს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ვკითხეთ. კომპანია ბათუმის მერიის დაკვეთით ქალაქის განაშენიანების გეგმას ამზადებს [გენგეგმა].
გასულ კვირას შპს „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ საზოგადოებას ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებული კვლევის ნაწილი და განვითარების ხედვა წარუდგინა. დისკუსიის დროს მოქალაქეების კითხვები ბევრ პრობლემურ საკითხს შეეხო.
„ბათუმელები“ კი ერთი საკითხით დავინტერესდა – კონკრეტული უბნების განვითარების ხედვების შეთავაზება გულისხმობს თუ არა, რომ სპეციალისტებმა კონცეფციების შემუშავებამდე უკვე გაცემული ნებართვები დაამუშავეს.
გვიპასუხეს, რომ – არა.
„წესით დამუშავებული უნდა იყოს, რადგან გარდაუვალია, რომ მომავალში ეს არ გამოიწვევს ცვლილებებს. თუმცა არის ტექნიკური პრობლემა“, – განგვიმარტა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენელმა სოფო თოდუამ.
მისვე თქმით, პრობლემა ის არის, რომ ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული სისტემა რამდენიმეჯერ შეიცვალა. შესაბამისად, არ არსებობს ელექტრონული ბაზა:
„ეს ნიშნავს, წელიწადში 5-15 ათასის, თუ რამდენიც არის, ნებართვების არქივიდან ამოღებას და ასე გადახედვას. ეს, სიმართლე გითხრათ, შეუძლებელია. მაგრამ არსებობს ცხრილი, სადაც მითითებულია მისამართები. ამ ცხრილის მიხედვით შეიძლება განსაზღვრა, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი. თუმცა, ნებართვებშიც არსებობს ვადები. ამიტომ მოლოდინი, რომ რაზეც არსებობს ნებართვა ის აუცილებლად აშენდება 2-3 წელში, ესეც ვარაუდის დონეზე შეიძლება“.
გენგეგმაში კვლევითი ნაწილის განხილვისას სპეციალისტებმა აღნიშნეს ასევე, რომ ქალაქისთვის 3000-ზე მეტი შეუსაბამო ნაგებობაა ბათუმში. თუმცა ჯგუფმა ვერ დააკონკრეტა, ეს შენობები ნებართვით არის აშენებული თუ უკანონოდ:
„ამის შემოწმება იმიტომ არის შეუძლებელია, რომ ორი განსხვავებული ბაზაა, რომლის შედარებაც ვერ ხდება – რეესტრი არ აახლებს ბაზებს ისე ხშირად, როგორც ჩვენ ვაახლებთ. რეესტრის მასალებში, მაგალითად, ზოგიერთი ობიექტი, რაც რეალურად არსებობს, აღრიცხული არ იყო. ამიტომ ჩვენ განმეორებით ჩავატარეთ კვლევა და ის რუკები და მასალები, რაც გვაქვს წარმოდგენილი, რეალობას სრულად ასახავს.
ბევრს მისამართები შეცვლილი აქვს, მათ შორის საკადასტრო ერთეულებიც იცვლება. სამწუხაროდ, ამ ბაზაზე წვდომა არ გვაქვს. ამიტომ, ჯერჯერობით, ამ ორის შედარება ერთმანეთთან შეუძლებელია. ჩვენ ვამბობთ: ეს ბაზები რომ გაერთიანდეს, საინფორმაციო სისტემა უნდა არსებობდეს ბათუმში“.
ჯერჯერობით გაურკვეველია უნებართვოდ აშენებული შენობების ბედიც. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ამნისტიის პროექტი მხოლოდ იმ შენობებს ეხება, რომლებიც ნებართვის პირობების დარღვევით აშენდა და არა საერთოდ უნებართვოდ, უკანონოდ აშენებულ შენობებს.
ბათუმში ბევრი უნებართვოდ აშენებული შენობების შესახებ ვიცით. მათი უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ უკანონოდ არის აშენებული, რეესტრში დარეგისტრირებულია.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრი, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2023 წლის 4 ივნისს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტურ ფესტივალს გამართავს.
ადგილმდებარეობა: ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია; ბათუმი, რუსთაველის ქუჩა 53. დრო: 11:00 – 18:00
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე, ესტონეთის „ვალგას“ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.
ფესტივალზე დასწრება შეუძლიათ როგორც ახალგაზრდებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.
„ფესტივალი ახალგაზრდებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, ინფორმაცია მიიღონ პროფესიული სასწავლებლების და მათი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენს როგორც ახალგაზრდებს შორის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი პროგრამების პოპულარიზაცია, ასევე მისი დამატებითი ამოცანაა, საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გამოცდილების გაზიარება.“ – აღნიშნულია პრესრელიზში.
ამასთან, ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიებაზე, სხვადასხვა ინტერაქციულ ფორმატში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები წარმოადგენენ სრულყოფილ ინფორმაციას მათი პროგრამებისა და სასწავლო კურსების ფართო სპექტრის შესახებ, რაც ახალგაზრდებს საგანმანათლებლო და პროფესიული მიზნების დასახვაში დაეხმარება.
ფორუმს ასევე დაესწრებიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოტენციური დამსაქმებლები, რომლებიც თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების საზეიმო ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალზე ასევე გაიმართება სპორტული ღონისძიებები, ხოლო აქტივობების დასრულების შემდეგ ლოტოტრონით, შემთხვევითობის პრინციპით, გამოვლინდება ის სასწავლებელი, რომელიც შემდეგ წელს უმასპინძლებს ფესტივალს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს, ალინკა კოროლევას.
მობ.: 568 884646
ღონისძიების პარტნიორია „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება.
აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია არის თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).
დღეს, 28 მაისს, ბათუმში „მხარდამჭერი მომსახურებების ინტერაქციული გამოფენა“ გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის სერვისი, რომელიც აჭარის რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდასაჭერად ხორციელდება.
გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ „მაკ ჯორჯია“ და „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“.
ბათუმში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარის მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის არსებული სერვისები.ბათუმში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარის მუნიციპალიტეტებში შშმ პირებისთვის არსებული სერვისები.
ელენე ბერაძემ, ღონისძიების ორგანიზატორმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაბალია ცნობიერება, თუ რა სერვისები არსებობს ქვეყანაში შშმ პირებისთვის.
„ჩვენი ორგანიზაცია 2008 წლიდან მუშაობს სფეროში და ამ ხნის განმავლობაში ხშირად ვაწყდებით სირთულეს კომუნიკაციაში. მიუხედავად ჩვენი ორგანიზაციების ძალიან აქტიურობისა, ძალიან დაბალია ცნობიერება. საბედნიეროდ გვაქვს სერვისები, რა თქმა უნდა, არასაკმარისი, მაგრამ მაინც გვაქვს.
როდესაც, მაგალითად, მშობელს ჰყავს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი ან ცერებლარული დამბლით გვაკითხავს ხოლმე და გვეკითხება – რა სერვისები არის ჩემთვის, ახლა რა უნდა გავაკეთო?
ამიტომ ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ მოვძებნოთ გზები, თუ როგორ მივაწოდოთ ადამიანებს ინფორმაცია სერვისების შესახებ.
ამ გამოფენის მიზანი არის ისიც, რომ თვითონ ორგანიზაციები დავაახლოვოთ, ორგანიზაციებმა გაიცნონ და კავშირი დაამყარონ ერთმანეთთან, სამომავლო პროექტები დაგეგმონ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ელენე ბერაძემ, გამოფენის ორგანიზატორმა.
ბათუმში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარის მუნიციპალიტეტებში შშმ პირებისთვის არსებული სერვისები.
ხელვაჩაურში, ჭოროხის შემოვლით გზაზე, ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომოვილი და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.
თვითმხილველთა თქმით, ავარიის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკებში გადაიყვანა.
შსს-ს თქმით, ავარიის შედეგად არავინ დაღუპულა. ამ ეტაპზე ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები – პატრული და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
ავარიის გამო დროებით შეზღუდული იყო მოძრაობა ჭოროხის შემოვლით გზაზე.
ჭოროხის შემოვლითი გზით სარგებლობა მოქალაქეებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გზების დეპარტამენტმა ბათუმი-ხელვაჩაურის დამაკავშირებელი გზა სარემონტო სამუშაოების გამო ჩაკეტა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 მაისის 21 საათიდან 29 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 29-30 მაისს ბათუმსა და მთელ აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 206 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400]
ტანკი – 3 797 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 7 456 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 3 425 ერთეული [+11]
MLRS – 574 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 329 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 313 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 298 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 993 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 056 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 192 ერთეული [+9]
სპეცტექნიკა – 451 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
429 თვითმფრინავი
235 ვერტმფრენი
4 357 უპილოტო საფრენი აპარატი
424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 322 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 924 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 506 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„ჩვენ ვინ დაგვიცავს თავხედი მოსწავლისგან?!“, „ყველა უფლება ჩამოგვართვეს“, „მოსწავლის დასჯის ყველანაირი რესურსი შეუზღუდეს მასწავლებელს“ – ასეთი ფრაზებით გამოეხმაურნენ პედაგოგები სოციალურ ქსელში სტატიას, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთ სკოლაში, მასწავლებლისა და მოსწავლის კონფლიქტს ეხებოდა.
რატომ ითხოვენ მასწავლებლები მოსწავლის დასჯის უფლებას და არიან თუ არა ისინი რეალურად დაუცველი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2022 წლის ათეულში მყოფ პედაგოგს, ირა ძირკვაძეს ესაუბრა.
ქალბატონო ირა,მასწავლებლების საკმაოდ დიდი ნაწილი, ვინც ამ სტატიის ქვეშ კომენტარებს წერდა, ამბობდა, რომ „ჩვენ ვიჩაგრებით“, „არაფერი გვეთქმის სკოლაში“, რომ „ყველაფრის უფლება წაგვართვეს“ და ამან „გაათავხედა მოსწავლეები“. თქვენი აზრით, დაუცველია დღეს მასწავლებელი სკოლაში, რა უფლებები აკლია მას?
ვფიქრობ, პრობლემა მოდის იქიდან, რომ ჩვენ, წინა საუკუნეში გაზრდილ პედაგოგებს გვიწევს ვასწავლოთ თანამედროვე ბავშვებს. რამდენიმე წლის წინ სკოლაში ბავშვის დასჯა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ხომ?! სკოლაში უფრო მკაცრი სისტემა იყო, უფრო დასჯაზე იყო ორიენტირებული და მარტივი არ არის მთელი სისტემა უცებ შეიცვალოს.
ჩვენ გვინდა კეთილი სიტყვით გავაგებინოთ ბავშვებს ჩვენი სათქმელი, მაგრამ ეს არ არის მარტივი პროცესი, წლები სჭირდება და გადალახვის პერიოდში იქნება უკმაყოფილება და წინაღობები.
ცხადია, მე ისეთი სკოლა მომწონს, რომელიც თანამედროვე მიდგომებს ითვალისწინებს. მასწავლებელი კლასში დამოუკიდებელია და აქვს იმის ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი სწორად წარმართოს.
ვფიქრობ, თუ მასწავლებელს პატივს სცემენ კლასში, მას არ გაუჭირდება ბავშვებთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ ამის მიღწევას სჭირდება ძალიან დიდი რესურსის ჩადება მასწავლებლის მხრიდან.
სიმკაცრე წამიერად შესაძლოა გვაძლევდეს ეფექტს და ისიც დაბალ კლასებში, მაგრამ უფროს კლასებში ეს არ გამოგვადგება. გვჭირდება განსხვავებული მიდგომები გვჭირდება, იმისთვის, რომ მასწავლებელს და მოსწავლეს ისეთი ურთიერთობა ჰქონდეთ, რაც დაეხმარება ბავშვს შემეცნების და სწავლის პროცესში.
ერთი მასწავლებელი წერდა, რომ „წაგვართვეს ყვირილის უფლება“, „მასწავლებელმა კი უნდა აიტანოს ის, რასაც იტანს“. თქვენ თუ ეთანხმებით და რისი ატანა გიწევთ სკოლაში?
არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, მოსწავლეების მხრიდან ისეთი არაფრის ატანა მიწევს, რაც მაფიქრებინებს, რომ ჩემი უფლებები ხელყოფილია.
ახლა განათლების სისტემა რეფორმებს გადის და შესაძლოა უფრო დაძაბული და სტრესულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს მოსწავლეებს.
ისიც არის, რომ ყველა მასწავლებელი ერთიანად ვერ გადავა ახალ რელსებზე. მეორეა ის, რომ ერთგან სიმკაცრეს აწყდებიან ბავშვები, სხვაგან – უფრო ლმობიერებას და ვეღარ ხვდებიან, რომელ მხარეს წავიდნენ. ეს უფრო იწვევს არეულობას, რადგან საერთო მიდგომა მაინც არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული სკოლებში.
თქვენს პრაქტიკაში გქონიათ კრიტიკული მომენტი? და როგორ გადალახეთ, როგორ გამოძებნეთ ბავშვებთან საერთო ენა? ან გიგრძნიათ თავი დაჩაგრულად, როგორც მასწავლებელს?
ყველაზე კრიტიკული მომენტი, მე რაც მაქვს ხოლმე მოსწავლეებთან ურთიერთობისას, გარე სივრცეებს უფრო შეეხება, როცა პასუხისმგებლობას იღებ 15 ბავშვზე, სადღაც მიმყავს და ამ დროს ვიღაცას უნდა რომ იცელქოს – სადღაც ავიდეს და გადმოხტეს, ან ხეზე აძვრეს. შენ გიწევს იმის ახსნა, რომ რაღაც გარკვეულ პროცესს უნდა მიჰყვეს ბავშვი.
მე მგონია. რომ ამ პასუხისმგებლობების შესახებ ჩვენ არ ვასწავლით ბავშვებს სათანადოდ, როცა ვამბობთ, რომ მათ იციან უფლებები, მაგრამ არ იციან მოვალეობები. მერე ვიღებთ იმ შედეგს, რომ ვყვირით – „არ იციან თავიანთი მოვალეობები“.
ასეთ შემთხვევებში რა სტრატეგიას ირჩევთ ხოლმე, რა არის გამართლებული, რა მუშაობს ყველაზე უკეთ და რატომ ვერ იყენებენ ამ გამოცდილებას ვთქვათ, სხვა მასწავლებლები?
იმიტომ, რომ განვითარება არის გრძელვადიანი შედეგი, ჩვენ კი გვინდა იმ წუთას გავაჩეროთ ბავშვი, რაღაცნაირად მოვაგვაროთ პრობლემა. ამას ახერხებს ეს სიმკაცრე – ყვირილი.
მეც მაქვს ხოლმე შემთხვევები, როცა ცდილობს ბავშვი ჩაშალოს გაკვეთილი, ან კლასელთან ხუმრობს, ან რაღაცას გადაისვრის… ასეთ დროს მაქსიმალურად ვცდილობ გავაგებინო ბავშვს, რომ ხელს მიშლის საგაკვეთილო პროცესში, რომ მის თანაკლასელებს ეშლებათ ხელი გაკვეთილის გაგებაში.
ერთხელ თქმა, რა თქმა უნდა, არ შველის, უბრალოდ გაკვეთილის შემდეგ ვცდილობ გავესაუბრო ამ მოსწავლეს და არა კლასის თანდასწრებით ვუთხრა რაიმე უხეშად.
ვარკვევ რა პრობლემები აქვს და რატომ მიშლის ის ხელს გაკვეთილზე, ვუხსნი, მე რა პრობლემები მაქვს და ვთხოვ, რომ გამოსავალი მომაძებნინოს.
ვცდილობ, ყველაზე ცელქი მოსწავლეები უფრო მეტად ჩავრთო არაფორმალურ განათლებაში, რომ უკეთ დავუახლოვდე და გავიცნო. იმიტომ, რომ საბოლოოდ, თუ მასწავლებლის მიმართ დადებითი განწყობა აქვს მოსწავლეს, საგანი რომც არ აინტერესებდეს, მაინც ცდილობს, არ აწყენინოს იმ მასწავლებელს.
ჩემი ამოსავალი წერტილი ის არის, რომ უფრო მეტად გავიცნოთ ჩვენი მოსწავლეები და დავუახლოვდე მათ.
როდისმე გქონიათ განცდა, რომ მოსწავლეს უფრო მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე თქვენ და იჩაგრებით ამის გამო, როგორც ამბობენ ხოლმე თქვენი სხვა კოლეგები?
არასდროს მქონია მსგავსი განცდა, ვერ ვიხსენებ. ემოციის დონეზე არასდროს მიგრძნია, რომ მოსწავლეს ჩემზე მეტი უფლება აქვს და მე ის ამით მჩაგრავს.
პირიქით, ზოგჯერ ის შეგრძნება უფრო მქონია, მე ხომ არ გამოვიყენე ჩემი მდგომარეობა-მეთქი, რადგან მასზე უფროსი ვარ და მასწავლებელი ვარ, რაიმე უხეშად ხომ არ ვუთხარი იმის გამო.
იყო შემთხვევა, როცა სახლში მივედი და დავფიქრდი, ვიგრძენი, რომ რაღაც ცუდად ვუთხარი მოსწავლეს. შეტყობინება გავუგზავნე და ბოდიში მოვუხადე. მგონი ცუდად მოგმართე გაკვეთილზე და არ მინდოდა-მეთქი.
აი ეს მობოდიშების ჟესტი, შეცდომის აღიარება, დადებითად მოქმედებს ურთიერთობაში თუ ათამამებს ბავშვებს?
ვფიქრობ კი, კარგად მუშაობს და მეორეს მხრივ, ჩვენი ქცევით მაგალითს ვაძლევთ მოსწავლეებს.
ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება გვეხმარება ბავშვთან ურთიერთობის დალაგებაში, რადგან მეორე დღეს, მაგალითად, იმ ბავშვთან უფრო ახლოს ვიგრძენი თავი და მოსწავლემაც დაინახა, რომ შესაძლოა მასწავლებელმაც დაუშვას შეცდომა და თქვას რაიმე არასასიამოვნო, მაგრამ შესაძლებელია ამის გამოსწორება.
მესმის, რომ ყოველთვის კარგად ვერ მოვიქცევით ვერც მასწავლებელი და ვერც მოსწავლე, მაგრამ თუ შემდეგ ჩვენს ქცევაზე დავფიქრდებით და ვაღიარებთ ჩვენი თავის წინაშე, ბავშვსაც მოვუხდით ბოდიშს, რომ რაღაც მომენტში არასწორად მოვიქეცით და ეს მაგალითი მათ დაეხმარება შემდგომ ცხოვრებაშიც.
იმ ჩანაწერში რაც მოვისმინეთ, ისმოდა ასეთი ფრაზები: „ყველა მასწავლებელს შევაძულე შენი თავი, სისხლს გაგიშრობთ მე-12 კლასამდე“… როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება მიიყვანოს მასწავლებელი ამ მდგომარეობამდე, აქვს ამას გამართლება?
რა თქმა უნდა, ასეთი რამის მოსმენა არასასიამოვნოა პედაგოგის მხრიდან და ხშირად ჩვენ ცდილობთ გავამართლოთ კოლეგები და ვამბობთ, რომ „ძალიან აღელვებული იყო“, „ემოციის ფონზე მოუხდა ასეთი ფრაზების წამოძახება“, თუმცა მგონია, რომ მასწავლებელს უნდა ესმოდეს, რომ მისმა ერთმა სიტყვამაც შესაძლოა მთლიანად დაანგრიოს ბავშვის ცხოვრება ან პირიქით.
ჩემი აზრით, ის, რაც არასდროს უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, ეს არის მოსწავლეზე გადამტერება, რომ უარყოფითად იყოს განწყობილი მოსწავლის მიმართ.
მესმის, რომ შეუძლებელია ყველა მოსწავლე თანაბრად გიყვარდეს, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყო რომელიმეზე გადამტერებული. ამ ყველაფერს შემდეგ ზედაპირზე ამოაქვს ყველა ის სიმახინჯე, რაც გვაჩვენებს, თუ რა გარემოში უწევთ მომავალ თაობებს აღზრდა.
ახლახან დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობდით, თავისუფლების დღეს და ჩვენ არ გვინდა მომავალი თაობა იზრდებოდეს ემოციურად დაძაბულ გარემოში, თუ გვინდა, რომ ქვეყანას ჰქონდეს ღირსეული მომავალი.
თუმცა, ზოგჯერ კოლეგებისაც მესმის, რადგან ჩვენს დაძაბულ გარემოში გვიწევს მუშაობდა და ამ ყველაფერს შესაძლოა დაემატოს ოჯახური ან სოციალური პრობლემებიც, რის გამოც შესაძლოა ადვილად გამოვიდეს მასწავლებელი მდგომარეობიდან.
ცხადია, ეს მათ არ ამართლებს, მაგრამ გარემო პირობებიც მოქმედებს ამ ყველაფერზე.
თქვენთვის, როგორც პედაგოგისთვის, რა არის ყველაზე არაეთიკური ქცევა ბავშვის მიმართ?
ყველაზე არაეთიკური, ჩემი აზრით არის, ბავშვისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა. როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური.
ბავშვებს უთქვამთ ხოლმე და ვიცი, რომ ყველაზე მტკივნეულად, სიტყვიერი შეურაცხყოფა ახსოვთ. იმაზე უფრო მტკივნეულად, ვიდრე ყურის აწევა ან თმის მოწიწკნა.
როცა მოსწავლე ვიყავი, მეც იგივე ვგრძნობდი. უფრო მტკივნეულად მახსენდება, თუ ვინმემ ცუდი სახელი დამიძახა ან გამომლანძღა და მე მგონია, რომ სწორედ ეს არის ყველაზე არაეთიკური ქცევა მასწავლებლის მხრიდან. რახან ჩვენ უფროსები ან ერთგვარი ავტორიტეტები ვართ, არ შეიძლება ეს მდგომარეობა გამოვიყენოთ და ბავშვი გავლანძღოთ.
ქობულეთის სკოლის შემთხვევაში, როცა კონფლიქტის შემდეგ მასწავლებელი დაითხოვეს სკოლიდან, ითქვა, რომ ეს არის სწორედ მასწავლებლის ჩაგვრა, რადგან ამით გათამამდებიან მოსწავლეები და ყოველთვის მათი სამიზნე იქნება პედაგოგი. ეთანხმებით ამ შეფასებას?
რთული კითხვაა, მაგრამ ვფიქრობ, პირველ ეტაპზე ალბათ საყვედური შეგვიძლია მივცეთ მასწავლებელს, შეიძლებოდა დროებით შეეჩერებინათ უფლებამოსილება თუნდაც იმ პედაგოგისთვის. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ზუსტი პასუხი, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ როცა რაიმე უსიამოვნო ფაქტი ხდება, არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა და არ უნდა ვთქვათ, – „რაც მოხდა, მოხდა“.
მსგავს ფაქტებზე აუცილებლად უნდა ისაუბროს სკოლამ, მშობელმა და მასწავლებელმა. მინიმუმ, პედაგოგმა ის მაინც უნდა გაიაზროს, რომ არასწორად მოიქცა და ამის შემდეგ, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა სკოლასა და მასწავლებელს შორის, ან მოსწავლეს შორის, ეს შეთანხმების საგანია.
როცა მოსწავლე თავის მასწავლებელთან საუბარს ფარულად იწერს, რას ფიქრობთ ამაზე? რაზე მეტყველებს ეს? ის, რომ ბავშვები თავს გრძნობენ დაუცველად სკოლაში, ის, რომ მათ არ უსმენენ, არ ენდობიან უფროსები და თავდაცვის მექანიზმი ერთვებათ?
ის, რომ სხვა ადამიანი ფარულად არ უნდა ჩაწერო, რადგან არაკანონიერია – ამაზე არ ვესაუბრებით ხოლმე სათანადოდ ბავშვებს.
მეორეს მხრივ, თუ მასწავლებელი ბავშვს შეურაცხყოფას აყენებს, ასეთ დროს აქვს ბავშვს უფლება, რომ ჩაიწეროს. რადგან ჩაიწერა, დიდი ალბათობით დაუცველად იგრძნო თავი, როცა შეურაცხყოფას აყენებდნენ მას.
თუმცა თქვენი კოლეგების ნაწილი ასეთ ბავშვებს თავხედს უწოდებენ და შეკითხვას სვამენ – „ვინ დაგვიცავს თავხედი მოსწავლისგან?“ რას ფიქრობთ ამაზე?
მე მგონია, რომ თავხედი მოსწავლე არ არსებობს. ჩვენ იმდენი ბერკეტი გვაქვს, რომ ვერ ვიტყვი, დაცვა მჭირდება მოსწავლეებისგან-მეთქი.
შიშს და ზეწოლას მე პირადად მოსწავლეების მხრიდან არ განვიცდი, მაგრამ როცა მჭირდება პროფესიული განვითარება, როცა რაიმე პრობლემა მაქვს, თუნდაც მოსწავლეთა ქცევის მართვის კუთხით, ამ შემთხვევაში მჭირდება პროფესიული დახმარება, რომ ვისწავლო კონფლიქტების მართვა. პროცესის მხარდაჭერას ვგულისხმობ სკოლის, მშობლის, სამინისტროს მხრიდან.
15 წლის წინ, ფიზიკურად სცემდნენ მოსწავლეებს სკოლებში და უცებ ვერ მივიღებთ შედეგს. რეფორმა უნდა იყოს სისტემური ხასიათის და მთელი სკოლა უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ მასწავლებელი „მწყობრიდან არ გამოიყვანონ“ და „ამიტომ მივაყენე შეურაცხყოფა“, არ თქვას.
წინა საუკუნეში მთელი სასკოლო სისტემა ბავშვის დასჯაზე იყო აგებული, ამიტომ ასე უცებ, ორი ტრენინგით ამის შეცვალა მარტივი არ იქნება.
მე პირადად, ჩემი სურვილით ვარ ჩართული და ვმუშაობ სპეციალური ემოციური კომპეტენციების განვითარებაზე როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებში და ამ მიმართულებით უნდა ჰქონდეს სწორედ პედაგოგს დახმარება სამინისტროს მხრიდან.
და ბოლოს, ბავშვი ცელქობს მისთვის უინტერესო გაკვეთილზე.
ამაში კი მარტო მასწავლებელიც არ არის დამნაშავე, რადგან პირობები არ უწყობს მას ხელს – კლასები არ არის აღჭურვილი ტექნიკით, სასწავლო რესურსები, არ არის გამართული სკოლის ინფრასტრუქტურა, მასწავლებლის ხელფასი დაბალია და ეს ყველაფერი კომპლექსურად, გავლენას ახდენს სასწავლო პროცესებზე.
31 წლის აიშან გიზბასოვაზა მარნეულის სოფელ ალგეთის სკოლაში ქართულ ენის ასწავლის. უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობას სწავლობდა და მისი თქმით, ნამდვილად არ ფიქრობდა, რომ მასწავლებელი გახდებოდა.
ბაკალავრიატზე სწავლის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში შესთავაზეს, რომ მშობლიურ სოფელში, როგორც დამხმარე მასწავლებელი ისე დაბრუნებული. აიშანი შეთავაზებას 2 წლით დასთანხმდა, რადგან პროგრამა მისი სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებდა მაგისტრატურაზე და გარკვეული ანაზღაურებაც ჰქონდა.
„თავიდან მართლა არ ვფიქრობდი მასწავლებლობაზე, არ მინდოდა, სხვა მიმართულებით ვსწავლობდი და ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას.
როდესაც სკოლაში სწავლება დავიწყე, კარგად დავინახე პრობლემები, რომლებსაც მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ არა მასწავლებლის თვალით. ჩემი როლი დავინახე.
მივხვდი, მეც შემეძლო დავხმარებოდი არსებული სიტუაციის შესაცვლელად [ადგილობრივებს] და ზუსტად ეს გახდა ჩემი მოტივაცია, სამომავლო გეგმა“, – გვეუბნება აიშანი და დასძენს, რომ ძალიან შეუყვარდა მასწავლებლის პროფესიაც, რადგან თანდათან კარგად გამოჩნდა მისი შრომის შედეგებიც მოსწავლეებთან.
აიშანს 2 წელია რაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს, ახლა თავად ასწავლის ქართულ ენას და ცდილობს მოსწავლეებს სკოლის გარეთ არაფორმალური განათლების მიღებასა და სხვადასხვა აქტივობაში ჩართვაში დაეხმაროს.
„საჭიროდ ჩავთვალე სკოლის გარეთაც მემუშავა, იმიტომ, რომ სკოლის გარდა ალგეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სხვა არაფერი არსებობდა. კლასგარეშე არც ერთი აქტივობა, არც ერთი შესაძლებლობა ქართული ენის სწავლის. არც ფორმალური განათლება არ აკმაყოფილებდათ ამ ბავშვებს, დამატებითი აქტივობები იყო საჭირო.
გადავწყვიტე, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, პატარ-პატარა პროექტების განხორციელება. როცა პროექტებზე მუშაობა დავიწყეთ, დავინახე, როგორი ცვლილება იყო მოსწავლეებში, მოტივაციის, ცოდნის გაღრმავების თუ განვითარების თვალსაზრისით. საბოლოოდ, მე და უფროსკლასელებმა ერთად დავაარსეთ საინიციატივო ჯგუფი და ცოტა უფრო მასშტაბური აქტივობების განხორციელება დავიწყეთ სოფელში.
სათემო ცენტრი ჩემი ოჯახის კუთვნილ ობიექტში გავხსენით და სკოლის შემდეგ იქ ვატარებდით აქტივობებს.
ჩვენი აქტივობების 80 პროცენტს მოხალისეობრივად ვაკეთებდით. არანაირი დიდი გრანტები და პროექტები არ გვქონია, პატარ-პატარა პროექტები იყო.
2019 წლიდან სისტემატურად დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა. მოკლევადიან კურსებს ვატარებდით ქართულ ენაში მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, ვისაც უნდოდა და ალგეთის მოსახლეობის და ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვქმნიდით სხვადასხვა აქტივობას.
ასე ვაგრძელებდით მუშაობას 2022 წლამდე, მაგრამ ბოლო 1 წელი პასიურები ვიყავით, რადგან მივხვდი, სულ ასე ვერ იქნებოდა. გვჭირდებოდა როგორც ფინანსური მხარდაჭერა, ასევე სისტემატური მუშაობა. ვიფიქრე, რომ რაღაც ისეთი გვჭირდებოდა, რომ სულ ჰქონოდათ ბავშვებს წვდომა ენის კურსებსა თუ სხვა აქტივობებზე“, – გვიყვება აიშანი.
ამ დროის განმავლობაში აიშანი მოსამზადებელი ცენტრის გახსნაზე ფიქრობდა და ფინანსური მხარდაჭერისთვის თანადაფინანსების მოძიება დაიწყო.
მან რამდენიმე ეტაპი გაიარა და “RDYE პროექტის” ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა, სადაც მოსამზადებელი ცენტრის გახსნისთვის 19 120 ლარის თანადაფინანსება მოიპოვა, ხოლო მისი ფინანსური თანამონაწილეობა 4 000 ლარი იქნება.
აიშანს მოსამზადებლად 4 თვე აქვს გათვალისწინებული. მისი თქმით, ძირითადად ინვენტარი სჭირდება და სექტემბრიდან უკვე დაიწყებს მოსწავლეების მიღებას. მოსამზადებელი ცენტრი აბიტურიენტებისთვის იქნება და აიშანის თქმით, საწყის ეტაპზე 100 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა, მოთხოვნის შესაბამისად, გაიზარდოს.
აიშანი გვეუბნება, რომ ამ მოსამზადებელ ცენტრს, სხვა, მსგავსი ცენტრებისგან, უპირველესად მასწავლებლების მაღალი კვალიფიკაცია განასხვავებს. ცენტრში გათვალისწინებული იქნება სხვა სტანდარტებიც. აქ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ ინგლისურსა და ქართულ ენებში, ზოგად უნარებში მოემზადონ.
„სწავლება ფასიანი იქნება, მაგრამ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყველასთვის. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გავაკეთებთ შეღავათებს და გარდა ამისა, გვექნება წამახალისებელი პროგრამაც, სამ თვეში ერთხელ ჩავატარებთ ტესტირებას და მაღალი შედეგების მოსწავლეები ისარგებლებენ გრანტით.
ჩვენთან სწავლის საფასური ერთ საგანში 50 ლარიდან დაიწყება. ზუსტად ეს არის ჩვენი უპირატესობა, სხვა ცენტრებში მომზადების ფასები ერთ საგანში 70 ლარიდან იწყება, რასაც ემატება გზის ხარჯიც და ა.შ.
ჩვენ გვინდა, რომ სოფელში მცხოვრები ყველა ახალგაზრდისთვის იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი ცენტრი, როგორც ფასის, ასევე ადგილმდებარეობის კუთხით, რადგან ბევრი ვერ ახერხებს მარნეულში სიარულს.
გაკვეთილები მოსწავლეებს ალგეთის ცენტრში ჩაუტარდებათ. ეს მოსახერხებელი ადგილია ტრანსპორტირებისთვის და ალგეთის მეზობელ სამ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც მარტივად ხელმისაწვდომი იქნება“, – გვიყვება აიშანი. ის ცენტრის ერთ-ერთი მასწავლებელი და მენეჯერი იქნება.
აიშანი მუშაობას გაგრძელებს ალგეთის სკოლაშიც, რადგან თვლის, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესაცვლელი სკოლაში და უნდა ამაში მისი წვლილი შეიტანოს.
აიშანის თქმით, პირობითად, 10 წლის წინ უფრო რთული მდგომარეობა იყო სკოლებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები სწავლობენ, თუმცა ცვლილებების ტემპი ძალიან ნელია.
„სერიოზული საკითხია მასწავლებლების კომპეტენციის საკითხი. როცა მასწავლებელმა თავად არ იცის კარგად ქართული, მოსწავლისგან როგორ უნდა მოვითხოვოთ ენის კარგად ცოდნა?
მიუხედავად იმისა, რომ პირველი კლასიდან სწავლობენ ქართულს, რეალობა ის არის, რომ XI-XII კლასშიც უჭირთ მოსწავლეებს ქართულად საუბარი ელემენტარულ დონეზეც კი“, – ამბობს აიშანი.
მისი თქმით, ეს უკავშირდება სკოლებში ახალი რეფორმების დაგეგმვასაც.
„როცა რეფორმა იწყება, ქართულ სკოლებში სწრაფად მიმდინარეობს და სანამ ჩვენამდე მოდის და ინერგება, უკვე ახალი რეფორმა ხდება და ყველაფერი რჩება შუაში.
ტრენინგები ძირითადად არ იყო არაქართულენოვანი მასწავლებლისთვის. კიდევ არის რაღაც დისკრიმინაციული ფაქტორები და მიდგომები, არაქართულენოვანი სკოლებისა და მასწავლებლების მიმართ.
საგნის გამოცდები დიდი ხანი არ იყო მშობლიურ ენაზე ჩვენთვის, ცხადია, ვერ აბარებდნენ მასწავლებლები და ამიტომ, ძალიან ბევრი მასწავლებელი ვერ განვითარდა, როგორც საჭირო იყო, ვერ მოიპოვეს სტატუსი.
ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე. ბევრი შეიძლება ითქვას ინფრასტრუქტურაზეც. განსაკუთრებით, ენის სწავლებასთან დაკავშირებით. როდესაც მე მჭირდება, რომ მოვასმენინო ბავშვს ტექსტები, ამის შესაძლებლობას არ მაძლევს სკოლის ინფრასტრუქტურა.
სკოლაში ზოგადი განათლების კუთხით რასაც ვერ ვაძლევთ მოსწავლეებს, ამ ყველაფერს მივცემთ საგანმანათლებლო ცენტრში. ზუსტად ამიტომაა დიდი მოთხოვნა არამხოლოდ ჩვენს ცენტრზე, არამედ სხვა ცენტრებში სწავლებაზეც და ჩნდება კითხვა – რატომ, მაშინ როცა სკოლებშიც ისწავლება ეს საგნები?! ესე იგი სათანადოდ ვერ ისწავლება.
დიდი მოთხოვნაა განსაკუთრებით ქართული ენის სწავლებაზე. პრინციპში, აქედან გამიჩნდა საგანმანათლებლო ცენტრის გახსნის იდეა. ძალიან ბევრი მშობელი მომმართავდა. უნდოდათ კერძოდ მომემზადებინა ბავშვები სხვა საგნებში, განსაკუთრებით კი ქართულ ენაში“, – გვეუბნება აიშანი.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 27 მაისს, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში წერს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ძალებმა, სავარაუდოდ, ბახმუტის გარშემო მდებარე ზოგიერთი პოზიციიდან გასვლა დაიწყეს.
25 მაისს „ვაგნერის“ მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტიდან ძალების გაყვანა დაიწყო და პოზიციების გადაცემა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის 1 ივნისამდე გაგრძელდება.
ბრიტანული დაზვერვა და, ასევე, ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი, წერენ, რომ რუსეთის რეგულარული არმიას, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არ ჩაუბარებია „ვაგნერის“ პოზიციები ბახმუტში და მათ ნაცვლად პოზიციების გადაბარება დაიწყეს თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ქვედანაყოფებმა.
„მიუხედავად პრიგოჟინის მუდმივი უთანხმოებისა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, „ვაგნერი“ სავარაუდოდ გამოყენებული იქნება შემდგომი შეტევითი ოპერაციებისთვის დონბასში, ძალების აღდგენის შემდეგ“, – ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის მიმოხილვაში.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] მიიჩნევს, რომ რუსეთს შესაძლოა გაუჭირდეს ბახმუტში „ვაგნერის“ შეცვლა, ნაწილობრივ – უკრაინის შეზღუდული, მაგრამ წარმატებული, ლოკალიზებული კონტრშეტევების გამო.
„ბახმუტის რაიონში რუსული თავდასხმითი ოპერაციების შენელება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ ინიციატივას მისცემს უკრაინულ ძალებს ამ რაიონში, რომ განახორციელონ ოპერაციების ახალი ეტაპი ქალაქის ირგვლივ, სურვილის შემთხვევაში“, – წერენ ამერიკელი ანალიტიკოსები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გაავრცელა ვიდეო უკრაინელ სამხედროებთან, რომლებიც ითხოვენ „გადამწყვეტი შეტევის დალოცვას“.
„მოვიდა საკუთარის უკან დაბრუნების დრო“ – ამ წარწერით გამოაქვეყნა აღნიშნული ვიდეორგოლი ზალუჟნიმტელეგრამზე.
ვიდეოს აღწერაში აღნიშნულია, რომ ავტორები შთაგონებული იყვნენ უკრაინელი ნაციონალისტის ლოცვით, რომელიც ოსიპ მაშჩაკმა 1920-იან წლებში დაწერა, მაგრამ ტექსტი განსხვავებულია.
„დაე, ჩემი ხელი მტკიცე იყოს, მტრების მოსაკლავად! დაე, ჩემი თვალი მახვილი იყოს, მტრების მოსაკლავად! დაე, ჩემი იარაღი იყოს ნამდვილი, მტრების მოსაკლავად“ – ისმის ვიდეოს ტექსტში.
„ასეთი სიტყვებით და ფიქრებით ჩვენი გმირი მეომრები მიდიან შეტევაზე, რათა გაათავისუფლონ უკრაინა რუსი დამპყრობლებისგან და აღმართონ გამარჯვების დროშა“ – წერს ზალუჟნი ფეისბუქზე.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა გუშინ, 26 მაისს, „ბიბისისთან“ განაცხადა, რომ უკრაინის არმია მზად არის დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა განსახორციელებლად. მან არ დაასახელა თარიღი, მაგრამ თქვა, რომ შეტევა შეიძლება დაიწყოს “ხვალ, ზეგ ან ერთ კვირაში”.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მაისის 21 საათიდან 28 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 29-30 მაისს ბათუმსა და მთელ აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 206 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +480]
ტანკი – 3 794 ერთეული
ჯავშანტექნიკა – 7 449 ერთეული
საარტილერიო სისტემა – 3 414 ერთეული
MLRS – 574 ერთეული
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 329 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 313 ერთეული
ვერტმფრენი – 298 ერთეული
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 990 ერთეული
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 056 ერთეული
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 183 ერთეული
სპეცტექნიკა – 449 ერთეული [+3]
შენიშვნა: უკრაინის გენშტაბმა დილით გამოქვეყნებული მონაცემები მოგვიანებით დააზუსტა.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
429 თვითმფრინავი
235 ვერტმფრენი
4 353 უპილოტო საფრენი აპარატი
424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 310 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 919 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 481 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„გაუმარჯოს ყველა ამ ერებს, რომელნიც ჩვენთან ერთად იცხოვრებენ თავისუფალ საქართველოში!“ – 105 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, პატრიარქ კირიონ მეორის ფრაზა ახსენდება თეოლოგ შოთა კინწურაშვილს, როცა მას საქართველოს დამოუკიდებლობაზე ვესაუბრეთ.
რატომ ხდება ეს დღეს: ეკლესია ეროვნული იდენტობის დამცველად წარმოაჩენს თავს, ამ დროს კი, ცდილობს დაგვაახლოოს სახელმწიფოებრიობის მთავარ საფრთხესთან – რუსეთთან?
თეოლოგი პირველ რესპუბლიკას იხსენებს და ავტოკეფალისტებს, ვისთვისაც დამოუკიდებლობის იდეა ყველაზე ღირებული იყო, მაგალითად, ამბროსი ხელაიას, რომელიც ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგაც გარუსებას აპროტესტებდა.
„ჩვენ ვერ დავიცავით კირიონის და ამბროსი ხელაიას მემკვიდრეობა… იმდენად ცოცხალი იყო ეკლესია და მორწმუნის ხმა ისე ისმოდა ეკლესიაში, მაშინ მღვდელმთავარი ვერ იმოქმედებდა ასე: მოდი, ასე მინდა და ვეახლები მოსკოვს, რომელიც საშინელ პოლიტიკას აწარმოებს ჩემი ქვეყნის და ეკლესიის წინააღმდეგ, ვერც კი გაბედავდა ამას მღვდელმთავარი. პირველ რიგში, მორწმუნეები არ მიიღებდნენ ამას,“ – გვიყვება ეკლესიის ისტორიკოსი და შემდეგ დასკვნასაც გვიზიარებს, როგორ დავივიწყეთ ეს მემკვიდრეობა და რატომ.
„მივიღეთ ნაციონალური ნარატივი, მარტივი გზავნილები, რაც აწყობს ხელისუფლებას და საპატრიარქოს…“ – ამბობს შოთა კინწურაშვილი.
„ბათუმელებმა“ შოთა კინწურაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, ის თეოლოგია, ეკლესიის ისტორიკოსი, მიუნხენის უნივერსიტეტის დოქტორანტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მიწვეული ლექტორი.
ბატონო შოთა, ბოლო მოვლენის შეფასებით დავიწყოთ: მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში ჩავიდა პატრიარქ კირილისთვის ანგელოზის დღის მისალოცად. საპატრიარქო ამბობს, რომ ეს კერძო ვიზიტი იყო, მიტროპოლიტის თქმით კი, იგი „პატრიარქმა აკურთხა“.
საინტერესოა საპატრიარქოს ეს პასუხი, რადგან მღვდელმთავრები ყოველთვის ათანხმებენ საპატრიარქოს, როდესაც ტოვებენ ქვეყანას. ეს კი არა, როცა მღვდელმთავარი ერთი ეპარქიიდან მეორეში შედის საქართველოს ტერიტორიაზეც კი, კომუნიკაცია ხდება ხოლმე.
მეუფე ნიკოლოზი ხშირად ჩადის მოსკოვის საპატრიარქოს კარზე. როგორც ჩანს, მან ამ შემთხვევაშიც არ გაუშვა შესაძლებლობა, პატრიარქ კირილის ანგელოზის დღეზე ჩასულიყო და სავარაუდოდ ალბათ მილოცვის ტექსტიც გადასცა. არ ვიცი, მიულოცა თუ არა საქართველოს საპატრიარქომ პატრიარქ კირილს ანგელოზის დღე, თუმცა პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენი ეკლესიის საეკლესიო პოლიტიკა ბოლო 30 წელია არის ხელოვნური დიპლომატიის ტყვე.
მათ ჰგონიათ, რომ ამგვარი პოზიციონირებით საკითხებს მოაგვარებენ, მათ შორის, მაგალითად, როდესაც პატრიარქი მიმართავს სამწყსოს, არასდროს არ ტოვებს აფხაზებს, ოსებს, ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც იურისდიქციაში ეკუთვნიან საქართველოს საპატრიარქოს. ეს მისასალმებელია ნამდვილად, თუმცა ერთია გზავნილი, მეორეა – რა იცვლება? მაგალითად, ამ ეპისტოლეს როგორ აგზავნის ქართული ეკლესია ოკუპირებულ რეგიონებში?
ბოლოს და ბოლოს ცივილიზებული სამყარო დარწმუნდა პუტინის რუსეთის კოლონიალურ პოლიტიკაში, რასაც ის მეზობლებთან მიმართებით ახორციელებს, განსაკუთრებით კი, უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ დარწმუნდა ამაში დასავლეთი: თუ აქამდე ჩვენნაირ პატარა ქვეყნებს ვერ ხედავდნენ, დღეს დასავლეთი თანხმდება, რომ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინის სუვერენიტეტს და რუსულ აგრესიას წინ აღუდგეს.
ამ მოცემულობაში, თანაც, საქართველოს დამოუკიდებლობის წინა დღეს, საქართველოს უმაღლესი სასულიერო იერარქი, სინოდის წევრი მიდის მოსკოვში. ეს მინიმუმ გაუთვლელი ნაბიჯია. მას მაღალი წოდება აქვს, სიტყვა ეთქმის, მორწმუნეები უსმენენ. ამ ვიზიტის მიზნობრიობის გაგება შეუძლებელია, ყველამ ზურგი აქცია მოსკოვის საპატრიარქოს, ასეთი ნაბიჯი დამაზიანებელია ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფო ინტერესისთვისაც.
მოსკოვში ჩასვლა გზავნილია იმისა, თუ როგორ ემთხვევა ეს მიდგომა სახელმწიფო პოლიტიკას – დიპლომატიური ნაბიჯები მშვიდობისადმი და ასე შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში ტრიალებს. თითქოს ფეხი აუწყო მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა რუსეთთან ფრენების დაწყებას. სახელმწიფო პოლიტიკა რომ ყოფილიყო მკაცრი და ანტირუსული, ნიკოლოზი მოსკოვში არ წავიდოდა.
შოთა კინწურაშვილი
რატომ გაქვთ ეს შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების კვალში ჩადგა საპატრიარქო?
იმიტომ, რომ მას არავინ უსაყვედურებს, როცა უკან დაბრუნდება, მათ შორის, არც მორწმუნე. მაქსიმუმ ორმა-სამმა გამოცემამ, ან თეოლოგმა გაამახვილოს ამ საკითხზე ყურადღება.
საქართველოს ისტორიიდან კი, ავტოკეფალისტებს თუ გავიხსენებთ, იმდენად ცოცხალი იყო ეკლესია და მორწმუნის ხმა ისე ისმოდა ეკლესიაში, მაშინ მღვდელმთავარი ვერ იმოქმედებდა ასე: მოდი, ასე მინდა და ვეახლები მოსკოვს, რომელიც საშინელ პოლიტიკას აწარმოებს ჩემი ქვეყნის და ეკლესიის წინააღმდეგ, ვერც კი, გაბედავდა ამას მღვდელმთავარი. პირველ რიგში, მორწმუნეები არ მიიღებდნენ ამას.
დღეს რატომ არ აქვს მრევლს რეაქცია, როცა მღვდელმთავრები სტუმრობენ პუტინის არმიის დამლოცავ კირილს მოსკოვში? ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთს მოიაზრებს, როგორც საფრთხეს საქართველოსთვის.
ჩვენ დავივიწყეთ ისტორია, მათ შორის, ჩვენი ეკლესიის ისტორია. ჩვენ ვერ დავიცავით კირიონის და ამბროსი ხელაიას მემკვიდრეობა. იგივე გაბრიელ ქიქოძე და ალექსანდრე ოქროპირიძე იმპერიის ეკლესიაში იყვნენ მღვდელმთავრები, მაგრამ კბილებით იცავდნენ ქართულ საეკლესიო გალობას, მწიგნობრობას, ცდილობდნენ, არ ყოფილიყო შუღლი ქართველ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის. ჩვენ ეს მემკვიდრეობა აღარ გავაგრძელეთ.
როდესაც სტალინის პერიოდიდან ე.წ. ლოიალური საეკლესიო პოლიტიკა დამკვიდრდა, გასული საუკუნის 50-60-იან წლებში უკვე მღვდელმთავრების სხვა თაობა მივიღეთ…
როგორ ხდება ეს: ეკლესია ეროვნული იდენტობის დამცველად წარმოაჩენს თავს, ამ დროს კი, ცდილობს დაგვაახლოოს სახელმწიფოებრიობის მთავარ საფრთხესთან – რუსეთთან?
საინტერესო კითხვაა, მაგრამ საპასუხოდ ბევრი ფიქრია საჭირო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაა, რომ არაგამაღიზიანებლის პერსპექტივიდან ამოვიდეს ზოგადად, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით და იყოს ისეთ პოზიციაში, რომ არ მოუწიოს პასუხისმგებლობის აღება. მაგალითად, ჩემი აზრით, უკრაინის ავტოკეფალიას ინერციით მაინც აღიარებენ, აუცილებლად მომწიფდება ეს მოცემულობა, მაგრამ გაბედულება და ცოდნა, ანალიტიკა სჭირდება ამ ნაბიჯის გადადგმას.
შესაძლოა, ზოგჯერ ეკლესიის ინტერესები, მათ შორის, დოგმატურ საკითხებზე, სამოძღვრო საკითხებზე ვერ დაემთხვეს უმრავლესობის ინტერესებს, მაგრამ მოქალაქეების სახელმწიფოებრივი ხედვა რაც არის: იყოს დასავლური, ცივილური სამყაროს ნაწილი, ამასთან რომ წინააღმდეგობაში მოდიხარ, ძალიან ცუდია.
თუ გადავხედავთ პირველი რესპუბლიკის მოცემულობას, როცა სოციალ-დემოკრატები იყვნენ უმრავლესობაში, მათ სულაც არ უყვარდათ მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ინსტიტუცია და იდეოლოგიურად მარქსისტები იყვნენ, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ მაშინ ორივე მხარე – ეკლესია და სახელმწიფო – თანხმდებოდა სახელმწიფოს სუვერენიტეტზე, შიდა დისკუსიები არსებობდა: სეკულარიზმის აგრესიული ტალღა, საეკლესიო დასვენების დღეები, მაგრამ ფუნდამენტურ საკითხზე, როგორიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, სახელმწიფო და ეკლესია თანხმდებოდა.
სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და პირველ რესპუბლიკას მხარს უჭერს სრულად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ერთი ეტაპი კირიონს მოუწია, მეორე – ლეონიდეს.
მოგვიყევით ამ პერიოდზე, როცა პატრიარქები ცდილობდნენ დამოუკიდებლობის იდეის დაცვას, მათ შორის, ამბროსი ხელაია, ვინც ღიად აპროტესტებდა გარუსებას, იცავდა სახელმწიფოებრიობას და, სავარაუდოდ, გასამართლების დროს ეს თქვა: ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული ქვეყანას და გვამი თქვენთვის დამითმია.
თუ ნახავთ, მაგალითად, კირიონის 1918 წლის 16 მაისის მიმართვას, როგორი სამოქალაქო გზავნილები აქვს მას, ეს აჩვენებს, როგორ ხედავდნენ იმდროინდელი ეკლესიის მსახურები სახელმწიფოს. კირიონის გზავნილი 26 მაისს იყო, მაგალითად, ეს: „მაშ გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გაუმარჯოს თავისუფალ ქართველ ხალხს! გაუმარჯოს ყველა ამ ერებს, რომელნიც ჩვენთან ერთად იცხოვრებენ თავისუფალ საქართველოში!“
ამიტომაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, წარსულის მაგალითებით შევაფასოთ დღევანდელი მდგომარეობა.
ქართველმა ავტოკეფალისტებმა როდესაც დაიწყეს ბრძოლა საეკლესიო დამოუკიდებლობისთვის, პირველი ბრძოლა იწყება ქართული ენისთვის, როცა რუსიფიკაციის დროს ქართული მართლმადიდებლობა სრულად გადაეწყო რუსულ ეკლესიაზე. მაშინ ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ეროვნული მოძრაობა, ილია ჭავჭავაძე, თერგდალეულები და ასე შემდეგ, მაგრამ ეკლესიაში, პირველ რიგში, მოთხოვნა ჩნდება ქართული, მრავალხმიანი გალობის დაბრუნებაზე.
ეს მე-19 საუკუნის ბოლო წლებია. მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა უკვე ნიკოლოზ II ტოლერანტობის მანიფესტს გამოსცემს და შეკრების თავისუფლებას დაუშვეს, საქართველოში ავტოკეფალისტებს ხელში აქვთ ძალაუფლება, ისინი მზად არიან, მათ შორის, პირველია კალისტრატე ცინცაძე.
საქართველოში ეპისკოპოსები და საერო პირები სწავლობდნენ იმ დროისთვის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებელში – კიევის სასულიერო სემინარიაში. პირველი რიგის მოთხოვნა საერო და სასულიერო პირების მხრიდან იყო ის, რომ დაებრუნებინათ ენა. ენის დაბრუნების შესახებ დათმობაზეც მიდის მაშინდელი ეგზარქოსი – მოგცემთ საშუალებას, რომ ისწავლებოდეს ქართული ენა სემინარიაში, ლიტურგიული ტექსტები დაიბეჭდოს ქართულადო.
ავტოკეფალიის იდეაც მაშინ ენის გარშემო დალაგდა და შემდეგ შემოდის დამოუკიდებლობის იდეა. 1905 წელს, როცა რეორგანიზაციის პროექტი დადო სამღვდელოებამ, პირველად ეს ილია ჭავჭავაძემ დაიცვა.
კირიონი, პირველი პატრიარქი, არ იყო მხოლოდ სასულიერო პირი. ის იყო ისტორიკოსი, მეცნიერი, წერდა წიგნებს, იკვლევდა, ექსპედიციებში დადიოდა… კირიონის შემდეგ იყო ლეონიდე და შემდეგ უკვე ამბროსი. შეიძლება ვთქვათ, რომ ამბროსი ხელაია იყო ბოლო პატრიარქი, ვინც წინააღმდეგობით გამოირჩეოდა და არ შეურიგდა რეჟიმს.
მაგალითად, ლეონიდე 1921 წლის 22 თებერვალს, თავის მოწოდებაში აღნიშნავდა: „საუკუნეებში განწირულ საქართველოს საღმრთო განგებამ არგუნა ხვედრი, გახდეს სამარედ სკვითებისა, რომელთაც შემუსრეს და დასცეს რუსეთი და რომელნიც აზია-ევროპაში მხოლოდ ყველაფერს ანგრევდნენ და ანადგურებდნენ. თითქოს უკეთურნი უახლოვდებოდნენ ჩვენს დედა ქალაქს და დამშეულნი ელოდნენ თბილისში გემრიელი პურით და ღვინით გაძღომას, თბილისის განთქმულ აბანოებში დასუფთავებას, მაგრამ როგორც არასოდეს, მტკვარი პირს არ იბრუნებს უკუღმა, ისე ჩვენი ვერაგი მტერი, ვერ მიაღწევს ბოროტ განზრახვას, ღმერთი არ აღირსებს მას საქართველოს დაპყრობას“.
მნიშვნელოვანია მაშინდელი საკათალიკოსო საბჭო, რომელიც აჩვენებს, რამდენად განსხვავდებოდა მაშინდელი ეკლესია თავისი მოწყობით დღევანდლისგან. საკათალიკოსო საბჭო საერო და სასულიერო პირების 4-4 ადამიანის მოქმედი კრება იყო. ისინი კვირაში ორჯერ იკრიბებოდნენ და რეალურად შრომობდნენ: რაზე უნდა დაფუძნებულიყო ეკლესია 200-წლიანი საეკლესიო ცხოვრების წყვეტის შემდეგ: საგარეო ვექტორები, კანონიკური საკითხები, ქონება და ასე შემდეგ.
საკათალიკოსო საბჭო დემოკრატიული მმართველობის კარგი ნიმუშია დღევანდელი სინოდისგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად ცენტრალიზებულია და სინოდის წევრთაგან უმრავლესობამ არც კი იცის, რა საკითხის განსახილველად იკრიბებიან. მაშინ კი, ცნობილი მეცნიერები სასულიერო პირებთან ერთად კათალიკოსს ეხმარებოდნენ ეკლესიის მართვაში. არსებობდა ასევე საეპარქიო და სამრევლო საბჭოები, სადაც წარმოდგენილი იყო ყველა წოდების მორწმუნე საზოგადოება.
ამბროსი ხელაია ყველაზე უარყოფითად იყო განწყობილი ბოლშევიკურ რეჟიმთან. შემდეგ მოდის ციცქიშვილი და ის ცვლის ამ პოზიციებს. საკათალიკოსო საბჭოც უქმდება და მას ენაცვლება სინოდარული მმართველობა, ამბროსი ხელაიას შინაპატიმრობა უსჯიან, რუსეთის პატრიარქ ტიხონს კი, რომელიც ასევე არ აღიარებდა საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიას და სქიზმატებს ეძახდა ქართველ სასულიერო პირებს, ბოლშევიკებს გადასცემს ანათემას. მალე ისიც დევნილი ხდება.
1922 წელს, როცა ამბროსი ხელაიამ ცნობილი წერილი გაუგზავნა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას და მოითხოვა საქართველოს კანონიერი უფლებების დაცვა, ბოლშევიკური რეჟიმი უკვე შემოჭრილია და ეკლესია არ ეგუება დამოუკიდებლობის დაკარგვას.
დასავლეთმა იცოდა, რომ ბოლშევიკური რეჟიმი ებრძოდა მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ ბოლშევიკებს საგარეო ასპარეზზე არ უნდოდათ თავის მოჭრა. ჯერ კიდევ არ იდგა 30-იანი წლები და არ იყო დაწყებული რეპრესიები.
გენუის კონფერენციაზე ეს ტექსტი გააქვს მღვდელ იასონ კაპანაძეს. ბუნებრივია, ბოლშევიკების რეაქცია არის კონტრრევოლუციის დაბრალება, იმდროინდელი მედიის ჩართვა ამბროსის წინააღმდეგ, ეკლესიის ქონების კონფისკაცია, ხურავენ ტაძრებს…
აქ შემოდის ქრისტეფორე ციცქიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ეკლესია ასე ვერ გადარჩება და უნდა გადავიდეთ ლოიალურ პოლიტიკაზე. ამ დროს, 1923 წელს, საკათალიკოსო საბჭოს ყველა წევრი დაპატიმრებულია. ამბროსი ხელაია კი, შინაპატიმრობაშია. საგარეო წნეხი ძლიერდება და საბჭოთა ხელისუფლება მეტეხის ციხიდან უშვებს პატიმრებს, მათ შორის, ამბროსი ხელაიას. მალე გამოჩნდება ისიც, რომ არ გაამართლა ქრისტეფორე ციცქიშვილის პოლიტიკამ, რომელსაც ეგონა, რომ საბჭოთა რეჟიმთან ლოიალობით გადაარჩენდა ეკლესიას.
1943 წელს, როცა რუსი ეპისკოპოსების 80 % გადასახლებულია, სტალინი გადაწყვეტს, რომ რელიგიის ინსტრუმენტალიზება უნდა მოახდინოს პოლიტიკური ამოცანების გადასაჭრელად – სტალინმა დაინახა, რომ ანტირელიგიურმა პოლიტიკამ არ გაამართლა, მოსახლეობა მაინც რელიგიური დარჩა. ასე ჩნდება საბჭოთა რეჟიმის მიერ უკვე ხელდასხმული პატრიარქი სერგი მოსკოვში. ამ პერიოდიდან სქიზმატებსაც აღარ უწოდებენ ქართველ სასულიერო იერარქებს.
რატომ ვერ შეიცვალა ქართველი სასულიერო იერარქების ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ თანამედროვე საქართველოში?
აქ შემოდის ეთნორელიგიურობა, რომელიც გაჩნდა 90-იან წლებში და ეს იყო ეკლესიასთან ერთად ეროვნული მოძრაობის პროდუქტი. მანამდე, 80-იანი წლებიდან რელიგიური ნაციონალიზმი ჩქეფდა… ხალხმა მიიღო მარტივი ფორმულა, რომ ჩვენი სუვერენიტეტის ფუნდამენტი არის მართლმადიდებლობა.
კი ბატონო, ფუნდამენტია, მაგრამ ფუნდამენტია იმიტომ, რომ, მაგალითად, მთაწმინდელები გვყავდნენ, გადიოდნენ საზღვარგარეთ, თარგმნიდნენ საუკეთესო საღვთისმეტყველო ლიტერატურას და შემოჰქონდათ კულტურა. ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესია იმიტომ დავასახელეთ სუვერენიტეტის ფუნდამენტად, რომ, მაგალითად, კირიონს ჰქონდა შემრიგებლური პოზიციები და ამბობდა, ებრაელთა თორა, ქრისტიანთა სახარება და მუსლიმთა ყურანი საუკუნეების მანძილზე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე თანაცხოვრობდნენ საქართველოში.
1917 წელს, როცა კირიონი პატრიარქი გახდა და გუჯარი გამოსცა, ძირითადად სამი მოთხოვნა ჰქონდა: ეკლესიამ დროს უნდა აუწყოს ფეხი, გამოწვევებს უპასუხოს, ასევე ეკლესია უნდა ეცადოს თანაცხოვრება ვისწავლოთ სხვა რელიგიებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან. მესამე მიზანი იყო ის, რომ ეკლესია იყოს განმანათლებელი.
პატრიარქები – ამბროსი ხელაია, ლეონიდე, კირიონ II
დღეს რომელი სრულდება? დღეს ეკლესიას დამოუკიდებლობა აქვს, ფინანსები და პოლიტიკური მხარდაჭერაც. მაგრამ მხოლოდ სადღეგრძელოების დონეზე დავრჩით – გვაქვს ეკლესია, როგორც რიტუალი – 90-იანი წლებიდან ინერციით მოვდივართ, სიღარიბეა, ველური კაპიტალიზმი და ადამიანების ნაწილი ისევ ნუგეშს პოულობს ეკლესიაში, როგორც სოციალურ სხეულში.
პირველი რესპუბლიკის პერიოდში, მაგალითად, სხალთელ ეპისკოპოსს ისეთი ანტიდასავლური გზავნილების გამო, რაც მას დღეს აქვს, კათედრიდან მოხსნიდნენ.
ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ძალიან მიეჩვია ამ გზავნილებს, რადგან ჩვენთან ეპისტოლეებსაც არავინ კითხულობს, მით უმეტეს, კრიტიკულად. ჩვენ არ ვიცით წარსული, როცა 70 წლის წინ გააჩერეს ეკლესია… თანაც, საქართველო არის მონორელიგიური სხეული, უმრავლესობა მართლმადიდებელია და კონკურენცია არ არის. მაგალითად, გერმანიაში არის ლუთერანული და კათოლიკური ეკლესია და მუდმივად კონკურენციაში არიან ერთმანეთთან ყველა საკითხში.
საქართველოში კი, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც იცის, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ იქნება. მორწმუნეებში საკრალიზებულია იერარქების კრიტიკულად აღქმა. ეკლესიის ისტორიაში, ბევრი საინტერესო მაგალითია, როგორ ისმოდა მორწმუნის ხმა: ცნობილია, რომ კირიონი და ლეონიდე ერთმანეთს მტრობდნენ. არქივში შემორჩა ერთი მორწმუნის წერილი გურიის ერთ-ერთი სოფლიდან კირიონის გარდაცვალების შემდეგ: თუ ლეონიდეს აირჩევთ, იცოდეთ, ამას არ მივიღებთო. ის ფაქტი, რომ ეს წერილი შეინახეს, აჩვენებს, რამდენად ფასეული იყო მაშინ რიგითი მორწმუნის, მეჩაიეს პოზიცია.
ასეთი რამ დღეს საპატრიარქოში წარმოგიდგენიათ? ამიტომაც, დღეს სწორად ახსენებენ, რომ ეს სტალინური ეკლესიაა, სადაც ვითარცა საფეოდალო, ისე მიიღება გადაწყვეტილებები. დღეს ორიენტირია მხოლოდ მორჩილება და არა ბიბლიურ ტექსტზე აგებული დისკუსია. სახელმწიფოც ამ რელიგიურ ნაციონალიზმს და დღემდე იყენებს. ხომ გახსოვთ: შევარდნაძე პირველად ინტელიგენციას შეხვდა და შემდეგ მოინათლა, მანამდე 30 წელი კომუნისტი იყო. სააკაშვილმაც გელათში დადო ფიცი და ეკლესიასთან მოახდინა ასოცირება, რომ ეკლესიის მხარდამჭერია… ეს სულ მეორდება.
თქვენი აზრით, რა განაპირობებს იმას, რომ პატრიარქს ამ დრომდე აქვს მაღალი რეიტინგი, ეკლესია კი, ხშირად მიდის ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ, მაგალითად, თანასწორობის წინააღმდეგ და ჰომოფობიასთან ბრძოლის ნაცვლად ის „ოჯახის სიწმინდის დღეს“ აწესეს, 5 ივლისს კი, მოძალადეებს მხარეს დგება…
პატრიარქი საკრალური ფიგურა გახდა. თუ დააკვირდებით, ბოლო პერიოდში ქართულ სუფრაზე სვამენ პატრიარქის სადღეგრძელოს პერსონალურად, მაგრამ საპატრიარქოს რეიტინგი არ არის ისეთივე, როგორც პატრიარქის.
პატრიარქი არის ფიგურა, რომელმაც ამდენი პოლიტიკური ქარცეცხლი გამოიარა, აჩვენა დიპლომატიის ხელოვნება, ლავირების უნარი და სხვა უამრავი ნიჭი. ჩვენ კულტურაში დევს ისიც, რომ მოხუცს მოკრძალებით ვეპყრობით.
პატრიარქის ყველაზე სუსტი მხარე, ჩემი აზრით, მაინც მისი საკადრო პოლიტიკაა. პატრიარქის საკადრო პოლიტიკა დამოკიდებულია მხოლოდ მის პირად ნდობაზე, მისადმი კეთილგანწყობაზე და ასე მივიღეთ, მაგალითად, მიტროპოლიტი ნიკოლოზი, მივიღეთ ნაციონალური ნარატივი, მარტივი გზავნილები, რაც აწყობს ხელისუფლებას და საპატრიარქოს ერთად.
რაც შეეხება რუსეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას, ჩემი აზრით, აქ უპირველესი მიზეზი მაინც არის კულტურული და მეხსიერებითი ბმა. ჩვენი სასულიერო პირების 90 %-მა იცის რუსული ენა, მათ განათლებაც რუსეთში აქვთ მიღებული.
სხვა არ ვიცი, ჩვენს ეკლესიას რა ვალი აქვს ასეთი მოსკოვის საპატრიარქოსი, რომ ვერ ამოვედით ამ ვალიდან? როგორ შეიძლება გაიგო, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ანგელოზის დღეს ულოცავს კირილს, ვინც ჯვაროსნული ომის პერიოდის მსგავსად, არმიას ლოცავს? ეს ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო ნაბიჯია.
უკრაინამ შობის აღნიშვნის თარიღი შეცვალა. რამდენად შეიძლება ეს თარიღი შეცვალოს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამაც, რა ჟესტი იქნებოდა ეს?
დარჩენილია 25 დეკემბერი ჩვენთან, რუსეთში, სერბეთში, იერუსალიმის საპატრიარქო აღნიშნავს და ათონის მთა. თუ ჩვენ გვსურს გავხდეთ დასავლეთის ნაწილი კულტურულად, სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ეს ნაბიჯი უკვე გადადგეს, მათ შორის, უკრაინის ეკლესია დიდი ხანია ცდილობს, მოწყდეს რუსულ ორბიტას.
ამ საკითხს სჭირდება მომზადება, რადგან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მრევლმა. ჩვენთან შობის აღნიშვნა კი არა, ჟურნალისტები როცა ეკითხებიან, სინოდის წევრების დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, რაზე უნდა იმსჯელონ. სხვა ეკლესიებში სინოდი შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს.
ქართველმა სასულიერო პირებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ 30 წელია ვუყურებთ საპატრიარქოს „ორ ცეცხლს შუა დიპლომატიას“ რუსეთის ეკლესიასთან, მაგრამ ვერანაირ შედეგს ვერ ვხედავთ. მეტყვიან ალბათ, აბა, ომი გინდაო, მაგრამ სადმე რამე შედეგი მივიღეთ? – პირიქით, გადაგვითეთრეს ილორი და დამცირებული ვართ ყველგან.
კირიონი ამბობდა, საეკლესიო მონობაზე დიდი მონობა არ არსებობსო. რა მნიშვნელობა აქვს: ცარიზმის რუსეთი დაიმონებდა საქართველოს ეკლესიას, თუ ავტოკეფალია გვექნება, მაგრამ ყველაფრისგან მოწყვეტილი ვიქნებით? ჩვენ არ ვართ წარმოდგენილი არცერთ მსხვილ საეკლესიო გაერთიანებაში. ეკლესიას შეეძლო ემუშავა სუვერენიტეტის გამოწვევაზე, მაგალითად საეკლესიო საბჭოში, რომელიც გაეროს ეკვივალენტია.
ასევე, არსებობს ევროპის ეკლესიათა კონფერენცია და ასე შემდეგ. ფაქტობრივად, ამას აკეთებდა ამბროსი ხელაია – ბოლშევიკური რეჟიმი იყო და კონფერენციას წერილი გაუგზავნა, ასე მიაწვდინა ხმა.
რაც მთავარია – ხალხის არჩევანია დასავლეთი. მგონი, ამაზე შევჯერდით და ეკლესია ხალხის ამ დაკვეთასთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს, მან ხალხის არჩევანს პატივი უნდა სცეს. მღვდელმთავრები – კირილე და ლეონიდეც ჩადიოდნენ მოსკოვში, მაგრამ ჩადიოდნენ მყარი არგუმენტებით და ცდილობდნენ სიტუაციის შეცვლას, მაგალითად, ეგზარქოსებმა ყველაფერი ქართული წაგვიშალესო, ან კიდევ საეკლესიო არქიტექტურა გაგვინადგურეს და მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურის ჩანაცვლება სურთო.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა პირველად ისაუბრა დონბასში მიყენებულ მძიმე ჭრილობაზე. სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დონბასში მძიმედ დაიჭრა, მაგრამ „ცხოვრება შეიძლება“.
როგორც კირილ ბუდანოვმა NV-ის ჟურნალისტებს განუცხადა, მან სამი ჭრილობა მიიღო დონბასში სპეცოპერაციის დროს. ერთ-ერთი მძიმე იყო – ნაღმის ნამსხვრევი გულთან ახლოს მოხვდა.
„მისი სხეულიდან ამოღება არ შეიძლება, საშიშია. ასევე დაზიანებული მქონდა ზურგი და კისერი. ადრენალინზე, ფრონტის ხაზი, დაახლოებით 5 კილომეტრი, საკუთარი ფეხით გავიარე და მერე დავეცი. ჭრილობა სერიოზულია, მაგრამ პრინციპში ცხოვრება შეიძლება“, – განაცხადა ბუდანოვმა, მაგრამ არ დაუზუსტებია, კონკრეტულად როდის დაიჭრა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბუდანოვის მიმართ შიშისა და სიძულვილის გამო რუსებმა უკვე ათზე მეტჯერ სცადეს მასზე თავდასხმა. მაგალითად, 2019 წელს რუსმა კილერმა ბუდანოვის პირად ავტომანქანაზე ასაფეთქებელი დაამონტაჟა. მაშინ ბუდანოვს გაუმართლა – ბომბი უფრო ადრე აფეთქდა, ვიდრე დაგეგმილი იყო.
21 აპრილს რუსეთის სასამართლომ კირილ ბუდანოვს პატიმრობა შეუფარდა.უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელს რუსეთი ყირიმის ხიდზე „ტერორისტულ თავდასხმაში“ ადანაშაულებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კირილ ბუდანოვი რუსების ერთ-ერთი სასურველი სამიზნეა – მათ უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მოკვლა რამდენჯერმე სცადეს. მცდელობები კი ფართომასშტაბიანი ომის დროს გახშირდა.
2022 წლის აგვისტოში უკრაინამ გაანეიტრალა დივერსიული ჯგუფი, რომელიც დაზვერვის უფროსის, კირილ ბუდანოვის და თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის მოკვლას გეგმავდა. მოსკოველი კოორდინატორის დავალების შესრულებას კიევის ერთ-ერთი მცხოვრები დასთანხმდა.
„ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, ბოლო 7 წლის განმავლობაში ბუდანოვის ლიკვიდაცია რუსეთმა 10-ჯერ მაინც სცადა. მისი მოკვლა პირველად 2016 წლის აგვისტოში სცადეს, როდესაც დროებით ოკუპირებულ ყირიმში ФСБ-ს პოლკოვნიკი მოკლეს.
„ადგილი არ არის და რა ვქნათ“ – ამ არგუმენტით ბათუმში უკვე მერიის თანამშრომლებიც ამართლებენ პარკინგის წესების დარღვევას, ისინიც აჩერებენ მანქანებს ტროტუარებზე, ველობილიკებზე, ავტობუსის გაჩერების ადგილებზე.
ერთი მხრივ მერია აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, მეორე მხრივ კი საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც პარკინგების ადგილების მოწყობას, ბინების რაოდენობის პროპორციულად, არ ითვალისწინებს.
ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობისთვის კომპანიები მიწის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს თითქმის სრულად ითვისებენ, პარკინგისთვის ადგილი კი ძირითადად ე.წ. ნულ სართულზე [მიწისქვეშა სართული] აქვთ გათვალისწინებული, ეზოს სივრცეში ძირითადად მცირე ადგილს, მაქსიმუმ ოცამდე მანქანის ადგილს ტოვებენ, გამონაკლის შემთხვევებში მეტს ან ნაკლებსაც კი.
ეზოს სივრცეში დატოვებული ადგილები არის უფასო ადგილი პარკინგისთვის, მიწისქვეშა სართულზე პარკინგისთვის გათვალისწინებულ სივრცეში კი ერთი მანქანის ადგილის ღირებულება 10-12 ათასი დოლარია.
ამ კომპლექსების მშენებლობის დასრულების შემდეგ ქალაქში პარკინგის ადგილების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება. თუმცა, ეს არ არის და არც მომავალში იქნება მშენებლის პრობლემა, რომელიც მერიისგან განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტს [ კ2] ითხოვს და იღებს კიდეც.
კოეფიციენტი განაშენიანების ფართობის მიხედვით გამოითვლება, თუმცა მარტივად რომ ავხსნათ, ეს კონკრეტულ ზონაში დადგენილი პარამეტრების გადამეტებას, შედეგად კი მაქსიმალურად მაღალი შენობის მშენებლობას გულისხმობს, იმისთვის, რომ მშენებელმა მეტი ფართობი მიიღოს და მეტი მოგება ნახოს.
„დავავალდებულოთ, რომ პარკინგის ადგილი არ გაყიდოს, ასეთი პირობით მივცეთ თანხმობა კოეფიციენტის გაზრდაზე“ – ეს იდეა საკრებულოს გასულ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ნოდარ დუმბაძემ გააჟღერა.
ამ სხდომაზე საკრებულომ სამშენებლო პროექტის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი [კ2] გაუზარდა კომპანიას, რომელიც ბათუმში, პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში ორი 32-სართულიანი და ერთი 25-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ აქ კ2 კოეფიციენტის 17.0 – მდე გაზრდა მოითხოვა.
იმავე სხდომაზე საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების გეგმის კონცეფცია, რომელიც ბათუმში ბაგრატიონის #135-ში 40-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გულისხმობს.
ორივე პროექტის წარდგენისას მომხსენებელმა, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, მამუკა რამიშვილმა ხაზგასმით განმარტა, რომ კომპანიები კოეფიციენტის გაზრდით მიღებული ფართობის 10 პროცენტს მერიას გადასცემენ, მერია კი ამ ფართობს მომავალში სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებს.
მელიქიშვილისა და პუშკინის კვეთაში დაგეგმილი პროექტის პარკინგისთვის გათვალისწინებული ადგილების სავარაუდო ოდენობა მამუკა რამიშვილმა ვერ დაასახელა, პროექტის შეთანხმების ეტაპზე დაზუსტდებაო – აღნიშნა მან.
შპს „ჯი არ აი“- ის მიერ წარდგენილი კონცეფციის მიხედვით კი 40-სართულიანი კორპუსისთვის კომპანია ეზოს შიდა სივრცეში 54 ადგილის გათვალისწინებას ახერხებს, ე.წ. მიწისქვეშა სართულზე კი 160 ერთეული ადგილი იქნება.
საკრებულოს წევრმა ნოდარ დუმბაძემ მოითხოვა კოეფიციენტის მაქსიმალურად გაზრდის შემთხვევებში კომპანია დაავალდებულონ მიწისქვეშა პარკინგი არ გაყიდოს:
„დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცით, რომ ქვედა საპარკინგე ადგილს არ ყიდულობს 90 პროცენტი. 10 ათასი დოლარია მინიმუმ საპარკინგე ადგილი, ამიტომ ვერ ყიდულობს. ჩვენ ვავალდებულებთ კომპანიას პარკინგის ადგილების მოწყობას, რომ არ შეიქმნას საცობი, არ იყოს პარკინგის პრობლემა ქუჩაში, არ დაიტვირთოს ქუჩა. როდესაც დათმობაზე მიდის მუნიციპალიტეტი, ხომ არ დავამატოთ ის, რომ მიწისქვეშა პარკინგის გაყიდვის უფლება არ ჰქონდეს?“
სხდომაზე ეს საკითხი სერიოზულად არ განუხილავთ, მიუხედავად იმისა, რომ იგივე სხდომაზე ქალაქში პარკინგთან დაკავშირებულ პრობლემებზე „ოცნების“ ფრაქციის წევრებმაც ისაუბრეს.
მოგვიანებით ფრაქციის თავმჯდომარეს ვკითხეთ, ხომ არ აპირებს სხდომაზე გაჟღერებული იდეა პროექტის სახით მოამზადოს და საკრებულოში ოფიციალურად დაარეგისტრიროს განსახილველად. ნოდარ დუმბაძის თქმით, ამ საკითხზე მუშაობენ:
„განგვიმარტეს, რომ შესაძლოა მსგავსი ცვლილების შეტანის უფლება არ გვქონდეს. ახლა ვაზუსტებთ დეტალებს. თუ აღმოჩნდება, რომ მსგავსი ცვლილების უფლება არ გვაქვს, უმაღლესი საბჭოს გავლით ამ საკითხს აუცილებლად დავაინიციირებთ პარლამენტში“ – გვითხრა მან.
პარკინგის ადგილების პრობლემა რომ კიდევ უფრო გამწვავდება ქალაქის ცენტრში, ამ მოლოდინის საფუძველსაც ბათუმის მერიისა და საკრებულოს დამტკიცებული პროექტები გვაძლევს.
13 თებერვალს ბათუმის საკრებულომ 4 ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. აქედან ორი, ბათუმის ბულვართან ახლოს, რუსთაველის ქუჩის #20-სა და 21-ში ითვალისწინებს მშენებლობას. პროექტების მიხედვით, არც ერთ მათგანს ეზო არ ექნება და კომპანიები სამშენებლო მიწის ნაკვეთს სრულად გამოიყენებენ შენობის განსათავსებლად.
გდგ დოკუმენტის მიხედვით, 83-ბინიანი ახალი კორპუსის აშენების შემდეგ მთელ კვარტალში იქნება 397 ბინა, სადაც დაახლოებით 993 ადამიანი იცხოვრებს. ამას დაემატება კომერციული ობიექტები [350 კვ. მეტრი], ავტოსადგომის, სარდაფისა და ტექნიკური სათავსოებისთვის კომპანიამ 797 კვ. მეტრი გაითვალისწინა.
ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის განმარტებით, პროექტი პარკინგისთვის 20 ადგილს ითვალისწინებს შენობის ნულოვან სართულზე და 6 ადგილს – გარე პერიმეტრზე. გამოდის, რომ 83-ბინიან სახლს, დამატებით კომერციული ფართობებით, პირველ სართულზე მხოლოდ 26 ავტომანქანის ადგილი ექნება. გდგ დოკუმენტის მიხედვით, კომპანია შიდა პარკინგზე გათვალისწინებული 20 ადგილის გაყიდვას გეგმავს.
გდგ დოკუმენტს თან ახლავს პროექტის ეკონომიკური დასაბუთება, სადაც ვკითხულობთ, რომ კომპანია ამ პარკინგის ოცი ადგილის გაყიდვას, ჯამში, 392 000 დოლარად გეგმავს – ერთი ადგილის ფასი 19 600 დოლარია.
გდგ დოკუმენტში სპეციალისტები ადასტურებენ, რომ გეგმარებითი ტერიტორია სატრანსპორტო ნაკადებით დატვირთულ ზონაში მდებარეობს და ახალი კორპუსის მცხოვრებლების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება იქნება საჭირო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 22 მაისს პოლიციაში შევიდა შეტყობინება 2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
როგორც პოლიცია ამბობს, მიმდინარე წლის 16 მაისს გ.ა. მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
მიყენებული დაზიანებების შედეგად კი, ახალგაზრდა კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
„დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, გ.ა.-ს ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ა.-ს მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ჯ. თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.
სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ, 19 მაისს, გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა“.
პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნულ პირს ბრალი მკვლელობის ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებას არ ესწრება, იგი სპორტდარბაზში ვარჯიშობს – ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ მოკლე ვიდეოს ტელეკომპანია „ფორმულა“ აქვეყნებს.
„ბატონო ირაკლი, მთავრობის ღონისძიებას რატომ არ ესწრებით? არ გსურთ დასწრება?“ – ისმის ვიდეოჩანაწერში ჟურნალისტის შეკითხვა, რასაც კობახიძე ხელის აქნევით პასუხობს.
გუშინ, 25 მაისს, ირაკლი კობახიძემ „უსამშობლო“ უწოდაადამიანებს, რომლებმა ფეისბუქზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშებიანი ფოტოს ჩარჩოს დააყენეს.
დღეს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული ოფიციალური მიმართვისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მწვავედ გააკრიტიკა„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკის გამო.
დღეს, 26 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ქართველი გმირების – გიგა ოთხოზორიასა და გიორგი ანწუხელიძის ოჯახებს ბოდიში მოუხადა.
„ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა რუსეთთან ლოიალური პოლიტიკისა და ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ ბუნდოვანი პოლიტიკისთვის.
„არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია, ომის სისასტიკე ჩვენსავით ცოტამ თუ იცის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში, იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს, ომის შიშის გაღვივება და მანიპულირება, ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმა.
გაუგებარია, როცა ევროპასა და ამერიკას აბრალებ მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც საკუთარ შვილებს, ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე განცხადებაზე იყოს დამოკიდებული, ყველაფერზე გარდა საკუთარი ინტერესისა?
„რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო? ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია.
ან კიდევ როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს? ნუთუ გვავიწყდება ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს?
კარგად ვხედავთ, დღეს ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს 26 მაისია და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება.
ამ ახალი მსოფლიო წესრიგის მოლოდინში დღეს ჩვენი საზოგადოება, როგორც ხელისუფლება, გზაგასაყარზეა.
საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა და გამოხატა თავისი ნება – საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარებისა და გამთლიანების, ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბებისა და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა.
ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს, არ დათმობს თავის ევროპულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა რუსეთის ფაქტორსა და ხელისუფლების საგარეო კურსს.
„ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე განცხადებაზე იყოს დამოკიდებული, ყველაფერზე, გარდა საკუთარი ინტერესისა?
რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო? ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია.
ან კიდევ როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს? ნუთუ გვავიწყდება ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს?
კარგად ვხედავთ დღეს ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები.
დღეს 26 მაისია და ჩვენ უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება.
ამ ახალი მსოფლიო წესრიგის მოლოდინში დღეს ჩვენი საზოგადოება, როგორც ხელისუფლება, გზაგასაყარზეა. საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა და გამოხატა თავისი ნება – საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარებისა და გამთლიანების, ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბებისა და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა.
ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს, არ დათმობს თავის ევროპულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია.
ქართველ ხალხს ყველა ხელისუფლება ამ პირობას აძლევდა. დღევანდელმა ხელისუფლებამაც ქართველ ხალხს ეს პირობა მისცა და მეტიც, კონსტიტუციით გაამყარა ევროინტეგრაციის გზა. დღეს, როცა ქართველი ხალხი ისევ ამ გზაზეა და ითხოვს მისი ნების აღსრულებას, ხელისუფლება სადაა?!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. დღეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური ცერემონია იმართება თბილისში.
ახალწვეულთა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
მან სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა ქვეყანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასანქცირებული ოჯახის წევრების შემოსვლის გამო.
„გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენი ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენს პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ.
ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრებულად უნდა იცავდეს სტაბილურობას, სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას ევალება, რომ არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია.
ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრების მართვა. უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტის ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ.
მაშინ როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობაზე და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე. გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს.
არ შეიძლება ოკუპაციის კანონის და მეგობარი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან შესაძლოა ქვეყნის შიგნითაც გამოიწვიოს პროტესტი და მეორეს მხრივ, უთანხმოება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ასევე გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ქვეყნის მმართველი ქსენოფობიას გაბრალებს:
„ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე, სტუმართმოყვარეობით და შემწყნარებლობით გაითქვა სახელი.
დღესაც, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან უსიტყვოდ მივიღეთ და ვაცხოვრებთ 80 ათასამდე იმიგრანტს და მთელი ამ დროის განმავლობაში, არცერთი სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა.
ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს.
დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს ვზეიმობთ, საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს. სახელმწიფოებრიობა ისაა, როცა ქვეყანა წესებით და კანონებით იმართება.
ეს არის სახელმწიფო მიდგომა, რომელიც ქველაზე უნდა ვრცელდებოდეს.
ამიტომ, გაუგებარია, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არაა მიღებული რუსეთიდან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის. განსაკუთრებით კი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ან თუნდაც უძრავი ოქნების შეძენა და დაწესებული გადასახადების გადაუხდელობა“-ამბობს ზურაბიშვილი.
მისივე განცხადებით, ჩვენმა წინაპრებმა, დიპლომატია, დაბალანსებული პოლიტიკა და სიფრთხილეც კარგად იცოდნენ, „თუმცა ეს ღირსებას და პრინციპულობას მოკლებული არასოდეს ყოფილა“.
„არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით, ცოტამ თუ იცის და ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება (რაც ადვილია იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს) ან ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმულა. ყველასთვის გასაგები რომ იყოს, რასაც ვგულისხმობ, გავიხსენოთ იმედზე გასული ომის მოდელირებული ქრონიკა“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გაუგებარი გახდა საქართველოს საგარეო პოლიტიკა.
„ასევე გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა, მაშინ როცა კონსტიტუციაში ევროპაა ჩაწერილი, სად გაქრა სიტყვები, „ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“- განაცხადა ზურაბიშვილმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 205 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460]
ტანკი – 3 796 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 7 435 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 3 384 ერთეული [+25]
MLRS – 570 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 328 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 310 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 296 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 910 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 015 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 161 ერთეული [+13]
სპეცტექნიკა – 446 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
429 თვითმფრინავი
235 ვერტმფრენი
4 341 უპილოტო საფრენი აპარატი
424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 302 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 908 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 464 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
25 მაისს, ღამით, ხანძარი გაჩნდა ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის ბინაში, თვითმხილველების თქმით, მე-16 სართულზე.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამჟამად [12:00 სთ] ხანძრის კერა მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს, თუმცა სართულები დაკვამლიანებულია.
პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ადგილზე ამბობენ, ბინა უცხოელ სტუდენტებს აქვთ ნაქირავები, რომლებიც სახლში არ იმყოფებოდნენ.
კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამ დროისთვის [12:23 სთ] თავს იკავებს სახლში შესვლისგან. შენობაში ხანძრის გამო გამორთული იყო ელექტროენერგია.
ფიროსმანისა და ინასარიძის ქუჩების კვეთა, რომელიც ხანძრის გამო ჩაკეტილი იყო, ამჟამად გახსნილია, თუმცა ჩაკეტილი რჩება გენერალ აბაშიძის ქუჩა.
წელს, თბილისსა და ბათუმში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მორთული საჯარო სივრცეებიდან გაქრა ევროკავშირის დროშა, რომელიც ყოველთვის, მათ შორის 26 მაისს, ქართული სახელმწიფო დროშის გვერდით იყო აღმართული, ქართული სახელმწიფოს ევროპული მისწრაფებების ნიშნად. რისი მანიშნებელია ევროკავშირის დროშების მიჩქმალვა, მაშინ როცა წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პასუხს ელოდება ევროკავშირისგან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პარლამენტის წევრს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.
ბატონო არმაზ, პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირის დროშა აღარ გამოფინეს სახელმწიფო დროშის გვერდით. არის ამაში რაიმე საგანგაშო თქვენი აზრით?
უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ დემოკრატია ქართული სახელმწიფო სივრციდან რა ხანია გაქრა და მე ვიტყოდი, აქა-იქ არის შემორჩენილი მისი ნარჩენები. ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ ევროპა, დასავლეთი, საქართველოს ისტორიული არჩევანი, სრულიად მიუღებელი გახდა დღევანდელი ხელისუფლებისთვის, „ქართული ოცნებისთვის“.
იმიტომ, რომ სრული შეუსაბამობაა ქართველი ხალხის მისწრაფებებსა, ევროპულ ღირებულებებსა და „ქართულ ოცნების“ მიზნებს შორის. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ გაქრა ევროკავშირის დროშები. ჩვენ უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ ევროპული სულისკვეთება დიდი ხანია გამქრალი და წაშლილია „ქართულ ოცნებაში“.
არაფერი ევროპული, არაფერი სამართლებრივი, დემოკრატიული და შესაბამისად, ეროვნული, იქ აღარ დარჩა რახანია.
დროშა სიმბოლოა, გამოხატულებაა, ამიტომ მისი ჩამოხსნა, მანამდე კი დაწვის წაქეზება და ამაზე წაყრუება, ბრძოლა, არა მარტო სიმბოლოებთან, არამედ ევროპული არჩევანთან, იმის დასტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის მე-11 წელს საბოლოოდ გადაწყვიტა საქართველო „გაათავისუფლოს“ სამართლებრივი და დემოკრატიული მომავლისგან.
ასე ათავისუფლებს სახელმწიფოს ევროპული შიგთავსისგანაც, რაც ასე ორგანული და ბუნებრივია, დღეს ჩვენთვის და ასე სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი ერისთვის.
ეს რას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უკვე ღია, გაცხადებული კურსი აქვს აღებული რუსეთისკენ?
ეს ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაწყვიტა ნებისმიერ ფასად, იქნება ეს შიდა პოლიტიკაში ოპონენტების განადგურება, დამოუკიდებელი მედიის დახურვა, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის საბოლოოდ გაფუჭება, ყველა ხიდის ჩანგრევა.
ის მზად არის, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს 2024-ში ძალაუფლება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ მისი პირდაპირი თუ ფარული კავშირები კრემლთან.
ძალაუფლების შენარჩუნების ამ ბოროტ განზრახვაში და გეგმაში, „ქართული ოცნების“ ერთადერთი მოკავშირე შეიძლება იყოს კრემლი და მის ორბიტაზე მყოფი რამდენიმე სატელიტი სახელმწიფო და დიქტატორი.
თუ ყველაფრის ფასად აპირებს „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ „ოცნება“ მიითვისებს არჩევნებსაც. მაშინ რა დარჩა საზოგადოებას, ვინც ელოდება კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს და რაღაც ცვლილებებს უკეთესობისკენ?
ჩვენ ყველას მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნებისთვის“ არის მისი ბუნების საწინააღმდეგო. მისი ბუნების საწინააღმდეგოა ევროპის კავშირი და ევროპული ღირებულებები, მისი ბუნების საწინააღმდეგოა საქართველოს ნორმალური, წარმატებული, დალხინებული, დემოკრატიული, სამართლებრივი მომავალი.
შესაბამისად, უნდა ვაცნობიერებდეთ რომ ახლა „ქართული ოცნება“ მზად არის ფაქტობრივად ყველა მექანიზმი გამოიყენოს რაც აქამდე არ გამოუყენებია წინა არჩევნებში. ყველა გზით და საშუალებით მოახერხოს და შეინარჩუნოს ძალაუფლება.
ისმის კითხვა, რა გავაკეთოთ ამ დროს ჩვენ, მოქალაქეებმა, საზოგადოებამ?
თუ ჩვენ მართლა შემდგარი საზოგადოება ვართ და არა მასა, როგორც აღგვიქვამს ხოლმე „ქართული ოცნება“, არამედ ვართ პასუხისმგებლობიანი, შემდგარი საზოგადოება, მაშინ უნდა ვიბრძოლოთ და დავიცვათ საქართველოს თავისუფლება, მისი დემოკრატიული, ევროპული მომავალი.
სწორედ ჩვენს ხელშია ახლა ამის დაცვა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს არაერთი მოკავშირე, გარდა „ქართული ოცნებისა“.
ამიტომაც ჩვენი პირველი ამოცანაა, ვიბრძოლოთ და რას ნიშნავს ვიბრძოლოთ?!
შესაძლოა ვინმეს ზოგად სიტყვად მოეჩვენოს, მაგრამ ვიბრძოლოთ ნიშნავს იმას, რომ როგორც არ გავატანინეთ რუსული კანონი მარტის თვეში ერთობით, მტკიცედ დგომით, ასევე არ შევარჩინოთ „ქართულ ოცნებას“ ეს მზაკვრული პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებს, რომელიც არის სრულიად ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი.
მე ვარ ის ადამიანი, ვინც ყოველთვის შეგნებულად ერიდებოდა ამ სიტყვის გამოყენებას, მაგრამ ახლა ხმამაღლა ვიტყვი, რომ რასაც ახლა „ქართული ოცნება“ სჩადის, ეს არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღალატი.
ამიტომ, ჩვენ, საზოგადოება [და ღრმად მწამს, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში ვართ საქართველოში, ვისაც მიგვაჩნია, რომ საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს პერსპექტივას ალტერნატივა არ გააჩნია], ვისაც მიგვაჩნია, რომ ევროპულ გზას და მომავალს ალტერნატივა არ აქვს, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ჩვენი „არა“ ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“.
გასაგებია, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ რომ არჩევნები არათუ გაყალბდეს, არამედ წინასაარჩევნო გარემოც იყოს უპრეცედენტოდ არადემოკრატიული, მაგრამ ჩვენ ამას არ შევეგუებით და გაცილებით მეტი ადამიანი მივა საარჩევნო ყუთებთან და ეტყვის „ოცნებას“ არას.
რუსეთთან ფრენების აღდგენა, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება, ახლა კი ევროკავშირის დროშების ჩამოხსნა, როგორ ფიქრობთ, მიიყვანს ქვეყანას დასანქცირებამდე? რა პროცესებს წარმოშობს ეს ქვეყანაში, თქვენი აზრით?
„ქართულ ოცნებას“ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მკრთალად სურდეს კანდიდატის სტატუსი, თავისი ბინძური შავი საქმეების სახიდან ჩამოსაბანად და მიიღოს იმ შემთხვევაში, თუკი დასავლეთი დათანხმდება, რომ „ოცნებამ“ თავისებურად, არადემოკრატიულად მართოს ქვეყანა, რაც, ისედაც ვხვდებით, რომ შეუძლებელია.
შესაბამისად, კანდიდატის სტატუსს ყველა კანონზომიერების მიხედვით, ეს მმართველობა არ იმსახურებს.
ბოლო დღეებში ძალიან გაააქტიურეს აფხაზეთის დაბრუნების თემა, რომ თითქოს ახლა მთავარი მიზანი არა ევროკავშირი, არამედ დაკარგული ტერიტორიებია. ნატოს და ევროკავშირის გარეშე, რამდენად წარმოსადგენია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სად მიჰყავს ამ პროპაგანდას რეალურად ქვეყანა?
„ქართული ოცნების“ ამ მავნებლურ რიტორიკას და ქმედებას საქართველო პირდაპირ მიჰყავს იქეთ, რომ ვკარგავთ სახელმწიფოებრიობას, ვკარგავთ ისტორიულ პერსპექტივას, რომ საქართველო გახდეს სამართლებრივი სახელმწიფო და ევროპის შემადგენელი ნაწილი, ვკარგავთ პარტნიორებს და რაც მთავარია, ვკარგავთ ჩვენსავე საზოგადოებას, რომელიც ამ უპერსპექტივობით დაუძლურებული და დაღლილი ტოვებს ქვეყანას და გარბის უცხოეთში.
ამიტომ ვამბობ მკაფიოდ, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყოველდღე, იქნება ეს მიტინგი, აქცია, თუ ნებისმიერი სხვა ფორმა ჩვენი ურყევი ნების გამოხატვისთვის, რომ არ დავთმობთ საქართველოს დემოკრატიულ, ევროპულ მომავალს.
ამის შანსი რა თქმა უნდა არსებობს და თუკი „ქართული ოცნება“ თავისას მაინც არ მოიშლის და ხელისუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენებს უკიდურეს პოლიციურ მეთოდებს, რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენ, ხალხს და გაბედულ, პასუხისმგებლობიან, დემოკრატიულ ოპოზიციას, გვაქვს სრული უფლება, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების შესანარჩუნებლად მივმართოთ ყველა მეთოდს, რაც კი დაშვებულია კონსტიტუციით.
მტკიცედ და ბოლომდე, რადგან ეს არის ისტორიული შანსი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელში საქართველო პირდაპირ, დღისით, მზისით კარგავს.
როგორც ხელისუფლება ამბობს, წლევანდელი 26 მაისის სლოგანია – „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“. თქვენთვის რას ნიშნავს ეს სიტყვები?
ამ უვიცებმა უნდა იცოდნენ, რომ იყო რუსთაველის ქვეყნიდან დღეს ნიშნავს საქართველოს ევროპაში, მრავალფეროვნებაში, წარმატებაში და სამართლიანობაში, რაც ვიმეორებ, შეუთავსებელია „ქართული ოცნების“ მზაკვრულ პოლიტიკასთან.
„ქართული ოცნების“ ბინძური რუსული პროპაგანდა ყველასთვის ცნობილია შინ და გარეთ. ამიტომაც, თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ ბოლომდე, თუ ამას შევარჩენთ და გავატანინებთ, ეს იქნება იმის მაუწყებელი, რომ თანდათან, უახლოეს ხანებში, საქართველოში დამკვიდრდება და გამეფდება საშინელი პოლიციური რეჟიმი.
ამიტომაც, ახლა უნდა ვიბრძოლოთ, უკომპრომისოდ უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ დავთმოთ ყველაზე სანუკვარი, ყველაზე ძვირფასი – ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი, რომ ვიყოთ თავისუფალი, ძლიერი, ევროპული სახელმწიფო.
თურქეთში, ართვინის პროვინციაში, პატარა ქალაქი იუსუფელი და ირგვლივ მდებარე სოფლები, რომლებიც ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქრება – დასახლება წყლით იფარება. მიზეზი თურქეთის უდიდეს კაშხალი, „იუსუფელია“.
წყლის ქვეშ ექცევა აქ მდებარე ძეგლების ნაწილიც, ისტორიული ქართული სოფლები და ორი ქართული, მცირე დარბაზული ეკლესია.
წყლით იფარება ჭელის ეკლესია, რომელშიც ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ძველი მოხატულობის კვალი.
ეს ფოტოები იუსუფელთან მდებარე ჭელის ეკლესიაში შოთა გუჯაბიძემ გადაიღო აპრილში. ფაქტობრივად, ეს ძველი ქართული ეკლესიის ბოლო კადრებია ჩაძირვამდე.
ფერდობზე ჩანს ჭალის ეკლესია, რომელსაც წყალი უახლოვდება. შოთა გუჯაბიძის ფოტოწყალში ჩაძირული იუსუფელი. შოთა გუჯაბიძის ფოტოთურქეთი, იუსუფელის ჭალის ეკლესია, ბოლო კადრები. შოთა გუჯაბიძის ფოტოთურქეთი, იუსუფელის ჭალის ეკლესია, ბოლო კადრები. შოთა გუჯაბიძის ფოტოთურქეთი, იუსუფელის ჭალის ეკლესია, ბოლო კადრები. შოთა გუჯაბიძის ფოტოთურქეთი, იუსუფელის ჭალის ეკლესია, ბოლო კადრები. შოთა გუჯაბიძის ფოტოთურქეთი, იუსუფელის ჭალის ეკლესია, ბოლო კადრები. შოთა გუჯაბიძის ფოტოთურქეთი, იუსუფელის ჭალის ეკლესია, ბოლო კადრები. შოთა გუჯაბიძის ფოტოთურქეთი, იუსუფელის ჭალის ეკლესია, ბოლო კადრები. შოთა გუჯაბიძის ფოტოთურქეთი, იუსუფელის ჭალის ეკლესია, ბოლო კადრები. შოთა გუჯაბიძის ფოტოთურქეთი, იუსუფელის ჭალის ეკლესია, ბოლო კადრები. შოთა გუჯაბიძის ფოტოთურქეთი, იუსუფელის ჭალის ეკლესია, ბოლო კადრები. შოთა გუჯაბიძის ფოტოთურქეთი, იუსუფელი. შოთა გუჯაბიძის ფოტოთურქეთი, იუსუფელი. შოთა გუჯაბიძის ფოტო
„სირიელი ლტოლვილები“ – თურქოლოგ ქამრან ოსმანლის დაკვირვებით თურქეთის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი ქილიჩდაროღლუ ამ თემაზე საუბრით ცდილობს გამარჯვებას, ერდოღანის სტრატეგია კი უცვლელია.
კვირას, 28 მაისს, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველი ტურის მონაცემებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამომრჩეველთა 49.52%-მა დაუჭირა მხარი, ქილიჩდაროღლუს — 44.88%-მა.
რა გზავნილები გააქტიურდა თურქეთში არჩევნების მეორე ტურში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე თურქოლოგ ქამრან ოსმანლის ესაუბრა.
ბატონო ქამრან, იმის გათვალისწინებით, რომ ერდოღანი 5%-ით უსწრებდა ქილიჩდაროღლუს და მეორე ტურის წინ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ულტრანაციონალისტმა სინან ოღანმაც ერდოღანს დაუჭირა მხარი, მოგების რა შანსი რჩება ოპოზიციას?
ცხადია, მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატს მეტი შანსი აქვს. ოღანმა ღიად დაუჭირა მხარი ერდოღანს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის 5 პროცენტი, რაც მან მიიღო არჩევნებში, ავტომატურად ერდოღანთან გადავა. ამ 5 %-დან სადღაც 1.5% – 2 % გადავა ერდოღანის მხარეს, დანარჩენი 1 %, ან 1.5 % წავა ქილიჩდაროღლუსთან.
ამომრჩევლის რაღაც ნაწილი, რომელიც იმედგაცრუებულია, შეიძლება, საერთოდ აღარ მივიდეს არჩევნებზე.
ოღანის ალიანსშიც არის განხეთქილება – მისი ამ განცხადების შემდეგ ალიანსის ლიდერმა უმით ოზდაღმა თქვა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ოღანს გადაწყვეტილებას, თუმცა ვემიჯნებითო. მთელი ეს საარჩევნო პერიოდი უმით ოზდაღი ღიად უპირისპირდებოდა ერდოღანს. არავინ არ უპირისპირდებოდა ხელისუფლებას ისე, როგორც ეს ნაციონალისტური მოძრაობა. ქილიჩდაროღლუ ძირითადად სიტყვით გამოდიოდა, ეს კი, ქუჩაში, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იდგა. იყო საშიშროებაც, რომ შესაძლოა ოზდაღი დაეკავებინათ.
რა გამოდის, ოღანი რატომ გადავიდა ერდოღანის მხარეს?
ნაციონალისტურ პარტიებს შორისაც არ არის ერთიანობა: ერთი ნაციონალისტური პარტია – „გამარჯვების პარტია“, არის ოზდაღის პარტია, მეორე ნაციონალისტური პარტია, MHP კი, ერდოღანთანაა ალიანსში.
ქილიჩდაროღლუსთან არის ნაციონალისტური პარტია „კარგი პარტია“.
ოღანი დაუპირისპირდა პარტიის ლიდერს – ოზდაღს და პარტიიდან გამოვიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მას სურს აქტიურად პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება.
როგორც ჩანს, ოღანთან უფრო ახლოს არის ის ნაციონალისტური პარტია, რომელიც ერდოღანთან არის ალიანსში და უფრო მეტ პერსპექტივას ხედავს ამ შემთხვევაში. ის კარიერისტი კაცია და უნდა, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგეს, რადგან პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე მოხუცი კაცია.
ქამრან ოსმანლი
რა გზავნილებით გააქტიურდა ქილიჩდაროღლუ მეორე ტურში, რა გათვლით მოქმედებს, თქვენი დაკვირვებით?
არჩევნებში მილიონ-ნახევრამდე გაფუჭებული ბიულეტენი დაფიქსირდა, ასევე 8 მილიონი ამომრჩეველი საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე. უხეშად გამოდის 9 მილიონი ამომრჩეველი, რაც ძალიან დიდი რიცხვია. ამ ხმებზე უკვე უნდა ემუშავა წესით ქილიჩდაროღლუს.
ოპოზიციის მოლოდინი იყო გადამეტებული წარმატებაზე და ყველას სჯეროდა, რომ ქილიჩდაროღლუ პირველივე ტურში დაამარცხებდა ერდოღანს. შედეგების დადების შემდეგ კი, ოპოზიციაში დიდი იმედგაცრუება იყო, ორი დღეს საერთოდ ხმას არ იღებდნენ. ამომრჩეველსაც დაეტყო ეს იმედგაცრუება, რომ არანაირი გეგმა არ არსებობდა შემდეგი მოქმედების.
ქილიჩდაროღლუმ მთლიანად შეცვალა თავისი რიტორიკა ამჯერად: თუ მანამდე აქცენტი იყო სიყვარულზე და მისი მთავარი „ემოჯიც“ იყო გული, ახლა პირიქით: რადიკალური გახდა მისი განცხადებები, ყოველ მეორე გამოსვლაში ღიად ამბობს, რომ ქვეყნიდან გააძევებს სირიელებს, პრეზიდენტი გავხდები თუ არა, სირიელებს ერთ წელიწადში უკან გავუშვებო.
ეს გახდა ქილიჩდაროღლუს მთავარი გზავნილი. იგი ცდილობს ამ სენტიმენტების მქონე ამომრჩევლის გულის მოგებას.
რამ განაპირობა 8 მილიონი ამომრჩევლის სახლში დარჩენა და ახლა რატომ შეიძლება ეს ნაწილი გააქტიურდეს?
ეს 8 მილიონი არის იმ ამომრჩევლების კატეგორია, ვინც გაბრაზებულია ერდოღანზე, თუმცა არც ქილიჩდაროღლუს მიიჩნევს ლიდერად, რომელიც შეიძლება თურქეთს ჩაუდგეს სათავეში.
ეს ადამიანები რამდენად გააქტიურდებიან, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. თურქეთში ტელევიზიები ხელისუფლების მიერ კონტროლდება, სოციალურ ქსელში კი ოპოზიციაა უფრო აქტიური.
ერდოღანი რით პოზიციონირებს მეორე ტურის წინ?
ერდოღანის წინასაარჩევნო გზავნილები საერთოდ არ შეიცვალა, მან ასევე გაზარდა წნეხი ოპოზიციის განცხადებებზე, რაც უკვე უკავშირდება დევნილებს, რომ „ესენი რადიკალები არიან…“
ფაქტია, რომ ერთიანობაც არ არის ქილიჩდაროღლუს ფრონტზე. გამოჩნდა ერთგვარი უთანხმოებაა ლიდერებს შორის და ერთმანეთს აბრალებენ იმას, რომ ვერ მოიგეს. ეს გახდა ერდოღანის მთავარი კოზირი ახლა – როგორი ლიდერიც არ უნდა იყოს, მაინც სტაბილურობა იგრძნობა ერდოღანის ფლანგზე, ოპოზიციის ფლანგზე კი ჩანს განხეთქილება.
რამდენად იმუშავებს ამომრჩეველზე ის ფაქტორი, რომ ერდოღანის მოკავშირე პარტიებმა მოიპოვეს უმრავლესობა თურქეთის პარლამენტში?
ამით გამოჩნდა, რომ მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა და მიწისძვრით მიღებული ზარალისა, ერდოღანი და მისი მოკავშირეები მაინც ლიდერობენ. პარლამენტი თურქეთში დიდად არაფერს წყვეტს, რადგან სუპერსაპრეზიდენტო სისტემაა, მაგრამ დიდი მაჩვენებელია 322 მანდატი.
ესეც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი მეორე ტურის წინ – ფსიქოლოგიური ფაქტორი, როცა ერდოღანი მეორე ტურში გამარჯვებულის იმიჯით გამოდის.
თქვენი აზრით, რამ ვერ იმუშავა ოპოზიციის სასარგებლოდ? ეს იყო ოპოზიციის სისუსტე, რუსული პროპაგანდა?
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის რაღაც ნაწილი გაერთიანდა და ერთიანი ფლანგით შეუტია ერდოღანს, ეს საკმარისი ვერ აღმოჩნდა დამარცხებულიყო ერდოღანი, ვინც 20 წელზე მეტია ხელისუფლებაშია. მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებშიც მოიგო ერდოღანმა. ოპოზიციამ ამ რეგიონებში საერთოდ ვერ იმუშავა – მისი პროპაგანდა მთლიანად ჩავარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანს უკავშირდებოდა პირდაპირ ეს ზარალი, რაც მიწისძვრით ქვეყანამ და ადამიანებმა მიიღეს, მოახერხა ერდოღანმა და გარკვეული შედეგიც დადო, ანუ სახლები, საავადმყოფოები ააშენეს და ადამიანებს უფასოდ დაურიგეს.
ერდოღანის სასარგებლოდ ძირითადად იმუშავა იმან, რომ ის ხელისუფლებაშია. მეორეა ის, რომ მედია მთლიანად მის ხელშია – ძირითადი სატელევიზიო არხი სახელისუფლებოა და 24 საათი სახელისუფლებო რეკლამები ტრიალებს. მნიშვნელოვანია ასევე ბიუჯეტი და ბიუროკრატია. ეს ყველაფერი ძალიან ეფექტურად მართეს.
ამ ყველაფერს კი ოპოზიციამ დიდად ვერაფერი დაუპირისპირა. როცა მიზანი გაქვს, რომ ქვეყანა უნდა განავითარო, უნდა გქონდეს ძალიან მოკლე და ყველასთვის გასაგები მესიჯები, ამომრჩეველი არ არის ეკონომისტი, ან საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ის უნდა დაარწმუნო, რომ შეგიძლია. ამათ გამოუშვეს წიგნაკი 2600 პუნქტით ,გზამკვლევი, რასაც არ ვიცი, რამდენი ჩაუჯდება და წაიკითხავს.
თუ ერდოღანი იქნება ისევ თურქეთის პრეზიდენტი, რამდენად უნდა ველოდოთ მის კიდევ უფრო დაახლოებას რუსეთთან, თუ პირიქით, შეიძლება ოპოზიციური ტალღის გათვალისწინებით, რაც თვალსაჩინოა თურქეთში, ეს ქვეყანა დასავლეთის მიმართულებით გააქტიურდეს?
ხშირად იწერება დასავლურ მედიაში, რომ თურქეთში არის ავტორიტარული სისტემა და ასე შემდეგ, მაგრამ თურქეთი არ არის რუსეთი, ან ბელარუსი, ან რომელიმე აღმოსავლური, ტირანიული სახელმწიფო. ეს არის სახელმწიფო თავისი ჰიბრიდული სისტემით.
ერდოღანი გამარჯვების შემთხვევაში განაგრძობს იმ ხაზს, რაც მას საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ჰქონდა. ის განაგრძობს თანამშრომლობას ასევე რუსეთთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის გახდება პუტინის მოკავშირე. ეს გამორიცხულია.
ჩემი აზრით, ერდოღანს დასავლეთთან ექნება მცირე რესტარტი, შესაძლოა, შვედეთიც მიიღოს ნატოში და ევროკავშირთან დაიწყოს ნაბიჯ-ნაბიჯ ურთიერთობების დალაგება. თურქეთი ესაზღვრება ევროკავშირს და შეუძლებელია, რომ ჩაკეტოს საზღვარი, თქვას, რომ აღარ მინდა ევროკავშირი და მივდივარ აზიაში. თურქეთი არის ცენტრალური სახელმწიფო, ხიდი ევროპას და აზიას შორის, მით უმეტეს, ახლა, როცა რუსეთს დაუწესეს ამხელა სანქციები და მისი სამარშრუტო დერეფანი ჩაკეტილია. ყველა ახალი მარშრუტი გადის თურქეთის ტერიტორიაზე… შესაბამისად, როგორც ევროკავშირს, ისე თურქეთს სჭირდებათ ერთმანეთი და ეს ურთიერთობები გაგრძელდება.
შეიძლება, რაღაც დონეზე გაუმჯობესებაც იყოს. რთულია იმის თქმა, გაგრძელდება თუ არა მუშაობა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, რადგან განხეთქილება იყო და თურქეთს მოუწევს ბევრი რამის თავიდან გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც კუთხით დაახლოება იქნება.
ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პარტია „ლელო“ მსვლელობას გეგმავს.
პარტიის განცხადებით, მსვლელობა 15:00 საათზე ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყება და მემედ აბაშიძის ქუჩის გავლით გაგრძელდება ევროპის მოედნისკენ.
„შევიკრიბოთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში, კოლონადებთან და მოვაწყოთ მსვლელობა ევროპის მოედნისკენ – ვანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი!
საქართველოს არ დავუთმობთ რუსულ იმპერიას! საქართველო არ გახდება რუსეთის გუბერნია! ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას!
ერთად დავდგეთ, ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლისთვის“- აცხადებს „ლელო“.
წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფოს სიმბოლიკების გვერდით ევროკავშირის დროშა აღარ გამოფინეს.
საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ფაქტს კრიტიკულად გამოეხმაურა, რადგან მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია საბოტაჟისკენ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერი“ ბახმუტიდან გადის.
ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური ტელეგრამზე წერს.
„ბახმუტიდან გაგვყავს შენაერთები… 1-ელ ივნისამდე ძირითადი ნაწილი უკანა მხარეს, ზურგში გადაინაცვლებს. სამხედროებს გადავცემთ პოზიციებს: საბრძოლო მასალას, პოზიციებს – ყველაფერს, მათ შორის, მშრალ რაციონს“, – აცხადებს პრიგოჟინი და დასძენს, რომ თუ რუს სამხედროებს გაუჭირდებათ, მაშინ „ვაგნერი“ აქ დატოვებს მათ, ვინც „მთავარი როლი ითამაშა ბახმუტის აღებაში“.
უკრაინულ მხარეს პროგოჟინის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრიგოჟინი „ვაგნერის“ ბახმუტიდან გაყვანაზე საუბრობს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერი“ 10 მაისს დატოვებდა ბახმუტს და პოზიციებს გადასცემდა კადიროველებს, თუმცა, დღეის მდგომარეობით, „ვაგნერი“ ბახმუტში რჩება.
აჭარაში აგროსერვისცენტრები ამჯერად ისევ ცალ-ცალკე, ოღონდ ფასდაკლებით იყიდება. საწყისი გასაყიდი ფასი ჯამში 691 ათასი ლარითაა შემცირებული.
ქონების გასხვისებაზე პირობებიანი აუქციონი რამდენჯერმე გამოაცხადეს, თუმცა ქონება არც ერთ ლოტად გაიყიდა და არც ცალ-ცალკე.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელახალი აუქციონები ამჯერად ფასდაკლებით და ფაქტობრივად იმავე პირობებით გამოაცხადა. პირობების სანახავად გადადით ამ ბმულზე.
ელექტრონული აუქციონები დაწყებულია და 2023 წლის 7 ივნისს დასრულდება.
ქონების საწყისი გასაყიდი ფასი თითოეული აგროსერვისცენტრისთვის ამჯერად ასეა განსაზღვრული:
ბათუმის აგროსერვისცენტრი – 1 040 000 ლარი, ნაცვლად 1 300 000 ლარისა
ქობულეთის აგროსერვისცენტრი – 700 000 ლარი, ნაცვლად 875 000 ლარისა
ქედის აგროსერვისცენტრი – 392 000 ლარი, ნაცვლად 490 000 ლარისა
შუახევის აგროსერვისცენტრი – 264 000 ლარი, ნაცვლად 330 000 ლარისა
ხულოს აგროსერვისცენტრი – 368 000 ლარი, ნაცვლად 460 000 ლარისა
გასაყიდი შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი 3 055 კვადრატული მეტრია, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი – 5 661 კვადრატული მეტრი.
მომავალ მყიდველ[ებ]ს, სხვა პირობებთან ერთად, აგროსერვისცენტრებისთვის „ლოჯისტიკური ცენტრების პროფილისა და დანიშნულების შენარჩუნება არანაკლებ 10 წლის ვადით ევალება, რაც გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, თუმცა ბათუმში ეროვნული სადღესასწაულო განწყობა ნაკლებად იგრძნობა.
სახელმწიფო დროშები, როგორც ბათუმის მერიაში გვეუბნებიან, მხოლოდ რამდენიმე წრიულზეა განთავსებული, ასევე მემედ აბაშიძის, რუსთაველის და ბაქოს ქუჩების განათებებზე იგეგმება დღეს პატარა დროშების დამაგრება, დიდი დროშების გამოფენა გათვალისწინებული არ არის.
ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა ბათუმში 26 მაისს, ნაშუადღევს, 14:00 საათზე დაიწყება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით.
პროგრამის მიხედვით, ყველა ძირითადი აქტივობა ანბანის კოშკის მიმდებარედ იგეგმება:
14:00-იდან 18:00 საათის პერიოდში კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა გაიმართება
დროის ამავე შუალედში გამოიფინება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების აღჭურვილობა
14:30-დან 15:30 საათამდე DJ Yamoc-ი დაუკრავს
ერთი საათი დაეთმობა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტს
18:00 საათზე ღონისძიებებს დაასრულებს ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელას კონცერტი.
ამავე დროს, აქვე მოწყობილ საბავშვო სივრცეში იგეგმება სხვადასხვა აქტივობა.
როგორც მერიაში გვითხრეს, მუსიკალური ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან 12 ათასამდე ლარია გათვალისწინებული.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეროვნული სიმბოლიკების გვერდით წინა წლებშიგამოფენილი იყო ევროკავშირის დროშაც, თუმცა წელს საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის დროშა არ გამოიფინება ქართული დროშების გვერდით, რასაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.
მოქალაქეების აზრით, მაშინ, როცა საქართველო წელს, წლის ბოლოს ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ელოდება, ევროპული სიმბოლოების გაქრობა ქვეყნის პროევროპულ მისწრაფებებსა და ინტერესებს აზიანებს.
ცენტრალური პარკი / 23.05.2022წელს ბათუმის ცენტრალურ პარკში მხოლოდ საქართველოს დროშები გამოფინეს, ევროკავშირის კი – არა.
გასული წლის 26 მაისს ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში სახელმწიფო დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშებიც იყო გამოფენილი, წელს კი მერიამ ეროვნული სიმბოლოების გვერდით ევროკავშირის დროშა არ გამოფინა.
„რაც გვიბრძანეს, მხოლოდ იმას ვფენთ“ – გვითხრეს ცენტრალურ პარკთან
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ წელს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ოფიციალურ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშა არ იქნება გამოფენილი, მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ პროტესტის ნიშნად ხვალ, 26 მაისს, თბილისში, ევროკავშირის დროშებით საპროტესტო მსვლელობები მოაწყონ.
მოქალაქეები ევროკავშირის დროშის გაქრობას მთავრობის კურსის ცვლილებას უკავშირებენ, რაც, მათი აზრით, შემაშფოთებელია.