ბათუმის საკრებულო 1 ან 2 განაშენიანების გეგმას თითქმის ყოველ სხდომაზე, ან ყოველ მეორე სხდომაზე მაინც ამტკიცებს. სხდომა თვეში ერთხელ იმართება. ბოლო სხდომაზე, რომელიც 19 მაისს გაიმართა, საკრებულომ K2 კოეფიციენტი გაუზარდა კომპანიას, რომელიც აპირებს 35- სართულიანი ორი კორპუსი და ერთიც 25-სართულიანი ააშენოს მელიქიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, ყოფილი „უნივერსამის“ ტერიტორიაზე.
ამავე სხდომაზე საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების გეგმის კონცეფცია, რომელიც ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან 40-სართულიანი კომპლექსის მშენებლობას გულისხმობს.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან, ბაგრატიონის #135-ში შპს „ჯი. არ. აი“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კოეფიციენტის გაზრდას ეს კომპანიაც ითხოვს 7.0-მდე. სამშენებლო მიწის ნაკვეთი 7 727 კვ.მეტრია.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, კომპანია აპირებს გაზრდილი კოეფიციენტით მიღებული ფართობის 10 %-ი მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდს გადასცეს. ეს ქალაქისთვის კანონით დადგენილი ერთგვარი კომპენსაციაა: კოეფიციენტის გადამეტების შემთხვევაში კამპანია ვალდებულია სხვაობით მიღებული ფართობის 10 პროცენტი, ბინების სახით, მერიას გადასცეს.
კოეფიციენტის გაზრდა კომპანიას საშუალებას აძლევს კონკრეტულ ზონაში დადგენილზე მაღალი შენობა ააშენოს. შესაბამისად, მეტი ფართობი და მეტი სარგებელი მიიღოს.
მას შემდეგ, რაც, 19 მაისს, ბათუმის საკრებულომ მიწის ნაკვეთის განაშენიანების გეგმის კონცეფცია დაამტკიცა, კომპანიამ ახლა, კანონით დათქმულ ვადაში, მერიას განაშენიანების დეტალური გეგმა უნდა წარუდგინოს, რომელსაც თავის მხრივ მერია საკრებულოს წარუდგენს დასამტკიცებლად.
კანონი განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავებას იმ შემთხვევაში ითხოვს, თუ კომპანიას ზონაში დადგენილი კოეფიციენტის გადამეტება სურს.
განაშენიანების გეგმის კონცეფცია არ მოიცავს დაგეგმილი სამშენებლო პროექტის ზუსტ პარამეტრებს, თუმცა მასში მოცემულია საორიენტაციო პარამეტრები. სწორედ ამ პარამეტრების მიხედვით ბაგრატიონის #135-ში მინიმუმ 40-სართულიანი კორპუსი აშენდება, რომელიც 755 ბინას გააერთიანებს. ამას დაემატება კომერციული ფართობებიც. შენობის სიმაღლე 130 მეტრი იქნება.
კონცეფციაში მოცემული ინფორმაციით, კომპანია ააშენებს ერთ მიწისქვეშა სართულს, სადაც პარკინგს მოაწყობენ, პირველ ორ სართულზე კი კომერციული ფართობები იქნება.
შპს ჯი.არ.აი -ს მფლობელი ნინო განჯელაშვილია.
ამ სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ, მშენებლობას გეგმავს ასევე შპს „სთარ არ ჯი“. ეს კომპანია 13 914 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს საკუთრებაში ჟიული შარტავასა და ასლან აბაშიძის 16ა-ში.
პროექტზე დეტალურად წაიკითხეთ აქ: