განათლება,მთავარი,სიახლეები

„მგონია, რომ თავხედი მოსწავლე არ არსებობს“ – მასწავლებელი სკოლაში კონფლიქტებზე

27.05.2023 • 8830
„მგონია, რომ თავხედი მოსწავლე არ არსებობს“ – მასწავლებელი სკოლაში კონფლიქტებზე

„ჩვენ ვინ დაგვიცავს თავხედი მოსწავლისგან?!“, „ყველა უფლება ჩამოგვართვეს“, „მოსწავლის დასჯის ყველანაირი რესურსი შეუზღუდეს მასწავლებელს“ – ასეთი ფრაზებით გამოეხმაურნენ პედაგოგები სოციალურ ქსელში სტატიას, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთ სკოლაში, მასწავლებლისა და მოსწავლის კონფლიქტს ეხებოდა.

რატომ ითხოვენ მასწავლებლები მოსწავლის დასჯის უფლებას და არიან თუ არა ისინი რეალურად დაუცველი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2022 წლის ათეულში მყოფ პედაგოგს, ირა ძირკვაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ირა, მასწავლებლების საკმაოდ დიდი ნაწილი, ვინც ამ სტატიის ქვეშ კომენტარებს წერდა, ამბობდა, რომ „ჩვენ ვიჩაგრებით“, „არაფერი გვეთქმის სკოლაში“, რომ „ყველაფრის უფლება წაგვართვეს“ და ამან „გაათავხედა მოსწავლეები“. თქვენი აზრით, დაუცველია დღეს მასწავლებელი სკოლაში, რა უფლებები აკლია მას?

ვფიქრობ, პრობლემა მოდის იქიდან, რომ ჩვენ, წინა საუკუნეში გაზრდილ პედაგოგებს გვიწევს ვასწავლოთ თანამედროვე ბავშვებს. რამდენიმე წლის წინ სკოლაში ბავშვის დასჯა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ხომ?! სკოლაში უფრო მკაცრი სისტემა იყო, უფრო დასჯაზე იყო ორიენტირებული და მარტივი არ არის მთელი სისტემა უცებ შეიცვალოს.

ჩვენ გვინდა კეთილი სიტყვით გავაგებინოთ ბავშვებს ჩვენი სათქმელი, მაგრამ ეს არ არის მარტივი პროცესი, წლები სჭირდება და გადალახვის პერიოდში იქნება უკმაყოფილება და წინაღობები.

ცხადია, მე ისეთი სკოლა მომწონს, რომელიც თანამედროვე მიდგომებს ითვალისწინებს. მასწავლებელი კლასში დამოუკიდებელია და აქვს იმის ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი სწორად წარმართოს.

ვფიქრობ, თუ მასწავლებელს პატივს სცემენ კლასში, მას არ გაუჭირდება ბავშვებთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ ამის მიღწევას სჭირდება ძალიან დიდი რესურსის ჩადება მასწავლებლის მხრიდან.

სიმკაცრე წამიერად შესაძლოა გვაძლევდეს ეფექტს და ისიც დაბალ კლასებში, მაგრამ უფროს კლასებში ეს არ გამოგვადგება. გვჭირდება განსხვავებული მიდგომები გვჭირდება, იმისთვის, რომ მასწავლებელს და მოსწავლეს ისეთი ურთიერთობა ჰქონდეთ, რაც დაეხმარება ბავშვს შემეცნების და სწავლის პროცესში.

  • ერთი მასწავლებელი წერდა, რომ „წაგვართვეს ყვირილის უფლება“, „მასწავლებელმა კი უნდა აიტანოს ის, რასაც იტანს“. თქვენ თუ ეთანხმებით და რისი ატანა გიწევთ სკოლაში?

არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, მოსწავლეების მხრიდან ისეთი არაფრის ატანა მიწევს, რაც მაფიქრებინებს, რომ ჩემი უფლებები ხელყოფილია.

ახლა განათლების სისტემა რეფორმებს გადის და შესაძლოა უფრო დაძაბული და სტრესულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს მოსწავლეებს.

ისიც არის, რომ ყველა მასწავლებელი ერთიანად ვერ გადავა ახალ რელსებზე. მეორეა ის, რომ ერთგან სიმკაცრეს აწყდებიან ბავშვები, სხვაგან – უფრო ლმობიერებას და ვეღარ ხვდებიან, რომელ მხარეს წავიდნენ. ეს უფრო იწვევს არეულობას, რადგან საერთო მიდგომა მაინც არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული სკოლებში.

  • თქვენს პრაქტიკაში გქონიათ კრიტიკული მომენტი? და როგორ გადალახეთ, როგორ გამოძებნეთ ბავშვებთან საერთო ენა? ან გიგრძნიათ თავი დაჩაგრულად, როგორც მასწავლებელს?

ყველაზე კრიტიკული მომენტი, მე რაც მაქვს ხოლმე მოსწავლეებთან ურთიერთობისას, გარე სივრცეებს უფრო შეეხება, როცა პასუხისმგებლობას იღებ 15 ბავშვზე, სადღაც მიმყავს და ამ დროს ვიღაცას უნდა რომ იცელქოს – სადღაც ავიდეს და გადმოხტეს, ან ხეზე აძვრეს. შენ გიწევს იმის ახსნა, რომ რაღაც გარკვეულ პროცესს უნდა მიჰყვეს ბავშვი.

მე მგონია. რომ ამ პასუხისმგებლობების შესახებ ჩვენ არ ვასწავლით ბავშვებს სათანადოდ, როცა ვამბობთ, რომ მათ იციან უფლებები, მაგრამ არ იციან მოვალეობები. მერე ვიღებთ იმ შედეგს, რომ ვყვირით – „არ იციან თავიანთი მოვალეობები“.

  • ასეთ შემთხვევებში რა სტრატეგიას ირჩევთ ხოლმე, რა არის გამართლებული, რა მუშაობს ყველაზე უკეთ და რატომ ვერ იყენებენ ამ გამოცდილებას ვთქვათ, სხვა მასწავლებლები?

იმიტომ, რომ განვითარება არის გრძელვადიანი შედეგი, ჩვენ კი გვინდა იმ წუთას გავაჩეროთ ბავშვი, რაღაცნაირად მოვაგვაროთ პრობლემა. ამას ახერხებს ეს სიმკაცრე – ყვირილი.

მეც მაქვს ხოლმე შემთხვევები, როცა ცდილობს ბავშვი ჩაშალოს გაკვეთილი, ან კლასელთან ხუმრობს, ან რაღაცას გადაისვრის… ასეთ დროს მაქსიმალურად ვცდილობ გავაგებინო ბავშვს, რომ ხელს მიშლის საგაკვეთილო პროცესში, რომ მის თანაკლასელებს ეშლებათ ხელი გაკვეთილის გაგებაში.

ერთხელ თქმა, რა თქმა უნდა, არ შველის, უბრალოდ გაკვეთილის შემდეგ ვცდილობ გავესაუბრო ამ მოსწავლეს და არა კლასის თანდასწრებით ვუთხრა რაიმე უხეშად.

ვარკვევ რა პრობლემები აქვს და რატომ მიშლის ის ხელს გაკვეთილზე, ვუხსნი, მე რა პრობლემები მაქვს და ვთხოვ, რომ გამოსავალი მომაძებნინოს.

ვცდილობ, ყველაზე ცელქი მოსწავლეები უფრო მეტად ჩავრთო არაფორმალურ განათლებაში, რომ უკეთ დავუახლოვდე და გავიცნო. იმიტომ, რომ საბოლოოდ, თუ მასწავლებლის მიმართ დადებითი განწყობა აქვს მოსწავლეს, საგანი რომც არ აინტერესებდეს, მაინც ცდილობს, არ აწყენინოს იმ მასწავლებელს.

ჩემი ამოსავალი წერტილი ის არის, რომ უფრო მეტად გავიცნოთ ჩვენი მოსწავლეები და დავუახლოვდე მათ.

  • როდისმე გქონიათ განცდა, რომ მოსწავლეს უფრო მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე თქვენ და იჩაგრებით ამის გამო, როგორც ამბობენ ხოლმე თქვენი სხვა კოლეგები?

არასდროს მქონია მსგავსი განცდა, ვერ ვიხსენებ. ემოციის დონეზე არასდროს მიგრძნია, რომ მოსწავლეს ჩემზე მეტი უფლება აქვს და მე ის ამით მჩაგრავს.

პირიქით, ზოგჯერ ის შეგრძნება უფრო მქონია, მე ხომ არ გამოვიყენე ჩემი მდგომარეობა-მეთქი, რადგან მასზე უფროსი ვარ და მასწავლებელი ვარ, რაიმე უხეშად ხომ არ ვუთხარი იმის გამო.

იყო შემთხვევა, როცა სახლში მივედი და დავფიქრდი, ვიგრძენი, რომ რაღაც ცუდად ვუთხარი მოსწავლეს. შეტყობინება გავუგზავნე და ბოდიში მოვუხადე. მგონი ცუდად მოგმართე გაკვეთილზე და არ მინდოდა-მეთქი.

  • აი ეს მობოდიშების ჟესტი, შეცდომის აღიარება, დადებითად მოქმედებს ურთიერთობაში თუ ათამამებს ბავშვებს?

ვფიქრობ კი, კარგად მუშაობს და მეორეს მხრივ, ჩვენი ქცევით მაგალითს ვაძლევთ მოსწავლეებს.

ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება გვეხმარება ბავშვთან ურთიერთობის დალაგებაში, რადგან მეორე დღეს, მაგალითად, იმ ბავშვთან უფრო ახლოს ვიგრძენი თავი და მოსწავლემაც დაინახა, რომ შესაძლოა მასწავლებელმაც დაუშვას შეცდომა და თქვას რაიმე არასასიამოვნო, მაგრამ შესაძლებელია ამის გამოსწორება.

მესმის, რომ ყოველთვის კარგად ვერ მოვიქცევით ვერც მასწავლებელი და ვერც მოსწავლე, მაგრამ თუ შემდეგ ჩვენს ქცევაზე დავფიქრდებით და ვაღიარებთ ჩვენი თავის წინაშე, ბავშვსაც მოვუხდით ბოდიშს, რომ რაღაც მომენტში არასწორად მოვიქეცით და ეს მაგალითი მათ დაეხმარება შემდგომ ცხოვრებაშიც.

  • იმ ჩანაწერში რაც მოვისმინეთ, ისმოდა ასეთი ფრაზები: „ყველა მასწავლებელს შევაძულე შენი თავი, სისხლს გაგიშრობთ მე-12 კლასამდე“… როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება მიიყვანოს მასწავლებელი ამ მდგომარეობამდე, აქვს ამას გამართლება?

რა თქმა უნდა, ასეთი რამის მოსმენა არასასიამოვნოა პედაგოგის მხრიდან და ხშირად ჩვენ ცდილობთ გავამართლოთ კოლეგები და ვამბობთ, რომ „ძალიან აღელვებული იყო“, „ემოციის ფონზე მოუხდა ასეთი ფრაზების წამოძახება“, თუმცა მგონია, რომ მასწავლებელს უნდა ესმოდეს, რომ მისმა ერთმა სიტყვამაც შესაძლოა მთლიანად დაანგრიოს ბავშვის ცხოვრება ან პირიქით.

ჩემი აზრით, ის, რაც არასდროს უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, ეს არის მოსწავლეზე გადამტერება, რომ უარყოფითად იყოს განწყობილი მოსწავლის მიმართ.

მესმის, რომ შეუძლებელია ყველა მოსწავლე თანაბრად გიყვარდეს, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყო რომელიმეზე გადამტერებული. ამ ყველაფერს შემდეგ ზედაპირზე ამოაქვს ყველა ის სიმახინჯე, რაც გვაჩვენებს, თუ რა გარემოში უწევთ მომავალ თაობებს აღზრდა.

ახლახან დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობდით, თავისუფლების დღეს და ჩვენ არ გვინდა მომავალი თაობა იზრდებოდეს ემოციურად დაძაბულ გარემოში, თუ გვინდა, რომ ქვეყანას ჰქონდეს ღირსეული მომავალი.

თუმცა, ზოგჯერ კოლეგებისაც მესმის, რადგან ჩვენს დაძაბულ გარემოში გვიწევს მუშაობდა და ამ ყველაფერს შესაძლოა დაემატოს ოჯახური ან სოციალური პრობლემებიც, რის გამოც შესაძლოა ადვილად გამოვიდეს მასწავლებელი მდგომარეობიდან.

ცხადია, ეს მათ არ ამართლებს, მაგრამ გარემო პირობებიც მოქმედებს ამ ყველაფერზე.

  • თქვენთვის, როგორც პედაგოგისთვის, რა არის ყველაზე არაეთიკური ქცევა ბავშვის მიმართ?

ყველაზე არაეთიკური, ჩემი აზრით არის, ბავშვისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა. როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური.

ბავშვებს უთქვამთ ხოლმე და ვიცი, რომ ყველაზე მტკივნეულად, სიტყვიერი შეურაცხყოფა ახსოვთ. იმაზე უფრო მტკივნეულად, ვიდრე ყურის აწევა ან თმის მოწიწკნა.

როცა მოსწავლე ვიყავი, მეც იგივე ვგრძნობდი. უფრო მტკივნეულად მახსენდება, თუ ვინმემ ცუდი სახელი დამიძახა ან გამომლანძღა და მე მგონია, რომ სწორედ ეს არის ყველაზე არაეთიკური ქცევა მასწავლებლის მხრიდან. რახან ჩვენ უფროსები ან ერთგვარი ავტორიტეტები ვართ, არ შეიძლება ეს მდგომარეობა გამოვიყენოთ და ბავშვი გავლანძღოთ.

  • ქობულეთის სკოლის შემთხვევაში, როცა კონფლიქტის შემდეგ მასწავლებელი დაითხოვეს სკოლიდან, ითქვა, რომ ეს არის სწორედ მასწავლებლის ჩაგვრა, რადგან ამით გათამამდებიან მოსწავლეები და ყოველთვის მათი სამიზნე იქნება პედაგოგი. ეთანხმებით ამ შეფასებას?

რთული კითხვაა, მაგრამ ვფიქრობ, პირველ ეტაპზე ალბათ საყვედური შეგვიძლია მივცეთ მასწავლებელს, შეიძლებოდა დროებით შეეჩერებინათ უფლებამოსილება თუნდაც იმ პედაგოგისთვის. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ზუსტი პასუხი, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ როცა რაიმე უსიამოვნო ფაქტი ხდება, არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა და არ უნდა ვთქვათ, – „რაც მოხდა, მოხდა“.

მსგავს ფაქტებზე აუცილებლად უნდა ისაუბროს სკოლამ, მშობელმა და მასწავლებელმა. მინიმუმ, პედაგოგმა ის მაინც უნდა გაიაზროს, რომ არასწორად მოიქცა და ამის შემდეგ, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა სკოლასა და მასწავლებელს შორის, ან მოსწავლეს შორის, ეს შეთანხმების საგანია.

  • როცა მოსწავლე თავის მასწავლებელთან საუბარს ფარულად იწერს, რას ფიქრობთ ამაზე? რაზე მეტყველებს ეს? ის, რომ ბავშვები თავს გრძნობენ დაუცველად სკოლაში, ის, რომ მათ არ უსმენენ, არ ენდობიან უფროსები და თავდაცვის მექანიზმი ერთვებათ?

ის, რომ სხვა ადამიანი ფარულად არ უნდა ჩაწერო, რადგან არაკანონიერია – ამაზე არ ვესაუბრებით ხოლმე სათანადოდ ბავშვებს.

მეორეს მხრივ, თუ მასწავლებელი ბავშვს შეურაცხყოფას აყენებს, ასეთ დროს აქვს ბავშვს უფლება, რომ ჩაიწეროს. რადგან ჩაიწერა, დიდი ალბათობით დაუცველად იგრძნო თავი, როცა შეურაცხყოფას აყენებდნენ მას.

  • თუმცა თქვენი კოლეგების ნაწილი ასეთ ბავშვებს თავხედს უწოდებენ და შეკითხვას სვამენ – „ვინ დაგვიცავს თავხედი მოსწავლისგან?“ რას ფიქრობთ ამაზე?

მე მგონია, რომ თავხედი მოსწავლე არ არსებობს. ჩვენ იმდენი ბერკეტი გვაქვს, რომ ვერ ვიტყვი, დაცვა მჭირდება მოსწავლეებისგან-მეთქი.

შიშს და ზეწოლას მე პირადად მოსწავლეების მხრიდან არ განვიცდი, მაგრამ როცა მჭირდება პროფესიული განვითარება, როცა რაიმე პრობლემა მაქვს, თუნდაც მოსწავლეთა ქცევის მართვის კუთხით, ამ შემთხვევაში მჭირდება პროფესიული დახმარება, რომ ვისწავლო კონფლიქტების მართვა. პროცესის მხარდაჭერას ვგულისხმობ სკოლის, მშობლის, სამინისტროს მხრიდან.

15 წლის წინ, ფიზიკურად სცემდნენ მოსწავლეებს სკოლებში და უცებ ვერ მივიღებთ შედეგს. რეფორმა უნდა იყოს სისტემური ხასიათის და მთელი სკოლა უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ მასწავლებელი „მწყობრიდან არ გამოიყვანონ“ და „ამიტომ მივაყენე შეურაცხყოფა“, არ თქვას.

წინა საუკუნეში მთელი სასკოლო სისტემა ბავშვის დასჯაზე იყო აგებული, ამიტომ ასე უცებ, ორი ტრენინგით ამის შეცვალა მარტივი არ იქნება.

მე პირადად, ჩემი სურვილით ვარ ჩართული და ვმუშაობ სპეციალური ემოციური კომპეტენციების განვითარებაზე როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებში და ამ მიმართულებით უნდა ჰქონდეს სწორედ პედაგოგს დახმარება სამინისტროს მხრიდან.

და ბოლოს, ბავშვი ცელქობს მისთვის უინტერესო გაკვეთილზე.

ამაში კი მარტო მასწავლებელიც არ არის დამნაშავე, რადგან პირობები არ უწყობს მას ხელს – კლასები არ არის აღჭურვილი ტექნიკით, სასწავლო რესურსები, არ არის გამართული სკოლის ინფრასტრუქტურა, მასწავლებლის ხელფასი დაბალია და ეს ყველაფერი კომპლექსურად, გავლენას ახდენს სასწავლო პროცესებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: