31 წლის აიშან გიზბასოვაზა მარნეულის სოფელ ალგეთის სკოლაში ქართულ ენის ასწავლის. უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობას სწავლობდა და მისი თქმით, ნამდვილად არ ფიქრობდა, რომ მასწავლებელი გახდებოდა.
ბაკალავრიატზე სწავლის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში შესთავაზეს, რომ მშობლიურ სოფელში, როგორც დამხმარე მასწავლებელი ისე დაბრუნებული. აიშანი შეთავაზებას 2 წლით დასთანხმდა, რადგან პროგრამა მისი სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებდა მაგისტრატურაზე და გარკვეული ანაზღაურებაც ჰქონდა.
„თავიდან მართლა არ ვფიქრობდი მასწავლებლობაზე, არ მინდოდა, სხვა მიმართულებით ვსწავლობდი და ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას.
როდესაც სკოლაში სწავლება დავიწყე, კარგად დავინახე პრობლემები, რომლებსაც მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ არა მასწავლებლის თვალით. ჩემი როლი დავინახე.
მივხვდი, მეც შემეძლო დავხმარებოდი არსებული სიტუაციის შესაცვლელად [ადგილობრივებს] და ზუსტად ეს გახდა ჩემი მოტივაცია, სამომავლო გეგმა“, – გვეუბნება აიშანი და დასძენს, რომ ძალიან შეუყვარდა მასწავლებლის პროფესიაც, რადგან თანდათან კარგად გამოჩნდა მისი შრომის შედეგებიც მოსწავლეებთან.
აიშანს 2 წელია რაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს, ახლა თავად ასწავლის ქართულ ენას და ცდილობს მოსწავლეებს სკოლის გარეთ არაფორმალური განათლების მიღებასა და სხვადასხვა აქტივობაში ჩართვაში დაეხმაროს.
„საჭიროდ ჩავთვალე სკოლის გარეთაც მემუშავა, იმიტომ, რომ სკოლის გარდა ალგეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სხვა არაფერი არსებობდა. კლასგარეშე არც ერთი აქტივობა, არც ერთი შესაძლებლობა ქართული ენის სწავლის. არც ფორმალური განათლება არ აკმაყოფილებდათ ამ ბავშვებს, დამატებითი აქტივობები იყო საჭირო.
გადავწყვიტე, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, პატარ-პატარა პროექტების განხორციელება. როცა პროექტებზე მუშაობა დავიწყეთ, დავინახე, როგორი ცვლილება იყო მოსწავლეებში, მოტივაციის, ცოდნის გაღრმავების თუ განვითარების თვალსაზრისით. საბოლოოდ, მე და უფროსკლასელებმა ერთად დავაარსეთ საინიციატივო ჯგუფი და ცოტა უფრო მასშტაბური აქტივობების განხორციელება დავიწყეთ სოფელში.
სათემო ცენტრი ჩემი ოჯახის კუთვნილ ობიექტში გავხსენით და სკოლის შემდეგ იქ ვატარებდით აქტივობებს.
ჩვენი აქტივობების 80 პროცენტს მოხალისეობრივად ვაკეთებდით. არანაირი დიდი გრანტები და პროექტები არ გვქონია, პატარ-პატარა პროექტები იყო.
2019 წლიდან სისტემატურად დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა. მოკლევადიან კურსებს ვატარებდით ქართულ ენაში მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, ვისაც უნდოდა და ალგეთის მოსახლეობის და ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვქმნიდით სხვადასხვა აქტივობას.
ასე ვაგრძელებდით მუშაობას 2022 წლამდე, მაგრამ ბოლო 1 წელი პასიურები ვიყავით, რადგან მივხვდი, სულ ასე ვერ იქნებოდა. გვჭირდებოდა როგორც ფინანსური მხარდაჭერა, ასევე სისტემატური მუშაობა. ვიფიქრე, რომ რაღაც ისეთი გვჭირდებოდა, რომ სულ ჰქონოდათ ბავშვებს წვდომა ენის კურსებსა თუ სხვა აქტივობებზე“, – გვიყვება აიშანი.
ამ დროის განმავლობაში აიშანი მოსამზადებელი ცენტრის გახსნაზე ფიქრობდა და ფინანსური მხარდაჭერისთვის თანადაფინანსების მოძიება დაიწყო.
მან რამდენიმე ეტაპი გაიარა და “RDYE პროექტის” ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა, სადაც მოსამზადებელი ცენტრის გახსნისთვის 19 120 ლარის თანადაფინანსება მოიპოვა, ხოლო მისი ფინანსური თანამონაწილეობა 4 000 ლარი იქნება.
აიშანს მოსამზადებლად 4 თვე აქვს გათვალისწინებული. მისი თქმით, ძირითადად ინვენტარი სჭირდება და სექტემბრიდან უკვე დაიწყებს მოსწავლეების მიღებას. მოსამზადებელი ცენტრი აბიტურიენტებისთვის იქნება და აიშანის თქმით, საწყის ეტაპზე 100 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა, მოთხოვნის შესაბამისად, გაიზარდოს.
აიშანი გვეუბნება, რომ ამ მოსამზადებელ ცენტრს, სხვა, მსგავსი ცენტრებისგან, უპირველესად მასწავლებლების მაღალი კვალიფიკაცია განასხვავებს. ცენტრში გათვალისწინებული იქნება სხვა სტანდარტებიც. აქ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ ინგლისურსა და ქართულ ენებში, ზოგად უნარებში მოემზადონ.
„სწავლება ფასიანი იქნება, მაგრამ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყველასთვის. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გავაკეთებთ შეღავათებს და გარდა ამისა, გვექნება წამახალისებელი პროგრამაც, სამ თვეში ერთხელ ჩავატარებთ ტესტირებას და მაღალი შედეგების მოსწავლეები ისარგებლებენ გრანტით.
ჩვენთან სწავლის საფასური ერთ საგანში 50 ლარიდან დაიწყება. ზუსტად ეს არის ჩვენი უპირატესობა, სხვა ცენტრებში მომზადების ფასები ერთ საგანში 70 ლარიდან იწყება, რასაც ემატება გზის ხარჯიც და ა.შ.
ჩვენ გვინდა, რომ სოფელში მცხოვრები ყველა ახალგაზრდისთვის იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი ცენტრი, როგორც ფასის, ასევე ადგილმდებარეობის კუთხით, რადგან ბევრი ვერ ახერხებს მარნეულში სიარულს.
გაკვეთილები მოსწავლეებს ალგეთის ცენტრში ჩაუტარდებათ. ეს მოსახერხებელი ადგილია ტრანსპორტირებისთვის და ალგეთის მეზობელ სამ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც მარტივად ხელმისაწვდომი იქნება“, – გვიყვება აიშანი. ის ცენტრის ერთ-ერთი მასწავლებელი და მენეჯერი იქნება.
აიშანი მუშაობას გაგრძელებს ალგეთის სკოლაშიც, რადგან თვლის, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესაცვლელი სკოლაში და უნდა ამაში მისი წვლილი შეიტანოს.
აიშანის თქმით, პირობითად, 10 წლის წინ უფრო რთული მდგომარეობა იყო სკოლებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები სწავლობენ, თუმცა ცვლილებების ტემპი ძალიან ნელია.
„სერიოზული საკითხია მასწავლებლების კომპეტენციის საკითხი. როცა მასწავლებელმა თავად არ იცის კარგად ქართული, მოსწავლისგან როგორ უნდა მოვითხოვოთ ენის კარგად ცოდნა?
მიუხედავად იმისა, რომ პირველი კლასიდან სწავლობენ ქართულს, რეალობა ის არის, რომ XI-XII კლასშიც უჭირთ მოსწავლეებს ქართულად საუბარი ელემენტარულ დონეზეც კი“, – ამბობს აიშანი.
მისი თქმით, ეს უკავშირდება სკოლებში ახალი რეფორმების დაგეგმვასაც.
„როცა რეფორმა იწყება, ქართულ სკოლებში სწრაფად მიმდინარეობს და სანამ ჩვენამდე მოდის და ინერგება, უკვე ახალი რეფორმა ხდება და ყველაფერი რჩება შუაში.
ტრენინგები ძირითადად არ იყო არაქართულენოვანი მასწავლებლისთვის. კიდევ არის რაღაც დისკრიმინაციული ფაქტორები და მიდგომები, არაქართულენოვანი სკოლებისა და მასწავლებლების მიმართ.
საგნის გამოცდები დიდი ხანი არ იყო მშობლიურ ენაზე ჩვენთვის, ცხადია, ვერ აბარებდნენ მასწავლებლები და ამიტომ, ძალიან ბევრი მასწავლებელი ვერ განვითარდა, როგორც საჭირო იყო, ვერ მოიპოვეს სტატუსი.
ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე. ბევრი შეიძლება ითქვას ინფრასტრუქტურაზეც. განსაკუთრებით, ენის სწავლებასთან დაკავშირებით. როდესაც მე მჭირდება, რომ მოვასმენინო ბავშვს ტექსტები, ამის შესაძლებლობას არ მაძლევს სკოლის ინფრასტრუქტურა.
სკოლაში ზოგადი განათლების კუთხით რასაც ვერ ვაძლევთ მოსწავლეებს, ამ ყველაფერს მივცემთ საგანმანათლებლო ცენტრში. ზუსტად ამიტომაა დიდი მოთხოვნა არამხოლოდ ჩვენს ცენტრზე, არამედ სხვა ცენტრებში სწავლებაზეც და ჩნდება კითხვა – რატომ, მაშინ როცა სკოლებშიც ისწავლება ეს საგნები?! ესე იგი სათანადოდ ვერ ისწავლება.
დიდი მოთხოვნაა განსაკუთრებით ქართული ენის სწავლებაზე. პრინციპში, აქედან გამიჩნდა საგანმანათლებლო ცენტრის გახსნის იდეა. ძალიან ბევრი მშობელი მომმართავდა. უნდოდათ კერძოდ მომემზადებინა ბავშვები სხვა საგნებში, განსაკუთრებით კი ქართულ ენაში“, – გვეუბნება აიშანი.