მთავარი,სიახლეები

კორპუსების ზომა იზრდება, მაგრამ არა პარკინგის – ბათუმის მწვავე პრობლემა

26.05.2023 • 1828
კორპუსების ზომა იზრდება, მაგრამ არა პარკინგის – ბათუმის მწვავე პრობლემა

„ადგილი არ არის და რა ვქნათ“ – ამ არგუმენტით ბათუმში უკვე მერიის თანამშრომლებიც ამართლებენ პარკინგის წესების დარღვევას, ისინიც აჩერებენ მანქანებს ტროტუარებზე, ველობილიკებზე, ავტობუსის გაჩერების ადგილებზე.

ერთი მხრივ მერია აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, მეორე მხრივ კი საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც პარკინგების ადგილების მოწყობას, ბინების რაოდენობის პროპორციულად, არ ითვალისწინებს.

ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობისთვის კომპანიები მიწის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს თითქმის სრულად ითვისებენ, პარკინგისთვის ადგილი კი ძირითადად ე.წ. ნულ სართულზე [მიწისქვეშა სართული] აქვთ გათვალისწინებული, ეზოს სივრცეში ძირითადად მცირე ადგილს, მაქსიმუმ ოცამდე მანქანის ადგილს ტოვებენ, გამონაკლის შემთხვევებში მეტს ან ნაკლებსაც კი.

ეზოს სივრცეში დატოვებული ადგილები არის უფასო ადგილი პარკინგისთვის, მიწისქვეშა სართულზე პარკინგისთვის გათვალისწინებულ სივრცეში კი ერთი მანქანის ადგილის ღირებულება 10-12 ათასი დოლარია.

ამ კომპლექსების მშენებლობის დასრულების შემდეგ ქალაქში პარკინგის ადგილების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება. თუმცა, ეს არ არის და არც მომავალში იქნება მშენებლის პრობლემა, რომელიც მერიისგან განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტს [ კ2] ითხოვს და იღებს კიდეც.

კოეფიციენტი განაშენიანების ფართობის მიხედვით გამოითვლება, თუმცა მარტივად რომ ავხსნათ, ეს კონკრეტულ ზონაში დადგენილი პარამეტრების გადამეტებას, შედეგად კი მაქსიმალურად მაღალი შენობის მშენებლობას გულისხმობს, იმისთვის, რომ მშენებელმა მეტი ფართობი მიიღოს და მეტი მოგება ნახოს.

„დავავალდებულოთ, რომ პარკინგის ადგილი არ გაყიდოს, ასეთი პირობით მივცეთ თანხმობა კოეფიციენტის გაზრდაზე“ – ეს იდეა საკრებულოს გასულ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ნოდარ დუმბაძემ გააჟღერა.

ამ სხდომაზე საკრებულომ სამშენებლო პროექტის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი [კ2] გაუზარდა კომპანიას, რომელიც ბათუმში, პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში ორი 32-სართულიანი და ერთი 25-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ აქ კ2 კოეფიციენტის 17.0 – მდე გაზრდა მოითხოვა.

იმავე სხდომაზე საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების გეგმის კონცეფცია, რომელიც ბათუმში ბაგრატიონის #135-ში 40-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გულისხმობს.

ორივე პროექტის წარდგენისას მომხსენებელმა, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, მამუკა რამიშვილმა ხაზგასმით განმარტა, რომ კომპანიები კოეფიციენტის გაზრდით მიღებული ფართობის 10 პროცენტს მერიას გადასცემენ, მერია კი ამ ფართობს მომავალში სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებს.

მელიქიშვილისა და პუშკინის კვეთაში დაგეგმილი პროექტის პარკინგისთვის გათვალისწინებული ადგილების სავარაუდო ოდენობა მამუკა რამიშვილმა ვერ დაასახელა, პროექტის შეთანხმების ეტაპზე დაზუსტდებაო – აღნიშნა მან.

შპს „ჯი არ აი“- ის მიერ წარდგენილი კონცეფციის მიხედვით კი 40-სართულიანი კორპუსისთვის კომპანია ეზოს შიდა სივრცეში 54 ადგილის გათვალისწინებას ახერხებს, ე.წ. მიწისქვეშა სართულზე კი 160 ერთეული ადგილი იქნება.

საკრებულოს წევრმა ნოდარ დუმბაძემ მოითხოვა კოეფიციენტის მაქსიმალურად გაზრდის შემთხვევებში კომპანია დაავალდებულონ მიწისქვეშა პარკინგი არ გაყიდოს:

„დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცით, რომ ქვედა საპარკინგე ადგილს არ ყიდულობს 90 პროცენტი. 10 ათასი დოლარია მინიმუმ საპარკინგე ადგილი, ამიტომ ვერ ყიდულობს.  ჩვენ ვავალდებულებთ კომპანიას პარკინგის ადგილების მოწყობას, რომ არ შეიქმნას საცობი, არ იყოს პარკინგის პრობლემა ქუჩაში, არ დაიტვირთოს ქუჩა. როდესაც დათმობაზე მიდის მუნიციპალიტეტი, ხომ არ დავამატოთ ის, რომ მიწისქვეშა პარკინგის გაყიდვის უფლება არ ჰქონდეს?“

სხდომაზე ეს საკითხი სერიოზულად არ განუხილავთ, მიუხედავად იმისა, რომ იგივე სხდომაზე ქალაქში პარკინგთან დაკავშირებულ პრობლემებზე „ოცნების“ ფრაქციის წევრებმაც ისაუბრეს.

მოგვიანებით ფრაქციის თავმჯდომარეს ვკითხეთ, ხომ არ აპირებს სხდომაზე გაჟღერებული იდეა პროექტის სახით მოამზადოს და საკრებულოში ოფიციალურად დაარეგისტრიროს განსახილველად. ნოდარ დუმბაძის თქმით, ამ საკითხზე მუშაობენ:

„განგვიმარტეს, რომ შესაძლოა მსგავსი ცვლილების შეტანის უფლება არ გვქონდეს. ახლა ვაზუსტებთ დეტალებს. თუ აღმოჩნდება, რომ მსგავსი ცვლილების უფლება არ გვაქვს, უმაღლესი საბჭოს გავლით ამ საკითხს აუცილებლად დავაინიციირებთ პარლამენტში“ – გვითხრა მან.

პარკინგის ადგილების პრობლემა რომ კიდევ უფრო გამწვავდება ქალაქის ცენტრში, ამ მოლოდინის საფუძველსაც ბათუმის მერიისა და საკრებულოს დამტკიცებული პროექტები გვაძლევს.

13 თებერვალს ბათუმის საკრებულომ 4 ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. აქედან ორი, ბათუმის ბულვართან ახლოს, რუსთაველის ქუჩის #20-სა და 21-ში ითვალისწინებს მშენებლობას. პროექტების მიხედვით, არც ერთ მათგანს ეზო არ ექნება და კომპანიები სამშენებლო მიწის ნაკვეთს სრულად გამოიყენებენ შენობის განსათავსებლად.

გდგ დოკუმენტის მიხედვით, 83-ბინიანი ახალი კორპუსის აშენების შემდეგ მთელ კვარტალში იქნება 397 ბინა, სადაც დაახლოებით 993 ადამიანი იცხოვრებს. ამას დაემატება კომერციული ობიექტები [350 კვ. მეტრი], ავტოსადგომის, სარდაფისა და ტექნიკური სათავსოებისთვის კომპანიამ 797 კვ. მეტრი გაითვალისწინა.

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის განმარტებით, პროექტი პარკინგისთვის 20 ადგილს ითვალისწინებს შენობის ნულოვან სართულზე და 6 ადგილს – გარე პერიმეტრზე. გამოდის, რომ 83-ბინიან სახლს, დამატებით კომერციული ფართობებით, პირველ სართულზე მხოლოდ 26 ავტომანქანის ადგილი ექნება. გდგ დოკუმენტის მიხედვით, კომპანია შიდა პარკინგზე გათვალისწინებული 20 ადგილის გაყიდვას გეგმავს.

გდგ დოკუმენტს თან ახლავს პროექტის ეკონომიკური დასაბუთება, სადაც ვკითხულობთ, რომ კომპანია ამ პარკინგის ოცი ადგილის გაყიდვას, ჯამში, 392 000 დოლარად გეგმავს – ერთი ადგილის ფასი 19 600 დოლარია.

გდგ დოკუმენტში სპეციალისტები ადასტურებენ, რომ გეგმარებითი ტერიტორია სატრანსპორტო ნაკადებით დატვირთულ ზონაში მდებარეობს და ახალი კორპუსის მცხოვრებლების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება იქნება საჭირო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: