მთავარი,სიახლეები

ვინ არიან ქურთები?

11.10.2019 • 6785
ვინ არიან ქურთები?

წყარო: BBC 

თარგმანი: მარიამ მუთიძე

25-35 მილიონი ქურთი ცხოვრობს თურქეთის, ერაყის, სირიის, ირანისა და სომხეთის საზღვარზე მდებარე მაღალმთიან რეგიონში. ქურთების ეთნოსი სიდიდით მეოთხეა შუა აღმოსავლეთში, თუმცა მათ არასდროს მიუღიათ მუდმივი საცხოვრებელი ტერიტორიები.

საიდან არიან ქურთები?

ქურთები წარმოშობით მესოპოტამიის დაბლობიდან და ახლომდებარე მთებიდან არიან. ეს ტერიტორია დღეისთვის უჭირავს სამხრეთ-დასავლეთ თურქეთს, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიას, ჩრდილოეთ ერაყს, ჩრდილო-დასავლეთ ირანსა და სამხრეთ-დასავლეთ სომხეთს.

 დღეისათვის ისინი ქმნიან დამოუკიდებელ საზოგადოებას, რომელშიც ერთიანდებიან რასის, კულტურის და ენის ირგვლივ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ სტანდარტული დიალექტი. ასევე ქურთები აღიარებენ სხვადასხვა რელიგიასა და დოგმებს, თუმცა მათი უმეტესობა სუნიტი მუსლიმია.

ქურთები წარმოშობით მესოპოტამიის დაბლობიდან და ახლომდებარე მთებიდან არიან

რატომ არ აქვთ ქურთებს სახელმწიფო?

მეოცე საუკუნის დასაწყისში მრავალმა ქურთმა დაიწყო ფიქრი სახელმწიფოს შექმნაზე, რომელიც მოხსენიებული იქნებოდა, როგორც ქურთისტანი. პირველ მსოფლიო ომში ოტომანების იმპერიის დამარცხების შემდეგ, დასავლელ მოკავშირეებთან დაიდო სევრის ხელშეკრულება, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ქურთების ავტონომია.

თუმცა ეს იმედები სამ წელიწადშივე დაიმსხვრა – 1923 წლის ივლისში ხელი მოეწერა ლოზანის საზავო ხელშეკრულებას, რომელმაც ჩაანაცვლა სევრის ხელშეკრულება და დაადგინა ახალი საზღვრები თურქეთისთვის, რომელშიც ქურთები საერთოდ არ იყვნენ გათვალისწინებულები. თურქებმა დაიბრუნეს ის ტერიტორიები, რომლებიც დაკარგეს სევრის ხელშეკრულების ფარგლებში და დატოვეს ქურთები ეთნიკურ უმცირესობად თავიანთ გამქრალ სახელმწიფოში.

მომდევნო 80 წლის განმავლობაში, ქურთების ნებისმიერი ნაბიჯი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ, სასტიკად იხშობოდა. 

რატომ იბრძოდნენ ქურთები წინა ხაზებში IS-ს (ისლამური სახელმწიფოს) წინააღმდეგ?

2013 წლიდან ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტების ჯგუფმა შეუტია ჩრდილოეთ სირიაში მდებარე სამ ქურთულ ანკლავს (ტერიტორია, რომელიც ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია სხვათა სამფლობელოებით და არ აქვს ზღვაზე გასასვლელი), რომელიც IS-ის კონტროლირებადი ტერიტორიების მოსაზღვრედაა.

შეტაკებები გრძელდებოდა 2014 წლის შუა პერიოდამდე, სანამ სახალხო დაცვის ერთეულმა (YPG) და  სირიელი ქურთების დემოკრატიული კავშირის (PYD) შეიარაღებულმა ფრთამ არ მოიგერია. 2014 წელს IS-ის გადაადგილებამ ჩრდილოეთ ერაყისკენ, კონფლიქტში ჩართო ამ ქვეყნის ქურთებიც. ერაყელი ქურთების ავტონომიურმა მთავრობამ გააგზავნა პეშმერგა (ქურთული საბრძოლო დანაყოფი) ერაყის არმიის მიერ გაუდაბურებულ ტერიტორიებზე.

2014 წლის აგვისტოში ჯიჰადისტებმა განახორციელეს მოულოდნელი თავდასხმა და პეშმერგას უკან დახევა მოუხდა. რელიგიური უმცირესობებით დასახლებული უამრავი ქალაქი დაემხო, განსაკუთრებით სინჯარი, სადაც IS – ის მებრძოლებმა მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს ათასობით იეზიდი.

ამის საპასუხოდ, აშშ-ის მეთაურობით მრავალეროვანმა კოალიციამ საჰაერო დარტყმები განახორციელა ჩრდილოეთ ერაყში და სამხედრო მრჩევლები გაგზავნა პეშმერგას დასახმარებლად. ბრძოლაში ჩაერთო ასევე YPG და ქურთისტანის მშრომელთა პარტია (PKK), რომელიც სამი ათწლეულის მანძილზე იბრძოდა თურქეთში ქურთისტანის ავტონომიისთვის და აქვს ბაზები ერაყში.

2014 წლის სექტემბერში IS თავს დაესხა ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქურთულ ანკლავ კობანეს. ათობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა გაქცეულიყო თურქეთის საზღვრის მიმართულებით. კონფლიქტის სიახლოვის მიუხედავად თურქეთმა უარი თქვა IS-თან შეტაკებაზე და ქურთების მიღებაზე თავდაცვის მიზნით.

2015 წლის იანვარის ბრძოლის შედეგად, რომელმაც მინიმუმ 1600 ადამიანი შეიწირა, ქურთებმა აღიდგინეს კონტროლი ქალაქ კობანეზე.

ქურთებმა, რომლებიც იბრძოდნენ მცირეოდენ ადგილობრივ არაბ სამხედროებთან ერთად სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) ალიანსში, აშშ-ს საჰაერო მხარდაჭერით, იარაღითა და რჩევებით, გააძევეს IS ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ათობით ათასი კილომეტრის მიწებიდან და აღადგინეს კონტროლი ვრცელ ტერიტორიაზე თურქეთის საზღვართან.

 2017 წლის ოქტომბერში SDF-მა აიღო IS-ს დეფაქტო დედაქალაქი რაქა და წაიწია სამხრეთ-აღმოსავლეთით მეზობელ პროვინცია დეირ ალ-ზურში, რომელიც იყო ჯიჰადისტების ბოლო ძირითადი საყრდენი სირიაში.

ბოლო ლოკაცია, რომელიც IS-ს ეკავა სირიაში, სოფელ ბაღუზთან მდებარეობდა, რომელიც 2019 წლის მარტში დაეცა. SDF ამცნო მსოფლიოს IS-ს “ხალიფატის” საბოლოო აღმოფხვრა, მაგრამ ასევე თქვეს, რომ ჯიჰადისტების მიძინებული ქსელი კვლავაც დიდ საფრთხედ რჩება მსოფლიოსთვის.

SDF-ს შერჩა ბოლო ორი წლის მანძილზე ათასობით ტყვედ აყვანილი IS-ს მებრძოლი და ათიათასობით დევნილი ქალი და ბავშვი, რომლებიც ასოცირებული იყვნენ IS მებრძოლებთან. აშშ-მ ითხოვა დევნილების სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ქვეყნების უმეტესობამ უარი განაცხადა მათ უკან მიღებაზე.

ამ წუთებში ქურთებს თურქეთი უტევს. თურქეთს სურს შექმნას 32 კმ-იანი “უსაფრთხო ზონა” ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, რათა დაიცვას ეს საზღვარი და გადმოასახლოს უკან 2 მილიონამდე სირიელი ლტოლვილი. SDF კი აცხადებს, რომ ის დაიცავს თავის ტერიტორიას “ ყველაფრის ფასად” და რომ მათ მიერ  IS-თან ძლივს მოპოვებულ გამარჯვებას საფრთხე ემუქრება.

სირიის მთავრობა, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, პირობას დებს, რომ აღადგენს კონტროლს მთელ სირიაზე.

რატომ აღიქვამს თურქეთი ქურთებს საფრთხედ?

ღრმა მტრობაა თურქულ სახელმწიფოსა და ქვეყნის ქურთებს შორის, რომლებიც მოსახლეობის 15-20% -ს შეადგენენ.

ქურთებმა მიიღეს მკაცრი მოპყრობა თურქული ავტორიტარიზმის თაობებისგან. 1920, 1930 წლის აჯანყების საპასუხოდ, მრავალი ქურთი გადაასახლეს, აკრძალეს ქურთული სახელები და ჩაცმულობა, აიკრძალა ქურთული ენა და, ზოგადად, შეიზღუდა ქურთული ეთნიკური იდენტობის არსებობაც კი. ქურთებს მოიხსენიებდნენ მთის თურქებად.

1978 წელს აბდულა ოჯალანმა დააარსა PKK, რომელიც მოითხოვდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს თურქეთის შიგნით. ექვსი წლის შემდეგ ჯგუფმა შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო. მას შემდეგ დაიღუპა 40 000-ზე მეტი ადამიანი, ასობით ათასი კი დევნილი გახდა.

1990-იანებში PKK-მ უკან დაიხია დამოუკიდებლობის მოთხოვნის მხრივ და სურდა მხოლოდ კულტურული და პოლიტიკური ავტონომია, თუმცა ბრძოლას მაინც აგრძელებდა. 2013 წელს მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე საიდუმლო მოლაპარაკების შედეგად.

შეთანხმება დაირღვა 2015 წელს, როცა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა სირიის საზღვართან მდებარე ქურთებით დასახლებულ ქალაქ სურუჯში და შეიწირა 33 ახალგაზრდა ქურთი აქტივისტი. PKK- მა ხელისუფლება თანამონაწილეობაში დაადანაშაულა და თავს დაესხა თურქ სამხედროებსა და პოლიციას. შემდგომში თურქეთის მთავრობამ წამოიწყო ის, რასაც მან უწოდა ”სინქრონიზებული ომი ტერორიზმის წინააღმდეგ” [PKK- ისა და IS-ის].

მას შემდეგ, რამდენიმე ათასი ადამიანი – მათ შორის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, შეტაკებების შედეგად სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში.

თურქეთმა შეინარჩუნა შეიარაღებული განლაგება ჩრდილოეთ სირიაში 2016 წლის აგვისტოს შემდეგ. მან გააგზავნა ჯარი და ტანკები მხარი რომ დაეჭირა IS-ს წინააღმდეგ სირიელი მეამბოხეების შეტევისთვის. ამ ძალებმა დაიკავეს საკვანძო ქალაქი ჯალაბუსი, რითიც ხელი შეუშალეს YPG-ს მხარდაჭერილ SDF-ს, რომ კავშირი დაემყარებინათ დასავლეთით ქურთულ ანკლავ აფრინთან.

2018 წელს თურქებმა და სირიელმა აჯანყებულებმა დაიწყეს სპეცოპერაცია აფრინიდან YPG-ს მებრძოლების განდევნის მიზნით. ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ამ დროს, ათი ათასობით კი დევნილად იქცა.

თურქეთის მთავრობა ამბობს, რომ YPG და PYD არიან PKK– ს დამატებები იზიარებენ შეიარაღებული ბრძოლის გზით დაყოფის მიზანს და არიან ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა განადგურდნენ.

რა სურთ სირიელ ქურთებს?

ქურთები სირიის მოსახლეობის 7%-10% -ს შეადგენენ, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ აჯანყების დაწყებამდე 2011 წელს. უმეტესობა ცხოვრობდა ქალაქ დამასკოსა და ალეპოში, კობანეს მიდამოებში, აფრინიში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ქამიშლის გარშემო.

სირიის ქურთები დიდი ხნის მანძილზე უარყოფდნენ ადგილობრივ კანონმდებლობას, 300 000  მათგანმა უარიც კი თქვა მოქალაქეობაზე 1960 წლის შემდეგ. ამის შემდეგ ქურთების საცხოვრებლებს არაბები ითვისებდნენ ქურთული რეგიონების “არაბიზაციის” ფარგლებში.

როცა აჯანყება სამოქალაქო ომში გადაიზარდა, ქურთებმა უარი თქვეს რომელიმე მხარეს ყოფნაზე. 2012 წელს სამთავრობო ძალებმა უკან დაიხიეს სხვა აჯანყებების ჩასახშობად. ქურთებმა კი ამ დროს კონტროლი აღიდგინეს.

2014 წლის იანვარში ქურთულმა პარტიებმა, მათ შორის დომინანტურმა დემოკრატიული კავშირის პარტიამ (PYD), განაცხადეს “ავტონომიური ადმინისტრაციების” შექმნის შესახებ, რომ იქნებოდა სამი კანტონი: აფრინის, კობანესა და ჯაზირას.

2016 წლის მარტში მათ განაცხადეს, რომ შეიქმნა “ფედერალური სისტემა”, რომელშიც შედიოდა ძირითადად არაბული და თურქმენული ტერიტორიები, რომლებიც IS-სთან ბრძოლისას იყო დაკავებული.

დეკლარაცია უარყო სირიის მთავრობამ, სირიის ოპოზიციამ, თურქეთმა და აშშ-მ.

PYD აცხადებს, რომ იგი არ ითხოვს დამოუკიდებლობას, მაგრამ ამტკიცებს, რომ სირიაში კონფლიქტის დასრულების ნებისმიერი პოლიტიკური შეთანხმება უნდა შეიცავდეს იურიდიულ გარანტიებს ქურთების უფლებებისა და ქურთული ავტონომიის აღიარებისთვის.

პრეზიდენტ ასადმა პირობა დადო, რომ სირიის ტერიტორიის “ყოველ დიუმს” დაიკავებს, იქნება ეს მოლაპარაკებით თუ სამხედრო ძალის გამოყენებით. მისმა მთავრობამ ასევე უარყო ქურთების მოთხოვნები ავტონომიის შესახებ და თქვა, რომ “სირიაში არავინ არ მიესალმება საუბარს დამოუკიდებელ ერთეულებზე ან ფედერალიზმზე”.

მოიპოვებენ ერაყელი ქურთები დამოუკიდებლობას?

ქურთები შეადგენენ ერაყის მოსახლეობის 15% -დან 20% -ს. მათ ისტორიულად უფრო მეტი უფლებები ჰქონდათ, ვიდრე მეზობელ სახელმწიფოებში მცხოვრებ ქურთებს, თუმცა ასევე  სასტიკი რეპრესიებიც გამოიარეს. 

1946 წელს მუსტაფა ბარზანმა ჩამოაყალიბა ქურთისტანის დემოკრატიული პარტია (KDP) ერაყში ავტონომიის მოსაპოვებლად. მაგრამ 1961 წლამდე მას არ დაუწყია შეიარაღებული ბრძოლა.

1970-იანი წლების ბოლოს, მთავრობამ არაბების ჩასახლება დაიწყო ქურთებით დასახლებულ ქალაქებში. განსაკუთრებით ნავთობით მდიდარი ქალაქ კირკუკის გარშემო. ქურთები კი ძალის გამოყენებით გადაასახლა.

პოლიტიკა აჩქარდა 1980-იან წლებში, ირან-ერაყის ომის დროს, როცა  ქურთებმა მხარი დაუჭირეს ისლამურ რესპუბლიკას. 1988 წელს სადამ ჰუსეინმა შური იძია ქურთებზე ქიმიური შეტევით ქალაქ ჰალაბჯაზე.

როდესაც ერაყი დამარცხდა 1991 წლის ყურის ომში, ბარზიანის ვაჟმა მასუდმა და ჯალალ ტალაბანიმ, კონკურენტმა ქურთისტელთა პატრიოტულმა კავშირმა (PUK), ქურთების აჯანყება მოაწყვეს. მისმა ძალადობრივმა ჩახშობამ აიძულა აშშ და მისი მოკავშირეები ჩრდილოეთით გაეხსნათ ფრენის არეალი,რამაც  ქურთებს საშუალებას მისცა ესარგებლათ თვითმმართველობით. KDP და PUK შეთანხმდნენ ძალაუფლების გაზიარებაზე, მაგრამ დაძაბულობა გაიზარდა და ოთხწლიანი ომი დაიწყო მათ შორის 1994 წელს.

მხარეებმა 2003 წელს ითანამშრომლეს აშშ-სთან სადამ ჰუსეინზე თავდასხმისას და შექმნეს ქურთისტანის რეგიონული მთავრობის (KRG) კოალიცია. ორი წლის შემდეგ კი პროვინციები დოჰუკი, ირბილი და სულაიმანია.

მასოუდ ბარზანი იყო რეგიონის პრეზიდენტი მანამ, სანამ ჯალალ ტალაბანი გახდებოდა ერაყის პირველი არა არაბი მეთაური.

2017 წლის სექტემბერში ჩატარდა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი, როგორც ქურთისტანის რეგიონში, ასევე 2014 წელს პეშმერგას კონტროლირებად სადაო ტერიტორიებზე, მათ შორის კირკუკში. ხმის მიცემას დაუპირისპირდა ერაყის ცენტრალური მთავრობა, რომელიც ამტკიცებდა, რომ რეფერენდუმი უკანონო იყო.

3.3 მილიონი ადამიანის 90%-მა მხარი დაუჭირა გამოყოფას. KRG– ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგებმა მათ მისცა მანდატი, რათა დაეწყოთ მოლაპარაკება ბაღდადთან, მაგრამ შემდეგ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადმა მოითხოვა მისი გაუქმება.

მომდევნო თვეში ერაყის პრო-სამთავრობო ძალებმა აღადგინეს ქურთების მიერ დაკავებული სადავო ტერიტორიები. კირკუკის და ნავთობით მოპოვებული შემოსავლების დაკარგვამ უდიდესი დარტყმა მიაყენა სახელმწიფოს იდეისკენ ქურთების მისწრაფებებს.

ამგვარი გადათამაშების შემდეგ ბარზანმა დატოვა პრეზიდენტის თანამდებობა. მთავარ პარტიებს შორის უთანხმოების გამო, პოსტი ვაკანტური იყო 2019 წლის ივნისამდე, მანამ სანამ პოსტი მისმა ძმისშვილმა ნახრივან ბარზანმა არ დაიკავა.

მომზადებულია BBC-ის სტატიის მიხედვით.

მთავარი ფოტო: BBC

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: