მთავარი,სიახლეები

შშმ პირთათვის საჭირო სერვისების გამოფენა ბათუმში

28.05.2023 • 917
შშმ პირთათვის საჭირო სერვისების გამოფენა ბათუმში

დღეს, 28 მაისს, ბათუმში „მხარდამჭერი მომსახურებების ინტერაქციული გამოფენა“ გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის სერვისი, რომელიც აჭარის რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდასაჭერად ხორციელდება.

გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ „მაკ ჯორჯია“ და „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“.

ბათუმში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარის მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის არსებული სერვისები.

ბათუმში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარის მუნიციპალიტეტებში შშმ პირებისთვის არსებული სერვისები.

ელენე ბერაძემ, ღონისძიების ორგანიზატორმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაბალია ცნობიერება, თუ რა სერვისები არსებობს ქვეყანაში შშმ პირებისთვის.

„ჩვენი ორგანიზაცია 2008 წლიდან მუშაობს სფეროში და ამ ხნის განმავლობაში ხშირად ვაწყდებით სირთულეს კომუნიკაციაში. მიუხედავად ჩვენი ორგანიზაციების ძალიან აქტიურობისა,  ძალიან დაბალია ცნობიერება.  საბედნიეროდ გვაქვს სერვისები, რა თქმა უნდა, არასაკმარისი, მაგრამ მაინც გვაქვს.

როდესაც, მაგალითად, მშობელს  ჰყავს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი ან ცერებლარული დამბლით გვაკითხავს ხოლმე და გვეკითხება – რა სერვისები არის ჩემთვის, ახლა რა უნდა გავაკეთო?

ამიტომ ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ მოვძებნოთ გზები, თუ როგორ მივაწოდოთ  ადამიანებს ინფორმაცია სერვისების შესახებ.

ამ გამოფენის მიზანი არის ისიც, რომ თვითონ ორგანიზაციები დავაახლოვოთ, ორგანიზაციებმა გაიცნონ და კავშირი დაამყარონ ერთმანეთთან, სამომავლო პროექტები დაგეგმონ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ელენე ბერაძემ, გამოფენის ორგანიზატორმა.

ბათუმში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარის მუნიციპალიტეტებში შშმ პირებისთვის არსებული სერვისები.

 

გადაბეჭდვის წესი