მთავარი,სიახლეები

მუნიციპალურის თანამშრომლებმა მანქანა ტროტუარზე ჩააყენეს და სალონის შესამოწმებლად შევიდნენ

05.04.2023
მუნიციპალურის თანამშრომლებმა მანქანა ტროტუარზე ჩააყენეს და სალონის შესამოწმებლად შევიდნენ

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები სილამაზის სალონში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესამოწმებლად შევიდნენ. სამსახურის ავტომანქანა სალონის წინ ტროტუარზე ისე გააჩერეს, რომ ველობილიკი ჩახერგეს.

5 აპრილი. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ავტომანქანა ტროტუარზე.

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ბათუმში პარკინგის წესების დარღვევის კონტროლიც მუნიციპალური ინსპექციის სფეროა.

მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს სალონში, სამუშაო პროცესში მივაკითხეთ და ვკითხეთ:

რატომ გააჩერეს ავტომანქანა დარღვევით, რატომ ჩახერგეს ველობილიკი, რომლითაც ეტლით მოსარგებლე პირებიც სარგებლობენ.

სალონში მუნიციპალური ინსპექციის ორი თანამშრომელი დაგვხვდა. ერთმა დაუყოვნებლივ დატოვა სალონი, მანამდე კი გვითხრა, რომ ავტომანქანის გასაყვანად მიდიოდა. „გავიყვანოთ, ხელი შეგიშალეთ? – გავიყვანთ ახლავე“, – გვითხრა მან.

უხერხული არ არის, როცა სხვას ამოწმებთ, თავად კი არღვევთ?  – ვკითხეთ მას, ვინც სალონში დარჩა.

„ჩვენ არ ვამოწმებთ, სხვა სამსახური ამოწმებს, მაგრამ ჩვენი თანამშრომლები ამოწმებენ კი. უხერხულია, გეთანხმებით. მოვიარეთ და მანქანის გასაჩერებელი ადგილი ვერ ვიპოვეთ. არ არის ადგილი. უხერხულია კი, მართალი ხართ. მადლობა, რომ გვითხარით.“

მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა გვითხრა ასევე, რომ ავტომანქანა მხოლოდ 15 წუთით გააჩერეს და თავადაც ითვალისწინებენ, როცა მძღოლი, მაგალითად, აფთიაქთან 15 წუთით აჩერებს და არ აჯარიმებენ, რადგან ქალაქში პარკინგის ადგილები შეზღუდულია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.