მთავარი,სიახლეები

რუსეთს ბახმუტში „ვაგნერის“ გარეშე შესაძლოა გაუჭირდეს – ანალიტიკოსები

27.05.2023
რუსეთს ბახმუტში „ვაგნერის“ გარეშე შესაძლოა გაუჭირდეს – ანალიტიკოსები

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 27 მაისს, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში წერს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ძალებმა, სავარაუდოდ, ბახმუტის გარშემო მდებარე ზოგიერთი პოზიციიდან გასვლა დაიწყეს.

25 მაისს „ვაგნერის“ მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტიდან ძალების გაყვანა დაიწყო და პოზიციების გადაცემა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის 1 ივნისამდე გაგრძელდება.

ბრიტანული დაზვერვა და, ასევე, ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი, წერენ, რომ რუსეთის რეგულარული არმიას, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არ ჩაუბარებია „ვაგნერის“ პოზიციები ბახმუტში და მათ ნაცვლად პოზიციების გადაბარება დაიწყეს თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ქვედანაყოფებმა.

„მიუხედავად პრიგოჟინის მუდმივი უთანხმოებისა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, „ვაგნერი“ სავარაუდოდ გამოყენებული იქნება შემდგომი შეტევითი ოპერაციებისთვის დონბასში, ძალების აღდგენის შემდეგ“, – ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის მიმოხილვაში.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] მიიჩნევს, რომ რუსეთს შესაძლოა გაუჭირდეს ბახმუტში „ვაგნერის“ შეცვლა, ნაწილობრივ – უკრაინის შეზღუდული, მაგრამ წარმატებული, ლოკალიზებული კონტრშეტევების გამო.

„ბახმუტის რაიონში რუსული თავდასხმითი ოპერაციების შენელება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ ინიციატივას მისცემს უკრაინულ ძალებს ამ რაიონში, რომ განახორციელონ ოპერაციების ახალი ეტაპი ქალაქის ირგვლივ, სურვილის შემთხვევაში“, – წერენ ამერიკელი ანალიტიკოსები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: