მთავარი,სიახლეები

ბულვართან პარკინგის გარეშე კორპუსების აშენებას მერია ისევ დაეთანხმა

16.02.2023 •
ბულვართან პარკინგის გარეშე კორპუსების აშენებას მერია ისევ დაეთანხმა

ავტომანქანების ნაკადი და ქაოსური პარკინგი, ტრანსპორტის სადგომად გამოყენებული ტროტუარები და ჩახერგილი ველობილიკები – ბოლო წლებში ბათუმის მთავარი გამოწვევაა. მერია ამ პრობლემის მოგვარებას მოქალაქეებს ბევრჯერ დაჰპირდა. სცადა კიდეც. შეცვალეს მოძრაობის მიმართულებები, დააწესეს საათობრივი პარკინგის გადასახადი, ზოგიერთ ქუჩაზე აყარეს ქვაფენილი, თუმცა უშედეგოდ – არაფერი გამოვიდა.

დიდი ალბათობით არც მომავალში გამოვა, ისევ მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებების მიზეზით.

მერიის ინიცირებული და საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმების მიხედვით, ეს პრობლემა მომავალ წლებში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უფრო გამწვავდება, რადგან მერია და საკრებულო ერთობლივად აგრძელებენ ისეთი სამშენებლო პროექტების დამტკიცებას, რომლებიც 83 ბინის მშენებლობაზე გათვლილ პროექტში პარკინგისთვის მხოლოდ 20-მდე ადგილს ითვალისწინებს.

13 თებერვალს,  ბოლო სხდომაზე,ბათუმის საკრებულომ, 4 ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. აქედან ორი, ბათუმის ბულვართან ახლოს, რუსთაველის ქუჩის #20-სა და 21-ში ითვალისწინებს მშენებლობას. პროექტების მიხედვით, არც ერთ მათგანს ეზო არ ექნება და კომპანიები სამშენებლო მიწის ნაკვეთს სრულად გამოიყენებენ შენობის განსათავსებლად. 

დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] მიხედვით, რუსთაველის #21-ში შპს „გრინკო“ 13-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. რუსთაველის #21-ში სამშენებლო მიწის ნაკვეთი მოქცეულია რუსთაველის, თავდადებულის, მემედ აბაშიძისა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის. კომპანიამ ზონაში დადგენილისგან განსხვავებული პირობები, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [კ2] 8,0-მდე გაზრდა მოითხოვა. 

ცისფრად მოცემულია საპროექტო შენობის მასშტაბი – მარცხნივ ვხედავთ, როგორი სიმაღლე ექნებოდა პროექტს, ის ზონაში დადგენილი პარამეტრების მიხედვით რომ აეშენებინათ. მარჯვნივ კი, როგორ იზრდება პროექტის სიმაღლე კ2 კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში

გდგ დოკუმენტის მიხედვით, 83-ბინიანი ახალი კორპუსის აშენების შემდეგ მთელ კვარტალში იქნება 397 ბინა, სადაც დაახლოებით 993 ადამიანი იცხოვრებს. ამას დაემატება კომერციული ობიექტები [350 კვ. მეტრი]. ავტოსადგომის, სარდაფისა და ტექნიკური სათავსოებისთვის კომპანიამ 797 კვ. მეტრი გაითვალისწინა.

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის განმარტებით, პროექტი პარკინგისთვის 20 ადგილს ითვალისწინებს შენობის ნულოვან სართულზე და 6 ადგილს გარე პერიმეტრზე – ანუ, 83-ბინიან სახლს, დამატებით კომერციული ფართობებით, პირველ სართულზე მხოლოდ 26 ავტომანქანის ადგილი ექნება. გდგ დოკუმენტის მიხედვით, კომპანია შიდა პარკინგზე გათვალისწინებული 20 ადგილის გაყიდვას გეგმავს.

გდგ დოკუმენტს თან ახლავს პროექტის ეკონომიკური დასაბუთება, სადაც ვკითხულობთ, რომ კომპანია ამ პარკინგის ოცი ადგილის გაყიდვას, ჯამში, 392 000 დოლარად გეგმავს – ერთი ადგილის ფასი 19 600 დოლარია. 

ეს როგორ, ისედაც არ არის პარკინგი? – იკითხეს საკრებულოს წევრებმა ოპოზიციიდან.

საკრებულოს სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა, მამუკა რამიშვილმა საკრებულოს ოპოზიციას უპასუხა, რომ შესაბამისი კვლევები გდგ დოკუმენტებშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით კომპანია განაშენიანების ინტენსივობის გაზრდილ და დადგენილ კოეფიციენტებს შორის სხვაობით მიღებული საცხოვრებელი ფართობის 5 პროცენტს ბათუმის მერიას გადასცემს.

გდგ დოკუმენტში სპეციალისტები ადასტურებენ, რომ გეგმარებითი ტერიტორია სატრანსპორტო ნაკადებით დატვირთულ ზონაში მდებარეობს და ახალი კორპუსის მცხოვრებლების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება იქნება საჭირო:

რუსთაველის გამზირი წარმოადგენს საერთო სარგებლობის, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას. მას ალტერნატივა არ აქვს სამშენებლო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში. შესაბამისად, ობიექტიდან გამომავალი და შემავალი ავტომანქანებისთვის საჭიროა მკაცრი საგზაო რეგულაციების დაწესება, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული კანონი N1830 – „საგზაო მოძრაობის შესახებ“. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან შესასვლელად ავტოსატრანსპორტო საშუალებას მოუწევს გადაკვეთოს საფეხმავლო ტროტუარი, სადაც ინტენსიურად გადაადგილდებიან ქვეითები, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში, როცა ქალაქში მკვეთრად იზრდება ტურისტული ნაკადები. ამიტომ უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია მოეწყოს შესაბამისი საგზაო ნიშნები როგორც ავტოტრანსპორტისათვის, ასევე ქვეითთათვის – ნათქვამია გდგ დოკუმენტის სატრანსპორტო საკითხების კვლევის ნაწილში. 

ფაქტობრივად, გდგ დოკუმენტებში წარმოდგენილი კვლევები ადასტურებს, რამდენად მწვავე პრობლემას შექმნის ორი ახალი სამშენებლო პროექტი რუსთაველის ქუჩის ყველაზე დატვირთულ მონაკვეთში, ბულვარის მთავარ შესასვლელთან ახლოს, როგორც ავტომანქანით გადაადგილებისთვის, ასევე ქვეითებისთვის:

სატრანსპორტო გამტარუნარიანობა გადამკვეთი ქუჩებისა და შუქნიშნების გათვალისწინებით პიკურ პერიოდში [ზაფხულის თვეებში] შეადგენს საშუალოდ 1800 ავტომობილს საათში, დღე-ღამეში საშუალოდ – 25-30 ათას ავტომობილს. შესაბამისად, ობიექტიდან ავტომობილების შესვლა-გამოსვლის მანევრი რიგ შემთხვევებში შეიძლება ტრანსპორტის მოძრაობის დაბრკოლების მიზეზი გახდეს.

პრობლემის მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით საჭიროა სწორად იქნას დაპროექტებული ტროტუარზე მანქანის შესასვლელი არეალი, რადგანაც ობიექტიდან შესვლა-გამოსვლის დროს ავტომობილს უწევს 90-გრადუსიანი მოხვევის მანევრის შესრულება, ამიტომ გზის მოცემულ არეალში საჭირო იქნება ტროტუარის ჩაჭრა მინიმუმ 6 მეტრის სიგრძეზე, რათა შეძლოს ავტომობილმა გამოსვლა მოცემული გზის პირველ ზოლში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სპეციალისტი დასკვნის სახით წერს:

„რუსთაველის ქუჩა N21-ში არსებულ ტერიტორიაზე დაგეგმილია საცხოვრებელი სახლის აშენება 83 მობინადრეზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალო სტატისტიკური მონაცემებით მობინადრეთა 20-30 პროცენტი წარმოადგენს ავტომფლობელებს, მოცემულ ობიექტს უნდა გააჩნდეს მიწისქვეშა ავტოსადგომი, რის აუცილებლობაც გამოწვეულია იმით, რომ საკვლევი ობიექტის წინ გამავალ რუსთაველის გამზირზე ავტომობილის დგომა-გაჩერება აკრძალულია და შეუძლებელია საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მისი შეცვლა.“

გდგ დოკუმენტის მიხედვით, რუსთაველის #21-ში ახალ ბინაში მცხოვრებლებს, რომლებიც პარკინგის ადგილის ყიდვას საკუთარი კორპუსის ნულოვან სართულზე ვერ შეძლებენ, ერთადერთი ალტერნატივა რჩებათ და ეს ფასიანი პარკინგია. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ადგილებიც, განსაკუთრებით ზაფხულში, ხშირად გადატვირთულია.

როგორც ჩანს, ეს საკითხი მერიაში და საკრებულოში არ აწუხებთ, მით უმეტეს, მშენებელს, რომელსაც პროექტი დიდ ფინანსურ მოგებას მოუტანს.

გდგ დოკუმენტში, რომელიც მერიაში და საკრებულოშიც კარგად წაიკითხეს [უნდა წაეკითხათ – ეს მათი მოვალეობაა] წერია:

„საკვლევი ობიექტის მიმდებარედ, 100 მეტრის რადიუსში, გამოყოფილია საერთო სარგებლობის ფასიანი ავტოსადგომები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილებს როგორც ობიექტში მაცხოვრებელ ავტომფლობელებს, ასევე მათ სტუმრებს.“

პროექტის ეკონომიკურ დასაბუთებაში კომპანიამ ძლიერ მხარეებში ზღვის სანაპიროსთან და ზღვისპირა პარკთან სიახლოვე და  საზოგადოებრივ ობიექტებზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა ჩაწერა, სუსტ მხარეებში – ამორტიზებული შენობები.

რუსთაველის #20-ში კი შპს „ორიქსი“ 7-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. სასტუმროს პარკინგის ადგილი 17 ავტომანქანისთვის მიწის ქვედა სართულზე აქვს გათვალისწინებული.

სამშენებლოდ მოაზრებული ტერიტორია სასტუმრო „ინტურისტს“ ესაზღვრება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. პროექტის რენდერის მიხედვით, რომელიც ზონალური საბჭოს სხდომაზე იყო წარდგენილი, მშენებლობას რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი შენობის ადგილას იგეგმება, სადაც 1840-1921 წლებში ბრიტანეთის საკონსულო ფუნქციონირებდა.

სატრანსპორტო კვლევას შპს „ორიქსის“ მიერ წარდგენილი გდგ დოკუმენტიც ითვალისწინებს, თუმცა ამ შემთხვევაში სპეციალისტები არა პარკინგის ადგილებზე, უფრო ბათუმში გარემოს ხმაურით დაბინძურებაზე ამახვილებენ ყურადღებას და წერენ, რომ დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო ავტოტრანსპორტია:

„ავტოტრანსპორტის გადაადგილებით გამოწვეული ხმაური საქართველოს ყველა დიდ ქალაქში აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს, მათ შორის, ბათუმშიც. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გეგმარებითი ტერიტორია მდებარეობს სატრანსპორტო ნაკადებით დატვირთულ ზონაში.“

საკრებულოს სხდომას, სადაც გდგ დოკუმენტები დაამტკიცეს, კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე კითხვებით ისინი არავის შეუწუხებია. ოპოზიციის რეპლიკას, რომ განაშენიანების გეგმების დამტკიცება, თუნდაც ამავე დოკუმენტში მოცემული დასკვნების მიხედვით არ შეიძლება, კომპანიის წარმომადგენლებმა რეპლიკით უპასუხეს: „სად წერია.“ მათგან ერთ-ერთი პასუხის გაცემას ცდილობდა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ ისე დააყენა საკითხი კენჭისყრაზე, პასუხს არ დალოდებია.

„ოცნების“ ფრაქციას კითხვები არ ჰქონია.

განაშენიანების გეგმა ორ ეტაპად მტკიცდება, პირველ ეტაპზე ამტკიცებენ კონცეფციას, შემდეგ კი  – დეტალური განაშენიანების გეგმას. დეტალური განაშენიანების დამტკიცებული გეგმა ნებართვის გაცემის ძირითადი საფუძველია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: