„სირიელი ლტოლვილები“ – თურქოლოგ ქამრან ოსმანლის დაკვირვებით თურქეთის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი ქილიჩდაროღლუ ამ თემაზე საუბრით ცდილობს გამარჯვებას, ერდოღანის სტრატეგია კი უცვლელია.
კვირას, 28 მაისს, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველი ტურის მონაცემებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამომრჩეველთა 49.52%-მა დაუჭირა მხარი, ქილიჩდაროღლუს — 44.88%-მა.
რა გზავნილები გააქტიურდა თურქეთში არჩევნების მეორე ტურში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე თურქოლოგ ქამრან ოსმანლის ესაუბრა.
- ბატონო ქამრან, იმის გათვალისწინებით, რომ ერდოღანი 5%-ით უსწრებდა ქილიჩდაროღლუს და მეორე ტურის წინ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ულტრანაციონალისტმა სინან ოღანმაც ერდოღანს დაუჭირა მხარი, მოგების რა შანსი რჩება ოპოზიციას?
ცხადია, მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატს მეტი შანსი აქვს. ოღანმა ღიად დაუჭირა მხარი ერდოღანს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის 5 პროცენტი, რაც მან მიიღო არჩევნებში, ავტომატურად ერდოღანთან გადავა. ამ 5 %-დან სადღაც 1.5% – 2 % გადავა ერდოღანის მხარეს, დანარჩენი 1 %, ან 1.5 % წავა ქილიჩდაროღლუსთან.
ამომრჩევლის რაღაც ნაწილი, რომელიც იმედგაცრუებულია, შეიძლება, საერთოდ აღარ მივიდეს არჩევნებზე.
ოღანის ალიანსშიც არის განხეთქილება – მისი ამ განცხადების შემდეგ ალიანსის ლიდერმა უმით ოზდაღმა თქვა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ოღანს გადაწყვეტილებას, თუმცა ვემიჯნებითო. მთელი ეს საარჩევნო პერიოდი უმით ოზდაღი ღიად უპირისპირდებოდა ერდოღანს. არავინ არ უპირისპირდებოდა ხელისუფლებას ისე, როგორც ეს ნაციონალისტური მოძრაობა. ქილიჩდაროღლუ ძირითადად სიტყვით გამოდიოდა, ეს კი, ქუჩაში, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იდგა. იყო საშიშროებაც, რომ შესაძლოა ოზდაღი დაეკავებინათ.
- რა გამოდის, ოღანი რატომ გადავიდა ერდოღანის მხარეს?
ნაციონალისტურ პარტიებს შორისაც არ არის ერთიანობა: ერთი ნაციონალისტური პარტია – „გამარჯვების პარტია“, არის ოზდაღის პარტია, მეორე ნაციონალისტური პარტია, MHP კი, ერდოღანთანაა ალიანსში.
ქილიჩდაროღლუსთან არის ნაციონალისტური პარტია „კარგი პარტია“.
ოღანი დაუპირისპირდა პარტიის ლიდერს – ოზდაღს და პარტიიდან გამოვიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მას სურს აქტიურად პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება.
როგორც ჩანს, ოღანთან უფრო ახლოს არის ის ნაციონალისტური პარტია, რომელიც ერდოღანთან არის ალიანსში და უფრო მეტ პერსპექტივას ხედავს ამ შემთხვევაში. ის კარიერისტი კაცია და უნდა, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგეს, რადგან პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე მოხუცი კაცია.
- რა გზავნილებით გააქტიურდა ქილიჩდაროღლუ მეორე ტურში, რა გათვლით მოქმედებს, თქვენი დაკვირვებით?
არჩევნებში მილიონ-ნახევრამდე გაფუჭებული ბიულეტენი დაფიქსირდა, ასევე 8 მილიონი ამომრჩეველი საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე. უხეშად გამოდის 9 მილიონი ამომრჩეველი, რაც ძალიან დიდი რიცხვია. ამ ხმებზე უკვე უნდა ემუშავა წესით ქილიჩდაროღლუს.
ოპოზიციის მოლოდინი იყო გადამეტებული წარმატებაზე და ყველას სჯეროდა, რომ ქილიჩდაროღლუ პირველივე ტურში დაამარცხებდა ერდოღანს. შედეგების დადების შემდეგ კი, ოპოზიციაში დიდი იმედგაცრუება იყო, ორი დღეს საერთოდ ხმას არ იღებდნენ. ამომრჩეველსაც დაეტყო ეს იმედგაცრუება, რომ არანაირი გეგმა არ არსებობდა შემდეგი მოქმედების.
ქილიჩდაროღლუმ მთლიანად შეცვალა თავისი რიტორიკა ამჯერად: თუ მანამდე აქცენტი იყო სიყვარულზე და მისი მთავარი „ემოჯიც“ იყო გული, ახლა პირიქით: რადიკალური გახდა მისი განცხადებები, ყოველ მეორე გამოსვლაში ღიად ამბობს, რომ ქვეყნიდან გააძევებს სირიელებს, პრეზიდენტი გავხდები თუ არა, სირიელებს ერთ წელიწადში უკან გავუშვებო.
ეს გახდა ქილიჩდაროღლუს მთავარი გზავნილი. იგი ცდილობს ამ სენტიმენტების მქონე ამომრჩევლის გულის მოგებას.
- რამ განაპირობა 8 მილიონი ამომრჩევლის სახლში დარჩენა და ახლა რატომ შეიძლება ეს ნაწილი გააქტიურდეს?
ეს 8 მილიონი არის იმ ამომრჩევლების კატეგორია, ვინც გაბრაზებულია ერდოღანზე, თუმცა არც ქილიჩდაროღლუს მიიჩნევს ლიდერად, რომელიც შეიძლება თურქეთს ჩაუდგეს სათავეში.
ეს ადამიანები რამდენად გააქტიურდებიან, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. თურქეთში ტელევიზიები ხელისუფლების მიერ კონტროლდება, სოციალურ ქსელში კი ოპოზიციაა უფრო აქტიური.
- ერდოღანი რით პოზიციონირებს მეორე ტურის წინ?
ერდოღანის წინასაარჩევნო გზავნილები საერთოდ არ შეიცვალა, მან ასევე გაზარდა წნეხი ოპოზიციის განცხადებებზე, რაც უკვე უკავშირდება დევნილებს, რომ „ესენი რადიკალები არიან…“
ფაქტია, რომ ერთიანობაც არ არის ქილიჩდაროღლუს ფრონტზე. გამოჩნდა ერთგვარი უთანხმოებაა ლიდერებს შორის და ერთმანეთს აბრალებენ იმას, რომ ვერ მოიგეს. ეს გახდა ერდოღანის მთავარი კოზირი ახლა – როგორი ლიდერიც არ უნდა იყოს, მაინც სტაბილურობა იგრძნობა ერდოღანის ფლანგზე, ოპოზიციის ფლანგზე კი ჩანს განხეთქილება.
- რამდენად იმუშავებს ამომრჩეველზე ის ფაქტორი, რომ ერდოღანის მოკავშირე პარტიებმა მოიპოვეს უმრავლესობა თურქეთის პარლამენტში?
ამით გამოჩნდა, რომ მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა და მიწისძვრით მიღებული ზარალისა, ერდოღანი და მისი მოკავშირეები მაინც ლიდერობენ. პარლამენტი თურქეთში დიდად არაფერს წყვეტს, რადგან სუპერსაპრეზიდენტო სისტემაა, მაგრამ დიდი მაჩვენებელია 322 მანდატი.
ესეც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი მეორე ტურის წინ – ფსიქოლოგიური ფაქტორი, როცა ერდოღანი მეორე ტურში გამარჯვებულის იმიჯით გამოდის.
- თქვენი აზრით, რამ ვერ იმუშავა ოპოზიციის სასარგებლოდ? ეს იყო ოპოზიციის სისუსტე, რუსული პროპაგანდა?
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის რაღაც ნაწილი გაერთიანდა და ერთიანი ფლანგით შეუტია ერდოღანს, ეს საკმარისი ვერ აღმოჩნდა დამარცხებულიყო ერდოღანი, ვინც 20 წელზე მეტია ხელისუფლებაშია. მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებშიც მოიგო ერდოღანმა. ოპოზიციამ ამ რეგიონებში საერთოდ ვერ იმუშავა – მისი პროპაგანდა მთლიანად ჩავარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანს უკავშირდებოდა პირდაპირ ეს ზარალი, რაც მიწისძვრით ქვეყანამ და ადამიანებმა მიიღეს, მოახერხა ერდოღანმა და გარკვეული შედეგიც დადო, ანუ სახლები, საავადმყოფოები ააშენეს და ადამიანებს უფასოდ დაურიგეს.
ერდოღანის სასარგებლოდ ძირითადად იმუშავა იმან, რომ ის ხელისუფლებაშია. მეორეა ის, რომ მედია მთლიანად მის ხელშია – ძირითადი სატელევიზიო არხი სახელისუფლებოა და 24 საათი სახელისუფლებო რეკლამები ტრიალებს. მნიშვნელოვანია ასევე ბიუჯეტი და ბიუროკრატია. ეს ყველაფერი ძალიან ეფექტურად მართეს.
ამ ყველაფერს კი ოპოზიციამ დიდად ვერაფერი დაუპირისპირა. როცა მიზანი გაქვს, რომ ქვეყანა უნდა განავითარო, უნდა გქონდეს ძალიან მოკლე და ყველასთვის გასაგები მესიჯები, ამომრჩეველი არ არის ეკონომისტი, ან საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ის უნდა დაარწმუნო, რომ შეგიძლია. ამათ გამოუშვეს წიგნაკი 2600 პუნქტით ,გზამკვლევი, რასაც არ ვიცი, რამდენი ჩაუჯდება და წაიკითხავს.
- თუ ერდოღანი იქნება ისევ თურქეთის პრეზიდენტი, რამდენად უნდა ველოდოთ მის კიდევ უფრო დაახლოებას რუსეთთან, თუ პირიქით, შეიძლება ოპოზიციური ტალღის გათვალისწინებით, რაც თვალსაჩინოა თურქეთში, ეს ქვეყანა დასავლეთის მიმართულებით გააქტიურდეს?
ხშირად იწერება დასავლურ მედიაში, რომ თურქეთში არის ავტორიტარული სისტემა და ასე შემდეგ, მაგრამ თურქეთი არ არის რუსეთი, ან ბელარუსი, ან რომელიმე აღმოსავლური, ტირანიული სახელმწიფო. ეს არის სახელმწიფო თავისი ჰიბრიდული სისტემით.
ერდოღანი გამარჯვების შემთხვევაში განაგრძობს იმ ხაზს, რაც მას საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ჰქონდა. ის განაგრძობს თანამშრომლობას ასევე რუსეთთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის გახდება პუტინის მოკავშირე. ეს გამორიცხულია.
ჩემი აზრით, ერდოღანს დასავლეთთან ექნება მცირე რესტარტი, შესაძლოა, შვედეთიც მიიღოს ნატოში და ევროკავშირთან დაიწყოს ნაბიჯ-ნაბიჯ ურთიერთობების დალაგება. თურქეთი ესაზღვრება ევროკავშირს და შეუძლებელია, რომ ჩაკეტოს საზღვარი, თქვას, რომ აღარ მინდა ევროკავშირი და მივდივარ აზიაში. თურქეთი არის ცენტრალური სახელმწიფო, ხიდი ევროპას და აზიას შორის, მით უმეტეს, ახლა, როცა რუსეთს დაუწესეს ამხელა სანქციები და მისი სამარშრუტო დერეფანი ჩაკეტილია. ყველა ახალი მარშრუტი გადის თურქეთის ტერიტორიაზე… შესაბამისად, როგორც ევროკავშირს, ისე თურქეთს სჭირდებათ ერთმანეთი და ეს ურთიერთობები გაგრძელდება.
შეიძლება, რაღაც დონეზე გაუმჯობესებაც იყოს. რთულია იმის თქმა, გაგრძელდება თუ არა მუშაობა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, რადგან განხეთქილება იყო და თურქეთს მოუწევს ბევრი რამის თავიდან გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც კუთხით დაახლოება იქნება.