მთავარი,სიახლეები

რუსებს უნდათ „ქართული ლეგიონი“ ერთიანად გაანადგურონ – ინტერვიუ მამუკა მამულაშვილთან

15.07.2022 • 16068
რუსებს უნდათ „ქართული ლეგიონი“ ერთიანად გაანადგურონ – ინტერვიუ მამუკა მამულაშვილთან

რატომ უკრაინაში უკრაინისთვის, როგორ დაიწყო რუსეთთან ბრძოლა ჯერ კიდევ 14 წლისამ, რა სჭირდება დღეს ყველაზე მეტად უკრაინას და რატომ წყდება საქართველოს ბედი უკრაინის ომში – „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ვრცელი ინტერვიუ მისცა:

__

ჩვენ რუსეთის ლოგისტიკასა და სამეთაურო ცენტრებს ვანადგურებთ, კარგად ვართმევთ თავს ჩვენზე დაკისრებულ ამოცანებს. ეს, რასაკვირველია, არ მოსწონთ.

ამ 8 წლის განმავლობაში რუსებმა „ქართული ლეგიონის“ წინააღმდეგ არაერთი პროპაგანდისტული ფილმი მოამზადეს, ყოველდღიურად ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას. პროპაგანდა ბოლო დღეებში განსაკუთრებით გაძლიერდა. იუწყებიან, რომ „ქართული ლეგიონის“ ნაწილი გაანადგურეს, რაც სიცრუეა.

ინტერვიუ მივეცი რუსულ არხს, რომელიც ცოტა არ იყოს, რუსულად მოიქცა, მოჭრეს ჩემი ნათქვამი, როდესაც მე ვამბობდი, რომ ჩვენ არ ვიყვანთ ტყვეებს, არამედ გადავცეთ იმ სამსახურებს, რომლებიც ამით არიან დაკავებულნი. მერე რაღაც ვიდეო ნახეს, რომელშიც ვიღაც ვიღაცას კლავს და აი, „ქართული ლეგიონი“ ხოცავს რუს ტყვეებს. ატრიალებენ და ყოველდღე მუშაობენ ჩვენ წინააღმდეგ. საქმეებიც აქვთ აღძრული, ჩემზეც, ბევრი მუხლია, ტერორიზმი, რუსი სამხედროების მკვლელობა…. შეუძლიათ, კიდევ რამდენიც უნდათ, იმდენი აღძრან.

ჩვენ უკვე ბევრი რუსი ტერორისტი გავანადგურეთ უკრაინაში და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ.

რუსეთის ტაქტიკა

კიევის ოლქის დეოკუპაციის მერე უმძიმესი სურათი დაგვხვდა. ჩვენი წარმოდგენით, ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას ვიცავთ და როდესაც იქ მოკლული ბავშვები და გაუპატიურებული ქალები დაგხვდა, ამან ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა ჩვენზე. ჩვენ ბევრი რამ გვინახავს ომში და შეიძლება აღარაფერი გვაკვირვებს, მაგრამ ამ სურათმა ძალიან იმოქმედა ბიჭებზე – ეს ხალხი ვერ დავიცავით.

ეს რუსეთის სტრატეგიაა, რომ, პირველ რიგში, მშვიდობიანი მოსახლეობა გაანადგუროს. დიდად არ უნდათ სამხედროებთან პირისპირ შეხვედრა, ამას ყოველთვის თავს არიდებენ, სამაგიეროდ ბავშვებისა და ქალების მკვლელობა შეუძლიათ.

ჩვენ უფრო მაღალი წარმოდგენა გვქონდა რუსულ ჯარზე, ვიდრე ამ ომის დროს გამოჩნდა. ეს არის ძალიან დიდი, მაგრამ მოუმზადებელი ჯარი და არაფრით ჯობია, მაგალითად, სომალის ან რომელიმე ისეთი ქვეყნის არმიას, რომელიც თავდაცვას დიდად ყურადღებას არ აქცევს. მადლობა ღმერთს, რომ კორუფცია ყვავის რუსულ არმიაში. ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება.

არ მიყვარს, როდესაც მტერს სწორად ვერ აფასებ, მაგრამ ფაქტია, ისინი მზად არ იყვნენ იმისთვის, რაც შეიძლებოდა უკრაინაში დახვედროდათ.

მათგან განსხვავებით, ნაკლები რიცხოვნობის მიუხედავად, უკრაინის არმია მზად იყო ასეთი ომისთვის. უკრაინული არმია ვითარდებოდა 2014 წლიდან. მან ომის წარმოების თავისი სტანდარტი შექმნა – არა ამერიკული ან NATO-ს სტანდარტი, არამედ საკუთარი და დღეს ყველა ხედავს, რომ უკრაინამ რევოლუცია მოახდინა.

ომის ბედი

ვფიქრობ, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და ახლა ბალისტიკური რაკეტები და ავიაცია ჩართო საქმეში.

ომის ბედი ახლა იმ შეიარაღების მიღებაზეა დამოკიდებული, რომელსაც შეუძლია საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობა შეცვალოს, ესაა შორსმოქმედი რეაქტიული არტილერია, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც უკრაინის ცას დაიცავს.

დასავლეთისგან უფრო სწრაფ და მკვეთრ ნაბიჯებს ველოდებით, დასავლური ბიუროკრატიის ყოველი დღე უკრაინას ადამიანების სიცოცხლედ უჯდება. ამიტომაც, ყოველთვის, როდესაც დასავლური მედია მეკითხება, რა სჭირდება უკრაინას, მე ვპასუხობ, რომ უკრაინას სჭირდება დროული დახმარება. ყოველდღიურად საარტილერიო თუ სარაკეტო თავდასხმების შედეგად უამრავი მოქალაქე იღუპება. დაგვიანებული დახმარება უკვე დახმარება ვეღარ იქნება.

სულ არ მსიამოვნებს, მაგრამ დაღუპული მოქალაქეებს ვიღებ და მერე ვცდილობ, ეს ვიდეოები ვაჩვენო ყველას, ვისაც გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. მაინც მგონია, რომ ეს რაღაც როლს თამაშობს. ისინი ხომ ბრძოლის ველზე ვერ დადგებიან, რათა საკუთარი თვალით ნახონ რა ხდება. ვცდილობ ამის გაკეთებას ჩემი კონტაქტებით, მაგალითად, აშშ-ში მყოფი ჩემი მეგობარი პოლიტიკოსების დახმარებით.

უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ყველაზე დიდი ტერორისტული სახელმწიფოს გამოწვევა მიიღო. უკრაინამ საკუთარ თავზე იტვირთა არამხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ყველა ევროპული ქვეყნის, არამხოლოდ საკუთარი დემოკრატიული ღირებულებების, არამედ მთელი დასავლური სამყაროს ღირებულებების დაცვა. დასავლეთს კარგად უნდა ესმოდეს ეს და ისიც, რომ უკრაინა ამისთვის ადამიანების სიცოცხლით იხდის.

საქართველოს ბრძოლა უკრაინაში

დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ხალხს არ უნდა. პრორუსული ხელისუფლება, რომლის აზრიც სრულიად განსხვავდება ხალხის აზრისგან.

ჩემთვის ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ უკრაინამ, ფაქტობრივად, ნიღაბი ჩამოხსნა საქართველოს მთავრობას, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებსა და რუსეთის ხელისუფლებას ემორჩილება.

ის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას, ამის დანახვა მოხალისეთა იმ რაოდენობითაც მარტივად შეიძლება, რომლებიც უკრაინაში ჩამოდიან.

უკრაინაში ომის დასრულების ერთადერთი გზა ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებაა. ჩვენი 20 პროცენტიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველოს ბედიც დღეს მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, როგორ დამთავრდება ომი უკრაინაში.

დღეს უკრაინის გადარჩენა საქართველოს გადარჩენაა. საქართველოს ყველა მოქალაქეს მინდა ესმოდეს, რომ აქ მხოლოდ უკრაინის ბედი კი არ წყდება, წყდება ძალიან ბევრი ქვეყნის და მათ შორის საქართველოს ბედიც; რომ აქ, უკრაინაში, მიდის საქართველოსთვის ბრძოლაც და ისინი ამ ბრძოლას უნდა შეუერთდნენ.

რატომ უკრაინაში უკრაინისთვის

უკრაინაში 2014 წელს ჩამოვედი და „ქართულმა ლეგიონმაც“ სწორედ ამ დროიდან დაიწყო არსებობა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, დავხმარებოდით უკრაინას მაშინ, როდესაც ვგრძნობდით, რომ ომი იწყებოდა. ჩამოვედით ქართული არმიის რამდენიმე ოფიცერი, რომლებიც უკრაინელებს, პირველ რიგში, ტრენინგებში ვეხმარებოდით და საბრძოლო მოქმედებებშიც ვმონაწილეობდით.„

უკრაინა არაერთხელ დაუდგა გვერდში საქართველოს. უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევისა და რუსეთის პირველი აგრესიის შემდეგ, ღიად დაეხმარა საქართველოს, რომელმაც თავისი მოხალისეები გამოგზავნა და ბევრი მათგანი საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში დაიღუპა.

მრავალეროვანი „ქართული ლეგიონი“

2014 წლის აპრილში ლუგანსკში მილიციის ერთ-ერთ ბატალიონს ვწვრთნიდით და მალევე საბრძოლო მოქმედებებში ჩავერთეთ.

„ქართულმა ლეგიონმა“ რიცხობრივად ზრდა ძირითადად 2016 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიის ნაწილი გახდა. ჩვენ ვიყავით პირველი უცხოური ქვედანაყოფი, რომელიც უკრაინის არმიაში შევიდა. ახლა კი ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი ვართ.

ლეგიონში 32 ქვეყნიდან არიან მებრძოლები, ყველას არ ჩამოვთვლი. ძირითადად ქართველები არიან, თუმცა არიან ბრიტანელებიც, ამერიკელებიც. ყველას თავისი მოტივაცია აქვს, ინდივიდუალური.

მე ყველა მებრძოლს ვხვდები, როდესაც ისინი ჩამოდიან, მეც მინდა ვიცოდე, რა ამოძრავებთ – პირველ რიგში, იმისთვის, რომ რადიკალური შეხედულებების ხალხი გამოვრიცხოთ – ნაცისტები, რასისტები… ასეთი ხალხი არასდროს ყოფილა ჩვენთვის მისაღები.

ყველაზე დიდი დანაკარგი 24 თებერვლიდან დაიწყო. ბოლოს მიღება შევწყვიტეთ. თანაც ჩვენ კონკრეტული კრიტერიუმებით ვარჩევთ წევრებს – პროფესიონალიზმის მიხედვით, დღემდე საბრძოლო გამოცდილების ხალხს ვიღებთ, ვისაც ომისთვის წინასწარი მომზადება არ სჭირდება.

დასავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსულებს აქვთ ავღანეთის, ერაყის, სხვა მისიების გამოცდილება, ქართველებს კი ძირითადად –  რუსებთან ბრძოლის.

1000-მდე კაცი ვართ ამ დროისთვის, სპეციფიკურ სამუშაოს ასრულებენ ჩვენი ჯგუფები, სხვადასხვა მიმართულებაზე ვართ გადანაწილებული. რუსებს ძალიან უნდათ, რომ სადმე ერთად გაანადგურონ „ქართული ლეგიონი“, რის საშუალებასაც არ მივცემთ – ჩვენი ტაქტიკით ვმუშაობთ და ჯერჯერობით ეს ტაქტიკა კარგად მუშაობს.

2008 წლის ომი

მე ვიტყოდი, რომ 2008 წლამდე ომებმა უფრო დიდი გავლენა მოახდიან ჩემზე. 2008 წლის ომი იყო ძალიან მოკლე, დაიდო სამშვიდობო შეთანხმებები, რომლებსაც რუსეთი დღემდე არ იცავს.

მაგრამ ეს იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე თანამედროვე ომების დასაწყისი – საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობის დასაწყისი.

2008-ში რუსეთი არ დასჯილა, ამიტომაც მის ამბიციებს უფრო ფართო გასაქანი მიეცა.

მაშინ საქართველომ არაერთხელ თქვა, რომ შემდეგი უკრაინა იქნებოდა, რადგან ცხადი იყო, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობდა. საქართველოზე „წაივარჯიშეს“ და ამას უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა. დღესაც უდიდესი მსხვერპლია უკრაინაში, ყოველდღიურად ვკარგავთ მშვიდობიან მოქალაქეებს.

2008 წელს რუსეთმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მას ამბიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით და ყველა გზით ეცდება, საქართველო თავის სივრცეში შეათრიოს.

14 წლიდან რუსეთის წინააღმდეგ

90-იან წლებში, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, მოვლენები ზუსტად იმავე სცენარით ვითარდებოდა, როგორც შემდეგ უკრაინაში – სეპარატიზმის მხარდაჭერა და ე.წ. ჰიბრიდული ომის დაწყება. ჩემი აზრით, ეს იყო ღია ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მაშინ, სამწუხაროდ, საქართველო დამარცხდა.

მამაჩემი სამხედრო გენერალი იყო და ქართულ არმიაში მსახურობდა. ფაქტობრივად, სამხედრო ბაზაზე გავიზარდე და 14 წლისა, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჯარისკაცი ვიყავი.

საბრძოლო მოქმედებებში წამიყვანა და მათი დაწყებიდან 1 წელში ტყვედ ჩავვარდით. 3 თვე ვიყავი ტყვეობაში. ტყვეობაში გავხდი 15 წლის. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მაშინ გავაცნობიერე, რომ რუსეთი მტერია და ცხადად მივხვდი, რატომ უნდა მებრძოლა მის წინააღმდეგ. მას მერე ამ ბრძოლაში ვარ.

იყო პერიოდი, როდესაც დიპლომატიის სწავლა დავიწყე პარიზში. ომის ალტერნატივას ვეძებდი მაშინ, ამიტომაც დამაინტერესა დიპლომატიამ, თუმცა ვერ გამომადგა, რადგან დიპლომატიური ენით რუსეთთან ლაპარაკი შეუძლებელია. ჩვენ ეს ვერ შევძელით საქართველოში და ვერ ვახერხებთ ამას უკრაინაში, ასე რომ, დიპლომატია მეორე პლანზე გადავიდა და ისევ ბრძოლა გვიწევს.

თარგმნა: თამარ რუხაძე

მთავარი ფოტო: მამუკა მამულაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: