მთავარი,სიახლეები

შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება მოქალაქეების ღირსებაზე არ ფიქრობს – ზურაბიშვილი

26.05.2023 • 680
შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება მოქალაქეების ღირსებაზე არ ფიქრობს – ზურაბიშვილი

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. დღეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური ცერემონია იმართება თბილისში.

ახალწვეულთა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მან სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა ქვეყანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასანქცირებული ოჯახის წევრების შემოსვლის გამო.

„გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენი ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენს პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ.

ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრებულად უნდა იცავდეს სტაბილურობას, სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას ევალება, რომ არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია.

ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრების მართვა. უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტის ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ.

მაშინ როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობაზე და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე. გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს.

არ შეიძლება ოკუპაციის კანონის და მეგობარი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან შესაძლოა ქვეყნის შიგნითაც გამოიწვიოს პროტესტი და მეორეს მხრივ, უთანხმოება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ასევე გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ქვეყნის მმართველი ქსენოფობიას გაბრალებს:

„ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე, სტუმართმოყვარეობით და შემწყნარებლობით გაითქვა სახელი.

დღესაც, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან უსიტყვოდ მივიღეთ და ვაცხოვრებთ 80 ათასამდე იმიგრანტს და მთელი ამ დროის განმავლობაში, არცერთი სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა.

ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს.

დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს ვზეიმობთ, საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს. სახელმწიფოებრიობა ისაა, როცა ქვეყანა წესებით და კანონებით იმართება.

ეს არის სახელმწიფო მიდგომა, რომელიც ქველაზე უნდა ვრცელდებოდეს.

ამიტომ, გაუგებარია, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არაა მიღებული რუსეთიდან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის. განსაკუთრებით კი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ან თუნდაც უძრავი ოქნების შეძენა და დაწესებული გადასახადების გადაუხდელობა“-ამბობს ზურაბიშვილი.

მისივე განცხადებით, ჩვენმა წინაპრებმა, დიპლომატია, დაბალანსებული პოლიტიკა და სიფრთხილეც კარგად იცოდნენ, „თუმცა ეს ღირსებას და პრინციპულობას მოკლებული არასოდეს ყოფილა“.

„არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით, ცოტამ თუ იცის და ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება (რაც ადვილია იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს) ან ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმულა. ყველასთვის გასაგები რომ იყოს, რასაც ვგულისხმობ, გავიხსენოთ იმედზე გასული ომის მოდელირებული ქრონიკა“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გაუგებარი გახდა საქართველოს საგარეო პოლიტიკა.

„ასევე გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა, მაშინ როცა კონსტიტუციაში ევროპაა ჩაწერილი, სად გაქრა სიტყვები, „ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: