წელს, თბილისსა და ბათუმში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მორთული საჯარო სივრცეებიდან გაქრა ევროკავშირის დროშა, რომელიც ყოველთვის, მათ შორის 26 მაისს, ქართული სახელმწიფო დროშის გვერდით იყო აღმართული, ქართული სახელმწიფოს ევროპული მისწრაფებების ნიშნად. რისი მანიშნებელია ევროკავშირის დროშების მიჩქმალვა, მაშინ როცა წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პასუხს ელოდება ევროკავშირისგან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პარლამენტის წევრს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.
- ბატონო არმაზ, პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირის დროშა აღარ გამოფინეს სახელმწიფო დროშის გვერდით. არის ამაში რაიმე საგანგაშო თქვენი აზრით?
უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ დემოკრატია ქართული სახელმწიფო სივრციდან რა ხანია გაქრა და მე ვიტყოდი, აქა-იქ არის შემორჩენილი მისი ნარჩენები. ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ ევროპა, დასავლეთი, საქართველოს ისტორიული არჩევანი, სრულიად მიუღებელი გახდა დღევანდელი ხელისუფლებისთვის, „ქართული ოცნებისთვის“.
იმიტომ, რომ სრული შეუსაბამობაა ქართველი ხალხის მისწრაფებებსა, ევროპულ ღირებულებებსა და „ქართულ ოცნების“ მიზნებს შორის. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ გაქრა ევროკავშირის დროშები. ჩვენ უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ ევროპული სულისკვეთება დიდი ხანია გამქრალი და წაშლილია „ქართულ ოცნებაში“.
არაფერი ევროპული, არაფერი სამართლებრივი, დემოკრატიული და შესაბამისად, ეროვნული, იქ აღარ დარჩა რახანია.
დროშა სიმბოლოა, გამოხატულებაა, ამიტომ მისი ჩამოხსნა, მანამდე კი დაწვის წაქეზება და ამაზე წაყრუება, ბრძოლა, არა მარტო სიმბოლოებთან, არამედ ევროპული არჩევანთან, იმის დასტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის მე-11 წელს საბოლოოდ გადაწყვიტა საქართველო „გაათავისუფლოს“ სამართლებრივი და დემოკრატიული მომავლისგან.
ასე ათავისუფლებს სახელმწიფოს ევროპული შიგთავსისგანაც, რაც ასე ორგანული და ბუნებრივია, დღეს ჩვენთვის და ასე სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი ერისთვის.
- ეს რას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უკვე ღია, გაცხადებული კურსი აქვს აღებული რუსეთისკენ?
ეს ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაწყვიტა ნებისმიერ ფასად, იქნება ეს შიდა პოლიტიკაში ოპონენტების განადგურება, დამოუკიდებელი მედიის დახურვა, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის საბოლოოდ გაფუჭება, ყველა ხიდის ჩანგრევა.
ის მზად არის, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს 2024-ში ძალაუფლება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ მისი პირდაპირი თუ ფარული კავშირები კრემლთან.
ძალაუფლების შენარჩუნების ამ ბოროტ განზრახვაში და გეგმაში, „ქართული ოცნების“ ერთადერთი მოკავშირე შეიძლება იყოს კრემლი და მის ორბიტაზე მყოფი რამდენიმე სატელიტი სახელმწიფო და დიქტატორი.
- თუ ყველაფრის ფასად აპირებს „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ „ოცნება“ მიითვისებს არჩევნებსაც. მაშინ რა დარჩა საზოგადოებას, ვინც ელოდება კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს და რაღაც ცვლილებებს უკეთესობისკენ?
ჩვენ ყველას მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნებისთვის“ არის მისი ბუნების საწინააღმდეგო. მისი ბუნების საწინააღმდეგოა ევროპის კავშირი და ევროპული ღირებულებები, მისი ბუნების საწინააღმდეგოა საქართველოს ნორმალური, წარმატებული, დალხინებული, დემოკრატიული, სამართლებრივი მომავალი.
შესაბამისად, უნდა ვაცნობიერებდეთ რომ ახლა „ქართული ოცნება“ მზად არის ფაქტობრივად ყველა მექანიზმი გამოიყენოს რაც აქამდე არ გამოუყენებია წინა არჩევნებში. ყველა გზით და საშუალებით მოახერხოს და შეინარჩუნოს ძალაუფლება.
ისმის კითხვა, რა გავაკეთოთ ამ დროს ჩვენ, მოქალაქეებმა, საზოგადოებამ?
თუ ჩვენ მართლა შემდგარი საზოგადოება ვართ და არა მასა, როგორც აღგვიქვამს ხოლმე „ქართული ოცნება“, არამედ ვართ პასუხისმგებლობიანი, შემდგარი საზოგადოება, მაშინ უნდა ვიბრძოლოთ და დავიცვათ საქართველოს თავისუფლება, მისი დემოკრატიული, ევროპული მომავალი.
სწორედ ჩვენს ხელშია ახლა ამის დაცვა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს არაერთი მოკავშირე, გარდა „ქართული ოცნებისა“.
ამიტომაც ჩვენი პირველი ამოცანაა, ვიბრძოლოთ და რას ნიშნავს ვიბრძოლოთ?!
შესაძლოა ვინმეს ზოგად სიტყვად მოეჩვენოს, მაგრამ ვიბრძოლოთ ნიშნავს იმას, რომ როგორც არ გავატანინეთ რუსული კანონი მარტის თვეში ერთობით, მტკიცედ დგომით, ასევე არ შევარჩინოთ „ქართულ ოცნებას“ ეს მზაკვრული პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებს, რომელიც არის სრულიად ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი.
მე ვარ ის ადამიანი, ვინც ყოველთვის შეგნებულად ერიდებოდა ამ სიტყვის გამოყენებას, მაგრამ ახლა ხმამაღლა ვიტყვი, რომ რასაც ახლა „ქართული ოცნება“ სჩადის, ეს არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღალატი.
ამიტომ, ჩვენ, საზოგადოება [და ღრმად მწამს, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში ვართ საქართველოში, ვისაც მიგვაჩნია, რომ საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს პერსპექტივას ალტერნატივა არ გააჩნია], ვისაც მიგვაჩნია, რომ ევროპულ გზას და მომავალს ალტერნატივა არ აქვს, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ჩვენი „არა“ ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“.
გასაგებია, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ რომ არჩევნები არათუ გაყალბდეს, არამედ წინასაარჩევნო გარემოც იყოს უპრეცედენტოდ არადემოკრატიული, მაგრამ ჩვენ ამას არ შევეგუებით და გაცილებით მეტი ადამიანი მივა საარჩევნო ყუთებთან და ეტყვის „ოცნებას“ არას.
- რუსეთთან ფრენების აღდგენა, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება, ახლა კი ევროკავშირის დროშების ჩამოხსნა, როგორ ფიქრობთ, მიიყვანს ქვეყანას დასანქცირებამდე? რა პროცესებს წარმოშობს ეს ქვეყანაში, თქვენი აზრით?
„ქართულ ოცნებას“ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მკრთალად სურდეს კანდიდატის სტატუსი, თავისი ბინძური შავი საქმეების სახიდან ჩამოსაბანად და მიიღოს იმ შემთხვევაში, თუკი დასავლეთი დათანხმდება, რომ „ოცნებამ“ თავისებურად, არადემოკრატიულად მართოს ქვეყანა, რაც, ისედაც ვხვდებით, რომ შეუძლებელია.
შესაბამისად, კანდიდატის სტატუსს ყველა კანონზომიერების მიხედვით, ეს მმართველობა არ იმსახურებს.
- ბოლო დღეებში ძალიან გაააქტიურეს აფხაზეთის დაბრუნების თემა, რომ თითქოს ახლა მთავარი მიზანი არა ევროკავშირი, არამედ დაკარგული ტერიტორიებია. ნატოს და ევროკავშირის გარეშე, რამდენად წარმოსადგენია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სად მიჰყავს ამ პროპაგანდას რეალურად ქვეყანა?
„ქართული ოცნების“ ამ მავნებლურ რიტორიკას და ქმედებას საქართველო პირდაპირ მიჰყავს იქეთ, რომ ვკარგავთ სახელმწიფოებრიობას, ვკარგავთ ისტორიულ პერსპექტივას, რომ საქართველო გახდეს სამართლებრივი სახელმწიფო და ევროპის შემადგენელი ნაწილი, ვკარგავთ პარტნიორებს და რაც მთავარია, ვკარგავთ ჩვენსავე საზოგადოებას, რომელიც ამ უპერსპექტივობით დაუძლურებული და დაღლილი ტოვებს ქვეყანას და გარბის უცხოეთში.
ამიტომ ვამბობ მკაფიოდ, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყოველდღე, იქნება ეს მიტინგი, აქცია, თუ ნებისმიერი სხვა ფორმა ჩვენი ურყევი ნების გამოხატვისთვის, რომ არ დავთმობთ საქართველოს დემოკრატიულ, ევროპულ მომავალს.
ამის შანსი რა თქმა უნდა არსებობს და თუკი „ქართული ოცნება“ თავისას მაინც არ მოიშლის და ხელისუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენებს უკიდურეს პოლიციურ მეთოდებს, რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენ, ხალხს და გაბედულ, პასუხისმგებლობიან, დემოკრატიულ ოპოზიციას, გვაქვს სრული უფლება, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების შესანარჩუნებლად მივმართოთ ყველა მეთოდს, რაც კი დაშვებულია კონსტიტუციით.
მტკიცედ და ბოლომდე, რადგან ეს არის ისტორიული შანსი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელში საქართველო პირდაპირ, დღისით, მზისით კარგავს.
- როგორც ხელისუფლება ამბობს, წლევანდელი 26 მაისის სლოგანია – „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“. თქვენთვის რას ნიშნავს ეს სიტყვები?
ამ უვიცებმა უნდა იცოდნენ, რომ იყო რუსთაველის ქვეყნიდან დღეს ნიშნავს საქართველოს ევროპაში, მრავალფეროვნებაში, წარმატებაში და სამართლიანობაში, რაც ვიმეორებ, შეუთავსებელია „ქართული ოცნების“ მზაკვრულ პოლიტიკასთან.
„ქართული ოცნების“ ბინძური რუსული პროპაგანდა ყველასთვის ცნობილია შინ და გარეთ. ამიტომაც, თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ ბოლომდე, თუ ამას შევარჩენთ და გავატანინებთ, ეს იქნება იმის მაუწყებელი, რომ თანდათან, უახლოეს ხანებში, საქართველოში დამკვიდრდება და გამეფდება საშინელი პოლიციური რეჟიმი.
ამიტომაც, ახლა უნდა ვიბრძოლოთ, უკომპრომისოდ უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ დავთმოთ ყველაზე სანუკვარი, ყველაზე ძვირფასი – ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი, რომ ვიყოთ თავისუფალი, ძლიერი, ევროპული სახელმწიფო.