მთავარი,სიახლეები

ნაღმის ნამსხვრევი გულთან მომხვდა: ბუდანოვმა მძიმედ დაჭრაზე პირველად ისაუბრა

26.05.2023 • 2288
ნაღმის ნამსხვრევი გულთან მომხვდა: ბუდანოვმა მძიმედ დაჭრაზე პირველად ისაუბრა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა პირველად ისაუბრა დონბასში მიყენებულ მძიმე ჭრილობაზე. სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დონბასში მძიმედ დაიჭრა, მაგრამ „ცხოვრება შეიძლება“.

როგორც კირილ ბუდანოვმა NV-ის ჟურნალისტებს განუცხადა, მან სამი ჭრილობა მიიღო დონბასში სპეცოპერაციის დროს. ერთ-ერთი მძიმე იყო – ნაღმის ნამსხვრევი გულთან ახლოს მოხვდა.

„მისი სხეულიდან ამოღება არ შეიძლება, საშიშია. ასევე დაზიანებული მქონდა ზურგი და კისერი. ადრენალინზე, ფრონტის ხაზი, დაახლოებით 5 კილომეტრი, საკუთარი ფეხით გავიარე და მერე დავეცი. ჭრილობა სერიოზულია, მაგრამ პრინციპში ცხოვრება შეიძლება“, – განაცხადა ბუდანოვმა, მაგრამ არ დაუზუსტებია, კონკრეტულად როდის დაიჭრა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბუდანოვის მიმართ შიშისა და სიძულვილის გამო რუსებმა უკვე ათზე მეტჯერ სცადეს მასზე თავდასხმა. მაგალითად, 2019 წელს რუსმა კილერმა ბუდანოვის პირად ავტომანქანაზე ასაფეთქებელი დაამონტაჟა. მაშინ ბუდანოვს გაუმართლა – ბომბი უფრო ადრე აფეთქდა, ვიდრე დაგეგმილი იყო.

21 აპრილს რუსეთის სასამართლომ კირილ ბუდანოვს პატიმრობა შეუფარდა. უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელს რუსეთი ყირიმის ხიდზე „ტერორისტულ თავდასხმაში“ ადანაშაულებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კირილ ბუდანოვი რუსების ერთ-ერთი სასურველი სამიზნეა – მათ უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მოკვლა რამდენჯერმე სცადეს. მცდელობები კი ფართომასშტაბიანი ომის დროს გახშირდა.

2022 წლის აგვისტოში უკრაინამ გაანეიტრალა დივერსიული ჯგუფი, რომელიც დაზვერვის უფროსის, კირილ ბუდანოვის და თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის მოკვლას გეგმავდა. მოსკოველი კოორდინატორის დავალების შესრულებას კიევის ერთ-ერთი მცხოვრები დასთანხმდა.

„ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, ბოლო 7 წლის განმავლობაში ბუდანოვის ლიკვიდაცია რუსეთმა 10-ჯერ მაინც სცადა. მისი მოკვლა პირველად 2016 წლის აგვისტოში სცადეს, როდესაც დროებით ოკუპირებულ ყირიმში ФСБ-ს პოლკოვნიკი მოკლეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: