მთავარი,სიახლეები

ბოდიშს ვუხდი გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს – სალომე ზურაბიშვილი

26.05.2023
ბოდიშს ვუხდი გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს – სალომე ზურაბიშვილი

დღეს, 26 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ქართველი გმირების – გიგა ოთხოზორიასა და გიორგი ანწუხელიძის ოჯახებს ბოდიში მოუხადა.

„ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა რუსეთთან ლოიალური პოლიტიკისა და ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ ბუნდოვანი პოლიტიკისთვის.

„არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია, ომის სისასტიკე ჩვენსავით ცოტამ თუ იცის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში, იმ ქვეყანაში, რომელსაც  უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს, ომის შიშის გაღვივება და მანიპულირება, ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმა.

გაუგებარია, როცა ევროპასა და ამერიკას აბრალებ მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც საკუთარ შვილებს, ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე განცხადებაზე იყოს დამოკიდებული, ყველაფერზე გარდა საკუთარი ინტერესისა?

„რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო? ვინც ფიქრობს,  რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია.

ან კიდევ როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს? ნუთუ გვავიწყდება ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს?

კარგად ვხედავთ, დღეს ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს 26 მაისია და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება.

ამ ახალი მსოფლიო წესრიგის მოლოდინში დღეს ჩვენი საზოგადოება, როგორც ხელისუფლება, გზაგასაყარზეა.

საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა და გამოხატა თავისი ნება – საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარებისა და გამთლიანების, ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბებისა და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა.

ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს, არ დათმობს თავის ევროპულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

______________

ამავე თემაზე:

შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება მოქალაქეების ღირსებაზე არ ფიქრობს – ზურაბიშვილი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: