მთავარი,სიახლეები

რამდენი ძველი ნებართვაა გადანახული და როგორ შეცვლიან ისინი ბათუმს

28.05.2023 •
რამდენი ძველი ნებართვაა გადანახული და როგორ შეცვლიან ისინი ბათუმს

„სასამართლოში გვიჩივლებს და მოგვიგებს“, – ეს არის და იყო გასულ წლებში მთავარი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ ან ვერ ცვლიან ბათუმის მერები ურბანულ პოლიტიკას არამხოლოდ ადრე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე, არამედ შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტებზეც კი.

როგორც თავად გვიხსნიდნენ, მაგალითად, ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებები მეტწილად მისი წინამორბედის – გიორგი ერმაკოვის დაწყებულის გაგრძელება იყო. არჩილ ჩიქოვანი კი ამ ორივე ყოფილის დაწყებულის დასრულებას, ანუ ნებართვების გაცემას აწერს ხელს.

მომავალი მერიც ალბათ იმავეს გვეტყვის.

ძველი ნებართვები, მათ შორის 2016 – 2017 წლებით დათარიღებულიც კი, იმ რაოდენობით გვხვდება, რომ შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, ისინი განუსაზღვრელი ოდენობით, სადღაც თაროზე ხომ არ ალაგია?

ამ საკითხზე გასულ კვირას შპს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ვკითხეთ. კომპანია ბათუმის მერიის დაკვეთით ქალაქის განაშენიანების გეგმას ამზადებს [გენგეგმა].

გასულ კვირას შპს „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ საზოგადოებას ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებული კვლევის ნაწილი და განვითარების ხედვა წარუდგინა. დისკუსიის დროს მოქალაქეების კითხვები ბევრ პრობლემურ საკითხს შეეხო.

„ბათუმელები“ კი ერთი საკითხით დავინტერესდა – კონკრეტული უბნების განვითარების ხედვების შეთავაზება გულისხმობს თუ არა, რომ სპეციალისტებმა კონცეფციების შემუშავებამდე უკვე გაცემული ნებართვები დაამუშავეს.

გვიპასუხეს, რომ – არა.

„წესით დამუშავებული უნდა იყოს, რადგან გარდაუვალია, რომ მომავალში ეს არ გამოიწვევს ცვლილებებს. თუმცა არის ტექნიკური პრობლემა“,  – განგვიმარტა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენელმა სოფო თოდუამ.

მისვე თქმით, პრობლემა ის არის, რომ ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული სისტემა რამდენიმეჯერ შეიცვალა. შესაბამისად, არ არსებობს ელექტრონული ბაზა:

„ეს ნიშნავს, წელიწადში 5-15 ათასის, თუ რამდენიც არის, ნებართვების არქივიდან ამოღებას და ასე გადახედვას. ეს, სიმართლე გითხრათ, შეუძლებელია. მაგრამ არსებობს ცხრილი, სადაც მითითებულია მისამართები. ამ ცხრილის მიხედვით შეიძლება განსაზღვრა, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი. თუმცა, ნებართვებშიც არსებობს ვადები. ამიტომ მოლოდინი, რომ რაზეც არსებობს ნებართვა ის აუცილებლად აშენდება 2-3 წელში, ესეც ვარაუდის დონეზე შეიძლება“.

გენგეგმაში კვლევითი ნაწილის განხილვისას სპეციალისტებმა აღნიშნეს ასევე, რომ ქალაქისთვის 3000-ზე მეტი შეუსაბამო ნაგებობაა ბათუმში. თუმცა ჯგუფმა ვერ დააკონკრეტა, ეს შენობები ნებართვით არის აშენებული თუ უკანონოდ:

„ამის შემოწმება იმიტომ არის შეუძლებელია, რომ ორი განსხვავებული ბაზაა, რომლის შედარებაც ვერ ხდება – რეესტრი არ აახლებს ბაზებს ისე ხშირად, როგორც ჩვენ ვაახლებთ. რეესტრის მასალებში, მაგალითად, ზოგიერთი ობიექტი, რაც რეალურად არსებობს, აღრიცხული არ იყო. ამიტომ ჩვენ განმეორებით ჩავატარეთ კვლევა და ის რუკები და მასალები, რაც გვაქვს წარმოდგენილი, რეალობას სრულად ასახავს.

ბევრს მისამართები შეცვლილი აქვს, მათ შორის საკადასტრო ერთეულებიც იცვლება. სამწუხაროდ, ამ ბაზაზე წვდომა არ გვაქვს. ამიტომ, ჯერჯერობით, ამ ორის შედარება ერთმანეთთან შეუძლებელია. ჩვენ ვამბობთ: ეს ბაზები რომ გაერთიანდეს, საინფორმაციო სისტემა უნდა არსებობდეს ბათუმში“.

ჯერჯერობით გაურკვეველია უნებართვოდ აშენებული შენობების ბედიც. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ამნისტიის პროექტი მხოლოდ იმ შენობებს ეხება, რომლებიც ნებართვის პირობების დარღვევით აშენდა და არა საერთოდ უნებართვოდ, უკანონოდ აშენებულ შენობებს.

ბათუმში ბევრი უნებართვოდ აშენებული შენობების შესახებ ვიცით. მათი უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ უკანონოდ არის აშენებული, რეესტრში დარეგისტრირებულია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: