ბათუმის პლაჟი ხელოვნურ კვებაზეა – ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 2,3 მილიონი დაიხარჯება

აჭარის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში დაფინანსებულია პროგრამა, რომელიც პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებს ითვალისწინებს. ამ პროგრამის ფარგლებში მდინარის კალაპოტიდან ზღვის სანაპიროზე ინერტული მასალა უნდა შეიტანონ. ეს აუცილებელია ბათუმში პლაჟის შესანარჩუნებლად.

დღეს არსებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პროგრამა 2024-2027 წლებს მოიცავს და ყოველწლიურად პლაჟის ხელოვნური კვებისთვის 2 მილიონ 300 ათასი ლარია გაწერილი, ჯამში – 9,2 მილიონი ლარი.

აჭარის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტიდან

პროგრამა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ უნდა განახორციელოს.

რამდენად იქნება საკმარისი ერთ წელში 2,3 მილიონი ლარი და რა რაოდენობის ნატანის შეტანა მოხერხდება ამ თანხის ფარგლებში, ჯერ უცნობია. მითუმეტეს, ამ თანხით უნდა დაფინანსდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, უშუალოდ პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები და ამ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობაც.

ნიშანდობლივია, რომ 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მაისამდე სანაპიროზე 413 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა შეიტანეს.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ამ სამუშაოებში 2022 წელს 674 ათასი, ხოლო 2023 წელს 4 901 800 [ანუ, სულ 5 575 800] ლარი დაიხარჯა.

ამ რაოდენობის ხრეშის შეტანის მიუხედავად ზღვამ სანაპირო ზოლი 27 ნოემბერს შტორმის დროს მაინც დაანგრია.

შტორმი ბათუმში / 27.11.2023

პროექტის მიხედვით, ნატანს/ხრეშს პროგრამის ფარგლებში ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე შეიტანენ. სანაპიროზე ხელოვნურად შეტანილ ხრეშს კი შემდეგ ზღვა თავად გადაანაწილებს.

ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ პროგრამა – „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“ – „ითვალისწინებს მდინარე ჭოროხის კალაპოტში არსებული კარიერებიდან პლაჟწარმომქმნელი ნატანის ტრანსპორტირებას და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შესაბამის უბნებში რეცხვადი ბერმის მოწყობას.“

თუმცა გეოლოგი ტარიელ ტუსკია ამბობს, რომ საქართველოს იმ მდინარეებში, რომლებიც შავ ზღვაში ჩაედინება, პლაჟწარმომქმნელი ნატანის მოპოვება უკვე პრობლემაა. ზღვის პლაჟის აღდგენას კი აუცილებლად მდინარეული ინერტული მასალა სჭირდება.

მისივე თქმით, „კახეთსა და სხვა რეგიონებში არსებობს ინერტული მასალის რესურსი, ბევრი მშრალი მდინარეა, თუმცა ტრანსპორტირებაა რთული. შესაძლებელია, მატარებლის ვაგონებით ამ ინერტული მასალის ჩამოტანა.“

შტორმი ბათუმში / 27.11.2023

ზღვის სანაპირო ზოლში ინერტული მასალის აღმოსავლეთ საქართველოდან შემოტანა თუ გახდა საჭირო, ბუნებრივია, ამას გაცილებით დიდი ფინანსები დასჭირდება.

დღეს კვლავ აქტუალურია საკითხი, რომ „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლუატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.

სანაპიროზე ხრეშის შეტანა არა მარტო პლაჟის შენარჩუნებას ემსახურება, არამედ სანაპირო ზოლში ზღვისგან ხმელეთის მიტაცების პრევენციისთვის და იმ კონსტრუქციების დასაცავადაა აუცილებელი, რომლებიც ნაპირის გასამაგრებლად აშენდა ან ახლა შენდება.

ამავე თემაზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

საქართველოში მოსწავლე გოგონების შედეგები აღემატება ბიჭებისას – PISA-ს ახალი კვლევა

საერთაშორისო კვლევის, PISA-ს 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსწავლეთა მიღწევები მათემატიკაში 2018 წელთან შედარებით 8 ქულით შემცირდა, კითხვაში კი – 6 ქულით.

მაჩვენებელი მხოლოდ საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით.

„PISA 2022 წლის მონაცემებით, მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია OECD-ის ქვეყნების საშუალოზე (OECD-ის საშუალო: 69%).

კითხვაში დაახლოებით 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2 ან უფრო მაღალ დონეს (OECD-ის საშუალო: 74%), ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში დაახლოებით 35%-მა (OECD-ის საშუალო: 76%).

PISA 2022 წლის შედეგებით, საქართველოში ბიჭები (387 ქულა) და გოგონები (393 ქულა), საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებდნენ მათემატიკის დავალებებს. კითხვაში გოგონები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს (გოგონა – 392 ქულა, ბიჭი – 357  ქულა), ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გოგონებმა 14 ქულით მეტი (391 ქულა) მიიღეს, ვიდრე ბიჭებმა (377 ქულა).

 საქართველო PISA 2022-ში მონაწილე იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც სქესის მიხედვით გოგონების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს.

ამ მიმართულებით საქართველოს მსგავსი მონაცემები აქვთ ბრუნეის, ჩრდილოეთ მაკედონიას, ფილიპინებს, მაროკოს, ალბანეთს, პალესტინას, მონღოლეთს, ბაქოს (აზერბაიჯანი), დომინიკის რესპუბლიკას, ფინეთს და კიდევ 6 სხვა ქვეყანას.

„საქართველოში მიღწევის დონეების მიხედვით, მათემატიკაში დაბალი მაჩვენებლების წილი მსგავსია ბიჭებსა (67%) და გოგონებში (66%), თუმცა, კითხვაში ეს წილი უფრო დიდია ბიჭების შემთხვევაში (გოგონები 59% და ბიჭები 74% კითხვის მე-2 დონეს ქვემოთ).

რაც შეეხება უმაღლესი შედეგების მქონე მოსწავლეებს, მათემატიკაში ბიჭების (1%) და გოგონების (1%) წილი მსგავსია.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით 2000 წლიდან ტარდება.

PISA-ს შეფასების მიზანია დაადგინოს რამდენად შეიძინეს 15 წლის მოსწავლეებმა ის ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებაში სრულყოფილი მონაწილეობისთვის. განსაკუთრებით კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებში.

PISA-ს შეფასება 15 წლის მოსწავლეების მიერ ცოდნის რეპროდუცირების უნართან ერთად ზომავს, რამდენად კარგად შეუძლიათ მოსწავლეებს ნასწავლის გამოყენება უცნობ გარემოში, როგორც სკოლაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობდა 267 სკოლის 6 583 მოსწავლე.

შეძლებულმა მოსწავლეებმა მათემატიკაში 65 ქულით აჯობეს ღარიბ მოსწავლეებს – PISA

PISA 2022 წლის სოციალურ-ეკონომიკური ინდექსის თანახმად, 2015-2022 წლებში, საქართველოში სოციო-ეკონომიკურად შეძლებულმა მოსწავლეებმა [სოციო-ეკონომიკური სტატუსის მიხედვით ზედა 25%] მათემატიკაში 65 ქულით აჯობეს შეჭირვებულ მოსწავლეებს [ქვედა 25%].

ამავე დროს, საქართველოს ეკონომიკურად შეჭირვებული 15 წლის მოსწავლეების დაახლოებით 14%-მა მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო და მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეების ზედა 25%-ში მოხვდა.

„ეს მოსწავლეები შეიძლება ჩაითვალონ აკადემიურად მდგრადებად, რადგან მიუხედავად სოციოეკონომიკური სტატუსისა, საქართველოს სხვა მოსწავლეებთან შედარებით უმაღლეს შედეგებს მიაღწიეს“ – ნათქვამია კვლევაში.

OECD-ის [ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია] ქვეყნებში, ეკონომიკურად შეჭირვებული მოსწავლეების მხოლოდ 10%-მა მიიღო მათემატიკაში უმაღლესი შეფასება და შეძლო მიღწევების ზედა 25%-ში მოხვედრა.

ამავე წყაროს მიხედვით, ქართველი მოსწავლეების ცხოვრებით კმაყოფილების განცდა გაუარესდა.

2022 წელს, ისევე როგორც 2018-ში, საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 13%-მა განაცხადა, რომ უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით.

მათ თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილება 10 ბალიან სკალაზე შეაფასეს 0-დან 4-მდე ქულით.

საშუალოდ, OECD-ის ქვეყნებში, იმ მოსწავლეთა წილი, ვინც ცხოვრებით კმაყოფილი არ არის 2015 წლის 11%-დან გაიზარდა 16%-მდე (2018 წელი) და 2022 წელს კი, 18% შეადგინა.

PISA-ს შეფასების მიზანია დაადგინოს რამდენად შეიძინეს 15 წლის მოსწავლეებმა ის ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებაში სრულყოფილი მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებში.

PISA-ს შეფასება 15 წლის მოსწავლეების მიერ ცოდნის რეპროდუცირების უნართან ერთად ზომავს, რამდენად კარგად შეუძლიათ მოსწავლეებს ნასწავლის გამოყენება უცნობ გარემოში, როგორც სკოლაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

აბორტი გაუპატიურების შემდეგ – ომბუდსმენის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურად მიჩნევას ითხოვს, რომლის მიხედვითაც ორსულობის შეწყვეტა ნაყოფის 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის პერიოდშიც შეიძლება, თუ ქალი დაორსულდა „სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად“ .

კანონით ორსულობის შეწყვეტა 12 კვირის შემდეგ შესაძლებელია სამედიცინო ჩვენების დროს. ორსულობის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული მეორე საფუძველი კი, სადავო შემთხვევაა და რომლითაც პრაქტიკულად ვერავინ სარგებლობს, რადგან სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის განხილვის 9-თვიანი ვადა აქვს.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერი მიზეზით, თუ ორსულობის ვადა არ აღემატება 12 კვირას. ამავე კანონის 140-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების არსებობისას.

„დასახელებული სამართლებრივი ნორმა, 12 კვირის შემდეგ, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სავალდებულო საფუძვლად სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს განსაზღვრავს.

სწორედ აღნიშნული სავალდებულო საფუძველი ქმნის პრობლემას, რადგან საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ხანგრძლივობა, როგორც წესი, აღემატება არა მხოლოდ აბორტისთვის დასაშვებ, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ 22-კვირიან ვადას, არამედ ზოგჯერ ორსულობის მთლიან პერიოდსაც კი. შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის შეუძლებელი ხდება, მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ სავალდებულო საფუძვლის – გამამტყუნებელი განაჩენის წარდგენა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

სარჩელში აღწერილია შემთხვევებიც, რის გამოც, მსხვერპლი შესაძლოა დროულად არ მიმართავდეს სამართალდამცავ ორგანოებს:

„ამგვარი პრობლემის სამართლებრივი მოწესრიგებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლის მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობას, რაც შეიძლება ხშირ შემთხვევაში ძალადობის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მყისიერად მიმართვის ხელშემშლელი/შემაფერხებელი მიზეზი იყოს, განსაკუთრებით ტრადიციული/კონსერვატიული შეხედულებების მქონე საზოგადოებში მცხოვრები ქალებისათვის.

ძალადობიდან მოკლე პერიოდში, ხშირად, მსხვერპლს უჭირს გადაწყვეტილების მიღება და სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. რაც დამატებითი, შემაყოვნებელი ფაქტორია გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში,“ – აღნიშნულია სარჩელში.

შემაფერხებელი ფაქტორები, განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როდესაც სექსუალური ძალადობა, ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა – პარტნიორის, ქმრის ან ოჯახის სხვა წევრის მხრიდან. კვლევების მიხედვით, პარტნიორი/ქმარი ხშირად მსხვერპლს ემუქრება, უზღუდავს გადაადგილებას, სერვისებზე წვდომას, რის გამოც, მსხვერპლი მოკლებულია შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე მიაკითხოს შესაბამის სერვისებს. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ასევე განგრძობითი ძალადობა, როდესაც მოძალადე მსხვერპლს ემუქრება, როდესაც მსხვერპლი, სხვადასხვა ფორმით დამოკიდებულია მოძალადეზე. დასახელებული კვლევის თანახმად, შესწავლილი შემთხვევების უმეტესობა ეხებოდა, სწორედ ოჯახის წევრის ან ახლობლის მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებს, რამაც არასასურველი ორსულობა გამოიწვია. ყველა ამ შემთხვევაში, დაზარალებულმა ქალებმა ორსულობა გაამჟღავნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ვიზუალურად გამოიკვეთა.

საგულისხმოა, რომ, მაგალითად, არასრულწლოვანის შემთხვევაში, პირველი 12 კვირის დროს, მსხვერპლი შესაძლებელია საერთოდ ვერ მიხვდეს ორსულად რომ არის. მართალია ჩვენი კანონმდებლობა, როგორც გამონაკლის შემთხვევას განიხილავს 15 წლამდე ბავშვის ორსულობას, მაგრამ, ეს პრობლემა შეიძლება შეექმნას 16-17 წლის გოგონებსაც, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ორსულობის ნიშნების თაობაზე.

ორსულობის დაგვიანებით აღმოჩენა სრულწლოვან ქალებშიც ხშირია, თუ ქალს აქვს გინეკოლოგიური პრობლემები, კერძოდ მენსტრუალური ციკლის დარღვევა. გარდა, ამისა გადატანილი სტრესის ფონზე ხშირად ირღვევა მენსტრუალური ციკლი, რის გამოც შესაძლოა მსხვერპლმა ეჭვიც ვერ შეიტანს ორსულობაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, გადატანილი ტრავმის ფონზე, ასევე უქვეითდება განცდები, ხდება საკუთარი სხეულისგან მისი გაუცხოება, ასეთ შემთხვევაში, ხშირად, იგი ემოციურად უარყოფს რეალობას, რომ ის ორსულადაა,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

ომბუდსმენს შეუგროვებია სტატისტიკაც: რა დრო სჭირდება საშუალოდ სასამართლოებს სქესობრივი დანაშაულებზე განაჩენის მისაღებად?

„2017 წლის პირველი ივნისიდან 2019 წლის პირველ მაისამდე პერიოდში მიღებული განაჩენების თანახმად, მაგალითად, სქესობრივი დანაშაულის, კერძოდ გაუპატიურების სსკ-ის 137-ე მუხლი, დანაშაულზე გამოძიება და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება საშუალოდ 4 თვიდან 19 თვემდე გრძელდება. კერძოდ, 2017 წლის პირველი ივნისიდან 2019 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, გაუპატიურების დანაშაულზე საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენებიდან ყველაზე მოკლე დრო, რაც გაუპატიურების ფაქტიდან სასამართლოს განაჩენის მიღებას დასჭირდა 4 თვეა (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის N1/136-18 განაჩენი), ხოლო ყველაზე დიდი დრო – 1 წელი და 7 თვე (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის N1/658-17 განაჩენი). თუმცა, საქმეების უმრავლესობაში, სასამართლომ განაჩენი მიიღო 6 თვიდან 9 თვემდე პერიოდში.

2021-2022 წლებში გაუპატიურების დანაშაულზე საერთო სასამართლოების მიერ მიღებული განაჩენებიდან ყველაზე მოკლე დრო, რაც გაუპატიურების ფაქტიდან სასამართლოს განაჩენის მიღებას დასჭირდა 3 თვე და 17 დღეა (სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის N1/57 განაჩენი[23]), ხოლო ყველაზე დიდი დრო – 20 თვე და 13 დღეა (ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის N1/258-2020 განაჩენი), თუმცა საქმეების უმრავლესობაში, სასამართლომ განაჩენი მიიღო 8 თვიდან 9 თვემდე პერიოდში,“ –  აღნიშნულია განაჩენში.

სახალხო დამცველი ამ სამართლებრივ ნორმას დისკრიმინაციულად აფასებს:

„მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციულია, ვინაიდან მათი მოქმედების პირობებში თანაბარი მოპყრობაა დადგენილი არსებითად უთანასწორო პირებს შორის. ამასთანავე, სადავო წესი თანაბარ პირობებს უდგენს პირებს, რომლებიც არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან.

კერძოდ, მიუხედავად იმისა რომ სადავო ნორმები ფორმალურად, დასაშვებად მიიჩნევს 12 კვირაზე მეტი ვადის სქესობრივი დანაშაულის შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას [12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია სოციალური ჩვენებების მიხედვით], კანონმდებლობით დადგენილი მოწესრიგება [სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობის შემთხვევაში აბორტის გაკეთების აკრძალვა] არაპირდაპირ გამორიცხავს იმ მსხვერპლი ქალების მისაწვდომობას აბორტზე ორსულობის 12 კვირის შემდგომ, რომელთა საქმეებზეც სამართალწარმოება არ დასრულებულა.

ფორმალურად, კანონმდებელმა სხვადასხვა შესაძლებლობები დაადგინა პირთა არსებითად უთანასწორობის გამო.

კერძოდ, ძალადობის მსხვერპლ ორსულ ქალებს შესაძლებლობა მისცა 12-დან 22 კვირამდე ვადაში გაიკეთონ აბორტი, მაშინ როდესაც იმ ორსულ ქალებს, რომლებიც ნებაყოფლობითი სექსუალური ურთიერთობის შედეგად დაორსულდნენ, მხოლოდ 12 კვირამდე ვადაში აქვთ აბორტის გაკეთების უფლება [გარდა გამონაკლისი სამედიცინო და სოციალური ჩვენებებისა].

…ფაქტობრივი მოცემულობით ამ ორ ჯგუფს შორის არის თანაბარი მოპყრობა დადგენილი – იმ შემთხვევაში თუ სასამართლო 22 კვირის ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სქესობრივი დანაშაულის შედეგად დაორსულებული ქალის ლეგალური აბორტის ვადა უთანაბრდება 12 კვირას, სხვა ორსული ქალების მსგავსად. რადგან, კანონმდებლობა საგამონაკლისო შემთხვევას ავრცელებს მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენის არსებობისას და 12-დან 22 კვირამდე ვადაში ლეგალურ აბორტზე წვდომა ეზღუდება მსხვერპლებს, რომლებმაც განაცხადეს გაუპატიურების შესახებ, თუმცა მათ საქმეზე ჯერ არ არის მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება.

შესაბამისად, მიუხედავად ფორმალური ჩანაწერისა, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ორსული ქალის განსაკუთრებულ სოციალურ საჭიროებებს და მის მიმართ, იმ პირების მსგავს მოპყრობას ადგენს, რომელთა ორსულობა სექსუალური ძალადობის შედეგად არ დამდგარა,“ – ჩაუწერია სარჩელში სახალხო დამცველს.

რა რისკი არსებობს, თუ გაუპატიურების საქმეებზე ექიმი სასამართლოს განაჩენს არ დაელოდება?

„…გაუპატიურების თაობაზე ცრუ ინფორმაციის მიცემის ჰიპოთეტური საფრთხე ვერ გადაწონის ზემოაღნიშნულ პირობებში რეალურად მყოფი ქალის აბსოლუტურად ლეგიტიმურ ინტერესს, მაქსიმალურად ეფექტურად განთავისუფლდეს ძალადობის, ფსიქო-ემოციური თვალსაზრისით, უმძიმესი შედეგებისგან.

ამდენად, ვთვლით, რომ აშკარად დარღვეულია სამართლიანი ბალანსი დაპირისპირებულ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის და სადავო შეზღუდვა ვერც ამ მხრივ აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს [პიროვნული თავისუფლების განვითარების უფლება] და მე-15 მუხლის პირველ პუნქტს [პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცის უფლება“, – აღნიშნულია სარჩელში.

რეზინის ტყვიები აქციებზე – მაკო გომური პარლამენტს და შს მინისტრს საკონსტიტუციოში უჩივის

მაკო გომური საქართველოს პარლამენტს და შს მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის.

საკონსტიტუციო სარჩელით, 2020 წლის 20-21 ივნისის აქციაზე დაშავებული მაკო გომური „პოლიციის შესახებ“ კანონში, ასევე სხვა სამართლებრივი აქტებში კონკრეტული ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც საპროტესტო აქციებზე პოლიციელების მხრიდან რეზინის ტყვიების გამოყენების წესებს ადგენს.

მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც დაკარგა თვალი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას მიღებული აქვს სხეულის დაზიანება მძიმე ხარისხით, რამაც გამოიწვია საერთო შრომისუნარიანობის შემცირება.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო მაკო გომურის სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს „პოლიციის შესახებ“ კანონის შეცვლა მოუწევს, შინაგან საქმეთა მინისტრს კი – ბრძანების, რომლითაც საპროტესტო აქციების დროს ხელმძღვანელობს.

„…აღნიშნული ნორმა ზოგადად ავალდებულებს პოლიციელს არალეტალური ჭურვი გაისროლოს სამიზნიდან არანაკლებ 20 მეტრის დაშორებით, ეს მოთხოვნა ეხება განუსაზღვრელი რაოდენობის პოლიციელს და ეხება განუსაზღვრელი რაოდენობის დემონსტრანტს, რომელსაც 20 მეტრიდან შესაძლოა არალეტალური ჭურვი შეიძლება მოხდეს,“ – აღნიშნულია სარჩელში, – „ეს ნორმა გამოყენებული შეიძლება იქნას განუსაზღვრელი რაოდენობის დემონსტრაციაზე, სადაც არალეტალური ჭურვის სროლის აუცილებლობა წარმოიშობა. ამგვარად, სადავო ნორმა ზოგადი და მრავალჯერადი გამოყენებისაა და შესაბამისად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის ნორმატიულ აქტად უნდა იქნეს მიჩნეული.

სადავო ნორმა, კერძოდ, კი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოთვლის სხვადასხვა სპეციალურ საშუალებას: ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი [მათ შორის, არალეტალური ჭურვი], ისე, რომ არაფერს არ ამბობს იმაზე, რა თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ამ საშუალებების გამოყენება. ეს საშუალებები განსხვავდება ადამიანის ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების ხარისხით.

არალეტალურ ჭურვს შეუძლია სამუდამოდ დააკარგვინოს ადამიანს მხედველობა. სხვა სპეციალური საშუალებებსაც გააჩნიათ ჯანმრთელობის დაზიანების რისკები, თუმცა წიწაკის გაზის და აკუსტიკური საშუალებით მიყენებული დაზიანების ხარისხი უფრო მსუბუქია, ვიდრე რეზინის ტყვიით გამოწვეული დაზიანება.

სადავო ნორმა არაფერს ამბობს, რა თანამიმდევრობით უნდა მოხდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი პოლიციას ანიჭებს იმის უფლებას, რომ, მაგალითად, წიწაკის გაზი და აკუსტიკური საშუალება რეზინის ტყვიაზე გვიან გამოიყენოს.

ამგვარად, სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნებს, ვინაიდან ნაკლებად დამაზიანებელი ალტერნატივების გამოყენება წინ არ უძღვის არალეტალური ჭურვის გამოყენებას.

სადავო ნორმა არ ავალდებულებს პოლიციას, არალეტალური ჭურვი მაშინ გამოიყენოს, როდესაც ძალადობის აღსაკვეთად მანამდე უშედეგოდ იქნა გამოყენებული სხვა სპეციალური საშუალებები, ან ამ საშუალებების გამოყენება თავიდანვე უვარგისი იქნებოდა ძალადობის ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით.

ამასთან, სადავო ნორმა არ ავალდებულებს პოლიციას, რომ შეწყვიტოს რეზინის ტყვიების გამოყენება, როცა არეულობა იმგვარ კონდიციამდე მივიდა, რომ მასების მართვა ეფექტიანად არის შესაძლებელი ნაკლებად დამაზიანებელი სპეციალური საშუალებებით.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის გასაჩივრებული ბრძანების ნორმატიულ შინაარსს, ამ ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიის გამოყენებას კონსტიტუციურად მიიჩნევს. ასეთ შემთხვევაში, სასიკვდილო შედეგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ამგვარი ჭურვისათვის დადგენილი იყოს სროლის არა 20-მეტრიანი მინიმალური მანძილი, არამედ უფრო მეტი – სამიზნიდან მინიმუმ 50-მეტრიანი დისტანცია.

მოსარჩელე მაკო გომური სარჩელში მიუთითებს იმასაც, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს სპეციალური საშუალებების კონსტიტუციურობის საკითხს და ამ საშუალებების გადამეტებული გამოყენება არღვევს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულ არასათანადო მოპყრობის აკრძალვის პრინციპს.

სარჩელს თან ერთვის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც მითითებულია: „2019 წლის აქციაზე ყოფნის დროს მაია გომურს მარცხენა თვალში მოხვდა რეზინის ტყვია, რის შედეგადაც დაკარგა მხედველობა და მიიღო თვალის კაკლის ჭრილობა…“

საქმის მასალებშია მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის ინენშტადტის თვალის კლინიკის კამპუსის დირექტორის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ზიგფრიდ პრიგლინგერის 2019 წლის 28 აგვისტოს დიაგნოზი, რომელშიც აღნიშნულია:„ ქ-ნ გომურს აღენიშნება რეკონსტრუქციის შემდგომი ტრავმული ფტოზი ზედა ქუთუთოს ნაწიბურით და ევისცერაციის შემდგომი მდგომარეობა 06/2019 სასროლი იარაღით მიყენებული ტრავმის შემდგომი მდგომარეობა“.

საქმის მასალებშია ასევე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე. დადგენილებაში აღნიშნულია:

„2019 წლის 20-21 ივნისს ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ მოქალაქეთა საპროტესტო შეკრებისას განხორციელდა საპოლიციო მოქმედებები, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალებები, რა დროსაც ცალკეულმა სამართალდამცავებმა ძალადობით და იარაღით სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს. აღნიშნულის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მაია გომურმა, რაც მისი დაზარალებულად ცნობის საფუძველს წარმოადგენს“.

სარჩელში ხაზგასმულია ევროსასამართლოს მიერ ამ კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები და Amnesty International-ის, ასევე Omega-ს რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, რეზინის ტყვიების გამოყენება უნდა იყოს საბოლოო საშუალება, მანამდე სახელმწიფო უნდა ეცადოს ნაკლებად დამაზიანებელი სპეციალური საშუალებების გამოყენებით ძალადობის აღკვეთას.

კინეტიკური ძალის ჭურვების გამოყენება ნაკლებად დამაზიანებელი ალტერნატივების წინასწარი გამოყენების გარეშე, დასაშვებია მაშინ, როცა თავიდანვე ნათელია, რომ ნაკლებად დამაზიანებელი სპეციალური საშუალებები ვერ შეაჩერებს ძალადობას. პოლიციამ, პირველივე შესაძლებლობისას, რეზინის ტყვია უნდა ჩაანაცვლოს სხვა ნაკლებად დამაზიანებელი სპეციალური საშუალებით, როცა რეზინის ტყვიის გამოყენების შემდეგ ვითარება იმგვარად შეიცვალა, რომ სხვა სპეციალური საშუალება გახდა ეფექტიანი საშუალება მასების სამართავად.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი იმგვარად არის ფორმულირებული, რომ ზიანის მიყენების თვალსაზრისით, არალეტალური ჭურვი გათანაბრებულია ისეთ სპეციალურ საშუალებასთან, როგორიცაა: ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება. ეს უკანასკნელი, გრძელვადიან პერსპექტივაში, არ არის ისეთი დამაზიანებელი, როგორც რეზინის ტყვია [რეზინის ტყვიას შესაძლოა მხედველობის სამუდამო დაკარგვა მოჰყვეს].

რაც შეეხება ცრემლსადენ გაზს, ეს უკანასკნელი სიცოცხლისათვის საშიშია, თუ მისი გამოყენება ხდება სამიზნისათვის, მხოლოდ მაშინ, როცა ნასროლი კაფსულა ადამიანის სხეულზე ფეთქდება. ცრემლსადენი გაზის კაფსულის მოხვედრა ადამიანის სხეულზე სიცოცხლისათვის საშიშია აფეთქების მომენტში, სანამ ბოლს გამოუშვებს. ბოლის გაშვების შემდეგ, ცრემლსადენი გაზი არალეტალური საშუალება ხდება. ამ შემთხვევაში, ცრემლსადენი გაზი არ არის ისევე საზიანო, როგორც რეზინის ტყვია. წიწაკის გაზის გამოყენება ხშირად დაკავშირებულია არა კაფსულის აფეთქებასთან, არამედ სპეციალური კონტეინერიდან სპრეის ადრესატისათვის შესხურებასთან. ამიტომ ეს უკანასკნელი კიდევ უფრო ნაკლებად დამაზიანებელია, ვიდრე რეზინის ტყვია. ამის მიუხედავად, კანონმდებელმა, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, არალეტალური ჭურვი გაუთანაბრა ისეთ საშუალებებს, როგორიცაა აკუსტიკური საშუალება და წიწაკის გაზი.

ამგვარად, სხვა გარანტიების არარსებობასთან ერთად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურობა მდგომარეობს იმაში, რომ არ ითვალისწინებს არალეტალური ჭურვის, როგორც უკიდურესი საშუალების, გამოყენების ვალდებულებას, როცა სხვა ნაკლებად დამაზიანებელი საშუალების გამოყენება აშკარად არაეფექტიანია ძალადობის აღსაკვეთად,“ – აღნიშნულია სარჩელში.

მაკო გომურის ინტერესებს სასამართლოში გიორგი გოცირიძე [საია] იცავს.

ალექსი ახვლედიანმა IMO – ის მდივანთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 33-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) არჩეულ გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება. ის IMO – ის გენერალურ მდივნად 2023 წლის ივლისში ორგანიზაციის საბჭოს 129-ე სესიაზე აირჩიეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, საზღვაო განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების სისტემის განვითარების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში საქართველო საზღვაო სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე საუბარი წარიმართა მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა ქვეყნის საზღვაო სფეროში მომსახურების „ერთი ფანჯრის სისტემის“ დანერგვა, ნავსადგურების გაერთიანების სისტემის ჩამოყალიბება და სხვ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობას ანაკლიაში, სადაც საზღვაო სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს უნდა დაიწყოს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსენიო დომინგესი ერთ-ერთი პირველი სამუშაო ვიზიტით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ხელმძღვანელის რანგში, საქართველოს ეწვევა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაცია ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ლონდონში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური ასამბლეის 33-ე რეგულარული სხდომაში მონაწილეობს. სესიის ფარგლებში განხილულ იქნა ორგანიზაციის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და 2024-2025 წლის ბიუჯეტის განხილვა. დღის წესრიგში იყო ასევე ასამბლეის კომიტეტების შექმნა, საბჭოს მიერ მოხსენების წარდგენა და კომიტეტების მიერ, მათ შორის საზღვაო უსაფრთხოების, იურიდიული, საზღვაო გარემოსდაცვითი და ტექნიკური კომიტეტის რეკომენდაციების მოსმენა. სესიის დღის წესრიგის თანახმად, 1 დეკემბერს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოს წევრების არჩევნები ჩატარდა.

ბათუმში 2 კაცი დაჭრეს

ბათუმში, „მაჭახელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი კაცი დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა 5 დეკემბერს, ღამით მოხდა.

შსს-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის სისხლის სამართლის 118-ე მუხლით დაკავებულია ერთი პირი. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ჭრილობები არ იყო მძიმე, ამიტომ სასწრაფო დახმარების გაწევის შემდეგ დაზარალებული პირები საავადმყოფოდან გაწერეს.

გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანის ახალი 6-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე, შარშან გახსნილ 5 კმ-იან მონაკვეთს ახალი 6 კმ-იანი მაგისტრალური გზა დაემატა, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან, 5 დეკემბრიდან გაიხსნა – აცხადებს საქართველოს გზების დეპარტამენტი.

ახალგახსნილი მონაკვეთი გრიგოლეთში იწყება და შარშან გახსნილ გზას წვერმაღალა-შეკვეთილთან უერთდება [რკინიგზაზე გადასასვლელი სამანქანე ხიდის მიმდებარედ].

ახალგახსნილი გზის მონაკვეთი/აღნიშნულია წითელი ხაზით

დეპარტამენტის ინფორმაციით, „გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კმ-იანი, 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას

საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა უკვე გახსნილია გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალური გზის 11 კმ-იან, 4 ზოლიან მონაკვეთზე. სამუშაოები აქტიურად გრძელდება და დარჩენილ 3 კმ მაგისტრალურ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2024 წელს გაიხსნება“

გრიგოლეთი–ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს

გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.

ახალგახსნილი გზის დასაწყისი გრიგოლეთში / დეპარტამენტის ფოტო

დღეიდან, 5 დეკემბრიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზეც.

„ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაგეგმილზე უფრო ადრე დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა.“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

ამ თემაზე:

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ნაწილი 9 დეკემბრამდე ჩაიკეტა – გზების დეპარტამენტი

ღირსების გარეშე გაკვეთილზე შესვლის აზრს ვერ ვხედავ – სამინისტროსთან მოშიმშილე პედაგოგი

„ღირსების გარეშე გაკვეთილზე შესვლის ან ამ ქვეყანაში დარჩენის და ცხოვრების გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ“ – ამბობს პედაგოგი მაია ეკალაძე, რომელიც განათლების სამინისტროს წინ მეორე დღეა შიმშილობს. დღეს მას ორჯერ დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა მასწავლებელი ამბობს, რომ მას სხვა გზა აღარ დაუტოვეს სიმართლის დასაცავად.

„ბათუმელები“ მაია ეკალაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო მაია, როგორც ვიცით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც დაგჭირდათ. ახლა როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

დილას, გამთენიისას იყო სასწრაფო მოსული და მეორედაც დამჭირდა, ნემსი გამიკეთეს და ახლა უკეთ ვარ. ვსვამ წყალს და ყავას.

  • მარტო თქვენ მიმართეთ უკიდურეს ფორმას, თუ თქვენი სხვა კოლეგებიც შიმშილობენ?

დათო ფერაძე ჩემთან ერთად ზის. ოფიციალურად არ გამოუცხადებია შიმშილობა, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. თუმცა რეალურად არაფერი უჭამია მთელი დღეა. ვეხვეწები, გადი, ჭამე-მეთქი, მაგრამ არ გადის.

დათო ფერაძისა და მაია ეკალაძის პროტესტი განათლების სამინისტროს წინ/ფოტო: ნეტგაზეთი.
  • განათლების მინისტრი როცა გამოეხმაურა თქვენს პროტესტს, თქვა, რომ თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, სასამართლოს მიმართოს, პროტესტები არ არის საჭიროო. რას იტყვით ამაზე?

ამით მინისტრი ცეცხლზე ნავთს ასხამს და ისე იქცევა, როგორც არ უნდა მოიქცეს არც ერთი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი.

მე არ ვაპირებ დათმობას და ვზივარ აქ. სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს.

მოთხოვნა არის ერთი – აღიაროს დანაშაული მინისტრმა. თუ მისი გადასაწყვეტი რამე არის ამ ქვეყანაში და თუ მართლა მინისტრია.

  • რას გულისხმობთ დანაშაულში, იქნებ დააზუსტოთ?

დირექტორების კონკურსებს და ზოგადად, კონკურსების დარღვევით ჩატარებას. სასამართლოსკენ ნუ მიგვითითებს, იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი ტყუილის თქმა და ნებისმიერი ყალბი ინფორმაციის წარდგენა.

მაგალითად, ის, რომ მე მომცეს სულ სხვა ხელმოწერების ოქმი და სასამართლოს გადასცეს სულ სხვა ოქმი და მარტო ამაში აქვთ დანაშაული ჩადენილი, სხვაზე რომ აღარ ვილაპარაკოთ.

  • თქვენ ამბობთ, რომ სამინისტრო ყველაფერზეა წამსვლელი? და თუ მინისტრს არც პასუხისმგებლობა ეყოფა, მაშინ რა იქნება ამ პროტესტის გაგრძელება? თქვენ როგორ ხედავთ მომავალ სურათს?

სიმართლე გითხრათ, მე მაინც იმედით ვუყურებ პროცესებს და თუ მინისტრს არ ეყოფა პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ აღიაროს რა შეცდომები დაუშვა მისმა უწყებამ, იქნებ ვინმემ მაინც ურჩიოს, უთხრას რაიმე.

თუ მაინც არ ექნება შესაბამისი რეაგირება, სადამდეც შემეძლება, იქამდე ვიქნები აქ.

თუ ცუდად გავხდები და გონებას დავკარგავ, როცა კარგად გავხდები, მაშინ გავაგრძელებ პროტესტს.

მაია ეკალაძეს შიმშილობის გამო სასწრაფო დახმარება დასჭირდა/ფოტო: „პუბლიკა“
  • სოციალურ ქსელებში ვნახე ერთი-ორი საყვედურის შემცველი პოსტი, სად არიან მასწავლებლები, როდესაც მათი კოლეგა შიმშილობს და იბრძვის სამართლიანობისთვისო. თქვენ თუ გრძნობთ კოლეგების მხარდაჭერას და გულს ხომ არ გტკენთ მათი დუმილი?

ჩემს გულისტკენაზე არ არის აქ საუბარი. მესმის, ბევრი ვერ დგას აქ სხვადასხვა მიზეზის გამო და ეს არ ნიშნავს, რომ აქ მხოლოდ ორი ან სამი ადამიანი ვდგავართ. ეს ასე არ არის და მინისტრმაც იცის ეს ძალიან კარგად.

მან ძალიან შეურაცხმყოფლად ისაუბრა მასწავლებლებზე, როცა ხელფასების ნაწილში თქვა, რომ „მასწავლებლებმა თავიდან სწორად ვერ გაიგეს“. გამოდის, რომ მასწავლებელი ვერ იგებს, რას ამბობს მინისტრი?!

მაგრამ მასწავლებლები თურმე მაინც „კმაყოფილი“ და „აღფრთოვანებული“ არიან მისი სახელფასო რეფორმით.

  • მახსოვს პედაგოგების განცხადებები, როცა ამბობდნენ, რომ  იანვრიდან თუ არ მოიმატებდა ხელფასები, დაიწყებოდა შეუქცევადი პროტესტი. მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ამჯერადაც შეეგუენ ამ ფაქტს.

მე უკვე სხვა აღარაფერი დამიტოვეს მასწავლებლებმა. მოვუწოდე რამდენჯერმე პროტესტისკენ, მაგრამ არ გამოვიდნენ. როგორ შეიძლებოდა ამ მოთხოვნის ასე ურეაქციოდ დატოვება? მაია ეკალაძეს და დათო ფერაძეს უნდათ მხოლოდ ხელფასი და სამართლიანობა?!

  • პრინციპში, ჩვენ არ გვახსოვს სკოლის მასწავლებლის შიმშილობის პრეცედენტი. არ გვინახავს პედაგოგი, რომელიც ასე ღიად დაუპირისპირდა სისტემას, მინისტრს. როგორ ფიქრობთ, იქნება თქვენი მაგალითი რაღაც ძვრების დასაწყისი ამ სისტემაში თუ არა?

სიმართლე გითხრათ, შიმშილობა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა და არ მინდა სხვა პედაგოგებმაც გადადგან ასეთი უკიდურესი ნაბიჯი.

თუმცა არიან ადამიანები, ვინც არ გვტოვებენ, მოდიან, ჩერდებიან გარკვეული დროით და არ მგონია, რომ მთლად მარტო დავრჩე ამ ბრძოლაში.

  • ახლახან კამპანიაც გქონდათ მასწავლებლებს იმაზე, თუ როგორ უნდა ასწავლოთ ბავშვებს ემპათია. სად არის თქვენი კოლეგების ემპათია, თუკი სიტყვით მაინც არ დაიცავენ თქვენს ინტერესებს?

მეცხრე კლასის წიგნი რომ აიღოთ, სადაც არ უნდა გადაშალო, ყველგან საუბარია ადამიანის უფლებებზე, ამ უფლებების დაცვასა და სამართლიანობისთვის ბრძოლაზე.

ყველაფერი სწორედ თანადგომას, სამართლიანობას, ღირსებას უკავშირდება და არ ვიცი, რანაირად უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ეს ყველაფერი, როგორ უნდა შევიდე სკოლაში, როცა საკუთარ უფლებებს ვერ ვიცავ?

მარტო ამილახვარს ვერ დავაბრალებთ იმას, რომ მასწავლებლების დიდი ნაწილი სიჩუმეს ირჩევს. ხშირად მათ წისქვილზე ჩვენ ვასხამთ ხოლმე წყალს და აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ.

ყველამ უნდა იმოქმედოს თავისი სინდისიდან გამომდინარე. მე იმიტომ მივმართე პროტესტის უკიდურეს ფორმას, რომ ვეღარ ვხედავ გაკვეთილზე შესვლის აზრს, ან ამ ქვეყანაში დარჩენისა და ცხოვრების აზრს, ღირსების გარეშე ცხოვრების გაგრძელების აზრს.

ეს არის გამოუვალი მდგომარეობა. ეს არ არის არჩევანი.

  • მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წევრებს ხომ არ გაუკეთებიათ რაიმე განცხადება სოლიდარობის ნიშნად ან ხომ არ აპირებენ?

ჩვენთან სულ არის ხოლმე გიორგი ჭაუჭიძე, გარდა ამისა, სხვა წევრებიც იყვნენ, მაგრამ რაიმე განცხადებას გააკეთებენ თუ არა, ვერ გეტყვით.

ძმები წულუკიძეების საქმე – რა გადაწყვიტა სააპელაციო სასამართლომ

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ძმები წულუკიძეების საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლომ ძმებს – რეზო და ფირუზ წულუკიძეებს, ასევე ელდარ ანთაძეს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ძმებ ჭელიძეებსა და მათ ბიძაშვილებს კი – 4 წლით.

წულუკიძეების ადვოკატი დავით ჯაფარიძე წულიკიძეების საქმეს 5 ივლისის საქმეს ადარებს და ამბობს, რომ სასამართლომ ამ ორ შემთხვევაში ორმაგი სტანდარტი გამოიყენა.

„5 ივლისის საქმეზე მოსამართლემ გამორიცხა ჯგუფური მოქმედება, იგივე მასობრივი არეულობა. მოსამართლე მაია თეთრაულმა მიიჩნია, რომ ჯგუფური მოქმედება უნდა იყოს ორგანიზებულად წარმოებული და უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი. უზენაესმა სასამართლომ დატოვა ძალაში ეს გადაწყვეტილება და ისინი გათავისუფლდნენ. აქ მხოლოდ ერთწუთიანი ბრძოლა იყო. დავანებოთ თავი იმას, რომ უძლიერესი კაცები დაესხნენ თავს ფირუზს და სხვებს. ერთწუთიანი ფიზიკური დაპირისპირება იყო ეს. ანუ დაუშვეს ორმაგი სტანდარტი. “

ადვოკატი ამბობს, რომ მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა მაია თეთრაულის განაჩენი 5 ივლისის საქმეზე და ასევე, უზენაესი სასამართლოს განჩინება, სადაც პროკურორის საჩივარი დაუშვებლად ცნეს.

„დაუშვეს ორმაგი სტანდარტი. ამ სამმა მოსამართლედ წოდებულმა გამოგვიცხადა განაჩენი, არც კი აგვიხსნეს, როგორ და რატომ. მოკლედ, არ უშვებენ წულუკიძეებს, იმიტომ, რომ ეშინიათ მომავალ არჩევნებზე არ გაუწიონ წინააღმდეგობა. ამას ვამბობ დარწმუნებით. გათელეს ფეხქვეშ კანონი. ასეთი სამარცხვინო მართლმსაჯულება სააკაშვილის დროსაც კი არ ჰქონია სასამართლოს“ – ამბობს ადვოკატი.

ბრალდებული ძმები წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაში 12 აპრილს მონაწილეობდნენ. მათ სწორედ იმ დღეს მომხდარი ინციდენტის გამო წაუყენეს ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით.

დაკავებულები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ რიონის ხეობაში პროვოკაცია მოუწყო და პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ, რადგან ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან.

გამოძიების ვერსიით, ძმები წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე, სულ 7 პირი, რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები შეიწყალა, წულუკიძეები და ელდარ ანთაძე კი – არა.

დღეს, 5 დეკემბერს, ამ საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა აჭარის უმაღლესი საბჭოს ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატონმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სთხოვს, შეიწყალოს ძმები წულუკიძეები და ამით დაასრულოს პოლიტიკური დევნა ძმების წინააღმდეგ.

ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

_____________

ფოტოზე: ფირუზ წულუკიძე „რიონის ხეობის დამცველების“ აქციაზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის წევრ Proparco-ს სასესხო ხელშეკრულება თიბისისთან

თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ჯგუფის წევრი საფინანსო ინსტიტუტის, Proparco-ს რეგიონულმა დირექტორმა თურქეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სტეფან ფრუასარდმა 100 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიალს ასევე ესწრებოდა, საქართველოში საფრანგეთის ელჩი, ქალბატონი შერაზ გასრი.

ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო შეთანხმება, რომელიც Proparco-ს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში აქამდე განუხორციელებია. ხელშეკრულების თანახმად, პროპარკოსგან მიღებული ფინანსური რესურსი მიმართული იქნება საქართველოში კლიმატთან დაკავშირებული ინვესტიციებისა და მეწარმე ქალთა მხარდასაჭერად, რაც ქვეყანაში ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული დაფინანსება, მეტად გაამყარებს თიბისის, წამყვან როლს მწვანე და მდგრადი დაკრედიტების კუთხით და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

„მოხარული ვარ, რომ თიბისის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და მნიშვნელოვნად ფართოვდება. აღნიშნული შეთანხმება ხაზს უსვამს, რომ ორივე ინსტიტუცია მტკიცედ უჭერს მხარს ადგილობრივი ბიზნესების მდგრად განვითარებას, მეწარმე ქალების ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საქართველოში მწვანე ფინანსირების ზრდას. აღნიშნული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პარტნიორობას და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“ – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„თიბისი ბანკთან 100 მილიონი ევროს ღირებულების ტრანზაქციის გაფორმებით ძალიან ვამაყობთ. ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას მისცემს თიბისის, გაზარდოს მდგრადი პორტფელი, განსაკუთრებით – კლიმატისა და გენდერული დაფინანსების მიმართულებით, რაც Proparco-ს მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს რეგიონში. ეს მნიშვნელოვანი ტრანზაქცია Proparco-ს ყველაზე დიდი დაფინანსებაა ქვეყანაში, რაც მას თიბისის სიდიდით მესამე კრედიტორად აქცევს. აღნიშნული თანამშრომლობა გამოხატავს საფრანგეთის მზაობას, მხარი დაუჭიროს პასუხისმგებელ და მდგრად მოთამაშეებს ფინანსურ სექტორში და გვერდში დაუდგეს საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც მას ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსი ენიჭება.“ – აღნიშნა სტეფან ფრუასარდმა, თურქეთის, კავკასიის, ცენტრალური აზიის, ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.

პროპარკო Agence Française de Développement ჯგუფის (AFD Group) კერძო სექტორის დაფინანსების ინსტიტუტია. ის 45 წელზე მეტია, რაც მდგრად ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით განვითარებას უწყობს ხელს. პროპარკო აფინანსებს ბიზნესებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში და ისეთი სექტორების განვითარებაში შეაქვს წვლილი, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, განახლებადი ენერგია, აგრობიზნესი, ფინანსური ინსტიტუტები, ჯანდაცვა განათლება და სხვა.

ბათუმში პოლიციელი დააკავეს ცოლზე ძალადობის ბრალდებით

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა.

სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1969 წელს დაბადებულმა სამართალდამცველმა 2023 წლის 4 დეკემბერს ბათუმში, ა. აბაშიძის ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალისგან დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც სამართალდამცავი ოჯახში ძალადობისთვის იქნა დაკავებული.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულ სამართალდამცველს ბრალდება 48 საათში წარედგინება, გამოძიება კი გრძელდება.

რუსეთის თავდაცვა ყირიმზე უკრაინული დრონების მასიურ თავდასხმაზე იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სამშაბათს, 5 დეკემბერს, ღამით, ათობით უკრაინული დრონი იქნა გაშვებული ყირიმისკენ.

რუსული მხარის ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვასა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე 33 დრონი ჩამოაგდეს.

ოფიციალურ კიევს ყირიმზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მოგვიანებით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ კიდევ ოთხი დრონი ჩამოაგდეს და ორი დააკავეს აზოვის ზღვაზე.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგები დაზუსტებული არ არის.

ამავდროულად, ოკუპირებული ყირიმის მაცხოვრებლები ტელეგრამზე წერენ, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ქერჩის, ფეოდოსიისა და ძველი ყირიმის რაიონებში.

ყირიმის ხიდზე მოძრაობა ოთხ საათზე მეტხანს იყო შეჩერებული.

უკრაინელი სამხედროები რეგულარულად ახორციელებენ დარტყმებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. ნოემბრის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის მიერ გაშვებული რაკეტა ქარხანას, მოხვდა, რის შედეგადაც დაზიანდა რუსეთის საზღვაო ძალების ერთ-ერთი ხომალდი.

 

გადაუღე ფოტო აჭარის კულტურულ მემკვიდრეობას – სააგენტო ფოტოკონკურსს აცხადებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ფოტოკონკურსს აცხადებს.

სააგენტოს ცნობით, საკონკურსოდ წარმოდგენილი ფოტო უნდა ეხებოდეს აჭარის კულტურულ მემკვიდრეობას და შინაარსობრივად ასახავდეს შემდეგ საკითხებს [ერთიანად ან ცალ-ცალკე]:

  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს გეოგრაფიულ სივრცეში;
  • მატერიალურ ანდა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელთა კომბინაცია შინაარსობრივად ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა გაგზავნოს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 ორიგინალი ფოტოს ციფრული ვერსია JPG ფორმატით ელფოსტაზე: info@ajaraheritage.ge.

ფოტოსთან ერთად ასევე უნდა გაიგზავნოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი; მისამართი; საკონტაქტო ინფორმაცია [ელფოსტა, ტელეფონი]; ძეგლის დასახელება, რომელსაც ეხება ფოტო, რაც ფოტოფაილის დასახელებაში უნდა აისახოს შემდეგნაირად: ავტორის გვარი, ძეგლის დასახელება.

სააგენტო ხაზს უსვამს, რომ კონკურსანტი ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები და კონკურსის ფარგლებში წარმოშობილ საავტორო უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად კონკურსანტს.

ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, გარდა იმ პირისა, რომელსაც წარმოექმნება ინტერესთა კონფლიქტი.

ფოტოს ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს მისი პოლიგრაფიული მიზნებით გამოყენების მოთხოვნებს და იყოს არანაკლებ 24 მეგაპიქსელი. არ მიიღება ფოტომანიპულაცია, პროგრამულად დამუშავებული ან ინტერნეტიდან აღებული ფოტოები.

ფოტო გადაღებული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადების შემდგომ პერიოდში.

სააგენტოს ცნობით, გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: გამომსახველობა, ორიგინალურობა, კრეატიულობა, კომპოზიცია.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფოტოტექნიკის ვაუჩერებით.

I ადგილი: 2000 ლარიანი ვაუჩერი, II ადგილი: 1500 ლარიანი ვაუჩერი და III ადგილი: 1000 ლარიანი ვაუჩერი.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მარტი

_____________

ფოტო: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

უკრაინაში ბოლო 24 საათში ფრონტზე 73 შეტაკება მოხდა – უკრაინის გენშტაბის ბოლო ცნობები

უკრაინის გენერალური შტაბი დღეს, 5 დეკემბერს იუწყება, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს რუსეთის თავდასხმები ავდიივკას, კლიშჩეევკასა და მარინკას მახლობლად.

გენშტაბის ბოლო ცნობების თანახმად, რუსეთის არმია აგრძელებს აქტიურ ზეწოლას ავდიივკას მახლობლად, ასევე, დონეცკის ოლქის ბოგდანოვკას, კლეშჩეევკასა და ანდრეევკას რაიონებში და შეტევას კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის 70-ზე მეტი შეტევა.

გენშტაბი იუწყება, რომ ავდიივკა კვლავ ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება და უკრაინელები აგრძელებენ მტრის შეკავებას, რომელიც არ ტოვებს ავდიივკას ალყაში მოქცევის მცდელობას.

ასევე, მარინკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის შეკავებას – გენშტაბის ცნობით, მათ მოიგერიეს რუსეთის შეიარაღებული ძალების 18 თავდასხმა დღეში.

ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის ყველა შეტევა. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთი აქ ცდილობდა დაკარგული პოზიციის აღდგენას რობოტინოს სამხრეთით მდებარე რაიონებში.

რაც შეეხება ხერსონის მიმართულებას, აქ თავდაცვის ძალები აგრძელებენ პოზიციების დაკავებას დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და მტერს ზურგში აყენებენ დარტყმებს.

გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდა 73 შეტაკება, რუსეთმა განახორციელა 8 სარაკეტო და 68 საჰაერო დარტყმა და 87 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

________________

ფოტო: უკრაინის გენერალური შტაბი/facebook 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 333 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030]
  • ტანკი – 5 587 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 10 416 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 7 987 ერთეული [+26]
  • MLRS – 913 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 605 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 032 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 570 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 483 ერთეული [+32]
  • სპეცტექნიკა – 1 148 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 547 თვითმფრინავი
  • 257 ვერტმფრენი
  • 9 465 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 807 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 187 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 234 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 939 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„თუ დნეპრი გაიყინა, ეს უკრაინელებს გაუადვილებს პლაცდარმის მომარაგებას“- ინტერვიუ

„მე მჯერა მაგალითის“ – რისთვის გადაეცა ქართველ ინჟინერ ქალს გლობალური ჯილდო

46 წლის ინჟინერს, ანა ნაკაშიძეს, ახლახან გლობალური ჯილდო გადაეცა თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული მუშაობისთვის. ანა ამჟამად აზერბაიჯანში ცხოვრობს და „აზერტელეკომის“ გენერალური დირექტორია. რას ცვლიან ქალები ამ სფეროში და რა იწვევს გენდერულ დისკრიმინაციას კარიერულ გზაზე? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა მას „ბათუმელები“.

  • ქალბატონო ანა, შეგიძლიათ მოგვიყვეთ ამ ჯილდოს შესახებ? რისთვის აიღეთ კონკრეტულად, რა საქმიანობისთვის?

არსებობს ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია – Women In Tech, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ ქალების როლი გაიზარდოს ტექნოლოგიებში.

თითქმის ყველა კონტინენტზე აქვთ წარმომადგენლობები, აქვთ როგორც საგანმანათლებლო ნაწილი, ასევე, ხელს უწყობენ ქალებს კარიერულ წინსვლაშიც.

ამ ორგანიზაციას აქვს ყოველწლიური ჯილდოც, სადაც ძალიან ბევრი ქალი იღებს მონაწილეობას, ჯერ რეგიონულ ჭრილში, შემდეგ კი აქ გამარჯვებული ქალები ხვდებიან ფინალურ ნაწილში, სადაც გამოვლინდება გლობალური ჯილდოს მფლობელი.

„Women In tech კავკასია“ და „ცენტრალური აზია“ წელს პირველად ჩატარდა თბილისში და Global leadership-ის ნაწილში ვიყავი მეც წარდგენილი. აქ ლაპარაკია იმ ქალებზე, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში ლიდერობის მაგალითს ქმნიან. წარმოუდგენლად ძლიერი კონკურსანტები იყვნენ, ამიტომ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ჯილდო ჩემთვის.

  • რა მიმართულებით იმუშავეთ?

მე განათლებით ინჟინერი ვარ და საქართველოშიც ვმუშაობდი სატელეკომუნიკაციო სფეროში. ვიყავი „სილქნეტის“ ტექნიკური დირექტორი, „ტელენეტის“ საოპერაციო დირექტორი და ჩემი გამოცდილება ძირითადად უკავშირდება კავშირგაბმულობის სფეროს. დავიწყე საინჟინრო პოზიციებიდან და მერე უკვე გადავედი მენეჯმენტში.

ახლა ვარ აზერბაიჯანში „აზერტელეკომის“ გენერალური დირექტორი.

გარდა ამისა, ვახორციელებ საკონსულტაციო პროექტებს. სატელეკომუნიკაციო სფეროში ვიყავი მსოფლიო ბანკის კონსულტანტიც ცენტრალურ აზიაში.

  • ხელმძღვანელ პოზიციებზე ყოფნაა აქ მნიშვნელოვანი, თუ კონკრეტული პროდუქტის შექმნის გამო დაჯილდოვდით?

მარტო თანამდებობა არ არის. ეს ჯილდო დაკავშირებულია იმ სამუშაოსთან, რაც ჩაატარე. ისინი აფასებენ იმ გავლენას, რაც შენ მიერ გაკეთებულმა სამუშაომ იქონია რაღაც სფეროს განვითარებაზე. რა წვლილი შეიტანე შენი სფეროს განვითარებაში და პლუს ამას – ლიდერობაში.

  • მოდით, ვისაუბროთ მაშინ იმ კონკრეტულ საქმეზე, რის გამოც დაგაჯილდოვეს. 

ის თემა, რითაც აქ ვარ დაკავებული, ე.წ ინტერნეტგეოგრაფიაა.

ჩვენ ინტერნეტზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც ინტერნეტი უკვე ქვეყანაშია და მიგვყავს აბონენტამდე, მაგრამ სანამ ინტერნეტი მოვა ქვეყნამდე, როგორ იქმნება ეს ქსელი, სად არის მაგისტრალები, სად არის ძირითადი შეერთებები, როგორ იცვლება ეს შეერთებები, როგორ ვითარდება ეს ყველაფერი, ძალიან ხშირად ჩვეულებრივი ადამიანის ყურადღების მიღმა რჩება.

ხშირად, როცა ენერგოუსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, არავინ ლაპარაკობს ინტერნეტსტაბილურობასა და ინტერნეტშეერთებებზე.

ვფიქრობ, ეს არ არის იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ენერგეტიკული უსაფრთხოება. რადგან, თუ ჩვენ გვექნება ისეთი ინტერნეტწყაროები, რომლებიც სრულად კონტროლირებადი იქნება სხვა სახელმწიფოების მიერ, ჩვენი დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგება.

  • განსაკუთრებით, ომისა და კონფლიქტების დროს არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი, არა? ჩვენს ქვეყანაში როგორ არის ამ მხრივ სიტუაცია?

მაგალითად, 2008-ში, ომის დროს, ჩვენი ინტერნეტი უმეტესწილად რუსულ წყაროებზე იყო დამოკიდებული. ომის შემდეგ კი დიდი გადალაგება მოხდა იმისთვის, რომ ინტერნეტი გადართულიყო დასავლურ წყაროებზე.

დღეისთვის საქართველოში ინტერნეტმომაგარება 90 პროცენტით თურქეთიდან შემოდის, ნაწილი კი შავი ზღვის კაბელით ბულგარეთს უკავშირდება.

ახლაც, მსოფლიოში გეოპოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით, მასიური გადალაგებაა აი, ამ ვექტორების – ვინ, სად, ვის უერთდება.

ქვეყნები ცდილობენ, რომ სანქციების გამო ნაკლებად იყვნენ რუსეთზე დამოკიდებულნი. შესაბამისად, მიმდინარეობს დიდი გადალაგება და გეოპოლიტიკური ძვრები იწვევს ინტერნეტგეოგრაფიის ცვლილებას.

საქართველო, საბედნიეროდ, აღარ არის რუსეთზე დამოკიდებული. საკმაოდ კარგი პოზიციები გვაქვს სამომავლოდაც.

რაც უფრო მეტი კაბელი იქნება მიერთებული საქართველოს, საზღვრებზე და შავ ზღვაში, მით უფრო ძლიერი იქნება მისი ინფრასტრუქტურული მდგრადობა.

  • რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ მხრივ აზერბაიჯანზე. რა მიღწევები აქვთ ამ სფეროში?

მე აქ რითაც ვარ დაკავებული, არის საერთაშორისო შეერთებები, მაგისტრალები და ინფრასტრუქტურა. და ამ მხრივ, ხუთჯერ უფრო განვითარდა და უფრო დივერსიფიცირდა ეს მიმართულება აზერბაიჯანში ბოლო წლებში. ინტერნეტშეერთების თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი განვითარებაა.

ძირითად გაცვლის წერტილებს რასაც ვეძახით, ყველა ცდილობს ფრანკფურტიდან ან სოფიადან მიიღოს ინტერნეტი. მთელი სამუშაო არის ის, როგორ შეუერთდე ამ წერტილებს ისე, რომ იყო სტაბილური, გეყოს მოცულობა და არ იყოს ძალიან ძვირი.

ეკონომიკური, საინჟინრო და პოლიტიკური – ამ სამი კომპონენტის გაზავება ხდება. გლობალური ჯილდოც მომენიჭა იმისთვის, რომ ინტერნეტგეოგრაფიის და რეგიონში ინტერნეტის ცვლილებაში შემაქვს ჩემი წვლილი და ამ სამუშაოთი და ლიდერობით ვცვლი ბევრ რამეს.

  • ბოლო დროს თითქოს გაიზარდა ქალების წილი გლობალური ტექნოლოგიების სფეროში. თუ გაქვთ ინფორმაცია, მაგალითად, რა ხდება საგანმანათლებლო სივრცეებში ამ მხრივ? საქართველო-აზერბაიჯანთან რომ გავავლოთ თუნდაც პარალელი, როგორი სურათი გვაქვს?

დიახ, ყველა ლაპარაკობს განათლებაზე, მაგრამ არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ როცა ეს განათლებული ქალები მიდიან სამსახურში, იქ მათ არ ხვდებათ მხარდამჭერი სისტემა.

ძალიან დიდი ხანი საქართველოშიც ვუყურებდი იმას, როგორ უჭირთ ქალებს კარიერულად წინსვლა და ეს არ ხდება იმის გამო, რომ მათ გონებრივი ან საგანმანათლებლო დონე აქვთ კაცებზე ნაკლები. არა, იმის გამოა, რომ სამწუხაროდ, არსებობს გაუცნობიერებელი შეზღუდვები, რომელსაც ქალებს უყენებენ წინ.

  • სქესის გამო?

დიახ. მხოლოდ იმიტომ, რომ გადაწყვეტილებებს – შეარჩიონ თუ არ შეარჩიონ იღებენ კაცები. კაცებსაც ეს არჩევანი გაუცნობიერებლად აქვთ ჩამოყალიბებული და ამის გამო ქალები კარიერულ გზაზე სულ განიცდიან დისკრიმინაციას.

დისკრიმინაცია აისახება როგორც ხელფასზე, ასევე კარიერულ ზრდაზე და ამის გარდა დისკრიმინაციის ძალიან ბევრ სხვა ფორმასაც განიცდიან ქალები ამ პროცესში.

  • შეგიძლიათ რაიმე კონკრეტული მაგალითით აჩვენოთ, რაზეც საუბრობთ?

ჩემი საკუთარი მაგალითიდან შემიძლია გითხრათ, რომ რა თანამდებობაზეც მე ვიყავი, იმ თანამდებობაზე კაცი რომ აიყვანეს, ორნახევარჯერ მეტი ხელფასი გადაუხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამუშაოს ათი პროცენტიც არ ჰქონდა გაკეთებული. ძალიან ხშირია ასეთი მაგალითები.

ჩვენ კვლევები ჩავატარეთ, სადაც გამოჩნდა, რომ კორპორაციულ კულტურაში, მაგალითად, იქ, ახლა სადაც ვარ, ძალიან დიდი ცვლილებებია. ის, რისი გაკეთების საშუალება მე არ მქონდა მაგალითად, საქართველოში, ამის გაკეთების საშუალება მაქვს აქ.

კვლევებმა აჩვენა განსხვავება კაცებისა და ქალების ხელფასებს შორის, ერთსა და იმავე თანამდებობისა და კვალიფიკაციის მიუხედავად და ამის გამოსწორებაზე ვიმუშავეთ.

კორპორაციის დონეზე გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, რაც ქალებს უწყობს ხელს კარიერულ წინსვლაში.

ვიმუშავეთ იმაზე, რომ პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევისას არ იყოს სქესი მითითებული, ნეიტრალური CV-ები იყოს, სახელების დაფარვით, რომ კანდიდატი შეირჩეს არა სქესის, არამედ კვალიფიკაციის მიხედვით.

  • როგორი მონაცემები გაქვთ, გაიზარდა ქალების რაოდენობა ამის შემდეგ?

კი, მუშაობს, რადგან გასაუბრებაზე მოწვეულ ქალთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ამისა, გვაქვს მოქნილი, ჰიბრიდული რეჟიმი და ვისაც უნდა იმუშავებს ოფისში, ვისაც უნდა – სახლიდანაც შეუძლია.

გარდა ამისა, დავდივართ უნივერსიტეტებში და მოგვყავს ინტერშიფზე გოგოები, რომ დავაინტერესოთ ჩვენთან მუშაობით.

ჩემი ინიციატივაა, რომ გოგოები, რომლებიც მონდომებული არიან და მოდიან სამუშაოდ, არ დაიკარგონ არასწორად აწყობილი სისტემების გამო და ვმუშაობ, რომ ხელი შევუწყო მათ სამუშაო ადგილზე.

  • რატომ ურჩევნიათ კაცების აყვანა სამუშაოზე. რა მიზეზები გამოიკვეთა კვლევის დროს?

იმიტომ, რომ კაცებისთვის ნაცნობია, როგორ იმუშაონ კაცებთან. იციან, რას უნდა ელოდონ კაცებისგან, მაშინ როდესაც ამ სფეროში ქალებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ქალებიც მოვიდნენ ამ სფეროში და ეს გამოცდილებაც შეიქმნას.

თუმცა, ამ ტემპით რომ ვიაროთ, საქართველო-აზერბაიჯანის მაგალითზე რომ ვთქვათ, კიდევ ასი წელი დასჭირდება ამ პრობლემის დაძლევას. ცვლილებები არის, მაგრამ ტემპი ძალიან ნელია.

  • მაგალითად, სკოლიდანვე რომ მოხდეს გოგოების ტექნოლოგიებით დაინტერესება, თქვენი დაკვირვებით, რისი გაკეთებაა მნიშვნელოვანი?

მე მჯერა მაგალითის. მჯერა, რომ თუ გოგოები შეხვდებიან ბევრ წარმატებულ ქალს, ეს გაზრდის მათ მოტივაციას.

აქამდე არც მე მიყვარდა საჯაროობა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ მაგალითი ყველაზე ძლიერი მექანიზმია, რომ გოგოებმა დაიჯერონ და მიხვდნენ, რომ შეუძლიათ.

ახლა ვცდილობ, ამ კონკურსებით თუ პროექტებით დავანახო გოგონებს ეს შესაძლებლობები.

ჩემთვის მაგალითი იყვნენ მშობლები, რომლებიც ფიზიკოსები და ძალიან თანამედროვე ადამიანები იყვნენ. არასდროს მსმენია მათგან, რომ რადგან გოგო ვიყავი, შეიძლება რაიმე  სხვანაირად ყოფილიყო.

გამიმართლა იმაშიც, რომ უნივერსიტეტშიც კარგი ხელმძღვანელი შემხვდა და არასდროს უთქვამს – „იქნებ უფრო ქალის საქმე აგერჩია“. მაგალითად, ჩემი შვილი პროგრამისტია და მისთვის უთქვამს ლექტორს, „რად გინდა ეს პროფესია, რაღაც ქალური აირჩიეო“.

თუმცა „კაცის ტვინი გაქვს“, ეს ჩემთვისაც უთქვამთ. თითქოს გაქებენ, რომ აი, როგორი ჭკვიანი ხარ.

დღეისთვის ბევრმა შეცვალა ეს მიდგომა, რადგან ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ორივე სქესის თანამონაწილეობა ქმნის ყველაზე მაღალ ეფექტს. ბევრად უფრო ეფექტურია ორგანიზაცია და მეტს შემოსავალს იძლევა, თუკი ქალიც და კაციც თანაბრად მონაწილეობს შრომაში.

მოსახლეობის მიერ ნაპოვნი 2 შველი მტირალას ეროვნული პარკში დააბრუნეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მოსახლეობის მიერ ნაპოვნი 2 შველი ველურ ბუნებაში დააბრუნეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, შვლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იპოვეს და დასახმარებლად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართეს.

ცხოველებს დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, შვლები ველურ ბუნებაში გაუშვეს.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

თუ რეალურად ვაჩვენებთ ალტერნატივას, მგონია, რომ ხალხი გამოგვყვება – ინტერვიუ გიორგი კირთაძესთან

„საზოგადოებას რეალურად უნდა ვაჩვენოთ, რა იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. თუ რეალურად შევთავაზებთ ხელისუფლების ალტერნატივას, მგონია, რომ ხალხი გამოგვყვება,“ – მიიჩნევს გიორგი კირთაძე, რომელიც დღეიდან უკვე აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

დღეს, 4 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი კირთაძემ, ბათუმის საკრებულოს შვიდმა წევრმა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა.

რა სტრატეგიით აპირებენ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ადამიანები ამომრჩევლის გულის მოგებას? – „ბათუმელებმა“ გიორგი კირთაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის თვითმმართველობის წინა არჩევნებზე ბათუმის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი იყო.

  • ბატონო გიორგი, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღეთ?

ყველაფერი ვცადეთ. როცა სრულად ამოიწურა პარტიაში იმის რესურსი, რომ პროცესი ყოფილიყო დემოკრატიული, გადაწყვეტილებების მიღება მომხდარიყო სწორად, შენარჩუნებულიყო ერთობა, მოიჭრა ყველა გზა. ბოლო დღეებში ეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა, როცა ნიკა მელიას პეტიცია ჰქონდა და მას 40 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ნდობის საბჭოს შექმნაზე იყო საუბარი, რომ პარიტეტული პრინციპით ყველა ჯგუფი შესულიყო გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში. პასუხად მივიღეთ – „მგლის ბილეთები,“ გარიცხვა პირდაპირ ეთერში, რაც იყო სამარცხვინო და განცხადებები იმაზე, რომ პარტიის მენეჯმენტში 2025 წლამდე არაფერი შეიცვლება.

რა უნდა გვექნა, დავრჩენილიყავით პარტიაში და ლეგიტიმაცია მიგვეცა ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში გამარჯვებაზე? ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი, ვიბრძოლოთ იმაზე, რომ შეიქმნას ახალი პოლიტიკური ცენტრი, ახალი პოლიტიკური პლატფორმა. იმედი მაქვს, ასეც მოხდება და ეს ნიჰილიზმში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს შანსს გაუჩენს.

ეს იმედს გააჩენს, რომ ყველა ერთნაირი არ ვართ, რომ ვიღაცები მართლა გულწრფელად და უკომპრომისოდ იბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

  • თქვენი დაკვირვებით, რამ შექმნა კრიზისი ენმ-ში: ეს იყო რესურსის პრობლემა და ლიდერების ნაწილმა მინიმუმ ადეკვატურად ვერ უპასუხეს გამოწვევებს, თუ ეს პროცესი იყო მართული ივანიშვილის მხრიდან? 

ყველაფერი შეიძლება. ვიღაცას სჯერა, რომ რეალურად თავისი გავლენის გაძლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაძლოა, რომ ჩართული იყოს ივანიშვილის საცეცებით, თუმცა მინდა ვთქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება ბევრი ჩემი მეგობარი, რომელიც გულწრფელად იბრძვის ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მე ამ გულწრფელ ბრძოლაში ყველას ვუსურვებ წარმატებას.

ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო დიდი პოლიტიკური პარტია და იგი ბევრი განსხვავებული ლიდერის ერთობას წარმოადგენდა. ერთმა კონკრეტულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ სრულად აეღო ხელში ძალაუფლება. შესაბამისად, გაჩნდა მიზანი, რომ ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი გაერიყათ პარტიიდან. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა მიგვიყვანა ამ მოცემულობამდე.

  • ვანო მერაბიშვილს გულისხმობთ?

ამაზეც არის საუბარი. ბუნებრივია, ლევან ხაბეიშვილი რომ არ წყვეტს პარტიაში მარტო არაფერს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მოვისმინეთ უკვე განცხადებები, რომ არა უშავს, ჩვენ რომ პარტიიდან წავედით….

  • ანი წითლიძე ამბობდა დღეს, სახელებსა და გვარებზე ჩამოკიდებული არ არის „ნაციონალური მოძრაობაო“…

რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის „ვარდების რევოლუციის“ იდეა ჩემთვის. მგონია, რომ ამ იდეას დაშორდა პარტია. ამიტომაც წამოვედით ჩვენ ამ პარტიიდან. მგონია, რომ ნათელ მხარეს დავდექით.

რასაც ახლა ვამბობ, სადღეგრძელოდ რომ არ დარჩეს, ვიცი, რომ ბევრი უნდა ვიშრომოთ ამისთვის.

ელგუჯა ბაგრატიონი ამბობდა დღეს, რომ ჩვენ თითქოს ბოლო თვეებში არანაირ აქტივობებში არ ვერთვებოდით, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არის ტყუილი.

თუ ვინმე აზიანებს პარტიას, ეს არის განცხადებები „მგლის ბილეთებზე“, გარიცხვები პარტიიდან და განსხვავებული აზრის მოკვეთა.

რაც შეეხება იმას, რომ აქციებში მონაწილეობას არ ვიღებდით: ორი თუ სამი აქცია დაიგეგმა ხაბეიშვილის ორგანიზებით დედაქალაქში და საკუთარი სახსრებით მოვახერხეთ ჩასვლა. სამწუხაროა, რომ აქციების ნაცვლად, დაპირისპირებით და შიდა განხეთქილებით იყო დაკავებული ახალი მენეჯმენტი.

მიმაჩნია, რომ კოალიციური მთავრობა არის გარდაუვალი და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ვერ ამარცხებს ბიძინა ივანიშვილს, ეს ყველამ უკვე კარგად ვნახეთ.

ვნახეთ ისიც, რომ ერთობას არ აქვს ალტერნატივა. ბათუმის არჩევნებში გამოჩნდა, რომ მოვუგეთ ქართულ ოცნებას“ არჩევნები, ოღონდ მოვუგეთ ერთობით. ჩვენ გასაგებად ვთქვით, რომ ვახო კალოიანი იქნებოდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და ირაკლი კუპრაძე, რომელიც „ლელოს“ წარმოადგენს, იქნებოდა საკრებულოს თავმჯდომარის, ან მერის მოადგილე… განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ მზად ვიყავით ერთად გვემართა ქალაქი.

  • ახლა რამდენად მიღწევადი გამოდის ოპოზიციური ერთობა, როცა რაც არის, ისიც კი იშლება და სუსტდება? 

ერთობა პარტიის შიგნით ვერ შედგა, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ 2024-ში სწორი კოორდინაციით ოპოზიცია ჯამში შეძლებს „ქართული ოცნების“ დამარცხებას და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას.

  • „სწორი კოორდინაცია“ ახსენეთ დღევანდელ ბრიფინგზეც. რას მოიაზრებთ კონკრეტულად ამ კოორდინაციაში, რა უნდა შეიცვალოს? 

ეს უნდა იყოს სწორი იდეების გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამომრჩეველს ვერ მოატყუებ. თუ გულწრფელი და უკომპრომისო არ ხარ ბრძოლაში, ისე ადამიანი არ გამოგყვება. გულწრფელ და უკომპრომისო ადამიანებს ყველა პარტიაში ვიცნობ, სწორი ორგანიზება და ერთობა მიგვიყვანს გამარჯვებამდე.

ჩვენ საზოგადოებას რეალურად უნდა ვაჩვენოთ, რა იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. თუ რეალურად შევთავაზებთ ალტერნატივას, მგონია, რომ ხალხი გამოგვყვება. ამას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა, რომ ხელშესახებად ვაჩვენოთ, რა განსხვავებაა ივანიშვილსა და ოპოზიციას შორის. ხალხი ამბობს, რომ არ არის განსხვავება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ოპოზიციაში ყველა არ არის ისეთი, ვინც პირადი კეთილდღეობისთვის იბრძვის, როგორც ამას აკეთებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

  • რა ნიშის დაკავებას ეცდებით? აქამდე ვინც დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და შექმნა ახალი პოლიტიკური ძალა, აქვს რეიტინგის პრობლემა. 

ეს ალბათ უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

მე მგონია, გულწრფელობა, ღირსების და სიმართლის გზით სიარული მიგვიყვანს გამარჯვებამდე, თუ დავარწმუნებთ ხალხს, რა განსხვავებაა ივანიშვილის რუსულ ოცნებასა და სხვა ადამიანებს შორის.

  • რაზე გაქვთ უკვე შეთანხმება ნიკა მელიასთან? დღევანდელ ბრიფინგზე თქვით, რომ მასთან ერთად განაგრძობთ პოლიტიკურ ბრძოლას. 

მე მასთან მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის კომუნიკაცია მქონდა, ვიდრე პარტიის დატოვებაზე მივიღებდი გადაწყვეტილებას. ასევე, ვესაუბრე ამ პარტიაში მყოფ პატივსაცემ ადამიანებს. ბრიფინგზე დღეს გამოსულმა ადამიანებმა ინდივიდუალურად მიიღეს გადაწყვეტილება პარტიის დატოვებაზე. ისინი ასევე ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, ვისთან ერთად განაგრძობენ პოლიტიკურ ბრძოლას.

მე პირადად ჩემი თავი წარმომიდგენია ნიკა მელიასთან ერთად ბრძოლაში.

  • ამომრჩევლის დაკვეთა ბოლო წლებია არის ერთობა, თუმცა ოპოზიცია ერთობას კი არა, პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნასაც ვერ ახერხებს, როგორც პოლიტოლოგები აღნიშნავენ. დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილება რა გზავნილად უნდა აღიქვას საზოგადოებამ, რომელიც ითხოვს ერთობას? 

იდეების გარშემო ერთობა არის წარმატების მთავარი გასაღები. გულწრფელობა, უკომპრომისობა არის მნიშვნელოვანი, გასაგებად უნდა ვუთხრათ ხალხს, რას ვცვლით ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ქვეყანაში? როგორ ერთვება მოქალაქე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში? როგორი მართლმსაჯულება იქნება? ეს არ უნდა იყოს ზედაპირული საუბარი.

2024 წლის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ეს მართლაც დიდი მოვლენა იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში: ბელარუსიზაციის გზას ვადგებით, ან თავს ვაღწევთ რუსულ მარწუხებს.

  • როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობის გაგრძელება ენმ-თან, ელით, რომ დაპირისპირება შემცირდება? 

იმედია, რომ წავა შემცირებისკენ. ჩვენ ბათუმის საკრებულოს, უმაღლესი საბჭოს, თუ სხვა ფორმატებში ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ ენმ-თან და სხვა პოლიტიკურ პარტიასთანაც. მგონია, რომ ეს ნაწილი უფრო ნორმალიზებისკენ წავა.

_______________

ფოტოზე: გიორგი კირთაძე/facebook

ბათუმში ხელოვნური კუნძულის გზშ-ს საჯარო განხილვა 12 იანვარს გაიმართება

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ბათუმში 2024 წლის 12 იანვარსაა დაგეგმილი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხელოვნური კუნძულის გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვა 12 იანვარს, დღის 12:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის
შენობაში გაიმართება (მისამართი: ლუკა ასათიანის ქ. N25). საჯარო განხილვის ორგანიზატორია სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

„საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელ-ფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ).

დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, გზშ-ს დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.“ – აღნიშნულია სააგენტოსა და ცენტრის ერთობლივ განცხადებაში.

წარმოდგენილ გზშ-ს დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები ასევე შეგიძლიათ, წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობას შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.

„გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე გარემოს ეროვნულ სააგენტოში საქმიანობის განმახორციელებლის [„ამბასადორის“] მხრიდან განცხადება დარეგისტრირდა 2023 წლის 24 ნოემბერს. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ან კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

„ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ ბათუმის აკვატორიაში, 65 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემულია 1 443 223 კვ.მ ტერიტორია. კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე ინფრასტრუქტურა. ხელშეკრულების მიხედვით, „ამბასადორმა“ არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

არსებული პროექტის მიხედვით ზღვაში უნდა მოეწყოს 108.5 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, საიდანაც ხელოვნურად შექმნილი კუნძულისა და ნახევარკუნძულების [მიწის] ფართობი 84 ჰექტარი იქნება, ხოლო დანარჩენი გამოყენებული იქნება დამცავი მოლების და შიდა აკვატორიის მოსაწყობად.

გზშ-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელოვნური კუნძულის შემდგომი განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმება დაგეგმილია პროექტის შემდგომ ეტაპზე.

ამ თემაზე ვრცლად:

ვილები და ცათამბჯენები ხელოვნურ კუნძულზე – პროექტის გზშ მზადაა

სახანძრო კიბე, პარკინგი, ზოოკუთხის გადატანა და სხვა – რა შენიშვნები აქვს ბათუმის საკრებულოს ბიუჯეტზე

2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები ბათუმის მერიაში 10 დეკემბრამდე უნდა განიხილონ. ამის შემდეგ გავიგებთ, რას გაითვალისწინებენ და რა არა იმ შენიშვნებიდან, რაც საკრებულოდან შევიდა ბიუჯეტთან დაკავშირებით.

რიგი პროექტების დაფინანსების მოთხოვნების ჩამონათვალი გრძელი და მრავალმხრივია.  ხუთ ვერსიად შესული შენიშვნების ძირითადი ნაწილი შინაარსობრივად თითქმის იდენტურია და ქალაქში არსებულ ბევრ მწვავე პრობლემას ეხმიანება, ზოგ შემთხვევაში კი მათ მოგვარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ გზებზე ოპოზიციას სხვადასხვა ხედვა აქვს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიდან შენიშვნები მერიაში ორ ნაწილად შევიდა. ერთია ენმ-ის ფრაქციის შენიშვნები და რეკომენდაციები და მეორე – საკრებულოს ხუთი წევრის შენიშვნები და რეკომენდაციები. საკრებულოს ეს ხუთი წევრია: რევაზ ხარაზი, ნაზი ფუტკარაძე, კახა ქაშიბაძე, ალექსანდრე ვარშალომიძე და ირაკლი ძიძიგური. ენმ- ის ფრაქციას ამ დრომდე ნოდარ დუმბაძე ხელმძღვანელობდა. 

თავისი შენიშვნები მოამზადა ასევე „ლელომ“, რომელიც ბათუმის საკრებულოში ერთი წევრით არის წარმოდგენილი, პარტიამ – „გახარია საქართველოსთვის“, რომელიც ასევე ერთი წევრით არის საკრებულოში, მას შემდეგ რაც ნატალია ძიძიგური პარტიიდან გარიცხეს და მმართველი პარტიის „ოცნების“ ფრაქციამ.

„ბათუმელებმა“ ყველა შენიშვნა შეისწავლა.

მერიაში შესული შენიშვნების მიხედვით ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი ვერ პასუხობს ქალაქის გამოწვევებს.

„ქალაქში ყოველწლიურად იზრდება პრობლემები, მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები კი წარმოდგენილ დოკუმენტში არ ჩანს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი საპარკინგე სივრცეები, რაც მოგვცემს საშუალებას მზარდი ტურისტული ნაკადის შემთხვევაში არ მივიღოთ ქალაქის პარალიზება, როგორც ეს ხდება ყოველწლიურად. ასევე, ჩვენს მიერ წარმოდგენილი წინადადებებით შეიქმნება ახალი სარეკრეაციო და დასასვენებელი სივრცეები, რაც განტვირთავს მიმდინარე სამშენებლო პროცესების შედეგად მიღებულ ნეგატიურ ზემოქმედებას ქალაქზე“ – ნათქვამია ენმ-ის ფრაქციის შენიშვნებში.

  • მიწისქვეშა და მაღლივი პარკინგები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნების ორივე ვერსიის მიხედვით საკრებულოს წევრები მიიჩნევენ, რომ ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისა და ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილებისათვის საჭიროა მიწისქვეშა და მაღლივი პარკირებების მოწყობა.

„მომდევნო წლის ბიუჯეტში დაგეგმილია ისეთი ქვეპროგრამები, როგორიცაა ქუჩებისა და ტროტუარების მოვლა-პატრონობა, დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია, განათებების მოვლა და ასე შემდეგ, თუმცა პარკირების პრობლემის გადასაჭრელად დოკუმენტში არაფერი წერია, არადა ქალაქში ყველაზე მწვავედ სწორედ ეს პრობლემა დგას“ – ნათქვამია ენმ-ის ფრაქციის შენიშვნებში.

„ლელო“ სატრანსპორტო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შექმნას ითხოვს. საკრებულოს წევრი ამ პარტიიდან, ვაჟა დარჩია მიიჩნევს, რომ არსებული დოკუმენტები ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს ქალაქში არსებულ გამოწვევებს. ის ითხოვს ბიუჯეტში გამოიყოს თანხა ამ დოკუმენტის მოსამზადებლად.

ვაჟა დარჩია წერს ქალაქში ტროტუარების პრობლემაზეც: „მაგალითად, საჭიროა მთისძირის ქუჩაზე სრული ინფრასტრუქტურის შექმნა ამ მიმართულებით, სტანდარტების შესაბამისად.“

„ლელო“ ასევე ითხოვს საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაბამისი სისტემების დანერგვას ძველ ბათუმში, მაზნიაშვილიდან გოგებაშვილის ქუჩამდე და ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელი ხიდის მოწყობას  რუსთაველის ქუჩაზე, დელფინარიუმის წინ.

შენიშვნებში მოხვდა ტრაილერების გადაადგილებისა და პარკინგის პრობლემაც: „მუნიციპალური ინსპექციას არ აქვს შესაბამისი ტექნიკური და არც ადამიანური რესურსი“ – წერს საკრებულოს წევრი „ლელოდან“.

„ქალაქის ტერიტორიიდან უნდა მოხდეს ტრაილერების გაყვანა. მსგავსი პარკირება ქალაქის ტერიტორიაზე მიუღებელია, ბავშვებისა და ადგილობრივებისთვის კი საფრთხის შემცველი. ბიუჯეტიდან გამოიყოს შესაბამისი რესურსი ამ პრობლემის მოსაგვარებლად.“ – წერენ ენმ-ის შენიშვნებში.

  • უსინათლოთა ბილიკების არსებობა სიმბოლურია

„ უსინათლოთა ბილიკების ძირითადად სიმბოლურად არის ქალაქში გაკეთებული და თითქმის შეუძლებელია, რომ უსინათლო ადამიანი ამ ინფრასტრუქტურით უსაფრთხოდ გადაადგილდეს ქალაქში, ხშირად ველობილიკია მომიჯნავედ და საფრთხეს უქმნის გადაადგილებას, არსებული ინფრასტრუქტურის უსინათლოებზე მორგება და დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა“ – წერს ვაჟა დარჩია

ენმ-ის ფრაქცია თავის შენიშვნებში ასევე წერს:

„2021 წელს თქვენს მიერ იქნა დაანონსებული  ცენტრალური პარკის განაშენიანება ლეონიძის ქუჩაზე, ურეხის და ე.წ. სტეფანოვკის დასახლებაში, რომლის მიხედვითაც აქ უნდა აშენებულიყო საბაგირო, რომელიც დაუკავშირდება არგოს მთას, რითაც შეიკვრება ერთგვარი სამკუთხედი და საბაგიროს მეშვეობით ტერიტორია დაუკავშირდება ბულვარს, სადაც შეიქმნებოდა ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული პარკის განაშენიანება უნდა დასრულებულიყო 2023 წელს, თუმცა ბიუჯეტში თანხა ისევ არ არის გათვალისწინებული“.

  • ზოოკუთხის გადატანდა თავშესაფარები მიუსაფარი ცხოველებისთვის

ბათუმში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე არსებული ზოოკუთხის გადატანაზე ოპოზიციის ოპოზიციის შენიშვნების სამივე ნაწილში არის საუბარი: „ვოლიერებისგან გამოთავისუფლებული ტერიტორიის ადგილზე უნდა დარჩეს მწვანე ზონა“  – მიიჩნევენ შენიშვნების ავტორები.

ოპოზიცია ითხოვს ასევე თავშესაფრების მშენებლობას მიუსაფარი ცხოველებისთვის.

„მიუსაფარი ძაღლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად მოწყობა, საერთო თავშესაფრები არაეფექტურია და არსებობს კლასტერული თავშესაფრების პრაქტიკა“ – წერს „ლელო“ და იქვე მიუთითებს, რომ ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა.

ოპოზიციის მოთხოვნებშია ასევე ქალაქის სრულად დაქსელვა ველობილიკით და ველოსიპედების საპარკინგე სივრცეებით, ველოსტრატეგიის შესაბამისად.

  • სახანძრო კიბე

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ქალაქისთვის სახანძრო კიბის შეძენის დაფინანსებას ითხოვს. ახალი კიბე ბათუმში არსებული ცათამბჯენების ბოლო სართულებსაც უნდა მისწვდეს.

გარდა ამისა, ოპოზიციის მოთხოვნაა მრავალსართულიანი სახლების სახანძრო ექსპლუატაციის ნორმებში მოქცევა, რაც გულისხმობს კოდექსში ცვლილების შეტანამდე აშენებულ კორპუსებში მშრალი ჰიდრანტებისა და სხვა მოწყობილობების დამონტაჟებას, „რაც უზრუნველყოფს მეთერთმეტე და ზედა სართულების მცხოვრებლების უსაფრთხოებას და ხანძრის დროულ ჩაქრობას არსებობის შემთხვევაში, ვინაიდან არსებული ტექნიკა ვერ უზრუნველყოფს ამას“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ორი სახანძრო კიბე აქვს. ერთი, ძველი, 30-მეტრიანი და უფრო ახალი, 40-მეტრიანი გასაშლელი კიბე, რომელიც საგანგებო სიტუაციების სამსახურს საქართველოში იაპონიის საელჩომ 2021 წელს აჩუქა.

  • ხიდი ჭოროხზე

ჭოროხზე ხიდის მშენებლობას ითხოვენ როგორც ენმ-ის ასვე ლელოს წევრები: „უნდა მოხდეს ბათუმის ბულვარის გაგრძელება და მდინარე ჭოროხზე ახალი, გონიოსთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა“.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ ტერიტორიას აქვს პოტენციალი რომ განვითარდეს როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი, შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურით.

  • საბავშვო ბაღების მშენებლობა

საბავშვო ბაღების მშენებლობის აუცილებლობაზე შენიშვნების ოთხივე ნაწილშია საუბარი. „ოცნების“ უმრავლესობა მომავალ წელს მინიმუმ 2 ბაღის მშენებლობის დაფინანსებას ითხოვს.

ენმ- ში მიიჩნევენ, რომ უნდა გაგრძელდეს როგორც ახალი ბაღების მშენებლობის, ასევე ბაღების რეაბილიტაციის პროგრამა და, ასევე, უნდა დაიყოს ბაღების ვაუჩერიზაციის პროგრამა.

„ამავდროულად, ვაუჩერები უნდა მიეცეს ბათუმში ყველა ბავშვს, რომლის გამოყენება მათ როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღებშიც შეეძლებათ. ასეთი პოლიტიკა სახელმწიფო ბაღებში ბავშვთა რაოდენობასაც განტვირთავს და  იმ ოჯახებისთვისაც იქნება შეღავათი,  ვინც  სხვადასხვა მიზეზის გამო, იძულებულია, რომ ბავშვი  კერძო ბაღში ატაროს“.

  • ქუჩების გაგრძელება და ახლებური მოწყობა

ენმ ასევე მიიჩნევს, რომ ბათუმის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნას ახალი ქუჩების მოწყობა, „მათ შორის მიზანშეწონილად მიგვაჩნია ქათამაძის ქუჩის გაგრძელება თამარის დასახლებამდე, რაც განტვირთავს ოდისეი დიმიტრიადისა და ძმები ნობელების ქუჩებზე საცობს, ლერმონტოვის ქუჩის გაგრძელება სულხან-საბა ორბელიანის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე“.

  • ქალაქის 3 D მოდელების შექმნა – რას ითხოვს „ოცნება“

„ოცნება“  დადებითად აფასებს ბიუჯეტის ზრდას და წერს, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს შემოსავლების ზრდის დინამიკა. ფრაქცია ასევე განმარტავს, რომ რიგი ინფრასტრუქტურული პრობლემების უმეტესობა, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში დეპუტატებმა  საკრებულომდე მიიტანეს, ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

„ოცნება“ მერიას სთხოვს ქალაქის 3 D მოდელების შექმნაზე იზრუნოს, ასევე, მერიას რეკომენდაციას აძლევს, შეისყიდოს ქალაქის აქტივების პროგრამული უზრუნველყოფა და რეესტრის შექმნა. იმის გამო კი, რომ ბიუჯეტში აღარ არის „იაფი სახლის“ პროგრამის დაფინანსება, „ოცნების“ ფრაქცია მერიას რეკომენდაციას აძლევს, კარგი იქნებოდა რამდენიმე ახალი საცხოვრისის მშენებლობას გაგეთვალისწინებინათო.

„ოცნება“ ასევე წერს, რომ ბიუჯეტის პროექტი გამართული და თანმიმდევრულია და იმსახურებს დადებით შეფასებას.

ხაშურში ქალი ყოფილი ფაბრიკის შენობაში გამოკეტეს და აწამეს – განაჩენი

საქმის მასალების მიხედვით, რომელიც უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბერს მიღებული განჩინებაშია მოცემული, ხაშურის ერთ-ერთ სოფელში ქალი აწამეს.

ქალის ჯგუფურად წამების საქმეში სულ 5 კაცი იყო ჩართული, მათ შორის, ერთს კი, უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს.

შემთხვევა 2020 წლის მაისში მოხდა. პროკურატურის ვერსიით, ქალი მიტოვებული ფაბრიკის შენობაში გამოკეტეს და ჯგუფურად აწამეს, ფიზიკური ძალადობის გარდა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა წამების ამსახველი ვიდეო მობილური ტელეფონით გადაიღო და სხვა პირს გაუგზავნა.

უზენაესი სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ:

„…ყოფილი ფაბრიკის შენობაში ნ. გ.-მ გადაწყვიტა მ. ჯ-ს წამება, რადგან მიაჩნდა, რომ მ. ჯ–ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მის მეგობარ მამაკაცთან – ი. ძ.-ნ. მას შემდეგ, რაც მ. ჯ-მა უარყო მითითებულ მამაკაცთან ინტიმური ურთიერთობა, ნ. გ-მ  იგი გაიყვანა სხვა ოთახში, სადაც ასევე შევიდნენ მ.ე., თ.ქ. და მ.მ.

ნ. გ-ს მითითების შესაბამისად, მ. ე.-მ მას მიუტანა მაკრატელი და სავარცხელი, ხოლო შემდეგ ერთჯერადი საპარსი საშუალება. ნ. გ-მ დასჯის მიზნით, ფსიქიკური და მორალური ტანჯვისა და ძლიერი ფსიქიკური ტკივილის მისაყენებლად მ. ჯ–ს შეაჭრა და შემდეგ გადაპარსა თმა, ასევე გაპარსა წარბები“.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ ნ. გ-მ ქალს სცემა, „მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ხელითა და ფეხით სახის არეში“ და გამოიყენა წამების სხვა ფორმები.

წამება ქალისთვის ფოტოების და ვიდეოს გადაღებით გაგრძელდა, წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერი ნ.გ.-მ სოციალური ქსელის საშუალებით სხვა პირს გადაუგზავნა. ქალის წამება ორ დღეს გაგრძელდა, შემდეგ კი ქალი მოძალადეებმა გაათავისუფლეს.

ამ საქმეს თავდაპირველად ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ, თუმცა შემდეგ ბრალდებულებს უთქვამთ, რომ აჯობებს საქმე მოსამართლემ განიხილოს. უზენაესი სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებსაც, რომ ბრალდებულის ნაწილი წარდგენილ ბრალს თავდაპირველად არ აღიარებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ მხოლოდ ფიზიკური ძალადობა ჩაიდინეს.

რაც შეეხება ნ.გ.-ს, რომელიც  ამ საქმეში ყველაზე ხშირად გვხდება, იგი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიხედვით დაუსჯიათ. საქმეში არაა მითითებული მსჯავდებულის ასაკი, თუმცა ეს კოდექსი 14-დან 21 წლამდე პირებზე ვრცელდება.

უზენაესი სასამართლოს განჩინებიდან არ ჩანს, რა ფორმით დაისაჯა ნ.გ. დანარჩენი 4 მსჯავრდებული კი  სრულწლოვანია.

9 წელი და 6 თვე მოუწევს ციხეში ყოფნა მ.ე.-ს, მ.მ.-ს – 9 წელი. აქედან 6 წელსა და 9 თვეს მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარებს, 2 წელი და 9 თვე კი, პირობითი მსჯავრია.

3 წელი შეუფარდეს თ.ქ.-ს. ის დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით გაასამართლეს.

ყოფილი ფაბრიკის შენობა გაქირავებული ყოფილა – მას პროსტიტუციისთვის იყენებდნენ. პასუხისმგებლობა ნ.ფ.-საც დაეკისრა, რომელიც შენობის მფლობელია. ის წამების მუხლით არა, მაგრამ გაასამართლეს პროსტიტუციის ხელშეწყობის,  თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ფიზიკური ძალადობის მუხლებით. ნ.ფ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მსჯავრდებულების ნაწილს ციხეში სასჯელის მოხდის გარდა, პირობითი მსჯავრი ჰქონდათ შეფარდებული, უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე ჩათვალა, რომ „შეღავათებით“ მსჯავრდებულებმა არ უნდა ისარგებლონ.

პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა – პროკურორმა სასჯელების გამკაცრება მოითხოვა. „ამასთან, მსჯავრდებულების – მ. მ-ის, მ.ე.-სა და ნ. ფ-ის მიმართ გამოყენებული, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გაუქმება,“-ვკითხულობთ განჩინებაში.

მსჯავრდებულ მ. ე.-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი-მ კი, საკასაციო საჩივრით მოითხოვა მ. ე-სათვის დანიშნული სასჯელის შემცირება სანქციის მინიმუმამდე, შემცირებულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნების გავრცელება და დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

თუმცა უზენაესი სასამართლო პროკურორს დაეთანხმა და განჩინებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ სასტიკი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია „თავად მსჯავრდებულების აღიარებით, დაზარალებულ მ. ჯ-ს ჩვენებით, მოწმეების – ბ. ვ-ს, თ. ბ-ს, მ. დ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №—- დასკვნით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №— დასკვნით, შენობა-ნაგებობის ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები განმარტავენ, რატომ არ უნდა ისარგებლოს შეღავათით ამ ვითარებაში მსჯავრდებულმა, რომელმაც ბრალი აღიარა:

„იმ ვითარებაში, როდესაც ნ. ფ-მა და მ. ე-მა, გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ აღიარეს დანაშაული, ასევე არ მისცეს დანაშაულის ჩადენაში სხვა პირთა მამხილებელი ჩვენებები და მხოლოდ სააპელაციო ეტაპზე ფორმალურად აღიარეს დანაშაული, შეუძლებელია მათ მიმართ ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული შეღავათის გამოყენება. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება მხოლოდ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაშინ, როცა საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულის თანამშრომლობა გამოძიებასთან, არ იძლევა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას,“ -ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ოქროს ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა – რას უკავშირდება გაძვირება

4 დეკემბრის დილას აზიურ ბაზრებზე ოქროს ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა – 2135 დოლარი ტროას უნციისთვის [31,1 გრამი], წერს „დოიჩე ველე“.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ფასები იზრდება იმ მოლოდინის ფონზე, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს კომერციული ბანკებისთვის, თუმცა გასულ კვირას ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაეულმა თქვა, რომ უწყება არსებულ დონეზე [5,5%] შეინარჩუნებდა განაკვეთს.

ფასის ზრდა ასევე დაკავშირებულია დოლარის კურსის ვარდნასთან. ამასთან ერთად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ოქრო, ისრაელ-ჰამასის ომის ფონზე, განიხილება როგორც სანდო აქტივი.

ოქროს ფასი უკვე რამდენიმე კვირაა მატულობს. „ბლუმბერგის“ მონაცემებით, ოქტომბრის დასაწყისიდან დაფიქსირდა 16%-იანი ზრდა. ბოლოს ოქროს ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 2080 დოლარი, 2020-ის აგვისტოში.

საქართველოში შშმ ბავშვების 23% გახდა დისკრიმინაციის ან შევიწროების მსხვერპლი – UNICEF

გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაახლოებით 23% გამხდარა დისკრიმინაციის ან შევიწროების მსხვერპლი.

ამავე ანგარიშის თანახმად საქართველოში, მაღალ კლასებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 5-დან 1 ბავშვს არ მიუწვდება ხელი განათლებაზე.

ანგარიში მოიცავს საერთაშორისო, შედარებად მონაცემებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 9 ქვეყნიდან. ეს ქვეყნებია: საქართველო, ყირგიზეთი, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. ანგარიში ფარავს ბავშვთა კეთილდღეობის 30-ზე მეტ ინდიკატორს, დაწყებული კვების, ჯანდაცვისა და განათლების უფლებიდან, დამთავრებული ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებით. მონაცემები მოგროვებულია 2018-2022 წლებში.

15-დან 17 წლამდე მოზარდების ნაწილი აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირადად გრძნობდნენ თავს დისკრიმინირებულად ან შევიწროებულად შეზღუდული შესაძლებლობის ან დისკრიმინაციის სხვა ფორმის გამო.

კვლევის თანახმად, უზბეკეთსა და საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები უფრო მეტად განიცდიან დისკრიმინაციას, ვიდრე შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ბავშვები.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შესამჩნევი განსხვავებებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ბავშვების აღზრდაში:

„ანგარიშში ჩანს, რომ მამები, ზოგადად, ნაკლებად ეწევიან ადრეულ აქტივობებს შვილებთან, ვიდრე დედები, მაგრამ ეს განსხვავება უფრო გამოხატულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს შორის“.

თურქმენეთსა და სერბეთში შშმ ბავშვები ნაკლებად იღებენ ადეკვატურ ადრეულ სტიმულაციას და ზრუნვას, ვიდრე შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ბავშვები. ამ ქვეყნებში შშმ ბავშვებს ასევე ნაკლებად აქვთ ორი ან მეტი სათამაშო.

სტიმულაცია გულისხმობს მშობლებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობას, სხვადასხვა ნივთის დათვალიერებას, მოსმენას, ხელში აყვანას, მოფერებას, სეირნობას, წიგნების კითხვას და, რა თქმა უნდა, თამაშს. ყველაფერი, რასაც ბავშვი ხედავს, ეხება, ისმენს, შეიგრძნობს სუნისა და გემოს მეშვეობით, ეხმარება ტვინს გრძნობის, მოძრაობის, ფიქრისა და სწავლის ფუნქციების განვითარებაში. სტიმულაცია განვითარებისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც საკვები – წონაში მატებისთვის.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ყირგიზეთში, უზბეკეთსა და ბელარუსში შშმ ბავშვები უფრო ნაკლებად განიცდიან დისციპლინის მხოლოდ არაძალადობრივ ფორმებს, ვიდრე შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ბავშვები.

გარდა ამისა, საქართველოში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და უზბეკეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მძიმე ფიზიკური დასჯის მაღალი რისკის ქვეშ არიან და ამ ქვეყნებში შშმ ბავშვების დედები უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ ფიზიკური დასჯა აუცილებელია ბავშვის სწორად აღზრდისთვის.

უმეტეს ქვეყნებში შშმ ბავშვები უფრო ხშირად რჩებიან სკოლის გარეთ, ვიდრე მათი თანატოლები შეზღუდული შესაძლებლობის გარეშე. გარდა ამისა, საქართველოში, მაღალ კლასებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 5-დან 1 ბავშვს არ მიუწვდება ხელი განათლებაზე.

„ყველა შშმ ბავშვი იმსახურებს განვითარების შესაძლებლობას და იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს, მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ ამ ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების სრული სპექტრი პროგრამებისა და სერვისების მიწოდებისას. ამისთვის მათ აქტიურად უნდა იმუშაონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ან/და მათ გაერთიანებებთან“ – წერია ანგარიშში.

_________________

მთავარი ფოტო: UNICEF-ის ანგარიშიდან

 

რა ხდება ფრონტზე – უკრაინის გენშტაბის ბოლო ცნობები

უკრაინის გენერალური შტაბი 3 დეკემბრის საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით უახლეს ცნობებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, გასულ 24 საათში რუსეთმა ერთი სარაკეტო და 45 საავიაციო დარტყმა განახორციელა. აგრეთვე, 49-ჯერ გამოყენებული იყო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.

რუსეთის დაბომბვის შედეგად სამოქალაქო პირებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები. ასევე, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.

საავიაციო დარტყმების ძირითადი წერტილი იყო ფრონტთან ახლოს მდებარე პუნქტები ლუგანსკის, დონეცკისა და ხერსონის ოლქები. საარტილერიო დაბომბვის  სამიზნე კი – 130 დასახლებულ პუნქტზე მეტი ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებში.

რაც შეეხება ვითარებას ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე – უკრაინის გენშტაბის ცნობით, მოგერიებულია რუსეთის იერიშები სევერსკოეს და სლობოჟანსკოეს, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკას, შახტიორსკოეს და ზაპორიჟიეს მიმართულებებით.

ამასთან ერთად, მელიტოპოლისა და ხერსონის მიმართულებებით უკრაინული ძალები ინარჩუნებენ დაკავებულ პოზიციებს. მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება ვოლინსკოესა და პოლესკოეს მიმართულებებით.

ენმ ბათუმის საკრებულოს შვიდმა წევრმა დატოვა

„ურთულესი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა არ დაგვრჩა,“- ამბობს გიორგი კირთაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მან, ბათუმის საკრებულოს შვიდმა წევრმა და პარტიის რამდენიმე სხვა წევრმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.

პარტიის უკვე ყოფილი ლიდერები დღეს, 4 დეკემბერს მოწყობილ ბრიფინგზე აცხადებდნენ, რომ პარტიის დატოვების მიზეზი ენმ-ს ახალი მენეჯმენტი და მისი გადაწყვეტილებებია.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილებით შიდაპარტიულ დაპირისპირებას დავუსვით წერტილი… ჩვენი ამოცანა იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხება… „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება თავისი შინაარსით და ფორმით სამწუხაროდ არაფრით განსხვავდება იმ პარტიისგან, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში ვართ ჩვენ წლების განმავლობაში…

ვტოვებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ თითოელ ჩვენგანს იხილავთ ბრძოლის ველზე რუსული „ოცნების“ წინააღმდეგ,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, ის ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი იყო ბათუმში.

ბათუმის საკრებულოს  ფრაქცია „თავისუფლების კვარტალი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 13 წევრიდან 7 ტოვებს ენმ-ს.

ბაჩი მექვაბიშვილი, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფლების კვარტალი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ ფრაქციის დატოვებას არ აპირებს, ფრაქციას კი, სახელი მაშინ შეეცვლება, თუ მას ენმ-ს წევრები დატოვებენ.

„ფრაქციის იმ წევრებმა, რომლებიც ენმ-ს წევრები არიან, თავად უნდა მიიღონ ინდივიდუალურად გადაწყვეტილებები,“ – ამბობს ნოდარ დუმბაძე, ფრაქციის თავმჯდომარე.

„ნიკა მელია პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრში არის გამორჩეული ლიდერი, თუ ის გააკეთებს ახალ პოლიტიკურ პარტიას, მე პირადად მასთან ერთად ვიქნები.

პარტია მოიქცა ძალიან არასწორად, როცა ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ ლიდერს ასე ექცევი პარტიაში, ჩემი აზრით, შანსი იმისა, რომ ოლიგარქიული რეჟიმი დაამარცხო, მინიმუმამდე დადის… ჩვენი მთავარი მიზანია ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება და პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება ამ ქვეყანში, მიშას თავისუფლება, სხვა პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება მართლა გადის სწორ კოორდინაციაზე პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს შორის,“- განაცხადა გიორგი კირთაძემ. ის თვითმმართველობის წინა არჩევნებზე ბათუმის მერობის კანდიდატი იყო.

გიორგი კირთაძე ამბობს, რომ სხვები „ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებებს“.

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარსკვლავი გაიხსნა

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

„ძალიან აღელვებული ვარ, ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ არასდროს და სიტყვებს ვერ ვპოულობ მადლიერების გამოსახატავად. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი დაფასებისათვის თითოეულ ადამიანს, განსაკუთრებით დიდი მადლობა კი აჭარაბეთს, რომ შექმნა ასეთი პროექტი, იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი გაგრძელდება და კიდევ ბევრ ვარსკვლავს ვიხილავთ „ აჭარაბეთ არენაზე “.

დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციურია ჩემთვის“ — განაცხადა ასლან ბალაძემ.

„ვულოცავ ასლანს ამ მნიშვნელოვან დღეს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ასლან ბალაძის ვარსკვლავი გაიხსნა და ორმაგად სასიხარულოა, რომ ჩვენი ვარსკვლავები აჭარაბეთ არენაზე არის ერთად. ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ადამიანის დაფასება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე დიდი რა შეიძლება გააკეთო არ ვიცი.

მიხარია, რომ აჭარაბეთ არენაზე ვარსკვლავთა ხეივანს საფუძველი სწორედ ჩემი ვარსკვლავის გახსნით ჩაეყარა და ვიმედოვნებ, კიდევ ძალიან ბევრი ვარსკვლავი გაიხსნება აქ,“ – განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ.

აჭარაბეთის ინიციატივით 2022 წელს, „აჭარაბეთ არენაზე“ ვარსკვლავთა ხეივანს ჩაეყარა საფუძველი, სადაც უკვე გახსნილია რევაზ ჩელებაძის, ვახტანგ ქორიძის და ასლან ბალაძის ვარსკვლავები.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 332 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770]
  • ტანკი – 5 580 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 10 401 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 7 961 ერთეული [+12]
  • MLRS – 913 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 602 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 017 ერთეული [+22]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 569 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 451 ერთეული [+19]
  • სპეცტექნიკა – 1 141 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 545 თვითმფრინავი
  • 256 ვერტმფრენი
  • 9 391 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 775 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 187 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 227 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 894 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა ხდება ფრონტზე – უკრაინის გენშტაბის ბოლო ცნობები

დაუცველი სანაპირო ბათუმში და დამცავი კედელი, რომელსაც ზღვა შლის | ფოტო

ბათუმში 27 ნოემბერს შტორმმა ახალ ბულვართან სანაპირო ზოლი კიდევ ერთხელ დააზიანა.

ამ შტორმის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნაპირის ნგრევა ზღვის მიერ ძველი ბულვარის მიმართულებით ისევ გრძელდება. რა მდგომარეობა იყო უშუალოდ სანაპიროზე შტორმის მეორე დღეს, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

ამჯერად კი, ფოტოებით გვინდა გაჩვენოთ ის დამცავი ნაგებობა, რომელსაც ზღვა შლის; ასევე ადგილები, სადაც ხრეშის ხელოვნურად შეტანამ სანაპირო ზოლი და იქ არსებული ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად დაიცვა დაზიანებისგან:

ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმში, რომელსაც ზღვა შლის/ 2.12.2023
ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმში, რომელსაც ზღვა შლის/ 2.12.2023
ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმში, რომელსაც ზღვა შლის/ 2.12.2023
ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმში, რომელსაც ზღვა შლის/ 2.12.2023
ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმში, რომელსაც ზღვა შლის/ 2.12.2023 / ამ კონსტრუქციის აგებაში 50 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.
ნაპირდამცავი ნაგებობიდან ზღვის მიერ მიტაცებული ლოდი/ 2.12.2023
ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმში, რომელსაც ზღვა შლის/ 2.12.2023
ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმში, რომელსაც ზღვა შლის/ 2.12.2023 / ამ ზოლში ხელოვნური პლაჟი მაშინაც მოაწყვეს, როცა ლოდებით დამცავი ნაგებობა ააშენეს, თუმცა ეს ხელოვნური პლაჟი ზღვამ 2020 წელს წარეცხა.
ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმში, რომელსაც ზღვა შლის/ 2.12.2023

სანაპირო ზოლში, სადაც ზღვა ლოდებით მოწყობილ კონსტრუქციას შლის, პლაჟი წარეცხილია და ამ ტერიტორიაზე ხელოვნურად ხრეში არ შეუტანიათ. ხრეშის ის რაოდენობა, რომელიც აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ შეიტანეს, როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა.

იმ მონაკვეთში კი, სადაც ხრეში ხელოვნურად შეიტანეს და პლაჟი მოაწყვეს,  ლოდების კონსტრუქციას ზღვა ჯერჯერობით ვერ შლის:

ახალი ბულვარის გაგრძელება აეროპორტის ბულვარისკენ – ხელოვნური პლაჟი და დამცავი კედელი 27 ნოემბრის შტორმის შემდეგ / 2.12.2023

ლოდებით სანაპიროს გამაგრებას ზოგიერთი სპეციალისტი ადრეც ეწინააღმდეგებოდა და ამბობდნენ, რომ ლოდების მოწყობის შემდეგ ზღვა ნაპირის ნგრევას ძველი ბულვარის მიმართულებით გააგრძელებდა.  ეს პროგნოზი გამართლდა.

ლოდების ნაგებობა მოაწყვეს, პროექტი ზღვის ხელოვნურ კვებასაც ითვალისწინებდა, თუმცა ხრეში დროულად არ შეიტანეს, შეტანილი მასა არასაკმარისი აღმოჩნდა და ზღვამ ნაპირის ნგრევა ახალი ბულვარის პირსიდან ძველი ბულვარის მიმართულებით გააგრძელა. 2023 წლის 27 ნოემბრის შტორმის დროს დანგრეული სანაპირო ზოლის სიგრძე აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიას გასცდა.

ზღვის ხელოვნური კვების გარეშე კი, მხოლოდ ხელოვნური დამცავი ნაგებობების მოწყობით, ბათუმი შესაძლოა პლაჟის გარეშე დარჩეს. მეტიც, დანგრევის საფრთხე ამ ნაგებობებსაც ემუქრება, რაც ბათუმისთვის კატასტროფა იქნება.

ზღვა პარალელურად ახალ ბულვარში უკვე მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტსაც ანგრევს:

ზღვა ახალ ბულვარში უკვე მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტსაც ანგრევს შესართავთან / 2.12.2023
ზღვა ახალ ბულვარში უკვე მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტსაც ანგრევს და აზიანებს ხიდსაც / ფოტოზე: ხიდი მდინარე მეჯინისწყალზე, რომელზეც ახალი ბულვარის პრომინადი და ველობილიკი გადის / 2.12.2023
ბათუმი, შტორმი / 27.11.2023

ზღვა ლოდებით ადრე მოწყობილ ნაგებობასაც შლის ბათუმში, გამწმენდი ნაგებობის მიმდებარე ზოლში [აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მდინარე ჭოროხის შესართავის მიმართულებით]. ზღვა 27 ნოემბერს ნაპირზე აქაც გადმოვიდა:

ზღვა ლოდებით ადრე მოწყობილ ნაგებობასაც შლის ბათუმში, გამწმენდი ნაგებობის მიმდებარე ზოლში / ზღვა 27 ნოემბერს ნაპირზე აქაც გადმოვიდა / 2.12.2023
ზღვა ლოდებით ადრე მოწყობილ ნაგებობასაც შლის ბათუმში, გამწმენდი ნაგებობის მიმდებარე ზოლში / ფოტოზე ჩანს, რომ ამ მონაკვეთში ნაპირსამაგრი კონსტრუქცია ფაქტობრივად დარღვეული და მოშლილია / 2.12.2023
ზღვა ლოდებით ადრე მოწყობილ ნაგებობასაც შლის ბათუმში, გამწმენდი ნაგებობის მიმდებარე ზოლში / 2.12.2023

სანაპირო ზოლი ახალ ბულვარში 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში [მარცხნივ] და იგივე ადგილი 27 ნოემბრის შტორმის შემდეგ – 2 დეკემბერს [მარჯვნივ]

ბოლო წლებში სანაპირო ზოლში სხვადასხვა კონსტრუქცია ისე მოაწყვეს ან ახლა აწყობენ, რომ ზღვისგან დაცვის სტრატეგია სახელმწიფოს არ გააჩნდა და არც დღეს აქვს. ამას ემატება მშენებლობები ზღვასთან ახლოს.

„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მთავრობის დაკვეთით მომზადდა.

ამ თემაზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

აბაზანაში ქალს ვიდეო გადაუღეს და გაუვრცელეს – რა გადაწყვიტა ხელვაჩაურის სასამართლომ

„ს. ს.-მ ფარულად დამონტაჟებული მობილური ტელეფონის ვიდეოკამერის მეშვეობით უკანონოდ მოიპოვა პირადი საიდუმლოს – ა. შ-ს სრულიად შიშველი სხეულის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რამაც მნიშვნელოვანი მორალური ზიანი გამოიწვია,“ – წერია საქმეში, რომელიც ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ უკვე განიხილა.

საქმის მასალების მიხედვით, კაცმა, რომელმაც ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი მოიპოვა, სოციალური ქსელის მეშვეობით სხვა პირს გადაუგზავნა ქალის შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო. დაზარალებული ქალი ბრალდებული კაცის პარტნიორის და იყო. დაზარალებული ხელვაჩაურის ერთ-ერთ დასახლებაში, ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ს.ს. დამნაშავედ მიიჩნია, სსკ-ის 157-ე მუხლის მიხედვით [პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა],  ასევე 157-ე მუხლის პრიმა ნაწილის მიხედვით [პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა].

კაცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ეს იყო პირადი ცხოვრების ხელყოფა, თუ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა? – ამ საკითხზე უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა და საბოლოოდ ს.ს.-ს სასჯელი შეუმსუბუქეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის მარტში დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა: ს. ს-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილი ბრალდება [პირადი ცხოვრების საიდუმლო] გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე [პირადი ცხოვრების ინფორმაციის ხელყოფა]. საბოლოოდ კაცს მიუსაჯეს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორს – რამაზ შანიძეს საკასაციო საჩივრით მოუთხოვია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა. პროკურორმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს სთხოვა ს.ს.-ს დამნაშავედ მიჩნევა როგორც სსკ-ის 157-ე, ისე სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლების მიხედვით და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდება.

„საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები.

პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას წარმოადგენს ფოტო, აუდიო, ვიდეო ან დოკუმენტურ მასალაზე აღბეჭდილი ინფორმაცია, რომელიც არ მოიცავს ინდივიდის პირად საიდუმლოებას, თუმცა ასახავს მისი ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს, როგორიცაა პირადი ჰიგიენა, გადაადგილება, შეხვედრები, შესყიდვები, დასვენება და სხვა აქტივობები, რომლებიც საზოგადოების წეს-ჩვეულებებსა და მორალური კრიტერიუმების ფარგლებს არ სცდება, – „ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ამავე განჩინების მიხედვით:

„რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.

საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა  მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია პირადი ცხოვრების საიდუმლო.

აღნიშნული მუხლის მიზნებისთვის პირადი ცხოვრების საიდუმლო წარმოადგენს ინდივიდის მიერ საკუთარი ძალისხმევით, საზოგადოების წეს-ჩვეულებებითა და მორალური კრიტერიუმების საფუძველზე დაფარულ პირადი ცხოვრების რეალობას, რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის სპეციალური ნორმით დაცულ საიდუმლოებას, თუმცა მისი გასაჯაროება პირს შეუქმნის გარკვეულ უხერხულობას ან/და ჩააყენებს თავის მართლების რეჟიმში.

პირადი ცხოვრების საიდუმლოება შესაძლებელია იყოს როგორც ოფიციალურ ჩანაწერებში, ასევე  ფოტო, აუდიო, ვიდეო ან დოკუმენტურ მასალაზე აღბეჭდილი.

პირად საიდუმლოებას წარმოადგენს ინდივიდის მიერ დაფარული ისეთი ცნობები, რომლებიც ეხება პირის ეთნიკურ კუთვნილებას, ჯამრთელობის მდგომარეობას, სიშიშვლეს, სქესობრივ ცხოვრებას, მსხვერპლად აღიარებას, ფინანსურ მდგომარეობას, სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობას (ნასამართლეობა, ქორწინება, განრიდება, დაჯარიმება) და ა.შ…. ამგვარი ინფორმაციის გასაჯაროება თავისთავად ზიანის მიმყენებელია ნებისმიერი პირისთვის.

პირის ბანაობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და შიშველი სხეულის ფოტო წარმოადგენს არა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, არამედ პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატამ ს. ს-ს ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიიჩნია, რომ ს.ს-მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ხულოს სოფელ დანისპარაულში ახალ სკოლას ააშენებენ – გამოყოფილია 4 მილიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 4,1 მილიონი ლარია გამოყოფილი. ახალი შენობა ორსართულიანი იქნება და მის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებულია.

მშენებლობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზეა დაგეგმილი, რომელიც ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალიდან 87 მეტრში მდებარეობს.

მშენებლობაზე თანახმაა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მკაცრად იქნება დაცული შესაბამისი პირობები [საჯარო სკოლის ადგილმდებარეობა, კმ და პკ, საავტომობილო გზის ღერძის მიმართ დაშორება და სხვა].

„წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო სკოლის მოწყობასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის მიერ გაცემული შეთანხმება ჩაითვლება გაუქმებულად“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ ხულოს მერიაში გაგზავნილი წერილში.

ამასთან, სამომავლოდ „საავტომობილო გზის ამ მონაკვეთის მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის შემთხვევაში, თუ ამას საჭიროება მოითხოვს, საჯარო სკოლის დემონტაჟი მოხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“ – აღნიშნულია დეპარტამენტის წერილში.

სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი აჭარის განათლების სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 4 მილიონ 113 ათას 255 ლარია.

სამინისტროს სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით, დაგეგმილ მშენებლობაზე სავარაუდო ფასის დადგენის მიზნით ინფორმაცია 9 კომპანიას მიაწოდეს, მაგრამ არავინ დაინტერესებულა: „ბაზრის კვლევის ფარგლებში ინფორმაცია გაეგზავნა 9 კომპანიას, თუმცა მათგან რაიმე წინადადებები და შენიშვნები არ იქნა წარმოდგენილი“.

აქედან გამომდინარე, როკორც ოქმშია აღნიშნული, „შეისწავლეს 3 ანალოგიური ტენდერი, რომლის შედეგად დადებული ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს, ან არაუმეტეს 20%-ით აღემატება/ნაკლებია გამოსაცხადებელი ელექტრონული ტენდერის სავარაუდო ღირებულებაზე, ასევე რომელშიც მონაწილეობა მიიღო, არანაკლებ ორმა პრეტენდენტმა და ახალი ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე არაუგვიანეს 12 თვით ადრე მიენიჭა სტატუსი – „ხელშეკრულება დადებულია“.

ოქმში ისიცაა, აღნიშნული, რომ ეს ტენდერები „განხორციელებულია სხვა შემსყიდველების მიერ, თუმცა სამუშაობის ჩატარების ადგილი არის ბათუმის, მარტვილის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, რაც ტერიტორიულად ახლოს მდებარეობს წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ ობიექტთან“-ო.

ამ „კვლევის, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების, შესყიდვის მოცულობისა და სპეციფიკის (მაღალმთიანი რეგიონი) გათვალისწინებით“ განისაზღვრა პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნებიცო – აღნიშნულია ოქმში.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისადმი ერთ-ერთი მთავარი სატენდერო მოთხოვნა კი მისი გამოცდილებაა.

„შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობის/ნაგებობის მშენებლობის/რეაბილიტაციის სამუშაოების (გამოცდილებაში არ ჩაითვლება გზების, ხიდების, გაბიონების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, ეზოების, ქუჩების მოწყობის/რეაბილიტაციის და მსგავსი სამუშაოები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სამუშაოები სხვა ძირითადი სამუშაოების თანმდევი სამუშაოებია), მიწოდება საერთო ღირებულებით არანაკლებ 2 056 627 ლარის, მათ შორის ერთი შესყიდვის ფარგლებში არანაკლებ 1 028 313 ლარის ღირებულების სამუშაოები.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

წინადადებების მიღება ტენდერში 2023 წლის 20 დეკემბერს დაიწყება და 25 დეკემბერს დასრულდება.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 24 თვის ვადაში უნდა დამთავრდეს.

დანისპარაულის სკოლის ვიზუალიზაცია / ფოტო პროექტიდან

„საპროექტო შენობა წარმოადგენს ორი სართულის მქონე სკოლის შენობას, რომელიც წარმოდგენილია ორ ბლოკად, პირველი ბლოკი განკუთვნილია სპორტული დარბაზისთვის, ხოლო მეორე ბლოკში განთავსებულია: სასწავლო, სამერუნეო და სხვა სივრცეები. სასწავლო სივრცე განლაგებულია ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში, სპორტ-დარბაზი კი – სამხრეთით.

ეზოს ძირითადი ტერიტორია ვრცელდება დასავლეთ ნაწილში, რომელიც მოეწყობა მოსწორებულ ტერასაზე. ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში განსაზღვრულია საქვაბეს მოწყობა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მინი სპორტული მოედანის.

ტერიტორიის მთელი ზედაპირი გარდა მისასვლელი გზისა დაიფარება დეკორატიული ფილებით, ხოლო გზის ზედაპირი ბეტონის საფარით“ – აღნიშნულია პროექტში.

გეოლოგიურ დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ სკოლის ტერიტორია არის „ძველმეწყრული ფერდი, რომელიც დღესდღეობით დასტაბილიზირებულია“ და „აუცილებელი პირობაა ზედაპირული და ნაწრეტი წყლების უსაფრთხო ადგილას გაყვანა“ შესაბამისი კომუნიკაციის მოწყობით:

გეოლოგიური დასკვნიდან
დანისპარაულის ახალი სკოლის ვიზუალიზაცია / ფოტო პროექტიდან
დანისპარაულის საჯარო სკოლა / 21.02.2023წ. / თოვლით დაფარული სკოლა ხულოში – დანისპარაულში სასწავლო პროცესი შეფერხდა

ამავე თემაზე:

როცა გარეთ 2 მეტრი თოვლია – ამბები გოდერძიდან და დანისპარაულიდან | ფოტო/ვიდეო

 

 

განრიდებული 585 მოზარდიდან ყოველი მეხუთეს მშობელი ემიგრანტია – პროკურატურის კვლევა

განრიდებული 585 მოზარდიდან ყოველი მეხუთეს მშობელი ემიგრანტია, ეს იმ კვლევაში ჩანს, რომელიც პროკურატურამ 2023 წელს გამოაქვეყნა და სადაც 2022 წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შედეგებია გაანალიზებული.

პროკურატურის კვლევის მიხედვით 585 არასრულწლოვნიდან 124-ის [ანუ 21%-ის] ორივე, ან ერთ-ერთი მშობელი ემიგრაციაშია.

პროკურატურის მონაცემებით, მოზარდები კანონთან კონფლიქტში ყველაზე ხშირად ისევ ქურდობის გამო შედიან. 2022 წელს 14-დან 18 წლამდე ასაკის განრიდებული მოზარდების 70%-მა ქურდობა ჩაიდინა.

კვლევაში შეგვხდებათ ეს ჩანაწერიც: „საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ხშირად სავაჭრო ობიექტებშია ჩადენილი და ყველაზე მეტად გავრცელებულია არასრულწლოვანთა მიერ ტანსაცმლის და ტკბილეულის ქურდობის შემთხვევები, თუმცა გვხდება ალკოჰოლიური სასმელის და სიგარეტის ფარულად დაუფლების შემთხვევები“.

თუმცა პროკურატურისვე მონაცემებით, განრიდებული არასრლუწლოვნების ოჯახების 54%-ის „შემოსავალი საკმარისია ყველა ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“.

კვლევის მიხედვით, 208 ოჯახის შემთხვევაში [36 %] – შემოსავალი საკმარისია პირველადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ხოლო 5%-ის შემთხვევაში „შემოსავალი არასაკმარისია“.

ამ კვლევის თანახმად, განრიდებული არასრუწლოვნების ოჯახების 5%-ის შემთხვევაშია საკმარისი შემოსავალი „დამატებითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.“

  • 2022 წელს ბრალდებულ და განრიდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა 927-მდე გაიზარდა [2021 წელს იყო 610], მათ შორის 585 არასრულწლოვანი [63%] განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართეს, 342 მოზარდის შემთხვევაში კი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო [122 შემთხვევაში გამოყენებულია არასაპატიმრო სასჯელი].
  • 2016 წლიდან განრიდება-მედიაციაში 18-დან 21 წლამდე ასაკის პირების ჩართვაც არის შესაძლებელი. 2022 წელს ასეთი 590 შემთხვევა დაფიქსირებულა.

განრიდება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნის [18-დან 21 წლამდე ასაკის პირის] მიერ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ეფუძნება. განრიდება ეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულსაც. 

თვალშისაცემია კონკრეტული მიგნება: განრიდებული 585 არასრულწლოვნიდან მხოლოდ 21-მა [3.5%] ჩაიდინა ხელახლა დანაშაული.

კვლევის მიხედვით, განრიდებული მოზარდებდან 160 [27%] სკოლაში საერთოდ არ დადის. „საერთოდ არ იღებს განათლებას,“ – ვკითხულობთ პროკურატურის კვლევაში.

ამავე მონაცემებით, განრიდებული 585 მოზარდიდან 70 არასრულწლოვანი ალკოჰოლზეა დამოკიდებული, 25 – ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, 6 – აზარტულ თამაშებზე, ხოლო 41 – კომპიუტერულ თამაშებზე.

განრიდებული მოზარდების უმრავლეობა [92%] ბიჭია, ასაკის მატებასთან ერთად კი, დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელიც იმატებს: მაგალითად, 2022 წლის მონაცემების მიხედვით, განრიდებული და ბრალდებული 927 მოზარდიდან 130 მოზარდი იყო 14 წლის, 221 – 15 წლის, 261 – 16 წლის, 315 – 17 წლის.

რაც შეეხება რეგიონულ გადანაწილებას: წინა წლების მსგავსად, კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების მაღალი მაჩვენებელი ისევ თბილისსა [374 მოზარდი] და ბათუმშია [143 მოზარდი].

პროკურატურის კვლევიდან ჩანს, რომ განრიდებული და ბრალდებული მოზარდების 89%-ს ორივე მშობელი ჰყავს, თუმცა 49% ცხოვრობს ორივე მშობელთან. მოზარდების 19% დედასთანაა, 7% – მამასთან.

განრიდებული 585 მოზარდიდან 117 მოზარდის [20%] მშობლები განქორწინებული არიან.

ამ თემაზე:

„ლარიანი შოკოლადი 7 რატომ უნდა ღირდეს?“ – 14 წლის ბიჭი, რომელსაც კანონთან კონფლიქტი აქვს

იმერული ხაჭაპური ბათუმში გაიაფდა და ქუთაისში გაძვირდა – რას აჩვენებს „ხაჭაპურის ინდექსი“

2023 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.47 ლარი გახდა და 5.5 %-ით გაძვირდა ოქტომბერთან შედარებით.

წლიურად, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, ხაჭაპური 6.9 %-ით შემცირდა.

ეს ISET-ის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ხაჭაპურის ინდექსის“ ახალი მონაცემია. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.

„წლის ამ პერიოდში ინდექსის ზრდა ჩვეული მოვლენაა, რასაც, მეტწილად, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობებს. ამის მიზეზი ნედლი რძის მიწოდების სეზონური შემცირებაა, რაც ზრდის მოთხოვნას იმპორტირებულ რძის ფხვნილზე. ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე. ყველაზე მნიშვნელოვნად შეიცვალა ყველის ფასი (+8.3%), რომელსაც მოყვება შემდეგი ინგრედიენტები: საფუარი (+5.9%), კარაქი (+3.5%), რძე (+2.6%), ფქვილი (+0.4%) და კვერცხი (+0.3%).

აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი ქუთაისში (6.66₾), ყველაზე იაფი კი ბათუმში (6.39₾) ჯდება. მეტიც, ნოემბერში ყველის ფასი ყველაზე მეტად ქუთაისსა (+14.3%) და თელავში (+12.7%) გაიზარდა, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ყველის ფასი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიზრდება. სავარაუდოდ, ძირითადი საკვები პროდუქტების ფასები ზრდას განაგრძობს მოახლოებული სადღესასწაულო პერიოდით გამოწვეული მოთხოვნის ზრდის გამო, რასაც ემატება ზამთრის სეზონური დეფიციტი მიწოდების მხარეს,“ – აღნიშნულია ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 დეკემბრის 21 საათიდან 4 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია; ღელვა 2-3 ბალი;

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 5 დეკემბერს – დღის პირველ ნახევარში, ხოლო 6 დეკემბერს – დღის მეორე ნახევარში, ზოგან წვიმა, 7-8 დეკემბერს კი, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 332 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930]
  • ტანკი – 5 575 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 10 396 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 7 949 ერთეული [+8]
  • MLRS – 913 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 602 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 995 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 569 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 432 ერთეული [+22]
  • სპეცტექნიკა – 1 140 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 545 თვითმფრინავი
  • 256 ვერტმფრენი
  • 9 361 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 759 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 187 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 224 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 876 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„თუ დნეპრი გაიყინა, ეს უკრაინელებს გაუადვილებს პლაცდარმის მომარაგებას“- ინტერვიუ

ვილები და ცათამბჯენები ხელოვნურ კუნძულზე – პროექტის გზშ მზადაა

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში წარადგინა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შესაბამის პორტალზე აღნიშნული დოკუმენტის გაცნობა და შენიშვნების წარდგენა 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.

„ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ ბათუმის აკვატორიაში, 65 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემულია 1 443 223 კვ.მ ტერიტორია. კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე ინფრასტრუქტურა. ხელშეკრულების მიხედვით „ამბასადორმა“ არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

არსებული პროექტის მიხედვით ზღვაში უნდა მოეწყოს 108.5 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, საიდანაც ხელოვნურად შექმნილი კუნძულისა და ნახევარკუნძულების [მიწის] ფართობი 84 ჰექტარი იქნება, ხოლო დანარჩენი გამოყენებული იქნება დამცავი მოლების და შიდა აკვატორიის მოსაწყობად.

გზშ-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელოვნური კუნძულის შემდგომი განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმება დაგეგმილია პროექტის შემდგომ ეტაპზე.

ამავე დოკუმენტის მიხედვით:

  • „პროგნოზირებულია, რომ ბათუმის მოსახლოების ზრდის ტემპის გათვალისწინებით, 20 წელიწადში, ქალაქის მოსახლოება 166 ათასიდან გაიზრდება 230 ათასამდე, სადაც სავარაუდოდ 14 ათასი ხელოვნურ კუნძულზე იცხოვრებს.
  • ამასთანავე პროგნოზირებულია წელიწადში 4.5 მლნ ღამე დამრჩენი ტურისტი და 70 ათას ერთ დღიან ტურისტამდე საშუალო დღეს, საიდანაც 13 ათსი ტურისტი დარჩება ხელოვნურ კუნძულზე.
  • კუნძულის განვითარების პროგრამა მოიცავს ყველა ძირითად ფუნქციას: საცხოვრებელი, სასტუმრო, გასართობი, სპორტული დასასვნებელი, ჯანდაცვის და განათლების ჩათვლით.
  • კონცეფციის მიხედვით კუნძული დაყოფილია 3 ძირითად ცენტრად:
    I – კუნძულის ცენტრი, როგორც ყველაზე აქტიური არეალი, სადაც წარმოდგენილი იქნება: მარინა კლუბი, ცენტრალური პარკი და ტყუპი ცათამბჯენები გამორჩეული არქიტექტურილი დიზაინით;
    II – დახურული საცხოვრებელი სამეზობლო ზონა, განაყოფები, სადაც პრემიუმ კლასის ვილები იქნება განთავსებული, ზღვასთან პირდაპირი წვდომით;
    III – მულტი-ფუნქციური ნახევარკუნძულები დომინანტური საცხოვრებელი და აპარტსასტუმროს ფუნქციებით. ნახევარკუნულებზე იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა მაღალი კლასის საცხოვრებლები სამეზობლოს ფუნქციონირებისათვის, როგორიც არის: სავაჭრო ერთეულები, სპორტული მოედნები, განათლების და ჯანდაცვის ცენტრები, რეკრეაციული სივრცეები და სხვა.
  • პროექტში ჯამურად გათვალისწინებულია 5.5 ათასი ბინა, 105 ვილისათვის გათვლილი მიწის ნაკვეთი, 19 ათასი სერვის აპარტამენტი, 2 ათასი სატუმროს ნომერი და სხვა.
ხელოვნური კუნძულის განაშენიანების გეგმა / ესკიზი გზშ-დან

„მართალია ხელოვნური კუნძულის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, გარკვეულად შეცვლება საპროექტო აკვატორიის ვიზუალურ-ლანდშაფტური ფონი, რაც განსაკუთრებით აღქმადი იქნება ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარე საცხოვრებელი ზონებიდან და საავტომობილო გზიდან.

ზემოქმედება იქნება შეუქცევადი, მაგრამ მსგავსი პროექტების გამოცდილებიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდება ადაპტირება და ახლად შექმნილი განაშენიანება ჩაეწერება ქალაქის სტრუქტურაში.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის განხორციელების შედეგად არ შეიზღუდება კუნძულის საჯარო წვდომა და ტერიტორია ხელმისაწვდომი იქნება მომდებარე არეალის მოსახლეობისთავის.“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

გზშ-ს ანგარიშში ხაზგასმულია ასევე, რომ „მშენებლობის ფაზაზე, არსებობს ქალაქის სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედების რისკი, რაც
მნიშვნელოვანია დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია ზემოქმედების რისკების შემცირება.“

ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ „ქალაქის სატრანსპორტო ნაკადების მნიშვნელოვანი განტვირთვა მოხდება ბათუმის შემოვლითი საავტომობილო მაგისტრალის ექსპლუატაციაში გადაცემის შემდეგ“ და „კუნძულის განაშენიანების, ასევე ექსპლუატაციის ფაზებზე ტრანსპორტს ნაკლებად მოუხდება ქალაქ ბათუმის ცენტრალურ უბნებში შესვლა ან გავლა, რაც გამოიწვევდა საცობებს, ვინაიდან საპროექტო ტერიტორიის მიბმა ხდება ქალაქის შემოსასვლელში ცენტრალურ მაგისტრალზე.“

ჩვენის მხრივ უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ აღნიშნული ტერიტორია – „ქალაქის შემოსასვლელია“ დღეს საცობების მხრივ ყველაზე პრობლემური. ამასთან, ჯერ ისიც უცნობია, რამდენად „მნიშვნელოვნად განტვირთავს“ ამ მონაკვეთს ბათუმის შემოვლითი გზის გახსნა.

ხელოვნური კუნძულის გეგმა / ფოტო გზშ-დან

გზშ-ს მიხედვით „კუნძულის სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა დაახლოებით 5 წელია“, საჭირო ინერტული მასალების შემოტანა კი დაგეგმილია სხვადასხვა ლიცენზირებული კარიერიდან, ხოლო ქვების შემოტანა მოხდება, როგორც საქართველოს ტერიტრიაზე არსებული ლიცენზირებული კარიერებიდან, ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან.

ინერტული მასალების და ქვების შემოტანა დაგეგმილია საქართველოში მოქმედი შემდეგი ლიცენზირებული კარიერებიდან:

  • ქობულეთი – სოფელ ქობულეთის და სოფელ ხუცუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე კინტრიშის კალაპოტში მდებარე ინერტული
    მასალების კარიერი;
  • ქედა – სოფელ დოლოგანის მიმდებარედ ანდეზიტის, ბაზალტის და სხვა სამშენებლო მასალების კარიერი;
  • წყალტუბო – სოფელ ოფურჩხეთის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის (ტეშენიტის) კარიერი
  • თურქეთი – შეთანხმება მიღწეულია ართვინის რეგიონში მოქმედ კომპანიასთან ყოველთვიურად 30 000 – 60 000 ტონა ქვის მოწოდების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ქვების მნიშვნელოვანი რაოდენობის შემოტანა თურქეთის რესპუბლიკიდან.
  • დამცავი მოლების მოსაწყობად საჭირო სამშენებელო მასალების შემოტანა მოხდება კვირიკეს, ხალას და დოლოგნის კარიერებიდან, ასევე იმერეთის რეგიონიდან და თურქეთიდან.

ანგარიშში აღნიშნულია ასევე, რომ „არც მოლების მოსაწყობად გათვალისწინებული ქვების და არც ხელოვნური კუნძულის ტერიტორიის ფორმორებისათვის საჭირო ინერტული მასალების სამშენებლო მოედნებზე დამუშავება დაგეგმილი არ არის, რადგან მათი დამუშავება
გათვალისწინებულია კარიერების ტერიტიებზე.

წინასწარი შეკვეთით სამშენებელო მოედანზე შემოტანილი იქნება წინასწარ დამუშავებული შესაბამისი წონის ქვები. აღნიშნული გარკვეულად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედების ისეთ რისკებს, როგორცაა ატმოსფერულ ჰაერში მტვრის გავრცლება, ხმაურის გავრცლება და წყლის გაერემოზე ზემოქმედება“.

რამდენიმე დეტალი გზშ-ს ანგარიშიდან:

  • „პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედების რისკებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ზღვის ბიოლოგიური გარემოს საბინადრო ჰაბიტატის მუდმივად დაკარგვა (დაახლოებით 108 ჰა).

მართალია საპროექტო აკვატორიის გარკვეულ მონაკვეთზე აღინიშნება ფსკერული ნალექების ნავთობის ნახშირწყალბადებით ისტორიული დაბინძურება, მაგრამ აღნიშნული ფართობის ჰაბიტატის დაკარგვა ნეგატიურ ზემოქმედებად უნდა ჩაითვალოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, საპროექტო აკვატორია ზღვის ბიოლოგიური გარემოს მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.

ზემოქმედების შემცირება შესაძლებელი იქნება მიზანმიმართული შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელებით.

  • ხელოვნური კუნძულის პროექტის განხორციელება აჭარის სანაპირო ზოლის განვითარების დინამიკაზე ნეგატიურ ზემოქმედებას ვერ მოახდენს.

მნიშნელოვანია ის ფაქტიც, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მომავალში ადგილი აღარ ექნება საპროექტო აკვატორიის სანაპირო ზოლის წარეცხვის პროცესს და ხელოვნურად შექმნილი ხმელეთის ტერიტორიით შესაძლებელი გახდება ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო ზოლში მიმდინარე ეროზიული პროცესებით გამოწვეული დანაკარგის კომპენსაცია.

  • პროექტის განხორციელების შედეგად დროებით ადგილი ექნება არაკომერციული თევზჭერის პირობების შეზღუდვას.

აღნიშნულის კომპენსაციის მიზნით, პროექტი ითვალისწინებს ხელოვნური პლაჟების მოწყობას, ხოლო ხელოვნური კუნძულის და ნახევარკუნძულების სანაპირო ზოლებში შეიქმნება სამოყვარულო თევზჭერისათვის ხელსაყრელი ადგილები.

  • დამცავი მოლების ქვანაყარ კედლებზე გაზრდილი მიდიები და ხამანწკები გააუმჯობესებს წყლის ხარისხს, საკვების მისაწვდომობას და შექმნის სრულიად ახალ ჰაბიტატს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ღორჯოების, მწვანულებისა და სხვა სახეობის თევზებისათვის.

შესაბამისად, ბუნებრივი ქვის ნაყარით მოწყობილი დამცავი მოლების კედლებზე გამრავლებული მოლუსკები, პოზიტიურად აისახება იქთოფაუნის საკვებ ბაზაზე.“

გზშ-ს ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „პროექტის განხორციელება დაკავშირებული იქნება მაღალ სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელთან“

[toggle title=”გზშ-ს მიხედვით პროექტის მნიშვნელოვანი დადებით მხარეების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

  • „დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი დადებითი ზემოქმედების სახეებიდან მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი:
  • თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში მდ. ჭოროხის ხეობაში მოქმედი ჰიდროელექტროსადგურების მაღალი კაშხლების ზემოქმედებით, მდინარის მიერ შემოტანილი პლაჟწარმომქმნელი მყარი ნატანის რაოდენობა მინიმუმამდეა შემცირებული, რის გამოც ადგილი აქვს ქ. ბათუმის სანაპირო ზოლის წარეცხვის პროცესს; პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიქმნება დაახლოებით 84 ჰა ფართობის ახალი ტერიტორია, რაც წარეცხილი ტერიტორიების კომპენსაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გარემოსდაცვით ღონისძიებად უნდა ჩაითალოს;
  • პროექტის განხორციელების შემთხვევაში გამორიცხული იქნება საპროექტო აკვატორიის სანაპირო ზოლში მომავალში ეროზიული პროცესების განვითარების რისკები, რაც ასევე გარემოსდაცვითი ღონისძიებაა;
  • უშუალოდ კუნძულის მშენებლობის ფაზაზე შექმნება არანაკლებ 250-300 დროებითი სამუშაო ადგილი, რასაც დაემატება სამშენებლო მასალების წარმოების ტრანსპორტირების პროცესში დასაქმებული პირები.
  • ხელოვნურ კუნძულზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის მიზნით პირველ ეტაპზე საჭირო იქნება 7 000-მდე მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა.
  • პროექტი ითვალისწინებს კულტურულ-სარეკრეაციო, ტურისტული და კომერციული ინფრასტრუქტურის მოწყობას. საერთაშორისო სტანდარტების ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, კიდევ უფრო აამაღლებს ქალაქის ტურისტულ პოტენციალს;
  • პროექტის განხორციელება დაკავშირებული იქნება ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდასთან;
  • პროექტი ითვალისწინებს ხელოვნური პლაჟების და რეკრეაციული ადგილების/სკვერების და დასასვენებელი ზონების მოწყობას, რაც გამოყენებული იქნება როგორც ქალაქის სტუმრების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. ხელოვნური კუნძულის და ნახევარკუნძულების პერიმეტრზე შექმნილი ინფრასტრუქტურა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოყენებული იქნება დასვენების და არაკომერციული თევზჭერის მიზნით;
  • კომპანია ორ ნახევარკუნძულზე/კუნძულზე მოაწყობს ზღვისპირა ბილიკებს, ბულვარს, პარკებს, სასეირნო ადგილებს, რაც იქნება საჯარო წვდომის, შესაბამისად ხელმისაწვდომი, როგორც ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ასევე ვიზიტორებისთვის, რაც შექმნის ახალ ტურისტულ რეკრეაციულ სივრცეებს.
  • აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საერთაშორისო კვლევითი კომპანიის Colliers მიერ წარმოდგენილი კვლევით განაშენიანება შეთავაზებულია მთლიანი საპროექტო ტერიტორიის 51%-ზე და საჯარო სივრცის შეფარდება კი 49% მთლიანი მიწის ნაკვეთთან.
  • პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ თავად ორი ნახევარკუნძულის/კუნძულის განაშენიანების გეგმაზე იმუშავა Aroup-მა (დიდი ბრიტანეთი), რომლებსაც აქვთ უდიდესი გამოცდილება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში თანამედროვე ქალაქების გეგმარებისა და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალიწინების.
  • აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი განაშენიანების გეგმით ორი ნახევარკუნძულის/კუნძულის განვითარება განხორციელდება წინასწარ შემუშავებული განაშენიანების გეგმით. ამ პროექტის განვითარება შეამცირებს ბათუმის ცენტრალურ და ისტორიულ უბნებზე ჭარბ განაშენიანებაზე მოთხოვნას და შეიქმნება ახალი ადმინისტრაციული სივრცე წინასწარ გააზრებული დინამიური განვითარების გრძელვადიანი გეგმით;
  • პროექტის განხორცილების შემთხვევაში მოსალოდნელია საბიუჯეტო შემოსვლების მნიშვნელოვანი ზრდა, კერძოდ: ბიუჯეტი გადასახადების სახით ყოველწლიურად მიიღებს 67.2 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.
  • ხელოვნური კუნძული გახდება ტურისტული ნაკადების ახალი მიზიდულობის ცენტრი, რაც კიდევ უფრო აამაღლებს აჭარის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და შესაბამისად ადგილი ექნება საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას;
  • როგროც აღინიშნა, პროექტის განხორციელების შემთხვევაში მუდმივად დაიკარგება საპროექტო საზღვაო აკვატორიის გარკვეული ნაწილი, მაგრამ დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებების მიხედვით ხელოვნური კუნძულის შიდა აკვატორიაში შეიქმნება შედარებით მცირე, მაგრამ არსებული ჰაბიტატის მსგავსი ჰაბიტატი, ხოლო დაახლოებით 3.8 კმ სიგრძის დამცავი მოლების ქვანაყარ კედლებზე ადგილი ექნება მოლუსკების გამრავლებას, რაც საუკეთესო საკვებ ბაზას შექმნის თევზის სახეობებისათვის. ყოველივე აღნიშნული ზღვის ბიოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების გარკვეულ შემარბილებელ ღონისძიებად უნდა ჩაითალოს.“
ხელოვნური კუნძულის გზშ-ს ანგარიშიდან

[/toggle]

 

განახლება: გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხელოვნური კუნძულის გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვა 12 იანვარს, დღის 12:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართება (მისამართი: ლუკა ასათიანის ქ. N25). საჯარო განხილვის ორგანიზატორია სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

„ამბასადორს“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაბამისად, ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს საქართველოს მთავრობა საბოლოოდ საკუთრებაში სიმბოლურ 1 ლარად გადასცემს.

ამავე თემაზე:

მთავრობა მალავს ხელოვნური კუნძულის შესახებ დოკუმენტებს – რა შეცვალეს ხელშეკრულებაში

Exit mobile version