განათლება,მთავარი,სიახლეები

„მე მჯერა მაგალითის“ – რისთვის გადაეცა ქართველ ინჟინერ ქალს გლობალური ჯილდო

04.12.2023 • 4115
„მე მჯერა მაგალითის“ – რისთვის გადაეცა ქართველ ინჟინერ ქალს გლობალური ჯილდო

46 წლის ინჟინერს, ანა ნაკაშიძეს, ახლახან გლობალური ჯილდო გადაეცა თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული მუშაობისთვის. ანა ამჟამად აზერბაიჯანში ცხოვრობს და „აზერტელეკომის“ გენერალური დირექტორია. რას ცვლიან ქალები ამ სფეროში და რა იწვევს გენდერულ დისკრიმინაციას კარიერულ გზაზე? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა მას „ბათუმელები“.

  • ქალბატონო ანა, შეგიძლიათ მოგვიყვეთ ამ ჯილდოს შესახებ? რისთვის აიღეთ კონკრეტულად, რა საქმიანობისთვის?

არსებობს ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია – Women In Tech, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ ქალების როლი გაიზარდოს ტექნოლოგიებში.

თითქმის ყველა კონტინენტზე აქვთ წარმომადგენლობები, აქვთ როგორც საგანმანათლებლო ნაწილი, ასევე, ხელს უწყობენ ქალებს კარიერულ წინსვლაშიც.

ამ ორგანიზაციას აქვს ყოველწლიური ჯილდოც, სადაც ძალიან ბევრი ქალი იღებს მონაწილეობას, ჯერ რეგიონულ ჭრილში, შემდეგ კი აქ გამარჯვებული ქალები ხვდებიან ფინალურ ნაწილში, სადაც გამოვლინდება გლობალური ჯილდოს მფლობელი.

„Women In tech კავკასია“ და „ცენტრალური აზია“ წელს პირველად ჩატარდა თბილისში და Global leadership-ის ნაწილში ვიყავი მეც წარდგენილი. აქ ლაპარაკია იმ ქალებზე, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში ლიდერობის მაგალითს ქმნიან. წარმოუდგენლად ძლიერი კონკურსანტები იყვნენ, ამიტომ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ჯილდო ჩემთვის.

  • რა მიმართულებით იმუშავეთ?

მე განათლებით ინჟინერი ვარ და საქართველოშიც ვმუშაობდი სატელეკომუნიკაციო სფეროში. ვიყავი „სილქნეტის“ ტექნიკური დირექტორი, „ტელენეტის“ საოპერაციო დირექტორი და ჩემი გამოცდილება ძირითადად უკავშირდება კავშირგაბმულობის სფეროს. დავიწყე საინჟინრო პოზიციებიდან და მერე უკვე გადავედი მენეჯმენტში.

ახლა ვარ აზერბაიჯანში „აზერტელეკომის“ გენერალური დირექტორი.

გარდა ამისა, ვახორციელებ საკონსულტაციო პროექტებს. სატელეკომუნიკაციო სფეროში ვიყავი მსოფლიო ბანკის კონსულტანტიც ცენტრალურ აზიაში.

  • ხელმძღვანელ პოზიციებზე ყოფნაა აქ მნიშვნელოვანი, თუ კონკრეტული პროდუქტის შექმნის გამო დაჯილდოვდით?

მარტო თანამდებობა არ არის. ეს ჯილდო დაკავშირებულია იმ სამუშაოსთან, რაც ჩაატარე. ისინი აფასებენ იმ გავლენას, რაც შენ მიერ გაკეთებულმა სამუშაომ იქონია რაღაც სფეროს განვითარებაზე. რა წვლილი შეიტანე შენი სფეროს განვითარებაში და პლუს ამას – ლიდერობაში.

  • მოდით, ვისაუბროთ მაშინ იმ კონკრეტულ საქმეზე, რის გამოც დაგაჯილდოვეს. 

ის თემა, რითაც აქ ვარ დაკავებული, ე.წ ინტერნეტგეოგრაფიაა.

ჩვენ ინტერნეტზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც ინტერნეტი უკვე ქვეყანაშია და მიგვყავს აბონენტამდე, მაგრამ სანამ ინტერნეტი მოვა ქვეყნამდე, როგორ იქმნება ეს ქსელი, სად არის მაგისტრალები, სად არის ძირითადი შეერთებები, როგორ იცვლება ეს შეერთებები, როგორ ვითარდება ეს ყველაფერი, ძალიან ხშირად ჩვეულებრივი ადამიანის ყურადღების მიღმა რჩება.

ხშირად, როცა ენერგოუსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, არავინ ლაპარაკობს ინტერნეტსტაბილურობასა და ინტერნეტშეერთებებზე.

ვფიქრობ, ეს არ არის იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ენერგეტიკული უსაფრთხოება. რადგან, თუ ჩვენ გვექნება ისეთი ინტერნეტწყაროები, რომლებიც სრულად კონტროლირებადი იქნება სხვა სახელმწიფოების მიერ, ჩვენი დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგება.

  • განსაკუთრებით, ომისა და კონფლიქტების დროს არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი, არა? ჩვენს ქვეყანაში როგორ არის ამ მხრივ სიტუაცია?

მაგალითად, 2008-ში, ომის დროს, ჩვენი ინტერნეტი უმეტესწილად რუსულ წყაროებზე იყო დამოკიდებული. ომის შემდეგ კი დიდი გადალაგება მოხდა იმისთვის, რომ ინტერნეტი გადართულიყო დასავლურ წყაროებზე.

დღეისთვის საქართველოში ინტერნეტმომაგარება 90 პროცენტით თურქეთიდან შემოდის, ნაწილი კი შავი ზღვის კაბელით ბულგარეთს უკავშირდება.

ახლაც, მსოფლიოში გეოპოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით, მასიური გადალაგებაა აი, ამ ვექტორების – ვინ, სად, ვის უერთდება.

ქვეყნები ცდილობენ, რომ სანქციების გამო ნაკლებად იყვნენ რუსეთზე დამოკიდებულნი. შესაბამისად, მიმდინარეობს დიდი გადალაგება და გეოპოლიტიკური ძვრები იწვევს ინტერნეტგეოგრაფიის ცვლილებას.

საქართველო, საბედნიეროდ, აღარ არის რუსეთზე დამოკიდებული. საკმაოდ კარგი პოზიციები გვაქვს სამომავლოდაც.

რაც უფრო მეტი კაბელი იქნება მიერთებული საქართველოს, საზღვრებზე და შავ ზღვაში, მით უფრო ძლიერი იქნება მისი ინფრასტრუქტურული მდგრადობა.

  • რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ მხრივ აზერბაიჯანზე. რა მიღწევები აქვთ ამ სფეროში?

მე აქ რითაც ვარ დაკავებული, არის საერთაშორისო შეერთებები, მაგისტრალები და ინფრასტრუქტურა. და ამ მხრივ, ხუთჯერ უფრო განვითარდა და უფრო დივერსიფიცირდა ეს მიმართულება აზერბაიჯანში ბოლო წლებში. ინტერნეტშეერთების თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი განვითარებაა.

ძირითად გაცვლის წერტილებს რასაც ვეძახით, ყველა ცდილობს ფრანკფურტიდან ან სოფიადან მიიღოს ინტერნეტი. მთელი სამუშაო არის ის, როგორ შეუერთდე ამ წერტილებს ისე, რომ იყო სტაბილური, გეყოს მოცულობა და არ იყოს ძალიან ძვირი.

ეკონომიკური, საინჟინრო და პოლიტიკური – ამ სამი კომპონენტის გაზავება ხდება. გლობალური ჯილდოც მომენიჭა იმისთვის, რომ ინტერნეტგეოგრაფიის და რეგიონში ინტერნეტის ცვლილებაში შემაქვს ჩემი წვლილი და ამ სამუშაოთი და ლიდერობით ვცვლი ბევრ რამეს.

  • ბოლო დროს თითქოს გაიზარდა ქალების წილი გლობალური ტექნოლოგიების სფეროში. თუ გაქვთ ინფორმაცია, მაგალითად, რა ხდება საგანმანათლებლო სივრცეებში ამ მხრივ? საქართველო-აზერბაიჯანთან რომ გავავლოთ თუნდაც პარალელი, როგორი სურათი გვაქვს?

დიახ, ყველა ლაპარაკობს განათლებაზე, მაგრამ არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ როცა ეს განათლებული ქალები მიდიან სამსახურში, იქ მათ არ ხვდებათ მხარდამჭერი სისტემა.

ძალიან დიდი ხანი საქართველოშიც ვუყურებდი იმას, როგორ უჭირთ ქალებს კარიერულად წინსვლა და ეს არ ხდება იმის გამო, რომ მათ გონებრივი ან საგანმანათლებლო დონე აქვთ კაცებზე ნაკლები. არა, იმის გამოა, რომ სამწუხაროდ, არსებობს გაუცნობიერებელი შეზღუდვები, რომელსაც ქალებს უყენებენ წინ.

  • სქესის გამო?

დიახ. მხოლოდ იმიტომ, რომ გადაწყვეტილებებს – შეარჩიონ თუ არ შეარჩიონ იღებენ კაცები. კაცებსაც ეს არჩევანი გაუცნობიერებლად აქვთ ჩამოყალიბებული და ამის გამო ქალები კარიერულ გზაზე სულ განიცდიან დისკრიმინაციას.

დისკრიმინაცია აისახება როგორც ხელფასზე, ასევე კარიერულ ზრდაზე და ამის გარდა დისკრიმინაციის ძალიან ბევრ სხვა ფორმასაც განიცდიან ქალები ამ პროცესში.

  • შეგიძლიათ რაიმე კონკრეტული მაგალითით აჩვენოთ, რაზეც საუბრობთ?

ჩემი საკუთარი მაგალითიდან შემიძლია გითხრათ, რომ რა თანამდებობაზეც მე ვიყავი, იმ თანამდებობაზე კაცი რომ აიყვანეს, ორნახევარჯერ მეტი ხელფასი გადაუხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამუშაოს ათი პროცენტიც არ ჰქონდა გაკეთებული. ძალიან ხშირია ასეთი მაგალითები.

ჩვენ კვლევები ჩავატარეთ, სადაც გამოჩნდა, რომ კორპორაციულ კულტურაში, მაგალითად, იქ, ახლა სადაც ვარ, ძალიან დიდი ცვლილებებია. ის, რისი გაკეთების საშუალება მე არ მქონდა მაგალითად, საქართველოში, ამის გაკეთების საშუალება მაქვს აქ.

კვლევებმა აჩვენა განსხვავება კაცებისა და ქალების ხელფასებს შორის, ერთსა და იმავე თანამდებობისა და კვალიფიკაციის მიუხედავად და ამის გამოსწორებაზე ვიმუშავეთ.

კორპორაციის დონეზე გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, რაც ქალებს უწყობს ხელს კარიერულ წინსვლაში.

ვიმუშავეთ იმაზე, რომ პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევისას არ იყოს სქესი მითითებული, ნეიტრალური CV-ები იყოს, სახელების დაფარვით, რომ კანდიდატი შეირჩეს არა სქესის, არამედ კვალიფიკაციის მიხედვით.

  • როგორი მონაცემები გაქვთ, გაიზარდა ქალების რაოდენობა ამის შემდეგ?

კი, მუშაობს, რადგან გასაუბრებაზე მოწვეულ ქალთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ამისა, გვაქვს მოქნილი, ჰიბრიდული რეჟიმი და ვისაც უნდა იმუშავებს ოფისში, ვისაც უნდა – სახლიდანაც შეუძლია.

გარდა ამისა, დავდივართ უნივერსიტეტებში და მოგვყავს ინტერშიფზე გოგოები, რომ დავაინტერესოთ ჩვენთან მუშაობით.

ჩემი ინიციატივაა, რომ გოგოები, რომლებიც მონდომებული არიან და მოდიან სამუშაოდ, არ დაიკარგონ არასწორად აწყობილი სისტემების გამო და ვმუშაობ, რომ ხელი შევუწყო მათ სამუშაო ადგილზე.

  • რატომ ურჩევნიათ კაცების აყვანა სამუშაოზე. რა მიზეზები გამოიკვეთა კვლევის დროს?

იმიტომ, რომ კაცებისთვის ნაცნობია, როგორ იმუშაონ კაცებთან. იციან, რას უნდა ელოდონ კაცებისგან, მაშინ როდესაც ამ სფეროში ქალებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ქალებიც მოვიდნენ ამ სფეროში და ეს გამოცდილებაც შეიქმნას.

თუმცა, ამ ტემპით რომ ვიაროთ, საქართველო-აზერბაიჯანის მაგალითზე რომ ვთქვათ, კიდევ ასი წელი დასჭირდება ამ პრობლემის დაძლევას. ცვლილებები არის, მაგრამ ტემპი ძალიან ნელია.

  • მაგალითად, სკოლიდანვე რომ მოხდეს გოგოების ტექნოლოგიებით დაინტერესება, თქვენი დაკვირვებით, რისი გაკეთებაა მნიშვნელოვანი?

მე მჯერა მაგალითის. მჯერა, რომ თუ გოგოები შეხვდებიან ბევრ წარმატებულ ქალს, ეს გაზრდის მათ მოტივაციას.

აქამდე არც მე მიყვარდა საჯაროობა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ მაგალითი ყველაზე ძლიერი მექანიზმია, რომ გოგოებმა დაიჯერონ და მიხვდნენ, რომ შეუძლიათ.

ახლა ვცდილობ, ამ კონკურსებით თუ პროექტებით დავანახო გოგონებს ეს შესაძლებლობები.

ჩემთვის მაგალითი იყვნენ მშობლები, რომლებიც ფიზიკოსები და ძალიან თანამედროვე ადამიანები იყვნენ. არასდროს მსმენია მათგან, რომ რადგან გოგო ვიყავი, შეიძლება რაიმე  სხვანაირად ყოფილიყო.

გამიმართლა იმაშიც, რომ უნივერსიტეტშიც კარგი ხელმძღვანელი შემხვდა და არასდროს უთქვამს – „იქნებ უფრო ქალის საქმე აგერჩია“. მაგალითად, ჩემი შვილი პროგრამისტია და მისთვის უთქვამს ლექტორს, „რად გინდა ეს პროფესია, რაღაც ქალური აირჩიეო“.

თუმცა „კაცის ტვინი გაქვს“, ეს ჩემთვისაც უთქვამთ. თითქოს გაქებენ, რომ აი, როგორი ჭკვიანი ხარ.

დღეისთვის ბევრმა შეცვალა ეს მიდგომა, რადგან ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ორივე სქესის თანამონაწილეობა ქმნის ყველაზე მაღალ ეფექტს. ბევრად უფრო ეფექტურია ორგანიზაცია და მეტს შემოსავალს იძლევა, თუკი ქალიც და კაციც თანაბრად მონაწილეობს შრომაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: