მთავარი,სიახლეები

ზღვის ხელოვნური კვება ისევ საჭიროა, მაგრამ მდინარეებში აღარაა ინერტული მასალა – ინტერვიუ

02.12.2023 • 5554
ზღვის ხელოვნური კვება ისევ საჭიროა, მაგრამ მდინარეებში აღარაა ინერტული მასალა – ინტერვიუ

„მდინარეების ნაპირებზე რომ გაიაროთ, როცა წყალუხვობა დავარდნილია, ნახავთ, მხოლოდ სილაა, ქვიშას თითქმის ვეღარ დაინახავთ,“ – გვიყვება გეოლოგი ტარიელ ტუსკია, მას ზღვის სანაპირო ზოლის გამაგრებაზე ვესაუბრეთ.

რამდენად იცავს პლაჟს მისი ხელოვნური კვება და რა გამოჩნდა 27 ნოემბერს, როცა შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარი ისევ დააზიანა? –  სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ზღვის ხელოვნური კვება ყოველწლიურად უნდა გაგრძელდეს, რადგან ამგვარი ჩარევის დადებითი ეფექტი თვალსაჩინოა, თუმცა ტარიელ ტუსკია დასძენს, რომ უკვე ინერტული მასალის მოპოვებაა პრობლემა.

„ბათუმელებმა“ გეოლოგთან, საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრთან, ტარიელ ტუსკიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

ბატონო ტარიელ, ძლიერმა შტორმმა სანაპირო ზოლი ისევ დააზიანა. თქვენი დაკვირვებით რამდენად იმუშავა სანაპირო ზოლის გამაგრებამ?  

ინერტული მასალა მდინარე ჭოროხიდან უკვე შეტანილია სანაპირო ზოლში დაახლოებით 400 ათასი კუბ. მეტრი, რამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია მთლიანად პლაჟის შენარჩუნებაზე. რაც მოხდა სანაპიროზე შტორმის დროს, ფილების დაშლა, სანაპირო ინფრასტრუქტურის დაზიანება და ასე შემდეგ, ეს ცალკე პრობლემაა, მაგრამ  რომ არ ყოფილიყო ეს ინერტული მასალა შეტანილი, ზარალი გაცილებით მეტი იქნებოდა.

ხელოვნურმა ჩარევამ ჩვენ ძალიან დიდი შედეგი მოგვცა. მაღლივი კორპუსები რომაა გზის გადაღმა, იმ გზის მთლიანი გარეცხვა შეიძლება მომხდარიყო. სანაპირო ზოლზე ხელოვნური ჩარევით კი, დაახლოებით 20-25 მეტრით მომატებულია პლაჟი იმ ტერიტორიაზე, სადაც ინერტული მასალა შეიტანეს.

8-ბალიანი შტორმი ბათუმში იშვიათობაა. მე რაც მოვიკითხე, ბოლო 100 წლის განმავლობაში 8-ბალიანი შტორმი საქართველოში დაფიქსირებული არ ყოფილა. გამოჩნდა, რომ ძალიან კარგად იმუშავა იმ ქვებმაც, რომელიც გვაქვს აეროპორტის მიმდებარედ.

ყველაზე მეტად დაზიანდა ახალი ბულვარი აკვაპარკის მიმდებარედ, სადაც ბოლო დროს შეჰქონდათ ინერტული მასალა. რა იყო ამის მიზეზი? 

წელიწადში რამდენჯერმე ხდება შტორმული მოვლენები და დროთა განმავლობაში ისე ჩამოყალიბდა ზღვის რელიეფი – ყველაზე დიდი დარტყმა არის ამ ტერიტორიაზე, სადაც ახლა პლაჟი გაფართოვდა.

ტარიელ ტუსკია

რა სურათი გვექნებოდა დღეს, დროულად რომ დაწყებულიყო ჩარევა, ანუ ზღვის ხელოვნური კვება, რასაც თქვენ წლების წინაც ითხოვდით? 

ადრე რომ შეტანილიყო ინერტული მასალა, ცხადია, უკეთესი იქნებოდა.

მთავარია, რომ შეიტანეს ინერტული მასალა და ამან გარკვეული უკეთესობა მოგვცა, თორემ აქტიურ უბნებში მთლიანად მოხდებოდა სანაპირო ზოლის გარეცხვა, კატასტროფული სიტუაცია შეიქმნებოდა. შეიძლება იმ მაღალსართულიანი შენობების ფუნდამენტამდეც მისულიყო ზღვა.

რა სახის პრობლემას უქმნის სანაპიროს მაღალსართულიანი შენობები პლაჟთან ახლოს? 

ეს სხვა პრობლემაა, რომ მაღლივი კორპუსებია სანაპირო ზოლში. ეს სხვა თემასთანაა დაკავშირებული და არ უკავშირდება შტორმს.

კავშირი არის ის, რომ თუ არ იქნებოდა შეტანილი ინერტული მასალა სანაპიროზე, შტორმი უკვე ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნიდა ამ შენობებს. დღეს ამ შენობებს უძლიერესი შტორმის შედეგად პრაქტიკულად არანაირი ზიანი არ მიუღიათ. არაა მთლად სასურველი ამხელა კორპუსები იყოს ზღვასთან ახლოს. დარწმუნებული ვარ, საქნაპირდაცვა რომ არსებობდეს და იყოს სპეციალური სამსახური, ამ სიმაღლის შენობების აშენების უფლებას არ გასცემდნენ.

სპეციალისტები ამბობთ, რომ ინერტული მასალის შეტანა სანაპიროზე ზოლზე უნდა ხდებოდეს ყოველწლიურად. თქვენ კონკრეტულად რა საჭიროებას ხედავთ ამ ეტაპზე? 

120 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა კიდევ არის შესატანი, რაც დარჩენილია არსებული პროექტის ფარგლებში და რაც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

რა თქმა უნდა, წესით ყოველწლიურად უნდა მოხდეს ინერტული მასალის შეტანა ზღვაში, თუმცა მისი მოპოვებაც პრობლემა გახდა. ზღვის პლაჟის აღდგენას აუცილებლად მდინარეული ინერტული მასალა სჭირდება, რადგანაც ქვები დამრგვალებულია და პრობლემას არ ქმნის დამსვენებლებისთვის. კლდოვანი ქანების ნაშალს კი, წვეტოვანი კუთხეები აქვს. მდინარის მიერ დამუშავებული ინერტული მასალა საუკეთესოა პლაჟს ბუნებრივი შენარჩუნებისთვის.

მე ყოველთვის ამას ვემხრობოდი, რომ აუცილებელია ზღვის ხელოვნური კვება. მანამდეც, როცა 2008 და 2009 წლებში შევიტანეთ ინერტული მასალა, აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან იყო თითქმის ზღვა მისული და პირველივე შეტანამ თვალსაჩინო შედეგი გვაჩვენა. ანალოგიური მოხდა დღესაც, როცა ჩვენ ამ ეფექტს ვხედავთ.

კახეთსა და სხვა რეგიონებში არსებობს ინერტული მასალის რესურსი, ბევრი მშრალი მდინარეა, თუმცა ტრანსპორტირებაა რთული. შესაძლებელია, მატარებლის ვაგონებით ამ ინერტული მასალის ჩამოტანა.

ზღვაში რა მდინარეებიც ჩადის, ყველა პრობლემურია უკვე, ყველგან ამოღებულია უკვე ინერტული მასალა, თანაც, იმდენი ჰესი აშენდა. აჭარისწყალს, მაგალითად, ფაქტობრივად ნატანი აღარ აქვს, რაც ჩამოჰქონდა და არეგულირებდა სანაპირო ზოლს. მდინარეების ნაპირებზე რომ გაიაროთ, როცა წყალუხვობა დავარდნილია, ნახავთ, სილაა, ქვიშის თითქმის ვეღარ დაინახავთ.

გასულ წელს აჭარის მთავრობის დაკვეთით მომზადებულ კვლევაში ჩაიწერა, რომ სანაპირო ზოლის გამაგრებაზე უნდა შემუშავდეს ახალი სტრატეგია, ჩართული ხართ ამ პროცესში? თქვენი ხედვით, რა სტრატეგიული მიდგომაა საჭირო?  

ძალიან ბევრი სამუშაოა ამ კუთხით. მაგალითად, ბათუმის კონცხზე, სადაც ჩვენ საზღვაო-სანაოსნო გვაქვს, ჭარბი რაოდენობითაა შეტანილი მასალა. ამ კონცხზე ერთხელ მოხდა მეწყრული პროცესი, რაც გამოიწვია დაგროვილმა ჭარბმა ინერტულმა მასალამ – როგორც იცით, ზღვა თავად ანაწილებს ინერტულ მასალას, თუმცა აქ გვაქვს ფერდი, რომელიც ახლა დამძიმებულია, ჭარბი რაოდენობაა და მისი გადანაწილება უნდა მოხდეს. ვიცი, რომ მთავრობა მუშაობს პროექტზე. თუ ეს არ მოხდება, შესაძლოა, იმ ადგილზე მოხდეს მიწის ჩახეთქვა…

არ ვიცი, როგორ მოხდება, მაგრამ ყველა ვარიანტში გემის საშუალებით უნდა მოხდეს მაგის ამოტანა და შემდეგ მისი გადანაწილება.

ადრე სპეციალური სამსახურები იყო, რომელიც ამ თემას ემსახურებოდა, რაც დღეს არ გვაქვს და ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ. სტრატეგიული დანიშნულება აქვს სანაპირო ზოლის შენარჩუნებას, აუცილებლობაა სტრატეგიული დოკუმენტის დროულად დადება. არ მაქვს ინფორმაცია, რა ეტაპზეა ეს.

ამავე თემაზე:

საფრთხე ბათუმის კონცხთან – 43 000 კუბ/მ ხრეშს მახინჯაურში გადაიტანენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: